ავტორები: ქეთევან მოსიავა, ლანა როყვა და ეთო კოპალიანი
თუ ნინოწმინდაში მოხვდები და პუშკინის ქუჩას აუყვები, ბევრ ისეთ გარემოვაჭრეს ნახავ, რომელსაც გასაყიდი პროდუქცია პირდაპირ ტროტუარზე, სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე აქვს გამოფენილი, თავად კი მზესა და წვიმაში თავს იქვე მდგარ დატვირთულ ავტომობილს აფარებს.
ეს სურათი სხვა რეგიონებისთვისაც არ არის უჩვეულო, მაგრამ ამბავი მაშინ ხდება საინტერესო, როცა ვიგებთ, რომ გარეთ მდგარ მოვაჭრეებს ახალაშენებულ ბაზრამდე სულ რამდენიმე მეტრი აშორებთ.
ნინოწმინდის მერიამ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ახალი შენობა 2019 წელს ააშენა და ამისთვის ბიუჯეტიდან 160,000 ლარზე მეტი დახარჯა. მიუხედავად ბიუჯეტიდან გადახდილი თანხისა, შენობას საკუთარი დანიშნულება არასოდეს შეუსრულებია და ბაზარი დღემდე ცარიელია. იქ არც ადგილობრივი მოვაჭრეები და არც მათი პროდუქტებია.
,,მშენებლობის ეტაპზე ჩვენი აზრი არავის აინტერესებდა. როცა მოვიკითხეთ, გვითხრეს, თქვენ შეგეკითხებით, სად ავაშენებთო?’’- იხსენებენ ადგილობრივი მოვაჭრეები.
პროდუქციის ქუჩაში გაყიდვა არც გარემოვააჭრეებს მოსწონთ, მაგრამ შენობის უფუნქციოდ დარჩენის მთავარ მიზეზად ავტოსადგომის არარსებობას ასახელებენ. ისინი ახალაშენებულ ბაზარში შესვლაზე უარს ამბობენ და საქმიანობას ღია ცის ქვეშ აგრძელებენ.
“როცა სეზონი დაიწყება, მარნეულიდანაც ჩამოდიან მოვაჭრეები, კახეთიდანაც, საზამთრო და სხვა პროდუქტები ჩამოაქვთ. წარმოიდგინეთ, მანქანამ მოიტანა საზამთრო, სად გააჩეროს, როგორ გადმოიტანოს ტვირთი?”- გვიხსნის არმენი, რომელმაც გვარი არ გვითხრა.
ვინ ააშენა ახალი ბაზარი
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ძველი ბაზრის დემონტაჟი და იმავე ადგილას ახალი ბაზრის მშენებლობა ადგილობრივ ბიზნესმენს, რაზმიკ ღუმაშიანს დაევალა.
ღუმაშიანი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას 2012 წლიდან იღებს. სახელმწიფომ მას ჯამში 1.9 მლნ ლარი გადაუხადა. საიდანაც 125,991 ლარი გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა და ამ გზით მიიღო. ღუმაშიანი “ქართული ოცნების” შემწირველია და 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, მმართველ პარტიას 5,000 ლარი შესწირა.
მშენებლობის დაწყებამდე ნინოწმინდის მერიამ ბაზრის პროექტიც იყიდა. რისთვისაც მან დამატებით 1,850 ლარი დახარჯა. პროექტის მიხედვით, პარკინგის მოწყობა ბაზრის ტერიტორიაზე არც ყოფილა გათვალისწინებული, რასაც ღუმაშიანიც ადასტურებს.
“პარკინგი არ იყო გათვლისწინებული და არც არის ადგილი მანქანისთვის იქ,” – ამბობს ღუმაშიანი.
რას ამბობს მერია და რატომ არ გაკეთდა პარკინგი
ნინოწმინდის მერიას უფუნქციო ბაზრის მშენებლობა, ჯამში, 162,000 ლარზე მეტი დაუჯდა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს ვკითხეთ, რატომ არ გაითვალისწინეს გარემოვაჭრეების ინტერესები და რატომ არ გაკეთდა პარკინგი ბაზრის ტერიტორიაზე. არარატ დარბარიანს მოვაჭრეების პროტესტი პარკინგთან დაკავშირებით უკვირს:
“ამბობენ, ავტოსადგომი არ არისო? ქუჩაში არის მანქანის ადგილი? არავინ აჯარიმებთ და ამიტომაც იქცევიან ასე. აქ რომ შევიდნენ, გარკვეული გადასახადი უნდა გადაუხადონ სახელმწიფოს, ამიტომაც არ უნდათ. ქუჩაში არაფერს იხდიან.”
დარბინიანი გვიყვება, რომ გარემოვაჭრეების შენობაში შესაყვანად პოლიციას მიმართეს, რასაც ადგილობრივებიც ადასტურებენ. გარემოვაჭრეების თქმით, მათ სხვადასხვა ფორმით ავიწროებენ და ასე აიძულებენ შენობაში გადასვლას:
“აქ რკინის სახურავი გვქონდა, რომ მზისგან და წვიმისგან დავეცავით, მაგრამ მერიამ მოგვიხსნა,” – გვიყვება ადგილობრივი გარემოვაჭრე და ხელით უთითებს დახლების ზემოთ, იმ ადგილისკენ, სადაც ახლა ლურჯი ტენტია გადაფარებული, რომ პროდუქცია დაზიანებისგან დაიცვან.
შეკითხვაზე, რას უპირებს მუნიციპალიტეტი შენობას, მერიაში გვპასუხობენ, რომ უკეთესი იქნება თუ მის იჯარით გასხვისებაზე იფიქრებენ, თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება და კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“ “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.