გიყვებით იმაზე, რა ხდება ახლა გელათში და რაზე უნდა ვიღელვოთ ყველამ ერთად
ავტორები: თამუნა ქიმაძე, ნინო ბაქრაძე და მანანა ღოღობერიძე
ორი წელია, გელათის მთავარი ტაძარი საჯარო ყურადღების საგანია. ჯერ წყლის გაჟონვა და უნიკალური ფრესკების დაზიანება გვადარდებდა, შემდეგ მათი შენარჩუნება-აღდგენის ბუნდოვანი სამუშაოები. 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე, ძეგლის გადასარჩენად უკვე მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ხან იტალიელებისა და ხან ქართველების ექსპედიციებზე. გელათის სამომავლო ბედი კი მაინც ბუნდოვანია.
ახლა კომპლექსის მთავარ ტაძარში სამუშაოები შეჩერებულია და იუნესკოს მისიის მითითებებს ელიან. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის icomos-ისა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და iccrom-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი დელეგაცია გელათს 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე სტუმრობდა.
Მათი დასკვნის მიხედვით გადაწყდება, როდის და რა ფორმით გაგრძელდება სამუშაოები გელათის დაზიანებული მხატვრობის აღსადგენად. თუმცა, საკითხავი ისაა, რამდენად სანდო და ობიექტური იქნებიან შეფასებისას, იმ ფონზე, როცა ეს მისია სამთავრობო სტრუქტურამ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა.
24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტო ICOMOS-ის ექსპერტებს 6 ათას ევროს გადაუხდის. ამ თანხით მათ უნდა შეაფასონ, ორი წლის განმავლობაში გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კონსერვაციის გასაუმჯობესებლად გადახურვაზე ჩატარებული სამუშაოები, მიმოიხილოს გელათზე მომზადებული კვლევები, ასევე შეაფასოს კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოებისას გამოყენებული მეთოდები და მასალები ტაძრის როგორც დასავლეთ, ისე ჩრდილოეთ მკლავებში.
გელათის ამბავში ბუნდოვანება აღარ გვიკვირს. აი, ამჯერადაც ვაწყდებით ერთ გაურკვევლობას – Როგორ შეაფასებს ICOMOS-ი ტაძრის ჩრდილოეთ მკლავზე 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარებული სამუშაოების მეთოდებს და მასალას, როცა იქ არც იტალიელებს და არც ქართველებს ხელი არაფერზე უხლიათ? ორი წლის განმავლობაში ყურადღება ექცეოდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მხოლოდ დასავლეთ მკლავის მხატვრობას, აქ ჩატარდა სახურავის შეცვლისა და მხატვრობის კონსერვაციისთვის საჭირო სამუშაო; ჩრდილოეთი და სამხრეთი მკლავები კი ისევ ძველებურადაა. ყურადღება არ ექცევა არც წმინდა გიორგის ეკლესიას, რომელიც კომპლექსის შემადგენელი ნაწილია და რომლის მხატვრობის დაზიანებაც ასევე თვალსაჩინოა. ამას ICOMOS საქართველოს ანგარიშიც ადასტურებს.
“აუცილებელია, აღინიშნოს, რომ კედლის მხატვრობის არასტაბილური
მდგომარეობა ფიქსირდებოდა მთავარი ტაძრის სხვა სივრცეების ლოკალურ მონაკვეთებსა და წმ.გიორგის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონკრეტულ ნაწილებზეც,”- ვკითხულობთ 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის მხატვრობის კონსერვაციაზე იტალიელებთან ერთად მუშაობდა მერაბ ბუჩუკურის ჯგუფიც. ბუჩუკური თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხატწერის და დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის ხელმძღვანელია. ისიც გვიდასტურებს, რომ ჩრდილოეთ მკლავის მხატვრობის კონსერვაციაზე არ უმუშავიათ. ზაფხულის ბოლოს, მხოლოდ 2-3 დღით, ამ მკლავის ერთ მონაკვეთზე გამოსული მარილების მოშორება დაიწყეს.
“Ჩრდლოეთის მკლავზე მხოლოდ მცირე ფრაგმენტზე დავიწყეთ მუშაობა და შეგვაჩერებინეს, თორემ დიდი საიმოვნებით გავაგრძელებდით რომ აღმოგვეფხვრა აქტიური გამმარილებლები. კონსერვაციის ჩარევასაც არ ნიშნავს, არ ეხები ფაქტობრივად, პატარა რბილი ფუნჯით… დანარჩენ ჩარევებზე მაგის ტვირთი არ ამიღია ჩემს თავზე, მითუმეტეს, არ გვქონდა კონტრაქტით გათვალისწინებული. Მე ამ კითხვასაც დავუსვამ, რას ნიშნავს ეს, თუ არ მიმუშავია, რა უნდა შეამოწმონ?”- გვითხრა მერაბ ბუჩუკურმა.
