fbpx
Turkey 1024x682 1

რა ვიცით თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ?

ავტორი: ანა ჭიჭინაძე 

თურქეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან 13 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 700 მილიონი დოლარით გაიზარდა. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ძირითადად, თურქეთის სასარგებლოდ. 

2007 წელს შეთანხმება მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაფორმდა. მიზანი ორივე მხარისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა, ვაჭრობის გაფართოება, ახალი ინვესტიციების წახალისება და “მხარეთა შორის ვაჭრობისას სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა” იყო. ეს ყველაფერი შესრულდა, მაგრამ ცალმხრივად. 

2007-დან 2020 წლამდე საქართველოდან გასავალის (ექსპორტის) მოცულობამ მეზობელ ქვეყანაში, საშუალოდ, 20 მილიონი დოლარით მოიმატა და 2020 წელს 190 მილიონი დოლარი შეადგინა. შემოტანილი პროდუქციის (იმპორტის) ღირებულება კი, თითქმის, გაორმაგდა და 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2020 წელს საქართველოს მთლიან იმპორტში ყველზე დიდი თურქეთის წილი იყო -17.5 პროცენტი.  

13 წლის წინ გაფორმებული შეთანხმებით, 15 სახეობის პროდუქტის გარდა, თურქეთში ნაწარმოები ნებისმიერი პროდუქცია საქართველოში შემოდის იმპორტის საბაჟო გადასახადის გარეშე. 15 სახეობას მიეკუთვნება თაფლი, ხილი, ყურძენი, ხორცი, თამბაქოს პროდუქცია და ა.შ. 

ამავე შეთანხმების მიხედვით, თურქეთსაც უნდა მოეხსნა იმპორტის საბაჟო გადასახადი საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. გამონაკლისები აქაც დაიშვა, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში შეღავათი არ ვრცელდება 30 სახეობაზე. აქაც უმეტესად საკვები პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული ფიგურირებს. 

გასულ წელს თურქეთიდან საქართველოში ყველაზე მეტად ავტომობილები, დაფასოებული სამკურანლო საშუალებები, შავი ლითონისგან დამზადებული მილები, მეტალის კონსტრუქციები და ტანსაცმელი შემოვიდა. ამ პროდუქტის მოცულობამ 202 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

საქართველოდან თურქეთში გატანილი საქონლის მიხედვით, ეს ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში მეექვსე ადგილზეა. 2005 წელს საქართველოდან თურქეთში პროდუქცია 436 კომპანიას გაჰქონდა. 2020 წელს კი 242-ს. 

XXaUP1SFKAtu1tdQQMWGqGxd0uyqvNcliYcKmSZEXIb3Sa eL32OYbziRJnVwMrP8tJ 9iNcswTAmKd4fiqpHRHTB3h76KlFmtnz0 oZvc17V4yoPglpNQNIs4VLiirnoXtpXBpJ

ეკონომისტი გიორგი პაპავა ფიქრობს, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის თავისუფალი ვაჭრობა აუცილებელია. ექსპორტსა და იმპორტს შორის დიდ სხვაობა კი ქართული ეკონომიკის ლიბერალიზაციითაა გამოწვეული. მისი თქმით, საქართველოს ბაზარი ეკონომიკურად უფრო გახსნილია, ვიდრე თურექეთის. ეს თურქულ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას  უადვილებს. 

“საქართველოში უფრო ნაკლებად გვაქვს ე.წ. არასატარიფო ბარიერები, რომლებიც გულისხმობს სიმარტივეს საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის. ვიდრე ეს არის თურქეთში. იქ აქცენტი ადგილობრივ ბიზნესზე უფრო კეთდება და გარკვეული ბარიერები არსებობს ქართული პროდუქციის შესატანად. მაგალითისთვის, საუბარი იყო რომ საქართველოდან გამდინარე ექსპორტი დაახლოებით 20-25 დღე ანდომებდა თურქულ ბაზარზე შესვლას, როცა პირიქით, აქეთ შემოსვლის შემთხვევაში ეს დრო, დაახლოებით, 5 დღეა. მეორე მიზეზი, ძალიან ცოტაა ქართული პროდუქტი, რომელიც კონკურენტულია თურქულ ბაზარზე. ამიტომ ქართულ კომპანიებს თურქულ ბაზარზე თავის დამკვიდრება შედარებით უჭირთ,” – გვიხსნის გიორგი პაპავა.

ხელშეკრულება რომ მხარეებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ამაზე “ლიბერალური აკადემიის” კვლევაშიც ვკითხულობთ. 

“თურქულმა მხარემ გარკვეული პროდუქციისთვის დააწესა სატარიფო კვოტები და მას იყენებს როგორც ფუნქციურ მექანიზმს საკუთარი ბაზრის დასაცავად და ავტომატურად ქვეყანაში იმპორტის შესაზღუდად. ამის საპირისპიროდ, ქართულ მხარეს სატარიფო კვოტები თურქეთისთვის არ დაუწესებია,“ – წერია “ლიბერალური აკადემიის 2011 წლის კვლევაში, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ორი წლის შედეგებს აფასებდა. 

შეთანხმების მიხედვით, ქვეყანებს შორის გარკვეული რაოდენობის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები ნაწილობრივ ან სრულად გაუქმდა. მათ შორის ისეთ პროდუქციაზე, რომელიც თურქეთში საერთოდ არ გასულა. ასეთია ქართული თაფლი. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოდან თურქეთში 200 ტონა თაფლის ექსპორტი სრულად თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისგან. მიუხედავად ამისა, 2008 წლიდან დღემდე, მეზობელ ქვეყანაში 200 გრამი თაფლიც არ გაგვიტანია. 

