fbpx
temida 1024x525 1

როგორ გავაუბედურეთ თემიდა? – ნაწილი 3

რატომ ვერ ვზრდით მოსამართლეთა რაოდენობას

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პერიოდულად აცხადებს ვაკანსიებს, ამ დროისთვის, 85 თავისუფალ ადგილზე. თუმცა, სასამართლოში მაინც კადრების დეფიციტია. 2018 წელს USAID-ის პროგრამის, “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში PROLOG” კვლევაში ეწერა, რომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოს მინიმუმ 410 მოსამართლე სჭირდება. იმ დროისთვის, მხოლოდ 305 გვყავდა, ახლა კი 325 მოსამართლე გვყავს. გამოდის, ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებამდე. ბოლო წლების განმავლობაში მოსამართლეები დაემატა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს. 

მოსამართლეების რაოდენობის მიხედვით, 2018 წელს ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვიყავით ევროპარლამენტის სტატისტიკაშიც. იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც სტაბილური, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აქვთ, 100 ათას მოსახლეზე 10-30 მოსამართლემდე ჰყავთ. საქართველოში კი მხოლოდ 5-დან 10 მდე. 

ახლა არის 300-ის ფარგლებში. შეივსო კიდევ, თორემ წლების განმავლობაში, 250-ს ძლივს ავცდით. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როდესაც კი იპოვიან სანდო კადრს, მაშინვე გამოაცხადებენ ვაკანსიას. რამდენ კადრსაც წინასწარ მოელაპარაკებიან, იმ გათვლით გამოაცხადებენ კონკურსს. თუ 100 კაცი გამოჩნდება, ვინც ამ პირობებზე წავა, არ გამოვრიცხავ გამოაცხადონ 100 კაცზე და 120-ზეც კონკურსი,” – ამბობს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე. 

მოსამართლეების სიმცირე რომ პრობლემებს იწვევს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც კარგად იცის. ამაზე ჯერ კიდევ 2018 წელს წერდნენ. Სტრატეგიას რომ წაიკითხავთ, თავიდან, იმედი მოგეცემათ. იფიქრებთ, გააზრებული აქვთ პრობლემები და მოგვარების გზებიც იციანო. ჩვენც ასე გვეგონა, თუმცა შევცდით.

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში სისტემატურად იზრდება სასამართლოში მომართვიანობა, რაც სასამართლოს მხრიდან ეფექტურ რეაგირებასა და სისტემაში სათანადო ცვლილებებს საჭიროებს,”- წერია სტრატეგიაში.

სამი წელი გავიდა, მაგრამ სასამართლო დავების გაჭიანურებაზე ეფექტურად რეაგირებსო, ვერ ვიტყვით. არ არსებობს მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის დადგენის წესი და არც სტატისტიკა, რომ ვიცოდეთ, რომელი სპეციალიზაციის მოსამართლეები უფრო გვჭირდება. სასამართლო სისტემაში არც ის იციან, საშუალოდ რა დრო სჭირდება საქმეების განხილვას. არადა, 2018 წელს ესეც დაგეგმეს. 

“საერთო სასამართლოები აღრიცხავენ მხოლოდ იმ საქმეების რაოდენობას, რომელშიც ვადა დაირღვა, თუმცა უფრო დეტალურად, რა მასშტაბის იყო ეს ვადის დარღვევა, ამას არ ამუშავებენ. მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიაც მოითხოვს, რომ ასეთი მონაცემები მუშავდებოდეს სასამართლოში. უნდა იყოს დაჯგუფებული საქმეების რაოდენობა, რომელთა განხილვასაც დასჭირდა მაგალითად 3 თვე ან 6 თვე. ჩვენთან არსებული პრაქტიკა ამ ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება,”- გვიყვება IDFI-ის კანონის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთი კუკავა. 

საქმეები რომ გონივრულ ვადაში უნდა გადაწყდეს, ამას ადამიანის უფლებათა კონვენციაც ამბობს. ამ საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი 22 წლის წინ მოვაწერეთ, თუმცა პირობებს დღესაც არ ვასრულებთ. 

სასამართლოებში ცოტა მოსამართლე და ბევრი საქმეა. ამიტომ, მათ დროულად განხილვას თავს ვერ ართმევენ. პროცესები ჭიანურდება და მოქალაქეები განაჩენს წლობით ელოდებიან. სისხლის სამართლის ადვოკატები გვიყვებიან, რომ ყველაზე ხშირად იწელება საქმეები, რომლითაც ბრალდებულს გირაო აქვს შეფარდებული. მიზეზად კი ეუბნებიან,  ჯერ პატიმრობაში მყოფების საქმეები უნდა განვიხილოთ, ეს არის პრიორიტეტიო. ადვოკატების თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ საქმეების გადადების რეალური მიზეზი მოსამართლეთა დეფიციტია, მაგრამ ამას ღიად არ ამბობენ. იურისტები გვიყვებიან, საქმეების გახანგრძლივების გამო კლიენტები  აღარ გვენდობიან ხოლმეო. 

“პირველ ინსტანციაში მაქვს მიმდინარე შვიდი საქმე, სადაც არათუ პროცესი ჭიანურდება, თარიღიც კი არ ვიცი შემდეგი პროცესი როდის მექნება. ერთ-ერთი საქმე 2015 წელს არის დაწყებული და დღემდე მიმდინარეობს. ეს ბრალდებულისთვის, ვისაც ვიცავ, ძალიან მძიმედ ასახსნელია.  ჩვენშიც კი ეპარებათ ეჭვი, რომ აი, ადვოკატი აჭიანურებს. ამ დროს ერთადერთ გზას მივმართავ, ვაძლევ მოსამართლის თანაშემწის ნომერს და ვეუბნები, თვითონ დაუკავშირდეს. როდესაც იგივე პასუხს იღებენ, რასაც მე, ხვდებიან რეალურად რაშიცაა საქმე,” – ამბობს სისხლის სამართლის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.

