ავტორები: OCCRP და “აი, ფაქტი”
თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი გამდიდრდა ნახიჩევანში, აზერბაიჯინის ავტონომიურ ოლქში, რომელიც ირანს, თურქეთსა და სომხეთს შორის მდებარეობს. ახალი დოკუმენტები და ინტერვიუები აჩვენებს, რომ ის ადრე მოქმედებდა როგორც ავტოკრატ ვასიფ თალიბოვის ოჯახის აგენტი. თალიბოვი ოლქს 27 წლის განმავლობაში მართავდა. 2022 წლის 21 დეკემბერს კი თანამდებობა დატოვა.
ძირითადი მიგნებები:
- თურქმა ბიზნესმენმა ემინ უჩარმა ბოლო წლებში საქართველოში 270 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიზნესი და უძრავი ქონება დააგროვა. მათ შორის არის სამი სასტუმრო, რომელიც სტუმართმასპინძლობის სფეროში ფრანგული გიგანტი კომპანიის, Accor-ის პარტნიორია.
- Მტკიცებულებები მიგვითითებს, რომ უჩარი იყო ე.წ. ფრონტი ვასიფ თალიბოვისა და მისი ოჯახისთვის, რომლებიც ნახიჩევანს მეოთხედ საუკუნეზე მეტხანს მართავდნენ.
- უჩარი ხელმძღვანელობს მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიებს, რომელთა თალიბოვების ოჯახთან კავშირიც საჯაროდ იყო ცნობილი. ეს ფაქტი კი აჩენს კითხვებს, იყო თუ არა მისი ქართული ჰოლდინგებიც დაკავშირებული თალიბოვებთან.
- უჩარის ადვოკატებიის თქმით, ის არ მოქმედებდა როგორც თალიბოვების ე.წ “ფროქსი” და ამბობენ, რომ მან ინვესტიციები განახორციელა სესხებით, რომელსაც ჯერ კიდევ იხდის.
- კომპანიებს, რომელსაც ემინ უჩარი ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანში ათეულობით სახელმწიფო ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.
თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრის მოპირდაპირედ, მდიდრული რესტორანი “დაინჰოლია”, რომელიც სტუმრებს ქართულ და უცხოურ სამზარეულოს სთავაზობს. იქვე, 10 წუთის სავალზე, სტუმართმასპინძლობის სფეროში ფრანგულ გიგანტ Accor-თან პარტნიორობით ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმროც შენდება.
ეს სასტუმრო და რესტორანი საქართველოში თურქეთის მოქალაქე ემინ უჩარის სახელზე რეგისტრირებული 270-მილიონიანი ბიზნესიმპერიის მხოლოდ ნაწილია. უჩარის ფინანსური ისტორიით ადვილად არ იხნება მისი სიმდიდრე. OCCRP-მ კი აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ უჩარის ბიზნესი მჭიდროდ არის გადახლართული ვასიფ თალიბოვის ოჯახთან.
Რეალურად, სხვადსხვა დროს Ბიზნესს საკუთარს უწოდებდა, როგორც უჩარი, ისე თალიბოვების ოჯახი. თუმცა, მსხვილ გარიგებებში მაინც უჩარი ფიგურირებდა, როგორც თალიბოვების ოჯახის ე.წ. “ფრონტმენი”. აღნიშნული ინფორმაცია ბადებს კითხვებს, სად მთავრდება უჩარის სიმდიდრე და იწყება ოჯახის. უჩარმა ადვოკატის მეშვეობით უარყო, რომ მისი კომპანია ფლობდა თალიბოვების ოჯახის საკუთრებაში არსებული აქტივებს და განაცხადა, რომ სიმდიდრე სესხების მეშვეობით დააგროვა. ფრანულმა კომპანია Accor-მა კი OCCRP-ს განუცხადა, რომ გადახედავს ურთიერთობას უჩართან და მის კომპანიასთან, მათი თალიბოვებთან კავშირების გამო.
თალიბოვი ნახჩევანს, რომელსაც ხშირად “აზერბაიჯანის ჩრდილოეთ კორეად“ მოიხსენიებენ, რკინის ხელით 1995 წლის დეკემბერიდან მართავდა. ის მმართველდა დანიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტიმა ჰეიდარ ალიევმა, რომელიც თალობოვს ქორწინების შემდეგ დაუნათესავდა.
Ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა პოლიტიკურად აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, თუმცა გეოგრაფიულად გამოყოფილია ქვეყნის ძირითადი ნაწილისგან დერეფნით, რომელიც სომხეთს ეკუთვნს და დასავლეთით ირანს ესაზღვრება.
2022 წლის თებერვალში OCCRP გიყვებოდათ რა კავშირი აქვს უჩარს თალიბოვების ოჯახთან, რომელთა დიქტატორულმა რეჟიმმაც ნახიჩევანში გააჩუმა დამოუკიდებელი მედია, ჩაახშო საწინააღმდეგო აზრი, დისიდენტები თავიდან მოიშორა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გაგზავნა. დაკავებულებს კი ცემდნენ და აწამებდნენ. რეპორტიორებმა ასევე დაადგინეს, რომ თალიბოვი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამდიდრდა. არადა, ოფიციალური მონაცემებით მისი წლიური ხელფასი 26,000 აშშ დოლარი იყო.
მსხვილი ჰოლდინგი, რომელსაც უჩარი ხელმძღვანელობს, საქართველოში სასტუმროებსა და სხვა ქონებას ფლობს. თურქეთში კი კომპანიებს, რომლებიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს.
უჩარის ადვოკატის თქმით, ქართული კომპანიები 100 პროცენტით მის საკუთრებაშია. კორპორატიული ქსელი, რომელშიც უჩარი და თალიბოვები მონაწილეობენ, მოიცავს მრავალ კომპანიას, რომელიც ცნობილია როგორც Gamigaya აზერბაიჯანში და Maqro Group საქართველოში. მათ მიიღეს ათობით სახელმწიფო კონტრაქტი აზერბაიჯანში მას შემდეგ, რაც პირველი ფირმები დაარსდა 2000-იანი წლების დასაწყისში.
მაგრამ, როგორც ჩანს, თალიბოვების ქონება მკვეთრად შემცირდა ბოლო რამდენიმე კვირაში, როდესაც აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური დარბევის შედეგად “პატრიარქი” ნახიჩევანის ძლიერი ლიდერის პოსტიდან გადადგა.
“Gamigaya”-ს მფლობელების შესახებ ინფორმაცია კვლავ ბუნდოვანია. თალიბოვის გადადგომიდან ერთი კვირის თავზე, ჰოლდინგს სახელი შეუცვალეს და “არკოზი” დაარქვეს. ეს უჩართან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანიის სახელია.
უფლებადამცველი ორგანიზაციები დიდი ხანია ამტკიცებდნენ, რომ გამიგაიას თალიბოვები აკონტროლებდნენ. რადგან კომპანიის მფლობელების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანში საჯარო არ არის ამის დადასტურება შეუძლებელია. თუმცა, Gamigaya-ს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც კომპანიის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, OCCRP-ს განუცხადა, რომ მისი დაკვირვებით უჩარი ბრძანებებს თალიბოვებისგან იღებდა.
„გამიგაიას ჰოლდინგი“ მას მინდეს, თუმცა ყველაფერი ვასიფ თალიბოვის მითითებით გაკეთდა“, – თქვა ნადირ მამედოვმა გერმანიიდან ვიდეოზარით საუბრისას. Მამედოვი იქ მას შემდეგ დასახლდა, რაც ნახიჩევანიდან გაქცევა მოუწია, რადგან პოლიციამ სცემა.
ახლად აღმოჩენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ უჩარი მეზობელ საქართველოშიც თალიბოვების ინტერესებით მოქმედებდა. მან საქართველოში ნახიჩევანის ყოფილი ლიდერის შვილის, რზა თალიბოვის სახელით ქონება იყიდა. ისინი ასევე ერთად ფლობდნენ კომპანიებს თურქეთსა და ნახიჩევანში. რზამ არ უპასუხა კითხვებს, მაგრამ უჩარის კომპანია მაკროსა და უმცროსი თალიბოვის ვაჟის, სეიმურის ადვოკატებმა წინააღმდეგობრივი პრეტენზიები გამოთქვეს უჩარის და ოჯახის საქმიანი ურთიერთობის შესახებ.
სეიმურის ადვოკატმა თქვა, რომ რზა თალიბოვი და უჩარი „არიან ნახჩევანში გამიგაიას სახელწოდებით არსებული სხვადასხვა კომპანიის თანამფლობელები,“ რაც მიუთითებს, რომ მათი ურთიერთობა მიმდინარეობდა.