Ჩვენთან საუბარში ხელოვნებათმცოდნეებიც აღნიშნავენ, რომ სააგენტოს გამართულ შეხვედრებზე Ჩრდილოეთ მკლავის მდგომარეობაზეც საუბრობდნენ, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დასავლეთით იყო, ამიტომ სამუშაოები ჯერ იქ დაიწყესო.
“არა მარტო ამ შეხვედრაზე, ადრეც, [ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებზე] საუბრები სულ იყო, მაგრამ კონკრეტულად უკვე [სამუშაოების] განხორციელებას ეხებოდა ბოლო შეხვედრა და განხორციელდა კიდეც მხოლოდ დასავლეთ მკლავზე, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობააო და მართლაც ასეა,“- გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილმა. ის “კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს” მიერ ჩამოყალიბებულ მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოში მონაწილეობს.
ჩვენ გელათის “თავგადასავალს” ორი წელია ვსწავლობთ და რასაკვირველია, ვაკვირდებით ბოლო მოვლენებსაც. ჩვენი გამოძიება აჩვენებს, რომ გელათის გარშემო მიმდინარე პროცესი ისევ გაუმჭვირვალეა და შიში, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანეს ძეგლს დავკარგავთ, უსაფუძვლო არაა.
ამ შიშს ამყარებს თავად სააგენტოს მიერ შედგენილი ოფიციალური დოკუმენტიც. გასულ აპრილში ისინი წერდნენ, რომ “გამოვლენილი დაზიანებების პროცესი აქტიურია და (გელათი) მისი ზოგადსაკაცობრიო განსაკუთრებული ღირებულების უმთავრესი ატრიბუტების დაზიანების უდიდესი საფრთხის წინაშეა.”
იმედისმომცემი არ არის არც ICOMOS საქართველოს ანგარიში, რომელიც 5 დეკემბერს გამოაქვეყნეს, საპატრიარქოს მოწვეული ექსპერტების დასკვნის საფუძველზე.
“ამჟამად კედლის მხატვრობის დაზიანება (დასავლეთ მკლავში და მიმდებარედ) კვლავ მიმდინარეობს და მხატვრობის დანაკარგი გაზრდილია,”- წერია ანგარიშში.
რა და როგორ შეიცვალა აპრილის მერე ჯერ უცნობია, რადგან სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს პირში კვლავ წყალი აქვს ჩაგუბებული და გელათის ამბავზე დეტალურად საუბრისთვის თავს არ იწუხებენ. დახარჯული მილიონების მიუხედავად, არაფერს გვეუბნებიან იმაზე, თუ რა შედეგი გამოიღო მათმა მუშაობამ ან სამომავლოდ რას გეგმავენ.
Საჯაროდ ამ თემაზე არ საუბრობს არც საპატრიარქო, რომლის დავალებითაც უცხოელი სპეციალისტები გელათს სტუმრობდნენ და მისი მდგომარეობის შესახებ კრიტიკული დასკვნაც მოამზადეს.
2021 წელს გამოქვეყნებული ჩვენი გამოძიება აჩვენებდა, რომ გელათისთვის მიყენებული ზიანი სააგენტოს ნეპოტისტური მართვის მოდელისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალი იყო. მედიაში ატეხილ განგაშს მოჰყვა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის გათავისუფლება. გელათის მიმართ დაინტერესება თავად კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოხატა.
მაშინ კრიტიკული საზოგადოებისთვის გელათის ამბავში ორი რამ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი: სახურავის მოწესრიგება, ისე რომ წყლის ჩასვლა გამორიცხულიყო და მხატვრობის გადარჩენა. განახლებული სამინისტროც მუშაობას ამ თემებზე შეუდგა, თუმცა, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება დაივიწყა და ამ თემაზე საჯაროდ საუბარს გაურბიან. 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო ახალი ტენდერების გამოცხადება და მილიონამდე ლარის დახარჯვის შემდეგაც კი ბუნდოვანია, რა ელის გელათს ამ ზამთარში.
ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ბაზაში მოვიძიეთ გელათთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერები და ძირითადი დეტალები ქვემოთ მითითებულ ბმულზე ქრონოლოგიურადაა მოცემული. დეტალურად მოგიყვებით იმასაც, ვინ და რა მისიით ჩამოიყვანა იუნესკო-ს დელეგაცია.
თუ გსურთ, გავაგრძელოთ კულტურული მემკვიდრეობის საქმეების გამოძიება, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Რას ეხება იუნესკოს მისია?
Ნოემბრის ბოლოს საქართველოში იუნესკოს დელეგაცია ჩამოვიდა, გელათის მონასტრის სიტუაციის შესასწავლად და მომავალში გადასაგდმელი ნაბიჯების განსასაზღვრად. ერთი შეხედვით, იმედისმომეცმი პროცესია, რომ ძეგლს ხელს არ ახლებენ იქამდე, ვიდრე საერთაშორისო ექსპერტების აზრს არ მოისმენენ.