ადვოკატები გვიყვებიან, რომ ზოგჯერ საქმეები დროში ისე იწელება,  ისიც კი არ ახსოვთ, რომელი მოსამართლე განიხილავდა მას. ხდება პირიქითაც – მოსამართლეებს ავიწყდებათ წინა პროცესი. 

“100 საქმე თუ აწერია ერთ მოსამართლეს, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ასივე საქმეს ისე კარგად იცნობს, რომ შემდეგ პროცესებზე ახსოვდეს რა მოხდა წინაზე. მეც კი ვახსენებ ხოლმე რაღაცებს, რომ აი, ეს მოხდა. ზოგჯერ, არც თუ ისე ადრე იყო წინა პროცესი, მაგრამ შუალედში იმდენი საქმე ჰქონდა მოსამართლეს, რომ გასახსენებლად, სხდომის ჩანაწერისთვის უნდა მოესმინა,” – ამბობს სისხლის სამართლის ადვოკატი რევაზ აჭარაძე.

“ერთი წელი რომ პროცესი არ მქონია და მდივანი მირეკავს, ვეუბნები, მოსამართლის გვარი შემახსენეთ-მეთქი. მავიწყდება ეს ყველაფერი, თუ არ ჩავხედე საქმის მასალებში,”- გვითხრა ლაშა ცუცქირიძემ.

გვიანდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავებიც. საია-ს იურისტი, გიორგი ანთაძე გვიყვება, რომ არ ჰქონია შემთხვევა, როცა საქმე დადგენილ ვადებში დასრულდა და არც კოლეგებისგან სმენია მსგავსი. ადვოკატის თქმით,  გაჭიანურების მიზეზად ყოველთვის უსახელებენ მოსამართლეების გადატვირთულობას. სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავა ორ თვეში უნდა დასრულდეს. Საქმის სირთულიდან გამომდინარე,  შესაძლოა, მაქსიმუმ ხუთი თვე  გაგრძელდეს, ან დაჩქარებულად, ერთ თვეშიც განიხილონ. ეს კანონით, სინამდვილეში კი სხვაგვარადაა.

“არის საქმეები, რომელიც ორი, სამი, ოთხი, ხუთი წელი გრძელდება და ეს მხოლოდ ერთ ინსტანციაში. მერე აპელაციაა, სადაც ასევე ჭიანურდება სასამართლო საქმე, შემდგომ უზენაესი სასამართლო და არ ვიცი, სამართალს ბოლოს როდის აღწევენ მოქალაქეები, ინტერესიც აღარ გააჩნიათ საერთოდ. ახლა რაც მაქვს, ყველა საქმე ვადაგადაცილებულია და საშუალო ხანგრძლივობა არის სამი წელი.  მაქვს ექვსი და შვიდწლიანი, დაუსრულებელი საქმეებიც. ერთი წელი არის, აი რომ იტყვი ადვოკატი, რა ბედნიერებაა, რა დროულად მორჩაო. ამ შემთხვევაში, ყველა ადვოკატი ბედნიერია, რომ ძალიან გაუმართლა მოსამართლეში.”

მოსამართლეების დეფიციტი და სასამართლოს გადატვირთულობა  მოქალაქეებსაც აზარალებთ. იმდენი ხანი იცდიან ხოლმე, რომ ბოლოს აღარც აინტერესებთ, როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება. 

“მაგალითად, თუ უკვე აშენდა ის, რაც გაპროტესტებული ჰქონდათ, თუ ბოლომდე აშენდა კორპუსი, ექსპლუატაციაში შევიდა, შიგნით უკვე მოქალაქეებიც ცხოვრობენ, იმ შენობას ხომ აღარ დაანგრევენ? უამრავია ასეთი შემთხვევა,”- ამბობს საია-ს იურისტი გიორგი ანთაძე. 

“მეუღლეს ედავებიან მეუღლის მიმართ ძალადობას, მოსამართლემ გამოიყენა გირაო და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალავა. წელიწადზე მეტია ეს საქმე მიმდინარეობს, დაზარალებულთან იზრდებიან შვილები და ეს ადამიანი შვილებს იცით როგორ ნახულობს? გარეთ გამოდიან ბავშვები, კორპუსს გარეთ და მიჰყავს შვილები სადმე. მესმის რომ მიახლოების აკრძალვა სამართლებრივად კანონთან შესაბამისია, მაგრამ კიდევ ერთი წელი რომ არ დასრულდეს, წარმოგიდგენიათ, რამდენი ხანი მოუწევს ამ ადამიანს ასეთ პირობებში ურთიერთობა შვილებთან?”, – ამბობს ლაშა ცუცქირიძე.

მეოთხე ნაწილში კი მოგიყვებით საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემაზე, რომელსაც მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემა უნდა შეემსუბუქებინა. როგორც ხედავთ, ეს კვლავ მიუღწეველი ამოცანაა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
თანამშრომლობა “ქართულ, ჯიგრულ პონტში”
tkibuli cover

თანამშრომლობა “ქართულ, ჯიგრულ პონტში”

ვახტანგ გვენეტაძე ტყიბულის მერიაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share