fbpx
kutaisi

ქუთაისში დაუგეგმავი პროექტი ბიუჯეტიდან ხარჯს აორმაგებს

ავტორი: თორნიკე ორბელაძე

ქუთაისის მერიამ 315 ათასი ლარი დახარჯა ერთ-ერთ ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამუშაო პროექტისა და დაგეგმვის გარეშე დაიწყეს და უხარისხოდ შეასრულეს. 9 თვის წინ ამ საქმის გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. დასკვნა დღემდე არ აქვთ. სამაგიეროდ, ქუთაისის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა იგივე სამუშაოების საპროექტო დოკუმენტების შესასყიდად. პროექტის საერთო ღირებულება ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, მერიაში ვარაუდობენ, რომ სანიაღვრე არხების მოსაწყობად 600,000 ლარი დასჭირდებათ.

 

ვიდრე მერია ხალხის ფულს ხარჯავს, ამ ქუჩაზე მცხოვრებლები მთავრობის გადაწყვეტილებებით გამოწვეულ საყოფაცხოვრებო პრობლემებს ებრძვიან.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა, რომ 1.5 კმ სიგრძის ქუჩაზე, რომელიც ამჟამად ლადო ასათიანის სახელს ატარებს, წყლის სისტემა გამოეცვალათ. ამისთვის დაიქირავეს თურქული კომპანია SMK, რომელმაც მიწისქვეშ მილები გაიყვანა. ამ სამუშაოების შესრულებაზე 2.3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

პროექტის განხორციელების შუა გზაზე, 2017 წელს ქალაქის მერიას მოუნდა, რომ ბარემ სანიაღვრე არხებიც გაეკეთებინა ამავე თურქულ კომპანიას. თუმცა, შპს SMK უარზე იყო და აცხადებდა, რომ ამ ქუჩაზე სანიაღვრე არხები მათ არ დახვედრიათ და შესაბამისად, არც დაუზიანებიათ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც ადასტურებს, რომ პროექტის თავდაპირველი ვერსია არ მოიცავდა სანიაღვრე არხების მოწყობას.

თურქული კომპანიიდან უარის მიღების შემდეგ მერიამ ყოველგვარი ტენდერის გარეშე თანხა მისცა მისსავე მმართველობაში მყოფ ააიპ “სპეციალურ სერვისებს” და სანიაღვრე არხების მოწყობა დაავალა. “სპეციალური სერვისები” არ გვიმხელს, რამდენი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან ამ პროექტისთვის, თუმცა, “ქუთაისიპოსტის” მიერ გავრცელებული ცნობით, ამ მიზნით 315 ათასი ლარია გადარიცხული. სანიაღვრე არხები ასათიანის ქუჩის ორივე მხარეს თავიდან ბოლომდე ბეტონის ფილებითაა მოწყობილი, არხებს ბეტონისვე ფილები აქვს დახურული, თუმცა, ზოგან ღიადაა და ნაგვითაა სავსე.

ამ სანიაღვრე არხების უხარისხოდ მოწყობის საქმეს იძიებს პროკურატურაც. შპს SMK ახლა გაჩერებულია, ასფალტის საფარსაც აღარ აგებს, რადგან ქუჩას სანიაღვრე არხები არ აქვს. კომპანიაც პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას ან მერიის მიერ ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობას ელის. SMK შეთანხმების თანახმად ვალდებულია, იმ ქუჩაზე, სადაც წყლის სისტემა შეცვალა, გზის საფარიც დააგოს.

ასათიანის ქუჩის მოსახლეობა ჩივის, რომ ცუდად შესრულებული სამუშაოების გამო წვიმის დროს სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებს და ეზოები და სახლები იტბორება. გარდა ამისა, გზის ცუდი საფარი ავტომანქანების გამართულად გადაადგილებასაც უშლის ხელს და საავარიო სიტუაციებსაც ქმნის.

ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ყოფილი უფროსი, ზვიად მანდარია ამბობს, რომ საპროექტო დოკუმენტაცია არ უნახავს. “რაც არსებობდა დოკუმენტები, უკვე გადავუგზავნე პროკურატურას, როდესაც გამოძიება დაიწყო,” განუცხადა მანდარიამ “აი, ფაქტს.” ამ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები არც ქუთაისის მერიაში ინახება. აქაც გვეუბნებიან, რომ პროკურატურას გადაუგზავნეს ყველა დედანი.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, საპროექტო დოკუმენტაცია არ არსებობს და შესაბამისად არც ექსპერტიზა ჩატარებულა. „წინასწარ დაპროექტება არ ყოფილა. “სპეციალური სერვისების” კომპეტენციაში შედიოდა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მხოლოდ და ნაყიდი იყო სანიაღვრე მასალები. სამუშაოებს სპეციალური სერვისები თავისი მუშა ხელით ახორციელებდა,“ – ამბობს ჯავახია.

“სპეციალური სერვისებმა” თვითონ იყიდა მასალა, შეასრულა სამუშაო და ხარისხიც თავად უნდა ეკონტროლებინა, რადგან მერიის ზედამხედველობის სამსახური ამ პროექტში არ ჩარეულა. ამ დროს კომპანიას გელა გაგუა ხელმძღვანელობდა. მან ჩვენთვის ინტერვიუს მოცემაზე უარი განაცხადა, რადგან ჩვენი კითხვები მისთვის ბრალის წაყენებად მიიჩნია. მხოლოდ ის გვითხრა, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია და სანიაღვრე არხების პრობლემა თურქული კომპანიის ბრალია. გაგუამ დაგვიდასტურა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას ვერც პროკურატურისგან ვიღებთ. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ექსპერტიზამ ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოსაწყობად შესრულებული სამუშაოები უხარისხოდ მიიჩნია. მანამდე კი ქუთაისის მერიამ, რომელიც, წესით გამოძიების დასრულებას უნდა დალოდებოდა, ახალი ტენდერი გამოაცხადა. იმავე სამუშაოების თავიდან შესასრულებლად, რაც მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ააიპ-მა ერთხელ უკვე შეასრულა, დამატებით, დაახლოებით, 600 ათას ლარს გადაიხდიან ბიუჯეტიდან.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა გვითხრა, რომ მათ არ აინტერესებთ, ვინაა დამნაშავე ამ საქმეში. ხიდაშელმა არც ის იცის, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსთვის რა ფორმით უნდა დაისაჯოს ააიპ “სპეციალური სერვისები,” რომელიც მერიის ბალანსზეა. გამოდის, რომ მერიამ საკუთარი თავი უნდა დასაჯოს ცუდად შესრულებული სამუშაოსთვის, რაც ნაკლებ სავარაუდოა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ნეპოტიზმი თეატრში
nepotizmi teatrshi

ნეპოტიზმი თეატრში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share