თუმცა, საქმე ისაა, რომ იუნესკოდან დელეგაციები აქ საკუთარი ნებით არ ჩამოსულან. Მათ გელათში ვიზიტი და რჩევების მიცემა მთავრობამ დაუკვეთა. Წელს 24 ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 6,100-ევროიანი ხელშეკრულება გაუფორმა ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს.
“აი,ფაქტი” დაინტერესდა როგორია ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის პრაქტიკა, საერთაშორისო მისიებს ფულს ადრეც ვუხდიდით? ვესაუბრეთ კულტურის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტში სწორედ იმ სამმართველოში მუშაობდა, რომელსაც ICOMOS-ის ვიზიტებთან ჰქონდა შეხება. Მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა ანონიმურად გვითხრა, რომ როგორც წესი, ICOMOS-ის მონიტორინგის მისიებს მიმღები ქვეყნები არ აფინანსებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ხდებოდა მისი ამ სფეროში ყოფნის განმავლობაში.
“თეორიულად ვერ გამოვრიცხავ, რომ საქართველომ ICOMOS-ის რომელიმე ექსპერტი დაიქირავა მიზნობრივი კვლევისთვის და შესაბამისად დააფინანსა. ჩემს დროს (2009 წლამდე) საქართველოს მსგავსი ხარჯის გაწევა არ დასჭირვებია. ICOMOS-ი თავისი ხარჯით ჩამოდიოდა. iccrom-ის რამდენიმე მისია იყო, ხელმძღვანელობა თავისი ხარჯით ჩამოდიოდა და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, კერძოდ, მხეთის ჯვარზე.”
Ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი გვეუბნება, რომ თუ ქვეყანა საერთაშორისო დელეგაციას საკუთარი სურვილით ჩამოიყვანს და ეს გეგმიურ კალენდარში არ ჯდება, შესაძლოა ხარჯების ნაწილი ბიუჯეტიდან დაფაროს. თუმცა, როგორც მას ახსოვს, ეს მიზერული თანხებია, ისიც მხოლოდ ექსპერტების სასტუმროში განთავსების ან ბილეთის საფასური. უშუალოდ საკონსულტაციო მომსახურებისთვის რომ სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, ასეთ პრაქტიკას ვერ იხსენებს.
“იუნესკომ შეიძლება გირჩიოს რომელიმე კომპანია და პირდაპირ გახვიდე ამ კომპანიასთან, იკომოსს რომ თანხა გადაუხადო? არ ვიცი, არამგონია,”- გვითხრა ნიკა ვაჩეიშვილმა.
ICOMOS საქართველოსაც ვკითხეთ, მათ რა იცოდნენ მისიების დაფინანსებაზე. გვითხრეს, რომ “იუნესკოს” მანდატით განსაზღვრული ვიზიტები აბსოლუტურად უფასოა. თუმცა, არსებობს ასევე “ედვაიზორი”, ე.წ მრჩეველი მისიები, რომლის მოთხოვნაც შეუძლია სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში თანხა უნდა გადაიხადოს.
დოკუმენტის მიხედვით, ICOMOS-ის ექსპერტი შეაფასებს ძეგლის კონსერვაციის მთლიან მდგომარეობას, გარემოს, ძირითადი ტაძრის სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს, დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავზე კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტარაციისთვის გამოყენებულ მეთოდებს და მასალებს, მიმოიხილავს აქამდე ჩატარებული კვლევების მიგნებებს. ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე კი გასცემს რჩევებს, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში. იუნესკო-ს ექსპერტებმა დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ საბოლოო ანგარიში 2023 წლის იანვრის ბოლომდე, ანუ გელათში ვიზიტიდან რვა კვირაში უნდა წარადგინონ.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ “აი, ფაქტის” გამოძიებები, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი
რა დაემართა და რა ბედი ელის გელათის მხატვრობას?
გელათის მთავარ ტაძარზე კრამიტის სახურავის მოწყობიდან რამდენიმე თვეში გავიგეთ, რომ შენობაში წყალი ჩადიოდა და შუასაუკუნეების ფრესკები ზიანდებოდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამ მხრივ დასავლეთ მკლავზე იყო, თუმცა არც სხვა ნაწილები გადარჩენილა წვიმისა და თოვლის წყალს.
საზოგადოებიდან მიღებულ კრიტიკას მოჰყვა ის, რომ სააგენტომ კრამიტის სახურავს ზემოდან თუნუქის ფენები გადააფარა. ფიქრობდნენ, რომ ასე დროებით წყლის ჩასვლისგან დაიცავდნენ. თუმცა, ფრესკები მაინც ზიანდებოდა, რადგან კრამიტის ქვეშ დაგროვილი წყალი შიდა ინტერიერში ნელ-ნელა ჟონავდა.
