fbpx
rul kult

რუსული კულტურის სახელით

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 26,500 რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. მათი კულტურული განვითარებისა და ინტერესების დასაცავად საქართველოში 20 წლის წინ შეიქმნა “რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო,” რომელსაც დღეს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია მართავს. დაფინანსებას კი რუსეთში მოქმედი, პუტინის მიერ დაფუძნებული ფონდებიდან და სამთავრობო სტრუქტურებიდან იღებს.

რა მიმართულებით მუშაობს საკოორდინაციო საბჭო?

1. ეხმარება წევრ ორგანიზაციებს დაფინანსების მოპოვებაში;
2. ეხმარება სტუდენტებს რუსეთში გამგზავრებასა და დაფინასნების მიღებაში;
3. მართავს კულტურულ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებს.


ვინ არიან საბჭოს წევრი ორგანიზაციები?

საკოორდინაციო საბჭო 21 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საქმიანობენ. ყველა მათგანი, ძირითადად, რუსული კულტურის, ლიტერატურისა და ენის პოპულარიზაციას ეწევა. საბჭოს ხელმძღვანელია ნიკოლაი სვენტიცკი.

საკოორდინაციო საბჭო წევრ ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებისთვის თანხების მოძიებაშიც ეხმარება.

“ორგანიზაცია წერს პროექტს, პროექტი მოდის საბჭოზე, ჩვენ ვაგზავნით სექციაში: სურვილი გვაქვს ეს პროექტი გავაკეთოთ. რომელი ფონდი აფინანსებს?! იქ ხომ ბევრი ფონდია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეების განყოფილება. თანხაზე მოთხოვნას სექცია წერს და სექციის წარმომადგენელმა კონიშევმა უნდა მოაწეროს ხელი, ეგ არის აქ მაგათი წარმომადგენელი, თორემ, ფულს ვინ მკითხავს მე?!” – ამბობს სვენტიცკი ჩვენთან საუბრისას.

საბჭოში შემავალი 21 არასამთავრობო ორგანიზაციიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „რუსული კლუბია,” რომლის პრეზიდენტი თავად ნიკოლაი სვენტიცკია. მათი ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ქართუ,“ „ვი თი ბი“ ბანკი, პუტინის მიერ შექმნილი ფონდი „რუსული სამყარო.“ სექციის დახმარებით 2018 წელს “რუსულმა კლუბმა” ორი ღონისძიება განახორციელა, საახალწლო სპექტაკლი და ომისადმი მიძღვნილი კონცერტი 9 მაისს. სვენტიცკის თქმით, სპექტაკლის 400 ბილეთი სექციამ შეიძინა და თავადვე დაურიგა რეგიონებში არსებულ რუსულ ორგანიზაციებს. რაც შეეხება 9 მაისის კონცერტს, მხოლოდ თეატრის იჯარის თანხა გადაურიცხეს – 5,000 ლარი.

საკოორდინაციო საბჭოს დახმარებით ახალ წელს, 9 მაისს, მოსკოვის დღეებს ანუ ე.წ. „მასლინიცას“ რეგიონში არსებული წევრი ორგანიზაციებიც ზეიმობენ.

საზოგადოება „რუსი“ ფოთში მცხოვრებ რუსული დიასპორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ორგანიზაცია 2000 წლიდან არსებობს და მას ალექსეი მიასნიკოვი ხელმძღვანელობს.

„საახალწლოდ კულტურის სახლში ვატარებთ ღონისძიებას, რომელსაც 100-110 ბავშვი ესწრება, ძირითადად, რუსული სექტორი, თუმცა, არიან ქართველებიც. მათთვის თოჯინების თეატრი წარმოდგენას მართავს და მერე საჩუქრებსაც გადავცემთ,“ – აღნიშნავს მიასნიკოვი „აი, ფაქტთან“ საუბრისას.

მიასნიკოვის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღონისძიებების დასაგეგმად 2-3 თვეში ერთხელ თბილისში იკრიბებიან.

საკოორდინაციო საბჭოს წევრია ორგანიზაცია „როდნიკიც,“ რომელიც 1996 წლიდან რუსთავში მუშაობს. საზოგადოების ფარგლებში ფუნქციონირებს თეატრალური სტუდია, ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლი. საზოგადოების ძირითადი მიზანი ქვემო ქართლის რეგიონში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და რუსული კულტურისა და ტრადიციების აღორძინებაა. ორგანიზაცია ახალგაზრდებზეა ორიენტირებული და წევრების რაოდენობის ზრდა მათი ერთ-ერთი ამოცანაა.

