სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი (ერისკაცობაში თეიმურაზ ცაკაშვილი) სინოდის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ეპისკოპოსი 1982 წელს სიღნაღში დაიბადა.
23 წლის ასაკში, 2005 წელს, ბერად აღიკვეცა. 2006-ში უკვე მღვდლად აკურთხეს. 2013 წლის 11 ოქტომბერს კი ახლადშექმნილი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსობა უბოძეს.
ეპისკოპოსი სვიმეონი არ გამოირჩევა საჯარო განცხადებებითა და მედიასთან ურთიერთობით. მისი უძრავი ქონების საერთო ფართობი 15 ათას კვ.მ.-ს სცდება, 49 წლიანი იჯარით აღებული მიწა კი 65 ათას კვადრატულს.
ეპისკოპოსი ფლობს 46 კვ.მ. ბინას დიდ დიღომში, რომელიც მან 2015 წელს 10,000 დოლარად იყიდა შპს “გალაქსი კონსტრაქშენისგან”. ბინა იმავე წელს იპოთეკური სესხით, 150,000 დოლარით დატვირთა.
ბინის გარდა ეპისკოპოსი ფლობს მიწებს ხაშურში, სიღნაღსა და თეთრწიყაროში.
2,798 კვ.მ. სახნავი მიწა დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში ეპისკოპოსს 1992 წელს მიწის რეფორმის კომისიამ გადასცა როგორც მესაკუთრეს. ამ პერიოდისთვის სვიმეონი 10 წლის იყო.
65,000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა ეპისკოპოსს სახელმწიფოსგან იჯარით აქვს აღებული. იჯარის გადასახადი თვეში 187 ლარია და მოქმედი მომდევნო 45 წლის განმავლობაში იქნება. სასოფლო-სამეურნეო მიწა ხაშურის რაიონის სოფელ აგარებშია. დანიშნულება კი საფრინველე ნაგებობის, თევზსაშენის და ლიფსიტების გამომყვანი ლაბორატორიის აშენებაა.
10,146 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწა 7 დამხმარე შენობით 2016 წელს 2,000 ლარად იყიდა. ამ ღირებულებით კვადრატული მეტრი მიწის ფასი 19 თეთრი გამოდის.
2,100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა სიღნაღის რაიონის, სოფელ ჯუგაანში ეპისკოპოსმა სვიმეონმა 2016 წელს 100 ლარად შეიძინა. 1 კვ.მ. მიწის ღირებულება, საშუალოდ, 4.7 თეთრი გამოდის.
ეპისკოპოსი სვიმეონი ხელმძღვანელობს ოთხ არაკომერციულ და ერთ კომერციულ ორგანიზაციას. მათ შორის “სურამისა და ხაშურის ეპარქიის ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის ფონდს,” რომლის მიზანიც ცენტრის დამხმარე შენობების მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობაა. დღეისათვის მე-7 საუკუნის ბანას ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხოლოდ 20%-ა შემორჩენილი.
ორგანიზაციები კი, რომელსაც ეპისკოპოსი სვიმეონი ხელმძღვანელობს, ასე გამოიყურება:
1. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა–პანსიონი;
2. ა(ა)იპ სურამისა და ხაშურის ეპარქიის ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის ფონდი;
3. ა(ა)იპ სურამისა და ხაშურის ეპარქიის განვითარების ფონდი;
4. შპს “ხუროთმოძღვარი 2018,” რომლის საქმიანობის საგანიც სურამისა და ხაშურის ეპარქიის ფარგლებში ეკლესიის მიზნებისთვის აუცილებელი სამეწარმეო საქმიანობის წარმართვაა. კომპანიას საპატრიარქო ფლობს.
საჯარო რეესტრის დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/…/1zzsabhon10ucpziddvngsbf5hl4…
კომენტარები