მაკროსა და უჩარის ადვოკატმა კი თქვა, რომ ისინი “ცალსახად უარყოფენ ამ პრეტენზიას”.
”დღეს მდგომარეობით, ბ-ნ ემინ უჩარს არ აქვს ბიზნეს-კავშირები თალიბოვების ოჯახის რომელიმე წევრთან”, – თქვა ადვოკატმა.
რზამ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა, თუმცა კონტაქტზე გამოვიდნენ უჩარის კომპანია “მაქროს” და თალიბოვის უმცროსი ვაჟის, სეიმურის იურისტები. მათ უჩარისა და თალიბოვების ოჯახის ბიზნესურთიერთობების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები აქვთ.
სეიმურის იურისტი ამბობს, რომ რზა თალიბოვი და უჩარი “ნახიჩევანში ერთად ფლობენ გამიგაიას სახელის სხვადასხვა კომპანიებს,”- რაც მიუთითებს, რომ ახლაც აქვთ საქმიანი ურთიერთობა.
“მაქროს” იურისტი და უჩარი კი აცხადებენ, რომ “ბრალდებას ცალსახად უარყოფენ.”
“დღეისათვის, ბატონ ემინ უჩარს არ აქვს არანაირი ბიზნესურთიერთობები თალიბოვების ოჯახის რომელიმე წევრთან,”- თქვა ადვოკატმა.
ასევე მან დასძინა, რომ უჩარი ადრე თანამშრომლობდა რზა თალიბოვთან, მაგრამ თანამშრომლობა 2021 წლის ბოლოს დაწყებულ „რეორგანიზაციის პროცესში“ შეწყვიტა. დაამატა, რომ მოვლენები კიდევ უფრო დააჩქარა 2022 წლის თებერვალში თალიბოვებზე OCCRP-ის მიერ გამქვეყნებულმა მასალამ.
ვერავინ შეძლებს „დაამტკიცოს პარტნიორობა 2022 წლის ბოლოს დათარიღებული რაიმე დოკუმენტით“, თქვა მან.
აზერბაიჯანში 2012 წლიდან მოქმედებს კანონი “სავაჭრო საიდუმლოების” შესახებ. ამ კანონის მიხედვით კომპანიების აქციონერთა შესახებ ინფორმაცია მედიისთვის და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ადვოკატმა თქვა, რომ ამ კანონმდებლობის გამო, მას არ შეუძლია დეტალულად გვითხრას როგორი სტრუქტურა ჰქონდა იმ ფირმების, რომელშიც უჩარი და თალიბოვი პარტნიორები იყვნენ.
ადვოკატის თქმით, უჩარი არასოდეს ყოფილა „არავისი საქმის ე.წ. “ფრონტმენი” გარდა საკუთარი თავისა, არც წარსულში და არც ახლა“ და ყოველთვის კანონიერად მოქმედებდა.
Მისივე თქმით, OCCRP-ის მიერ ხაზგასმული სხვადასხვა ინვესტიციების წყარო, არის „სახელმწიფო და კერძო ბანკებიდან აღებული სესხები, რომელთა გადახდები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“. დაამატა, რომ უჩარი, „როგორც პატივცემული ბიზნესმენი“, აუდიტირებულია მსხვილი საბუღალტრო ფირმების მიერ, „იმისთვის, რომ უზრუნველყოს გამჭვირვალობა ყველა კომპანიაში, რომლის პარტნიორი და დამფუძნებელია“.
უჩარის ევოლუცია
2010 წელს თურქული მედია უჩარს აღწერდა, როგორც “ვასიფ თალიბოვის დიდი ნდობის მქონეს”. თუმცა, მწირი იყო ინფორმაცია მისი გამდიდრების და ბიზნესის დაწყების შესახებ.
რეგიონული თურქული მედიის მიხედვით, ემინ უჩარი პირველად ნახიჩევანში მიმდინარე სამშენებლო საქმიანობაში 1999 წელს ჩაერთო.