სააგენტომ ამ მდგომარეობაში მყოფი გელათისთვის სპეციალისტები იტალიიდან პირველად შარშან ჩამოიყვანა. ასოციაცია “ჯოვანი სეკო სუარდოს” სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებებით დაევალა მხატვრობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ქმედებების შემუშავება და შენობაში არსებული მიკროკლიმატის კვლევა.
იტალიურმა ასოციაციამ დასკვნა 2021 წლის ივლისის დასაწყისში მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია სამუშაოები, რომელიც მათი აზრით, მხატვრობას გადაარჩენდა და უარესი დაზიანებისგან დაიცავდა. ამ რჩევებზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს.
იტალიელი ექსპერტების შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას ქართველი და უცხოელი სპეციალისტები თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდნენ. ისინი სააგენტოს სთხოვდნენ, ანგარიში შესაფასებლად სხვა უცხოელი სპეციალისტებისთვისაც გაეგზავნათ.
Საერთაშორისო ექსპერტების კრიტიკა
2021 წლის სექტემბერში ასოციაცია “სუარდოს” დასკვნა ბრიტანულმა ჯგუფმა “rickerby & shekede”-მ შეაფასა, წელს მაისში კი იგივე დასკვნაზე საკუთარი აზრი დააფიქსირეს საპატრიარქოს მოწვეულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. Მათი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა. საპატრიარქოს მიერ მოწვეული სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა პირველად სტუდია “მონიტორმა” გამოაქვეყნა.
ორივე დასკვნა მკაცრად აკრიტიკებდა “სუარდოს” შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, მათ შორის კედლების გამოშრობის და მხატვრობიდან მარილის მოშორების მეთოდოლოგიას. ორივე ჯგუფი თანხმდება, რომ იტალიელებმა კვლევა ზერელედ და არაკომპეტენტურად ჩაატარეს, არ შეისწავლეს მხატვრობის ტექნოლოგია და საღებავების ტიპი. ივარაუდეს, რომ ყველა მხატვრობა ფრესკის ტექნიკითაა შესრულებული, რაც ასე არ არის. Ცალ-ცალკე მოგიყვებით, ჯერ ბრიტანელების და შემდეგ საპატრიარქოს მოწვეულ ექსპერტთა კრიტიკაზე.
Ბრიტანულ “rickerby & shekede”-ს კედლის მხატვრობის კონსერვაციაში მაღალი რეპუტაცია აქვს. ექსპერტები თანამშრომლობენ კურტოს ხელოვნების ინსტიტუტთან (ლონდონი) და გეტის კონსერვაციის ცენტრთან (ლოს-ანჯელესი). Მათი დასკვნით ირკვევა, რომ “ჯოვანი სეკო სუარდომ” კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია. ისეთი ნივთიერებების გამოყენების რეკომენდაცია გასცეს, რომელიც წლების შემდეგ მხატვრობას დააზიანებს და არც ლაბორატორიულადაა გატესტილი. Ზოგი მათგანი მხოლოდ Ქვიშაქვაზე, აგურის ან ქვის წყობაზე, დასალუქ მასალაზე, პლომბებზე გამოიყენება და არა კედლის მხატვრობაზე.
გარდა ამისა, “Სუარდოს” რეკომენდაციაში ჰქონდა მითითებული კონსერვაციისას სინთეტიკის და ამონიუმის ოქსალატების გამოყენება. “rickerby & shekede” ამბობს, რომ ამ ტიპის ნივთიერებები მხატვრობას უარეს დღეში ჩააგდებს და დააჩქარებს მარილის გამოყოფის პროცესს.
Როგორც Ბრიტანელების რეცენზიიდან ჩანს, იტალიელებმა ისე დაგეგმეს მხატვრობის კონსერვაცია, რომ არ უკვლევიათ ნესტის შეღწევის და გავრცელების არეალები. სინოტივის დადგენა კი სცადეს, მაგრამ ხელსაწყოთი, რომელიც ხე-ტყის მასალისთვისა. სისველე კედელთან მარილიანი ფურცლების მიმაგრებით გაზომეს. ტოვებდნენ და აკვირდებოდნენ, გადნებოდა თუ არა რამდენიმე დღეში. “ეს ელემენტარული, ჩანასახოვანი მეთოდია,” – წერია “rickerby & shekede”-ის რეცენზიაში.
“rickerby & shekede” წერს, რომ იტალიელებმა დასაშვებად მიიჩნიეს ბზარების გამთელება მაღალი კონცენტრაციის კონსოლიდანტებით. ეს არის შესაწებებელი ნივთიერება, რომელიც ცხელი წყლით უნდა ჩამოირეცხოს, გელათის ისედაც ძველი და დაზიანებული მხატვრობისთვის კი მისი გამოყენება სარისკო იქნებოდა.
