fbpx
footbal

გარიგებული მატჩები

ახალი ქართული საფეხბურთო სეზონი უცვლელი პრობლემებით

ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 4 კვირა გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთში ჩაწყობილი მატჩების მორიგი საქმე გასაჯაროვებულიყო.

უეფა-ს თაღლითური ფსონების აღმოჩენის სისტემის ანგარიშის მიხედვით, 8 სექტემბერს მარტვილის „მერანსა“ და „რუსთავს“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის შედეგი არაერთხელ იყო მანიპულირებული. უეფა-ს მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნილი ანგარიშის თანახმად, ფსონების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა განთავსდა „მერანის“ მოგებასა და თამაშში 2.5-ზე მეტი გოლის გატანაზე. შეხვედრა „მერანმა“ 2:1 მოიგო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა დისციპლინარულ კომიტეტს, რომელმაც საქმე 15 სექტემბერს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა საკითხი და სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

• 8 სექტემბერს მარტვილის „მერანსა“ და „რუსთავს“ შორის გამართული თამაშის ანგარიში გაუქმდა და ორივე გუნდს ჩაეთვალა დამარცხება 0:3;
• ორივე გუნდს დააკლდა 6-6 ქულა;
• ორივე გუნდი დაჯარიმდა 10 000-10 000 ლარით.

2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, ეს მატჩის სავარაუდო ჩაწყობის უკვე მეექვსე შემთხვევაა. წინა შემთხვევების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიაში.

სპორტული სამართლიანობის სამსახური ამჟამად შიდა გამოძიებას აწარმოებს. ექსპერტთა ჯგუფი გააანალიზებს მატჩის ვიდეოჩანაწერს და ახალი გარემოებების აღმოჩენის ან კონკრეტული პირების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, დამატებით შუამდგომლობას წარუდგენს სადისციპლინო კომიტეტს. მასალები ასევე გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ამ საქმის გამოძიებას დაიწყებს.

„ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რომელიც ავნებს ქართული ფეხბურთის იმიჯს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ამგვარი ქმედებები მკაცრად იქნება დასჯილი. დრო, როდესაც ასეთი საქმეები თაროებზე იდებოდა, დასრულდა,“ – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

ორივე კლუბის წარმომადგენლები ფედერაციის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და თავის უდანაშაულობას ამტკიცებენ.

„მათ მოუწევთ ბატონი მუჯირის განცხადების გამო ბოდიშის მოხდა. ამას როგორ ამბობენ, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ აქვთ,“ – ამბობს „მერანის“ პრეზიდენტი ელდარ ბაკურია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასევე შუამდგომლობით მიმართავს ააიპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს,“ რათა გამოძიების დასრულებამდე ორივე კლუბს შეუჩერდეთ დაფინანსება.

„ამბობენ ფონდმა დაფინანსება უნდა შეგვიწყვიტოს… რამდენადაც ვიცი ეს ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი სახელმწიფო ორგანიზაციაა. გამოძიება შესაძლოა გაიწელოს და მე უნდა ვიდავო… ძალიან ძნელია დამიმტკიცონ ის, რაც არასოდეს მომხდარა,“ – ამბობს „რუსთავის“ პრეზიდენტი ბადრი მაჭავარიანი.

„რუსთავის“ მთავარი მწვრთბელი ვარლამ კილასონია სფფ-ს გადაწყვეტილებით შოკირებულია: „ასე ნებისმიერ მატჩზე შეუძლიათ თქვან, რომ ჩაწყობილია ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. იმდენი საქმე აქვთ თაროებზე და არავინ იცის როდის მიიღებენ გადაწყვეტილებებს.“

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ახალი მასალები ბაჰამის კუნძულების ოფშორული ზონიდან
bahama

ახალი მასალები ბაჰამის კუნძულების ოფშორული ზონიდან

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share