თურქეთის ბიზნესრეესტრის მიხედვით, ემინ უჩარმა 2001 წელს თურქ პარტნიორთან ერთად საბითუმო კომპანია დააფუძნა. 2004 წელს აზერბაიჯანის სამთავრობო მედია მას მოიხსენიებდა იმ თურქულ კომპანიასთან კავშირში, რომელიც ნახიჩევანში სკოლას აშენებდა. 2005 წელს უჩარი პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა მედლ “პროგრესით” დააჯილდოვა. ჯილდო განკუთვნილია “მეწარმეებისთვის, რომლებიც გამოირჩეუდნენ აზერბაიჯანის რეგიონების სოციალური პროგრესის პროგრამის განხორციელებაში”
კომპანიის კორპორატიული დოკუმენტების მიხედვით უჩარისა და თალიბოვების პარტნიორობა საჯაროდ გამოჩნდა, როდესაც უჩარი ნახჩევანბანკის გუნდს შეუერთად. Ბანკი 2008 წლის აპრილში დააფუძნეს.
ბანკს თალიბოვების ოჯახთან ერთად სხვა რამდენიმე ბიზნესმენიც ფლობდა, თუმცა ბანკის წლიური ანგარიშის მიხდვით, 2017 წელს აქციების უმრავლესობა მხოლოდ თალიბოვების ხელში გადავიდა. უჩარს წილები აღარ ჰქონდა. აზრებაიჯანის მთავრობის მიერ თალიბოვების ოჯახის წინააღმდეგ გატარებული მკაცრი ზომების შემდეგ, ბანკის გამგეობიდან ამოშალეს ვასიფ თალიბოვის ქალიშვილი, ბაჰარხანიმ თალიბოვაც.
“მაქროს” ადვოკატმა დაგვიდასტურა, რომ უჩარი ცოტა ხნით ფლობდა ნახიჩევანბანკის აქციების მცირე ნაწილს, მაგრამ შემდეგ კომპანია დატოვა. იურისტის თქმით, მას წილები არავისთვის მიუყიდია, უბრალოდ ბანკის აქტივებიდან მისი წილების ღირებულების უძრავი ქონება გაიტანა.
უჩარმა 2009 წელს დააფუძნა კიდევ ერთი კომპანია – “გემიქაია ტურიზმი”, რომელმაც იმავე წელს თურქეთში, სტამბულის ერთ-ერთ რაიონში სასტუმრო “ბლუ რეჯენსი” გახსნა. 2019 წელს რებრენდინგის შემდეგ კი ოთხ-ვარსკვლავიან “მერკურ ისტანბულ ბაქირქოიად” გადაკეთდა. ახლა სასტუმრო ფრანგული Accor-ის პარტნიორია.
ბიზნესის გაფართოება საქართველოში
2012 წლის იანვარში ვასიფ თალიბოვი ბათუმს სტუმრობდა, რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესასწავლად. ამ ინფორმაციას აჭარის მთავრობის გვერდზე ვკითხულობთ. თალიბოვის ვიზიტიდან ერთ თვეში კი მისმა უფროსმა, 29 წლის შვილმა, რზა თალიბოვმა ბათუმში მე-19 საუკუნის ისტორიული შენობა 1,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.
Occrp-მ აღმოაჩინა დოკუმენტი, რომელიც ასახავს უჩარისა და თალიბოვების ახლო ურთიერთობას. ირკვევა, რომ უჩარი ბათუმში გაემგზავრა და შენობის შესყიდვის დოკუმენტებს ხელი სწორედ მან, როგორც რზა თალიბოვის მინდობილმა პირმა მოაწერა.
“უფლებამოსილებას ვანიჭებ თურქეთის მოქალაქე ემინ უჩარს, რომ ქალაქ ბათუმში ჩემი სახელით შეიძინოს ნებისმიერი საკუთრება,”- ვკითხულობთ მინდობილობის ტექსტში, რომელიც 2012 წლის თებერვალში, 1 თვის ვადით გაფორმდა და ხელს აწერს რზა თალიბოვი.
იმავე წლის ივნისში რზამ კვლავ მიანიჭა უჩარს მინდობილობა. ამჯერად, ორი თვის ვადით. მან ბათუმში, ისტორიული შენობის მიმდებარედ 1,2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა. დოკუმენტებს რზა თალიბოვის სახელით, ისევ უჩარმა მოაწერა ხელი.
“უძრავი ქონების შეძენა რზა თალიბოვის სახელით მოხდა იმ პერიოდში, როცა ისინი ბიზნესპარტნიორები იყვნენ. ეს სრულიად ბუნებრივია, როცა ერთი პარტნიორი მეორეს სთხოვს ასეთ საკითხებში დახმარებას,”- მოგვწერა “მაქრო გრუპის” იურიდიული საკითხების ხელმძღვანელმა ელექტრონული ფოსტით.