მიუხედავად ბრიტანელი სპეციალისტების მიერ გაცემული უარყოფითი შეფასებებისა, სააგენტომ ერთი თვის შემდეგ გელათის მხატვრობის აღსადგენად რეკომენდაციების შემუშავება და კლიმატის მონიტორინგი კვლავ იტალიურ “სუარდოს” დაავალა და 2021 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ამისთვის 34 ათასი ევრო გადაუხადა. იქამდე, სააგენტოს “სუარდოსთან” 38 ათასი ევროს სამი ხელშეკრულება ჰქონდა. 2022 წლის მაისსა და ივლისში სააგენტომ იტალიელებს კიდევ 142 ათასი ევროს სამუშაოები დაუკვეთა.
Წელს “სუარდოს” რეკომენდაციებზე კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა გაიცა. მაისის დასაწყისში გელათში ორ-დღიანი ვიზიტით ჩავიდნენ საპატრიარქოს მოწვეული ექსპერტები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და შვეიცარიიდან. Გაეცნენ ყველა დოკუმენტს, რომელიც კულტურული მემკიდრეობის სააგენტომ მიაწოდათ. ამ ჯგუფის მისია იყო, შეესწავლათ როგორ ჩატარდა გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები, “სუარდოს” ექსპერტების, პულიერისა და ჩენტინის რეკომენდაციების მიხედვით.
“rickerby & shekede”-ის მსგავსად საპატრიარქოს მოწვეული ექსპერტებიც იწუნებენ იტალიური “სუარდოს” გეგმას. Მათი თქმით, ეს რეკომენდაციები გადასახედია, რადგან მისი გათვალისწინებით, გელათს უარეს დღეში ჩავაგდებთ.
დოკუმენტის მიხედვით, მაისში კედლები ჯერ კიდევ სველი და მარილიანი იყო. “Სუარდომ” კი კონსერვაციის გეგმა ისე გაწერა, ტენიანობა და მარილიანობა არ უკვლევია. არც ფოტომასალა არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ დაზიანებები შეისწავლეს. გარდა ამისა, “სუარდომ” კონსერვაცია ნაჩქარევად დაგეგმა. ექსპერტთა აზრით, წყალგაუმტარ შენობაში, წყლით გაჟღენთილი 25 -სანტიმეტრიანი კედელი ერთ წელში შრება, გელათის შემთხვევაში ამას შეიძელბა 3-დან 5 წლამდე პერიოდი დასჭირდეს. იქამდე კონსერვაციის სამუშაოების დაწყება კი ნაადრევი იყო. დაიწუნეს სუარდოს ის რეკომენდაციაც, რომ კედელი ხელოვნურად, გათბობით გამოეშროთ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ბუნებრივად, თანდათანობით უნდა მოხდეს.
გელათში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბუჩუკურიც გვიდასტურებს, რომ გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები ნესტიან კედლებზე დაიწყეს. თუმცა, ეს საპატრიარქომ, სამინისტრომ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რესტავრატორებმა და ხელოვნების ისტორიკოსებმა, ერთობლივად გადაწყვიტეს.
“ვილაპარაკეთ და ბოლოს ერთობლივად გადაწყდა, რომ როგორმე უნდა გავრისკოთ და ისე გავაკეთოთ, რომ ზამთარს გაუძლოს. ჩვენ ვუთხარით, თუ თქვენ აიღებთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ეს ჩამოცვივდება, ჩვენ ახლა… რა ძალა მადგა ისეთი რომ საპატრიარქოს და სამინისტროს წინააღმდეგ წავიდე? Როგორც წესი, სტუდენტმაც იცის, რომ გადაუდებელი სამუშაოები ნესტზე არ შეიძლება, Მაგრამ ისეთი მდგომარეობაში იყო… გავრისკეთ ფრაგმენტები, სხვა გზა არ გვქონდა რეალობიდან გამომდინარე,”- ამბობს მერაბ ბუჩუკური.
5 დეკემბერს ICOMOS საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საპატრიარქოს მოწვეულ ექსპერტთა დასკვნას ეყრდნობა, ვკითხულობთ, რომ მთავარ ტაძარში “განხორციელებულია არა გადაუდებელი ჩარევა, არამედ ჩატარებულია სრული საკონსერვაციო სამუშაო.”
Საპატრიარქოს მოწვეული ჯგუფი ამბობს, რომ “Სუარდომ” ყველა მხატვრობას კონსერვაციის ერთნაირი გეგმა და ერთი და იგივე მასალა მოარგო, რაც დაუშვებელია. დოკუმენტის მიხედვით, ყველა მხატვრობა უნიკალურია თავისი ტექნიკით, შემადგენელი მასალით, დათარიღებით და ახლანდელი მდგომარეობით. ამიტომ, უნიკალურ მოპყრობას ითხოვს.
ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საპატრიარქომ მოიწვია, ამბობს, რომ კედლებზე მარილის გამოდევნას იწვევს გარედან შემომავალი ტენიანი ჰაერიც. ამის კონტროლისთვის კი აუცილებელია გაგრძელდეს გარემოსდაცვითი მონიტორინგი, რომელიც 2021 წლის სექტემბერში შეწყდა.