„ცოტა ხნის წინ ჩატარდა პეტერბურგის დღეები საქართველოში და მივიღეთ მონაწილეობა. „მასლინიცა“ წელს თებერვალში აღვნიშნეთ. ჩამოვიდნენ ორგანიზაციები თბილისიდან, მარნეულიდან და რუსთავის პარკში რუსულ-ქართული ღონისძება მოვაწყვეთ. ახლა, ყველაზე აქტუალური საახალწლო ღონისძიება გვექნება,” – ამბობს ვერა კუზნეცოვა, ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანაშემწე.

საბჭოს წევრი ორგანიზაცია მარნეულშიც არსებობს. საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი „ჟემჩუჟინა“ 2015 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში მცხოვრები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნატალია ვერეშჩაგინაა.

ვერეშჩაგინა გვეუბნება, რომ საბჭოს წევრ ორგანიზაციებს მჭიდრო კავშირი აქვთ გრიბოედოვის თეატრთან. წელიწადში ორჯერ მაინც მათ თეატრის ბილეთებს უფასოდ აძლევენ.

„დაახლოებით, 30 ბილეთამდეა და ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა წავიდნენ რუსულ სპექტაკლზე. როგორც ჩანს, ერთ სეანსს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია ყიდულობს და შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით აგზავნის ბილეთებს,” – ამბობს ვერეშჩაგინა.

„მასლინიცას ხანდახან ჩემს ეზოში აღვნიშნავთ, თუ დარბაზის ქირაობა არ შეგვიძლია. ბლინებს ვაცხობთ, რუსული ტრადიციების მიხედვით ვამზადებთ, რუსული ფორმები გვაქვს, რუსულ სიმღერებს ვმღერით,“ – ამბობს ვერეშჩაგინა. მისივე თქმით, ორგანიზაციის წევრების ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შეუძლია, თუმცა დღესასწაულებზე 200-300 ადამიანი იკრიბება.

ვერეშჩაგინას ორგანიზაციის წევრები 2017 წლის ოქტომბერში სოჭში გამართულ სტუდენტურ და ახალგაზრულ ფესტივალსაც ესწრებოდნენ. „მონაწილეები 180 ქვეყნიდან იყვნენ, მეც ვიყავი. საქართველოდან მთლიანობაში 84 მონაწილე იყო, არ მარტო ორგანიზაციის წევრები, არამედ სტუდენტებიც. ხარჯები სრულად რუსულმა მხარემ აანაზღაურა,“ – გვითხრა ორგანიზაცია “ჯემჩუჟინას” წევრმა, ნინა ჯავახიამ.

ფესტივალის გახსნით ცერემონიას რუსეთს პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრო, რომელიც ფესტივალის მიმდინარეობისას კიდევ ორჯერ შეხვდა მონაწილეებს.

საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, ნიკოლაი სვენტიცკი ამბობს, რომ ამ ახალგაზრდების გამგზავრების შესახებ პრესიდან გაიგო და მანადე არაფერი იცოდა. არც ის იცის, ვინ შეარჩია მონაწილეები ან ვინ დააფინანსა მათი გამგზავრება.

სვენტიცკი საბჭოს წევრი ორგანიზაციების საქმიანობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და ფიქრობს, ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვან პროექტებს უნდა აკეთებდნენ. “ტყუილია, არ არსებობენ ეს ორგანიზაციები, ისინი მხოლოდ ფურცლებზე არიან. მე დრო არ მაქვს, თორემ შევქმნიდი კარგ ორგანიზაციას აჭარაში. 6000 რუსი ახალგაზრდა ჩამოვიდა, რომლებიც მოქალაქეობას ელოდებიან. ზოგს, საცხოვრებელი ვიზა აქვს. პატიოსანი ხალხია, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქ ცხოვრება უნდა,” – ამბობს სვენტიცკი. თუმცა, ის რუსული მხარითაც უკმაყოფილოა და თვლის, რომ საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

“ყველაზე პატარა დაფინანსება საქართველოს აქვს, რადგან საელჩო აქ არ არის. სექცია და საელჩო სხვადასხვა რამეა. სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, საელჩოები აქვთ, სხვა დონეა და აფინანსებენ. ერევანში საელჩოს გარდა არის მოსკოვის სახლი, “როს სატრუდნიჩესტვა,” თავის შენობებით, ოფისით. არადა, ჩემი ერთი პროექტი უფრო კარგია, ვიდრე მაგათი ყველა. მაგრამ, აქ შვეიცარიის ელჩი წყვეტს დაფინანსების საკითხს და ამიტომ ფინანსები არ გვაქვს,“ – ამბობს სვენტიცკი “აი, ფაქტთან” საუბრისას.