ამ შესყიდვიდან ერთი თვის შემდეგ ადგილობრივი მედია წერდა, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალი სასტუმროს მშენებლობას, რომლის ინვესტორიც აზერბაიჯანული კომპანია “გემიგაია” იყო. ამ სახელს ისინი წერდნენ როგორც “გემიქაია”. მედიაში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს რზა თალიბოვიც, თუმცა მისი ვინაობის შესახებ არ დაუწერიათ.
ორი წლის შემდეგ, 2014 წელს, შენობაში, რომელიც უჩარმა რზა თალიბოვის სახელით შეიძინა თალიბოვმა ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმრო “დივანი” გახსნა და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლენტის გაჭრის ცერემონიის ამსახველი ფოტოც ატვირთა. ამ პოსტში
რზა თალიბოვმა საკუთარ თავს Gamigaya Holding-ის თავმჯდომარე უწოდა.
ამ დროს აზერბაიჯანული მედია საპირისპიროს ავრცელებდა და წერდნენ, რომ ეს პოზიცია ემინ უჩარს ეკავა.
საქართველოს უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით ამ შენობას, თავდაპირველად, რზა თალიბოვი პირადად ფლობდა. 2014 წელს, სასტუმროს გახსნისას კი მფლობელობაში საკუთარ ადგილობრივ კომპანას, “ქერვან ტურიზმს” გადასცა. 2017 წლამდე სასტომრო “გამიგაია ჰოლდინგის” აქტივების ჩამონათვალშიც გვხვდებოდა.
2022 წლის 21 დეკემბერს ვასიფ თალიბოვის გადადგომის შემდეგ, რზა თალიბოვმა ინტერნეტში განათავსა განცხადება, რომ სასტუმრო “დივანს” 18 მილიონი აშშ დოლარად ყიდდა.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინვესტიციების წარმომავლობის კვლევა, გახდით ჩვენი სპონსორი
“მაქროს” საქმიანობა საქართველოში
“გამიგაიამ” საქართველოში პირველი ბიზნესი 2012 წელს გახსნა, ეს იყო ავეჯის ქარხანა ბათუმში. მოგვიანებით კი რებრენდინგი ჩაატარეს და “მაქროს” სახელით დაიწყეს ფუნქციონირება. კომპანიის საქმიანობა სამ სფეროს მოიცავს – მშენებლობას, კვებით მომსახურებას და ტურიზმს.
“მაქრომ” 2012-2016 წლებში 27 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება დააგროვა. ამ პერიოდში რზა თალიბოვი და უჩარი ბიზნესპარტნიორები იყვნენ. ჩნდება კითხვა, უკავშირდებოდა თუ არა საქართველოში მაქროს ინვესტიციები თალიბოვებს.
კომპანია “მაქრო” აცხადებს, რომ საქართველოში უძრავი ქონების განვითარებაში 270 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დააბანდა.
“მაქრო გრუპს” ეკუთვნის “მწვანე ბუდაპეშტის” 350 აპარტამენტიანი საშუალო დონის საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის შუაგულში. ასევე “მაქრო გრუპისაა” დიდ დიღომში “მწვანე ალმასის” კომპლექსიც. ამ კომპლექსზე ჯამში, 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა გამოყოფილი.
მშენებარე “სვისჰოტელთან” ერთად “მაქროს” Accor-თან ერთად აქვს კიდევ ორი სასტუმრო – “მერკური”, რომელიც 2015 წელს გაიხსნა და “იბისი”, რომელმაც სტუმრების მიღება 2017 წელს დაიწყო.
უჩართან პარტნიორობის და თალიბოვების ოჯახთან კავშირის შესახებ “ACCOR”-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მაქრო გრუპი “ნებისმიერ სასტუმროსთან ხელშეკრულების დადებამდე სათანადო შემოწმების პროცედურებს (Know your counterparty process – KYC) გადის.”
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უახლესი KYC პროცესი განხორციელდა 2020 წელს, მესამე მხარის, საერთაშორისო ფირმის (კერძოდ Dow Jones Risks Center) მეშვეობით და მაშინ არანაირი პრობლემა არ ყოფილა.”