მერაბ ბუჩუკური გვეუბნება, რომ ეს ინფორმაცია მცდარია და გარემოსდაცვითი მონიტორინგი გასული წლის სექტემბრის შემდეგაც გაგრძელდა. Მისი თქმით, ახლაც არის გელათში დამონტაჟებული სპეციალური საზომები, დაახლოებით,15 ერთეული, რომლის ანალიზის საფუძველზეც ეუბნებიან, დასაშვებია თუ არა კონსერვაციის სამუშაოების გაგრძელება. Საპატრიარქოს მოწვეული ექსპერტები კი შეცდომაში არიან შეყვანილნი, რადგან მათ დოკუმენტაცია შეცდომით მიაწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა მარიამ საღარაძემ.
“მან აღიარა, რომ შეეშალა. Რას ჰქვია, შემეშალა, შეცდომაში შეგყავს უცხოელი ექსპერტები. [საღარაძე] Რესტავრაციის თეორიის მცოდნეა, რომელიმე ძეგლის რესტავრაციის პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონია. Მე ნამდვილად ვიცი, რომ ინფორმაცია არასწორად იყო მიწოდებული. Რატომ და როდის მიაწოდა, რა მიზანს ემსახურებოდა, ეს არ ვიცი,” – გვითხრა მერაბ ბუჩუკურმა.
Საღარაძე ახლა სამხატვრო აკადემიაში ლექტორად მუშაობს. “აი,ფაქტმა” მასთან დაკავშირება სცადა. Სასწავლებლიდან მისი საკონტაქტო მობილურის ნომერი არ მოგვაწოდეს, გვითხრეს საზღვარგარეთაა და მაინც ვერ გაესაუბრებითო. ამიტომ, მარიამ საღარაძეს კითხვები ელექტრონული ფოსტით გავუგზავნეთ. გვაინტერესებდა ამბის მისეული ვერსია, რა შეცდომა დაუშვა დოკუმენტების მიწოდებისას და თუ ასე იყო, რატომ არ გასწორდა დასკვნის საბოლოო ვერსია ნამდვილი ფაქტებით.
დოკუმენტის მიხედვით, “სუარდოს” შემოთავაზებული რეკომენდაციებით, დასაშვები იყო კონსერვაციისას აკრილის, სილიკატების, ფოსფატების, ოქსალატების და ნანო მასალების გამოყენება, რაც არ არის თავსებადი მხატვრობის ორიგინალ ტექნოლოგიასთან. ექსპერტების თქმით, პოლიმერების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს წყლის ორთქლის გამტარიანობას, რაც გამოიწვევს მარილების კრისტალიზაციას საღებავის ფენის ქვემოთ ან ბათქაშის შიგნით.
Საერთაშორისო ექსპერტები უარყოფითად აფასებენ მხატვრობის ზედაპირიდან მარილის მოშორების იმ მეთოდსაც, რომელიც “სუარდომ” შეიმუშავა – ზედაპირიდან მარილის რბილი ჯაგრისით და წყლის შემცველი მასალებით აცლა.
“მარილის ბევრი სხვადასხვა სახეობა არსებობს. Ზუსტად თუ არ ვიცით მარილის წარმომავლობა, წყლის გამოყენებამ შეიძლება უარესი მდგომარეობა გამოიწვიოს. აკრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ის ცვლის ფერწერის თვისებებს, იწვევს მარილების კრისტალიზაციას უფრო ღრმა ფორებში, საღებავების ფენის უკან, ბათქაშის შიგნით,” – წერია დასკვნაში.
აკრიტიკებენ კედლების გამაგრების სამუშაოებსაც. Როგორც ირკვევა, “სუარდომ” აქაც დაშლილი კირის და სილიკონის შემცველი აგრეგატების გამოყენების რეკომენდაცია გასცა. Საპატრიარქოს მოწვეული ექსპერტები საბოლოო დასკვნაში წერენ, რომ წყალნარევი მასალების მიკარება ხსნადი მარილების გააქტიურებას და უარეს პრობლემებს გამოიწვევდა.
ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ შეარჩიეს იტალიური კომპანია ამ სამუშაოსთვის. ვითხოვდით ბაზრის კვლევის დოკუმენტებს, რომ გვენახა, ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები კიდევ და რა კრიტერიუმების გამო შეირჩა “ჯოვანი სეკო სუარდო.” სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია ჯერ არ მოუწოდებია.
Ჩვენ კითხვები ოფიციალური ელ.ფოსტის მისამართზე გავუგზავნეთ იტალიურ ასოციაცია “ჯოვანი სეკო სუარდოსაც.” პასუხები ჯერ არც მათგან მიგვიღია. Მიღებისთანავე განვაახლებთ მასალას. ასევე, ვაგრძელებთ იმის გამოძიებას, როგორ იპოვა სააგენტომ ეს ორგანიზაცია და რატომ ანდო გელათის მხატვრობა მაინცდამაინც მათ.
ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის მხატვრობის კონსერვაციაზე იტალიელებთან ერთად ქართული ჯგუფი 2022 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა. ქართულ ჯგუფს მერაბ ბუჩუკური ხელმძღვანელობს. ბუჩუკური თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხატწერის და დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის ხელმძღვანელია. გელათის მხატვრობის აღდგენაზე მუშაობს მისი თანაშემწე ზაზა სუმბაძეც.
როცა გელათში მხატვრობაზე სამუშაოები დაიწყეს, გელათის ბედით დაინტერესებული პროფესიონალები ჩიოდნენ, რომ სველ კედლებზე ამ სამუშაოს დაწყება მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. გასულ ზაფხულს იმავეს ამბობდნენ ბრიტანელი სპეციალისტები. “rickerby & shekede”-ს ანგარიშში წერია, რომ თუ გელათის კედლები ისევ სველია, იქ მხატვრობის გამაგრება უარესს პრობლემებს შექმნის, ვიდრე ახლააო. Ამავეს ამბობს საპატრიარქოს მიერ მოწვეული ჯგუფიც, რომელიც გელათში 2022 წლის მაისის დასაწყისში იმყოფებოდა.
წესით, ტაძარში ტენიანობის კონტროლი იტალიელ სპეციალისტებს ევალებოდათ. მათ უნდა დაემონტაჟებინათ შესაბამისი აღჭურვილობა და ანგარიშებიც მოემზადებინათ. სამინისტროსგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმაზე, კონტროლდება თუ არა ნესტიანობის დონე შენობაში და რა ნიშნულზე იყო ის თვეების მიხედვით. სამინისტრომ ამ წერილზე, როგორც სხვა არაერთ მიმართვაზე, არ გვიპასუხა. Მერაბ ბუჩუკურმა კი გვითხრა: “ვიცი რომ აყენია 15 ცალი საზომი დღესაც, ნამდვილად, როგორც საჭიროა ისე. Მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და ჩემი რეკომენდაცია არ გამოდგება. Მე მეუბნებიან, ან შეიძლება[კონსერვაცია] ან არ შეიძლება.”
ასევე კულტურის სამინისტროსგან ვითხოვდით უცხოელი ექსპერტების მიერ გელათზე გაცემულ ყველა დასკვნასა და რეკომენდაციას. თუმცა, პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ საჯარო ინფორმაცია სასამართლოს გზით მოგვეპოვებინა. ამ დავაში ჩვენს ინტერესს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (idfi) იურისტები იცავენ. ამ დროისთვის კი სასამართლოს სხდომის ჩანიშვნას ველოდებით.
რა ხდება გელათის სხვენში ახლა?
მაშინ, როცა გელათს მოჭიქული კრამიტის სახურავი დაახურეს, ამოავსეს ის ღია სივრცეები, რომელსაც ჰიდროიზოლაციისა და განიავების ფუნქცია ჰქონდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს იყო ახალი ჰიდროსაიზოლაციო ფენა, რომელზეც კრამიტი უნდა დამაგრებულიყო.
ახალი ჰიდროსაიზოლაციო ფენა გაკეთდა ტაძრის გადახურვის ყველა ნაწილში, აფრებზე, მკლავებზე, ნართექსზე და ეკვდერებზეც. ამ გადახურვის ქვეშ არ არის დატოვებული ჰაერის შრე, რომელიც იზოლაციას ბუნებრივად შექმნიდა, როგორც ეს გუმბათის შემთხვევაში მოხდა. შემავსებლად გამოიყენეს პემზის ქვა, ქაფ-ბეტონი და კირის ფენა. ოღონდ ეს მოხდა წინასწარი დაგეგმვის გარეშე, საპროექტო დოკუმენტაციას არც საერთაშორისო იკომოსის და არც იუნესკოს ხელში არ გაუვლია.
“სავარაუდებელია, რომ ფასადების ზედა მონაკვეთების დანესტიანება/დასველება უკავშირდება კრამიტების დაზიანებას და ჰიდროსაიზოლაციო ფენა ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული გადახურვიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას. შედეგად, კედლის სტრუქტურაში ხვდება წყალი, თუმცა ჰიდროსაიზოლაციო ფენის არსებობის გამო ვერ ხდება მისი აორთქლება და გამოსასვლელს პოულობს კედლის ზედაპირზე,” – წერია სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიშში.
სააგენტოს დასკვნითვე გამოდის, რომ ჰიდროიზოლაცია იწვევს ინტერიერის დანესტიანებას. ჰიდროიზოლაცია ისეა გაკეთებული, რომ მხატვრობის წყლისგან დაცვის ნაცვლად, პირიქით, მის დაზიანებას უწყობს ხელს. ის გამოდის შიდა ზედაპირზე, რადგან ზემოთ კრამიტი ხელს უშლის აორთქლებაში.
ჰიდროიზოლაციის ეს ფენა დღემდე ადგილზეა ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებზე. ის არავის ამოუღია სახურავიდან და არ აღუდგენიათ ჰაერის თავისუფალი სივრცე.
