fbpx

უკრაინის მხარდამჭერი სასულიერო პირები

რუსეთის საამებლად 1

ჟურნალისტური კვლევის პროცესში მართლა სანთლით ვეძებდით ისეთ სასულიერო პირს, რომელიც მხოლოდ სიტყვით კი არ ექომაგებოდა უკრაინას, არამედ საქმითაც გამოხატავდა თანადგომას. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ ასეთი ამბავი ვიპოვეთ.

ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, ხერსონიდან და მარიუპოლიდან წამოსულმა 45-მა უკრაინელმა სიღნაღს შეაფარა თავი. ლტოლვილებს დღემდე მასპინძლობს კახელი მღვდელი ისიდორე ქილიტაური, რომლის თხოვნითაც ერთ-ერთმა სასტუმრომ ლტოლვილებს ფართი უსასყიდლოდ გამოუყო. თვითონ სასულიერო პირი კი ყოველ დღეს უკრაინელების გვერდით ატარებს, როგორღაც რომ გაახალისოს ისინი.

“საპატრიარქოს ინტერესით არ გამოვდივარ. პირადი, მართლა ადამიანური ინტერესია, მე ვერავის დავავალდებულებ, ვერც ერთ სასულიერო პირს, მოდი, ახლა, შენ ეს გააკეთე. ამ ადამიანების ემოციურმა ფონმა, თითოეულმა ცრემლმა და შეშინებულმა მზერამ გადამაწყვეტინა,” – გვითხრა ისიდორე ქილიტაურმა.

მისი სურვილი იყო, ლტოლვილებს ღამის გასათევის და საკვების გარდა, ჰქონოდათ მრავალფეროვანი ყოველდღიურობაც, რომ მცირედით მაინც გაადვილებოდათ მძიმე ყოფა.

ამიტომ, მღვდელი მათთვის აწყობს ექსკურსიებს, ღვინის დეგუსტაციებს, საცხენოსნო და ჭადრაკის ტურებს, ათვალიერებინებს ლიმონათის და ლუდის წარმოებას, შემოდგომაზე კი უკრაინელები რთველშიც ჰყავდა წაყვანილი.

ისიდორე ქილიტაურმა მოგვიყვა, რომ მათ ქართულის და ინგლისურის შესწავლაშიც ეხმარება. სამომავლოდ კი აპირებს დროებითი სამსახურიც აპოვნინოს. ეს უკრაინელებმა თვითონ სთხოვეს. პირველი მარტიდან დღემდე მღვდელმა სიღნაღში 190 – მდე უკრაინელი შეიფარა. მათ სასტუმრო პერიოდულად დატოვეს და საცხოვრებლად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადავიდნენ. ამ დროისთვის, ქილიტაურის დახმარებით, სასტუმროში 20 უკრაინელია დაბინავებული, მათგან 8 კი მცირეწლოვანია.

“აი, ფაქტმა” იკვლია, რა გააკეთა ქართულმა ეკლესიამ უკრაინის მხარდასაჭერად:

ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 27 თებერვალს სამებაში და ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა. ამავე დღეს დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარებაც –  ტაძრებში არაფუჭებადი პროდუქტების და მედიკამენტების შეგროვება.

აქციის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი,” მხარდამჭერი კი “ჩოხოსანთა საზოგადოება.” მაგალითად, მარტში უკრაინაში ამანათები სამჯერ გაგზავნეს, სულ 40 ტონაზე მეტი ტვირთი.

საპატრიარქოს ორგანიზებით, უკრაინის თემას შეეხო რამდენიმე გამოფენაც. მაგალითად, 17 მაისს, “ოჯახის სიწმინდის დღე,” ნაწილობრივ, უკრაინას მიუძღვნეს. ამიტომ, სიონის ტაძრის ეზოში ოჯახის და მშვიდობის თემაზე ბავშვების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

ივლისის ბოლოს “დავითიანმა” საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული მისიის ახალი ეტაპი დაიწყო. ამჯერად, სამების ეზოში გახსნეს საინფორმაციო-ჰუმანიტარული ცენტრი და გზავნილებს მოქალაქეებისგან აგროვებდნენ.  აგვისტოში კი საერთაშორისო ორგანიზაცია iooc-ის მხარდაჭერით, “დავითიანმა” 1,000 უკრაინელს სუპერმარკეტების 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

აქა-იქ იყვნენ მაღალი სასულიერო რანგის პირებიც, რომლებმაც უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია გააჟღერეს. მაგალითად, ბუჩაში უდანაშაულო ადამიანების საზარელი ხოცვა-ჟლეტის ამბავს ამ ფოტოთი გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთი მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. აფხაზეთის და უკრაინის ომის კადრები ერთმანეთს შეადარა და ასე აღწერა რუსეთის ბოროტება.

არც იმის თქმას მორიდებია, რომ პუტინის ქმედებებს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან იმ ფონზე, როცა კაცობრიობას ბირთვული იარაღით განადგურებით ემუქრება.

“ზოგიერთ ჩემს თანაკურსელს რუსეთში, მღვდელმთავრებს, გავუგზავნე შეტყობინება, რომ თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი და ამხილოთ, რადგან ის დაღუპავს რუსეთს, თუ უკვე არ დაღუპა. უკიდურეს შემთხვევაში, მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი მათგან არ არის და ეს მოსალოდნელიც იყო,”- ამბობდა შიოლაშვილი 8 მარტის ქადაგებაში.

კრიტიკული განცხადებები ჰქონდა ბოდბელ ეპისკოპოს იაკობსაც. მისი თქმით, რუსეთს არ სჭირდება საბაბი, რომ დაგიპყროს, მას ერთადერთი რამ არ მოსწონს, როცა თავისუფალი ხარ და არავის ემონები. იაკობ იაკობიშვილი ხალხს გამბედაობისკენაც მოუწოდებდა.

“თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს… მონობაში სიცოცხლეს, ჯობია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი… მინდა ჩემს საყვარელ ერს მოგმართოთ, დავფიქრდეთ, თუ რის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ხომ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა? შეშინებულები არ უნდა ვიყოთ,“ – ამბობდა ეპისკოპოსი იაკობი ომის დაწყების მეორე დღესვე, 25 თებერვალს.

იხილეთ ასევე – ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 1


კომენტარები
Total
0
Shares
Next
საკრებულოს წევრებთან მეგობრობა, როგორც წარმატების ფორმულა
საკრებულოს წევრებთან მეგობრობა როგორც წარმატების ფორმულა

საკრებულოს წევრებთან მეგობრობა, როგორც წარმატების ფორმულა

ავტორი: ანა რობაქიძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share