„ბოლო საჯარო ანგარიშებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავხედავთ გარიგების მხარესთან ურთიერთობას, მოვითხოვეთ განახლებული შემოწმება და შემდგომი გამოძიება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარმა სანდრო ქევხიშვილმა გვითხრა, რომ ისეთი ფულის ინვესტირება, რომელიც აზერბაიჯანში კორუფციის გზით არის მოპოვებული, “კორუფციის რისკს აჩენს საქართველოშიც”.
„ადამიანი, რომელიც სიმდიდრეს კორუფციის გზით აგროვებს, შეეცდება იგივე მეთოდები გამოიყენოს იმ ქვეყანაშიც, სადაც ეს ფული ჩადო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ ქვეყანას არ გააჩნია ძლიერი ანტიკორუფციული მექანიზმები. საქართველოში მსგავსი რამ არ არსებობს,”- განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანტი-კორუფციული პროგრამის მენეჯერმა სანდრო ქევხიშვილმა.
თალიბოვისა და უჩარის ბიზნეს სტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი ნაწილია კომპანიები სახელწოდებით Gamigaya – ან Gemikaya, თურქული მართლწერით. Gamigaya ნახჭევანში მთის სახელია. Სხვადასხვა დროს უჩარი და თალიბოვების ოჯახის წარმომადგენლები პრეტენზიას აცხადებდნენ იმ კომპანიებზე, რომლებსაც იგივე სახელი ჰქვით.
Gamigaya-ს სახელწოდებით აზერბაიჯანში 20-ზე მეტი კომპანია იყო. Მათ Gamigaya Holding-ის წევრებად მოიხსენიებდნენ, თუმცა ასეთი ჰოლდინგი რეგისტრირებული არ არის. Gamigaya-ს სხვადასხვა კომპანიის მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ აზერბაიჯანული მედია უჩარს რეგულარულად Gamigaya Holding-ის თავმჯდომარედ მოიხსენიებს. ვასიფ თალიბოვის გადადგომის შემდეგ, მედია “გამიგაიას” მოხსენიებს როგორც თალიბოვის კონტროლ ქვეშ არსებულ ჰოლდინგს. მისი წასვლის შემდეგ Gamigaya-ს კომპანიებს სახელი შეუცვალეს და “Arkoz” დაარქვეს.
Gemikaya-ს სახელით კომპანიების ჯგუფი დარეგისტრირდა თურქეთში, საქართველოში და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. ყველა კომპანია თალიბოვებთან ან უჩართანაა დაკავშირებული.
თურქული ბიზნეს რეესტრის ჩანაწერები აჩვენებს, რომ Gemikaya რზა თალიბოვმა და უჩარმა 2010 წელს ერთად დაარეგისტრირეს. რზამ კომპანია 2017 წელს დატოვა. გაუგებარია რა იყო კომპანიის ბიზნეს-საქმიანობა.
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში კომპანია Gemikaya Real Estate ქონების ყიდვა-გაყიდვისა და იჯარის ლიცენზიები ჰქონდა. კომპანიას თალიბოვის უმცროსი ვაჟი სეიმური ემირატის მოქალაქესთან ერთად ფლობდა.
საბოლოოდ, Gamigaya საქართველოში 2012 წელს დაარეგისტრირეს, როგორც უძრავი ქონების კომპანია, მაშინ, როცა ემინ უჩარი თალიბოვების ოჯახისთვის აქ უძრავ ქონებას ყიდულობდა. Საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას ემინ უჩარი ფლობდა, თუმცა 2013 წელს ვასიფ თალიბოვმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა და სტუმარს Gamigaya ნახჭევანის ავეჯის ქარხანა დაათვალიერებინა. სააკაშვილს უთხრა, რომ ჰოლდინგი შოურუმებს საქართველოშიც ხსნის. ამაში ის უჩარის კომპანია Gemikaya-ს მიერ შესრულებულ სამუშაოს გულისხმობდა. თალიბოვისა და სააკაშვილის საუბრიდან რამდენიმე თვეში კომპანიამ საქართველოში სახელი შეცვალა და „მაქრო“ გახდა.
გარეკანის ფოტო: James O’Brien/OCCRP
დაზუსტება: ეს სტატია განახლდა იმისთვის, რომ მოგაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია ემინ უჩარს, თალიბოვების ოჯახსა და მათ კომპანიებს შორის კავშირების შესახებ. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ უჩარმა ზოგიერთი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენა სესხები, რომელსაც ახლაც იხდის.