fbpx
terjola

თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე

🔍 #აიფაქტი: თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე საჩუქრებით განებივრებულია. მას უძრავ ქონებას ჩუქნიდნენ როგორც ფიზიკური პირები, ისე სახელმწიფო სტრუქტურები.

შალამბერიძე თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიას 2007 წლის 25 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. მიტროპოლიტი 80 წლისაა. მისი სასულიერო კარიერა 70-იან წლებში დაიწყო. მან ღვთისმეტყველება შეისწავლა ჯერ ლენინგრადის (პეტერბურგი) სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი იმავე ქალაქის სასულიერო აკადემიაში. 1988 წლის ოქტომბერში ბერად აღკვეცეს და მეორე დღესვე, ილია მეორემ მას ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსობა უბოძა. მიტროპოლიტის ტიტული 2000 წლის ნოემბერში მიენიჭა.

მიტროპოლიტმა შალამბერიძემ, სინოდის სხვა წევრების მსგავსად ბერად კურთხევის დროს უპოვარების აღთქმა დადო. კონსტანტინოპოლის დიდი კრების კანონი ადგენს: “ვინც ინებებს მონაზვნად აღკვეცას, ჯერ მას უნდა მიეცეს დრო, რათა განაგოს თავისი შეძენილი ქონება, როგორც ენებოს, და დაუტოვოს და მისცეს, ვისაც უნდა, ვისთვისაც კანონი არ კრძალავს მიცემას.”

შალამბერიძემ ბერობამდე ქონების სხვისთვის გადაცემის ნაცვლად, მისი მოგროვება ბერად აღკვეცის შემდეგ დაიწყო.

მაგალითად, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 72 კვ.მ ბინა 1996 წელს 935 ლარად ეკატერინე სიხარულიძისგან იყიდა.

2001 წლის სექტემბერში სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღო ერთოთახიანი, 29 კვ.მ. ფართის ბინა მუხიანის მე-4ა მიკროში.

2007 წელს გადაწყვიტა უძრავი ქონება მშობლიურ სოფელ ფერსათშიც გაეფართოვებინა და 4,455 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა 700 ლარად იყიდა.

მიტროპოლიტი ფერსათში კიდევ ფლობს 3,770 კვ.მ. მიწას, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო.

2016 წელს მიტროპოლიტმა ქუთაისში 996 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწა სახელმწიფოსგან 17,811 ლარად იყიდა.

ერთი წლის წინ, 2019 წლის მარტში კი კიდევ ერთი საჩუქარი კერძო პირისგან მიიღო. ამჯერად, ქალაქ ტყიბულში, ვაჟა-ფშაველას 61 ნომერში არსებული 600 კვ.მ. მიწა 103 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. ხელშეკრულების თანახმად, საჩუქრის ღირებულება 1,000 ლარია.

ჯერ კიდევ აქტიურია 1997 წელს შექმნილი კომპანია შპს “გიორგი-97,” რომელშიც მიტროპოლიტი დირექტორის პოზიციას და წილების 20 პროცენტს დღემდე ინარჩუნებს. 1995 წელს მთავრობამ გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში გაჯის კარიერის მოსაწყობად 1 ჰექტარი საძოვარი გადასცა ჭყონდიდის ეპარქიას, რომელსაც მაშინ გიორგი შალამბერიძე ხელმძღვანელობდა. 2004 წლის 6 თებერვალს კი შპს “გიორგი-97”-მა მიიღო გამარჯვებაში არსებული თიხა-თაბაშირის მოპოვების ლიცენზია, რომელსაც ვადა 2024 წელს გადის. ამ ლიცენზიით კომპანიას, სულ, 22,400 ტონა მასალის მოპოვება შეუძლია.

მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს ორ არაკომერციულ ორგანიზაციას:

1. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის განვითარების ფონდი
2. გოგნის წმინდა გიორგის კარუგდებლის მამათა მონასტერის სამშენებლო საქველმოქმედო ფონდი „გოგნი“

საჯარო რეესტრის დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1UiqV3UFLv5Cs53UXJiEMqN5cRFZBJYGI?fbclid=IwAR3_jJSTsm5goRBCbTXtzI-L6HqpOiwaiTf-jJ_fnT18njmW7fJlFjmA-g8

terjola

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (დიმიტრი) ჭუაძე
teoddore

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (დიმიტრი) ჭუაძე

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share