თაფლის მწარმოებელი კომპანია “ალპიდას” ერთ-ერთი წარმომადგენლი, გიორგი მერაბიშვილი ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. ბრენდი “ალპიდა” ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან არსებობს. ის წელიწადში, დაახლოებით, 3-4 ტონა თაფლს აწარმოებს. “ალპიდას” თაფლი კოოპერატივი “კოდის” სავაჭრო ნიშანია და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. “ალპიდას” თურქეთში ექსპორტი კვალიფიციური პარტნიორის არყოლის გამო არ უცდია.

“რამდენადაც მე ვიცი, არსებობს ხელოვნური ბარიერები, რომელსაც თურქეთის საბაჟო ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით და ხელშეკრულებებით ჩვენ გვაქვს ექსპორტის საშუალება, იქ რაღაც ხელოვნური ბარიერები იქმნება, რომელის გამოც იმპორტიორს არ უღირს ამ საქმით დაკავება და მითუმეტეს, არ უღირს იქაურ იმპორტიორს თაფლის შეტანა. იმიტომ რომ, რამდენადაც მე ვიცი, იქ თავიანთ ბაზარს იცავენ,“ – გვიზიარებს თავის აზრს გიორგი მერაბიშვილი. 

ხელოვნური ბარიერების პრობლემაზე საუბრობს თაფლის მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია  “ბრეტის” დამფუძნებელი, გიორგი კეპაშვილი. მისი თქმით, თურქეთში მოძიებული მყიდევლის მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკის სამინისტრომ მათ ექსპორტის უფლება არ მისცა.

“საქართველოსა და თურქეთს შორის მოწერილი ხელშეკრულება არ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ჩემი არაერთი მცდელობა დაგვირგვინდა უშედეგოდ. თაფლი ვერასდროს ვერ გავა თურქეთში, ეს ჩემი დასკვნაა,” – გვეუბნება გიორგი კეპაშვილი. 

თაფლის სექტორი თურქეთში ექსპორტისთვის არასატარიფო ბარიერების წინაშე რომ დგას, ამაზე ლიბერალური აკადემია ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა. როგორც ვხედავთ, მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. 

ეს შეთანხმება შედარებით ხელსაყრელი ისეთი კომპანიებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც ბაზარზე უფრო გამოცდილები იყვნენ და თურქეთისთვის მოთხოვნად პროდუქტს აწარმოებდნენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია შპს “მბმ”-ია, რომელსაც თევზის პროდუქტები თურქეთში 2013 წლიდან გააქვს. მისი დამფუძნებელი და დირექტორი, მერაბ ხარაბიძე ამბობს, რომ ხელშეკრულებამ გარკვეული პროცედურები გაამარტივა, თუმცა მისი კომპანიის ექსპორტის ზრდაზე ამას პირდაპირი გავლენა არ ჰქონია. 

“საერთო ჯამში, კი გაიზარდა, მაგრამ ეს არ განპირობებულა შეთანხმებით, ეს უბრალოდ წარმოების კუთხით მოტანილი შედეგია. ჯამში რომ ავიღოთ, ყველაფერმა გარკვეული ფინანსური სარგებელი ნახა, ბუნებამაც საშუალება მოგვცა და ამიტომ დაიდო ასეთი შედეგი. რეალიზაციის ზრდა ასე ინდივიდუალურად ერთ რამეს არ გამოუწვევია,” – გვიხსნის მერაბ ხარაბიძე.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, საქართველოდან თურქეთში გასატან 24 სახის პროდუქტზე კვოტაა დაწესებული. კვოტირებული პროდუქციიდან ექსპორტზე ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში მხოლოდ 10 სახეობა გავიდა, ისიც არასტაბილურად: ღვინო, თევზპროდუქტები, დაფქვული ფქვილი, ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი, ჯემი, ხილის წვენები, ანჩიუსის ფქვილი, არაქისი, შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები.

w3HU8K2H36EwCPSTcSUryTAcd6 s6FJu

ჩვენ გვინდოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან დეტალურად განგვეხილა თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. თუმცა, სამინისტროდან ჩვენთან შეხვედრა არ ისურვეს.  

სანაცვლოდ გამოგვიგზავნეს წერილი, რომელშიც წერია, რომ სამინისტროს თურქულ მხარესთან დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ტარიფების შემცირებასა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროდუქტისთვის შეღავათების დაწესებაზე. 

“ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის მხარესთან კონსესუსის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოსა და თურქეთს შორის სატარიფო დათმობებში არსებული დისბალანსი,” – ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს წერილში. 

2006 წლიდან მოყოლებული საქართველო, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, უკვე სარგებლობდა თურქეთთან პრეფერენციული (gsp+) სისტემით. მის ფარგლებში 7,200 პროდუქცია უკვე ისედაც გათავისუფლებული იყო საბაჟო გადასახადისგან, თანაც საქართველოს მხირდან ყოველგვარი საპასუხო ვალდებულებების გარეშე. 

ლიბერალური აკადემიის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზედაპირულობაზე ევროკომისიის ჯერ კიდევ 2008 წელს მომზადებულ კვლევაშიცაა საუბარი. “ეს ძალიან ზედაპირული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა, რომელიც არ მოიცავს მომსახურებებსა და ინვესტიციებს და ზოგადად არ სცილდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მარეგულირებელ მოთხოვნებს,” – წერია კვლევაში. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჩაკეტილი სივრცის მიღმა – სამკერვალო რუსთავში
samkervalo 1 1024x521 1

ჩაკეტილი სივრცის მიღმა – სამკერვალო რუსთავში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share