Წელს სამუშაოები მხოლოდ დასავლეთ მკლავზე შესრულდა. Შპს “კაპიტელინჟინერიგნმა” მოხსნა კრამიტის სახურავი და მასზე მოწყობილი დროებითი გადახურვა; ამოიღო კრამიტის ქვეშ არსებული ჰიდროსაიზოლაციო ფენა (კირის დუღაბი), რომელიც წყლით იყო გაჟღენთილი და რომლიდანაც ტენი ინტერიერში აღწევდა. შემდეგ კი ისევ მოაწყო ლითონის დროებითი გადახურვა. ამ სამუშაოზე 225 ათასი ლარი დაიხარჯა.
მაგრამ სუარდოს პირველ ანგარიშშიც და სააგენტოს მისიების ანგარიშშიც წერია, რომ წყალი სხვა მკლავებშიც ჩადიოდა. დაზიანებები შეინიშნებოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებზეც. მერაბ ბუჩუკურმა გვითხრა, რომ ზაფხულში ამ ნაწილზეც შეამჩნიეს გამოსული მარილები და დაიწყეს ზედაპირიდან მისი მოშორება, მაგრამ მხოლოდ ნაჩქარევად, 2-3 დღით. ამას კონსერვაცია არ ჰქვია. Ბუჩუკურს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების მხატვრობის კონსერვაციაზე მუშაობის ვალდებულება არც აქვს. ამას ინტერვიუში თავადაც გვიდასტურებს.
ციცინო ჩაჩხუნაშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. ჩაჩხუნაშვილი ხელოვნებათმცოდნის სტატუსით მონაწილეობს “კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს” მიერ ჩამოყალიბებულ მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოშიც. ამ ორი წლის განმავლობაში ჩაჩხუნაშვილს გელათის შესახებ ბევრჯერ ვესაუბრეთ.
ბოლოს ჩვენი საუბარი 21 ნოემბერს შედგა. მისი თქმით, სხვა მკლავებზეც შეიძლება ის მდგომარეობა იყოს, რაც დასავლეთ მკლავზე. როგორც ჩაჩხუნაშვილი გვეუბნება, საბჭოს სხდომაზე ამ თემაზე დისკუსია ყოფილა. “იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ ხარაჩოები აღმართულიყო ყველგან და განხორციელებულიყო ფერწერის მონიტორინგი. შეიძლება აქ (დასავლეთ მკლავზე) აშკარად გამოჩნდა და შეიძლება სხვაგან არ ჩანს ასე აშკარად და მერე დაიწყოს პროცესი. თუმცა, იქ ფერწერის კონსერვაცია ჯერ არ უნდა განხორციელებულიყო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ სველი იყო კედლები. ამიტომაც ვამბობ, რომ ბევრი რამეა გადასამოწმებელი, თუნდაც რაც შესრულდა იმის ანალიზი,” – ამბობს ჩაჩხუნაშვილი.
გელათში ახლა არავინ მუშაობს, სამუშაოები შეჩერებულია იქამდე, ვიდრე იუნესკოს ექსპერტებისგან რჩევებს არ მიიღებენ.ქართველი სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელი, მერაბ ბუჩუკური ფიქრობს, რომ სამუშაოების განახლებას გაზაფხულიდან შეძლებენ.
“დასავლეთ საქართველოა, თუ იწვიმებს, გაუჭირდება გამოშრობა, თუ კარგი ამინდი იქნება, მალე იქნება. თვეებზეა ლაპარაკი უკვე. Მასარისაც ვკითხეთ და გვითხრა, რამდენიმე, 3-4 თბილი თვე სჭირდებაო. Შეიძლება მაისიდან დაიწყოს [კონსერვაციის სამუშაოები]… ბერძენი, ფრანგი და იტალიელი ექსპერტები იყვნენ. დაველოდებით მათ რეკომენდაციას და ამის გათვალისწნებით, მერე ან მე გავაგრძელებ, ან როგორც გადაწყვეტენ… ეგ ჩემი გადასაწყვეტი არაა,” – გვითხრა ბუჩუკურმა სატელეფონო ინტერვიუს დროს.
გელათის ტაძრის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულია. დაზიანება რომ სახეზეა, ამაზე აღარავინ დავობს. როდის დაზიანდა და ვის მიერ, რა მიზეზებით – აღარც ესაა უცნობი. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ამ თემაზე სარჩელიც მოამზადა და პროკურატურასაც მიმართა.
ორი წლის წინ დაიწყო გამოძიება, თუმცა პროკურატურა ამ თემაზე დუმს. გელათის საქმეში ფინანსური დანაშაულის გამოვლენის მიზნით კიდევ ერთი გამოძიება წამოწყებული აქვს ფინანსურ პოლიციასაც. მათგანაც მხოლოდ დუმილია, არც საქმის მიმდინარეობაზე ამბობენ რაიმეს, არც შედეგზე.