პუტინისტური და ძალადობრივი დაჯგუფების, “ალტ-ინფოს” წევრია ემრე ქუჩუქი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიითა და ძალადობისკენ მოწოდებით გამოირჩევა.
11 ივლისს ემრე ქუჩუქმა ჟურნალისტებს გვაგინა, გარდაცვლილ ალექსანდრე ლაშქარავას ნარკომანი უწოდა. “თქვე დედამო…ულო ლიბერასტულო არხებო, ექსპერტიზა არ ჩატარდესო რომ კიოდით და 5 ივლისს ცემით მოკლესო, ტრადიციულ და რელიგიულ ხალხზე გადაბრალება რომ გინდოდათ, ზუსტად ამ თქვენი ნაბიჭვრული და მტრული მიდგომის გამოა სადაც დაგინახავთ ხალხი, იქვე სახის ძვალი რომ გეხევათ!” – წერს ემრე ქუჩუქი თავის ფეისბუქ გვერდზე.
ემრე ქუჩუქი “ალტ-ინფოს” გადაცემების ერთ-ერთი წამყვანია. სანამ “ალტ-ინფო” სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადავიდოდა, მისი ძირითადი პლატფორმა ფეისბუქის გვერდები იყო. ქუჩუქი მართავდა გვერდს სახელით “ალფა დომინანტი,” რომელიც ყველაზე ხშირად ავრცელებდა ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, სექსისტურ და რასისტულ გზავნილებს.
ემრე ქუჩუქი არ არის ის სახელი და გვარი, რომელიც მას დაბადებიდან ერქვა. მან სახელი და გვარი 2011 წელს ოფიციალურად შეიცვალა, რაც პრობლემა საერთოდ არაა. სახელისა და გვარის ცვლილება ჩვენი კანონმდებლობითაც დასაშვებია.
პრობლემაა ის, თუ როგორ იყენებს ქუჩუქი თავის ახალ ვინაობას და რა ლეგენდას ქმნის საკუთარი პიროვნების შესახებ. წლებია ის თავს ლაზად ასაღებს. სინამდვილეში, 1991 წელს თბილისში დაიბადა და მისი თავდაპირველი სახელი და გვარი სურენ დანელიანი იყო. მამამისი ალექსანდრე ავაქიანი იყო. დედა კი ასია დანელიანი.
დედამისმა, ასია დანელიანმაც შეიცვალა გვარი და ახლა ისიც ქუჩუქია.
საქმე ის კი არაა, რომელ ეთნოსს მიეკუთვნება ქუჩუქი, საქმე ისაა, რომ ის ატყუებს თავის მიმდევრებს და იმ ლეგენდას ქმნის, რომელიც ადამიანებში მეტ ემოციას გამოიწვევს.
დავურეკეთ ემრე ქუჩუქს, რას გვიპასუხებდა, გვაინტერესებდა. დაგვპირდა, რომ გვიჩივლებს. დაე, გვიჩივლოს.