ნიკოლაი სვენტიცკი

2016 წელს “რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს” თავმჯდომარედ აირჩიეს. ის ამავდროულად გრიბოედოვის თეატრისა და ორგანიზაცია “რუსული კლუბის” ხელმძღვანელიცაა.

სვენტიცკის სამუშაო ოთახის შესასვლელი კარის პირდაპირ კედელზე პატრიარქ ილია მეორეს პორტრეტია განთავსებული. მის გვერდით კედელზე, სვენტიცკის სამუშაო მაგიდის თავზე, ბიძინა ივანიშვილის. ხოლო მის მოპირდაპირე კედელზე მედლები და ჯილდოები კიდია. მეორე, შედარებით გრძელი მაგიდის ნახევარზე “რუსული კლუბის” მიერ გამოცემული ჟურნალები და წიგნებია მიმოფენილი.

სვენტიცკის თქმით, დიდი ხანი სთავაზობდნენ საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას, მაგრამ თვითონ უარს ამბობდა. 2016 წელს კი იმიტომ დათანხმდა, რომ უნდა საქართველოში მცხოვრები რუსები თავს კომფორტულად გრძნობდნენ და თან ყველაფერი გააკეთოს საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, რაც მეტ ქართველს მისცემს ჩრდილოეთში წასვლის საშუალებას.

არამარტო წასვლის, არამედ იქ სწავლის საშუალებასაც. რუსეთის ფედერაცია ქართველ ახალგაზრდებს განათლების მიღებას წლებია უფასოდ სთავაზობს. ყოველ წელს რუსეთის სხვადასხვა ქალაქის უნივერსიტეტებში, სხვადასხვა ფაკულტეტებზე, ქართველი სტუდენტებისთვის სულ 100-ზე მეტი ადგილია გამოყოფილი. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასურს რუსეთის ფედერაცია ფარავს.


რუსული კულტურის პოპულარიზაცია თუ რუსული პროპაგანდა?

ვიდრე ნიკოლაი სვენტიცკის სურვილი აქვს, რუსეთმა საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს დაფინანსება გაუზარდოს და საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ორგანიზაციები უფრო გააქტიურდნენ, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის წარმომადგენელი, გიორგი მოლოდინი მათ საქმიანობას საფრთხის შემცველად აღიქვამს.

“ღიად აცხადებენ (რუსეთის მთავრობაში), რომ თანამემამულეებთან მუშობა არის მათი რბილი ძალის კომპონენტი და ამ საქმეში ენას და კულტურას აქვს მნიშვნელოვანი როლი,“ – ამბობს მოლოდინი.

მოლოდინი განმარტავს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში 30 მილიონამდე თანამემამულესთან ამგვარი მუშაობით რუსეთს სურს საკუთარი გავლენების გავრცელება, საზოგადოებრივი განწყობის შეცვლა, რათა მათი დახმარებით გაიზარდოს რუსეთის ფედერაციის მიმზიდველობა.

“მარტივია, სანამ შენ ტანკით შემობრიხინდები, ქვეყანაში დაგხვდეს გამზადებული საზოგადოებრივი აზრი, შესაბამისი ადამიანები გყავდეს ჩანერგილი პოლიტიკურ, ბიზნეს, სამართლებრივ, აღმასრულებელ და სხვადასხვა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში. ესენი იქნებიან შენი ზეგავლენის აგენტები, მოამზადებენ ხელსაყრელ პირობებს, რომ შენ, შეიძლება, ტანკით შემოხვიდე, მაგრამ აღარ გაისროლო.“

სვენტიცკი კი თვლის, რომ მას რუსულ პროპაგანდასთან კავშირი არ აქვს. “მე რბილი ძალა არ ვარ, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მე ვარ თბილისელი, დიდი თბილისელები პატივს მცემენ. როცა მე ვზივარ სუფრაზე და ჩემს სადღეგრძელოს სვამენ, ამბობენ, რომ მაგას კი რუსული გვარი აქვს, მაგრამ ჩვენზე დიდი ქართველიაო,” – გვითხრა სვენტიცკიმ.

მოლოდინის აზრით, შესაძლოა, საქართველოში მცხოვრებ რუს თანამემამულეთა რაღაც ნაწილს მართლა, გულუბრყვილოდ სჯერა რუსეთთან ურთიერთობების აწყობის, მაგრამ, მისი თქმით, თუ ქვეყანაში ოკუპანტები შემოვლენ, მათთვის სწორედ ისინი იქნებიან ძირითადი დასაყრდენი ადამიანური რესურსი.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ევროპელი ანალიტიკოსის დასკვნის საფუძველზე ქართველი ფეხბურთელი დაისაჯა
football

ევროპელი ანალიტიკოსის დასკვნის საფუძველზე ქართველი ფეხბურთელი დაისაჯა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share