ავტორი: ანა ჭეიშვილი
კარვებში დაბანაკებულ “რიონის მცველებს” პოლიციამ დროებითი თავშესაფრები ძალის გამოყენებით იანვარში დაატოვებინა. ათეულობით ადგილობრივი, მხარდამჭერებთან ერთად რიონს სამი თვე ღამეს უთევდა და ამ ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს მდინარის მოსალოდნელი გაქრობის წინააღმდეგ.
ამ ადამიანებს მალე ხეობის დატოვებაც მოუწევთ, რადგან იმერეთსა და ლეჩხუმში 500 ჰექტარზე მეტს წყლით დაფარავენ. ამ ადგილებში რიონს გვირაბებში მოაქცევენ. ეკოსისტემას შეცვლიან. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დატბორავენ. უნიკალური ვაზის ჯიშების მიკროზონას საფრთხე შეექმნება და კიდევ ბევრ ცვლილებას გამოიწვევს ჰესების კასკადი, რომელმაც რიონით უნდა ისაზრდოოს.
მთავრობა გვპირდება, რომ ნამახვანის ჰესების კასკადი ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გასაღებია. რომ ამაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეკონომიკური განვითარება. მაგრამ ჩავხედოთ დოკუმენტებს და ვნახოთ, რას ამბობენ ისინი. დოკუმენტები, ადამიანებისგან განსხვავებით, ნაკლებს ცრუობენ ხოლმე.
რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ ძლივს მოგვცა ნამახვანის მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ბევრ საინტერესო ჩანაწერს შეიცავს და ბევრ კითხვასა თუ ეჭვს აჩენს. ამაზე დაწვრილებით ქვემოთ მოგითხრობთ.
პროექტში კომპანია “ენკა რინიუებლზს” 750 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. პროექტი ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 424 მგვტ სიმძლავრის იქნება და სავარაუდოდ, წლიურად 1,500 გვტ სთ ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს, რაც დღეს ჩვენი წლიური მოხმარების 11 პროცენტია. საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესის მიერ ელ. ენერგიის მოხმარების დონე კი ყოველწლიურად მზარდია.
ბოლო წლების მონაცემებით, წლიდან წლამდე მოხმარება, საშუალოდ, 1 მლრდ კვტ/სთ-ით იზრდება. თუ ამ ტემპით გაგრძელდება ამ მაჩვენებლის ზრდა, მაშინ ნამახვანჰესის ამუშავებისას, 2026 წელს საქართველომ უნდა მოიხმაროს წლიურად, დაახლოებით, 18-19 მლრდ კვტ/სთ ენერგია. თუ ზრდას უფრო მაღალი ეკონომიკური ტემპით ვაპირებთ, მაშინ ელ. ენერგიის მოხმარება კიდევ უფრო მზარდი იქნება. მინიმალური ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში კი ნამახვანის მიერ გამომუშავებული ენერგია 2026 წელს მთლიანი მოხმარების 7 პროცენტი იქნება.
ეს რიცხვებიც გვიჩვენებს, რომ ნამახვანი ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი ვერ იქნება. მით უფრო, რომ ხელშეკრულება სულ სხვა დათქმითაა შექმნილი. დოკუმენტში წერია, რომ ჰესის ოპერატორ კომპანიას 15 წლის შემდეგ საშუალება ექნება წარმოებული ელ.ენერგია ნებისმიერ დროს ექსპორტზე გაიტანოს. ამუშავებიდან 15 წლის განმავლობაში კი მხოლოდ არაპიკურ (აპრილი-სექტემბერი) დროს შეუძლია ენერგიის სხვაგან გაყიდვა.
ანუ, გამოდის რომ 15 წლის შემდეგ, თუ თურქეთი ჰესის ოპერატორ კომპანიას მეტ თანხას შესთავაზებს პროდუქტში, მას შეეძლება ელ. ენერგია მათ მიჰყიდოს და არა ჩვენ.
პროექტის მიხედვით, ქვედა ნამახვანჰესისთვის 4.4 კმ-ანი გვირაბი აშენდება, ზედა, ტვიშის ჰესისთვის კი 4 კმ-ანი. მათში მდინარე რიონი უნდა მოექცეს. მოსახლეობის და სპეციალისტების აზრით, პროექტი პრობლემურია და მაღალი რისკები არსებობს, რომ რიონის ხეობა საერთოდ გაქრეს. რიონის ადიდებისა და კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი დაიტბოროს ქუთაისი. ბოლომდე შესწავლილი არაა ისიც, თუ რა გავლენას მოახდენს ჰესების მშენებლობა წყალტუბოს თერმულ წყლებზე. რაჭა-ლეჩხუმი სეისმურად აქტიური ზონაა და აქ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაწყებამდე ასი ყური და ასი თვალი მართებს მთავრობასაც და პროექტის მშენებელსაც.
ახლა კი რას ვხედავთ? კომპანია ისე იწყებს მშენებლობას, რომ სათანადო სეისმოლოგიური კვლევებიც კი არაა შესრულებული. ახლა კი იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო მშენებლობის პროცესის ხარისხიანად წარმართვასა და კომპანიისგან მაღალი სტანდარტის დაცვას ითხოვდეს, პროექტის მოწინააღმდეგეთა დარბევითაა დაკავებული.
“ხშირად ვამბობ, რომ დაბადებიდან დამყვა მე ტვირთად ეს თემა – ნამახვანჰესი. 1970 წელს დავიბადე, კომუნისტურ ეპოქაში. ჯერ კიდევ იმ დროიდან მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაშინ მალევე მიწყნარდა ეს ამბები. საფრთხეები დაინახეს, ალბათ. “ენკამდე” აქ ორი კომპანია აპირებდა ჰესის აშენებას, ბოლოს ამის შესახებ 2011 წელს იყო ლაპარაკი. 2012-დან კი სხვა პროცესები წამოვიდა. 2017 წელს შემოვიდა უკვე ეს კომპანია “ქლინ ენერჯი გრუპი,” რომელთანაც არაერთხელ დავსხედით სასაუბროდ, მაგრამ ვერასოდეს მივიღეთ დადასატურებელი პასუხი იმაზე, რომ ეს პროექტი იქნებოდა უსაფრთხო, ან ეკონომიკურად მომგებიანი,” – გვიყვება მაკა სულაძე, სოფელ მექვენას მკვიდრი. მაკას სოფელი, ჰესების აშენების შემთხვევაში, წყალში ჩაიძირება.
„მთელი რიონი დგას ფეხზე, ყველანაირად ვერიდებით, რომ აქ არ განმეორდეს მეორე პანკისი, მაგრამ სხვა გზას არ გვიტოვებენ. 150-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ემუქრება საფრთხე, არის მეწყერსაშიში ზონები. დაიტბორება 12 სოფელი. პირველ რიგში კი ქუთაისს ემუქრება საფრთხე და ქუთაისის ქვემოთ 70-მდე დასახლებული პუნქტს. თუ ისინი არ დატოვებენ აქაურობას, ვგულისხმობ „ენკას,“ აქ ისეთი რამეები მოხდება, რაც ძალიან არ გვინდა რომ მოხდეს. ეს რომ არ იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასეთ რთულ პირობებში ღამეს არ გავათევდით. უკან ვერ დავიხევთ,“ – ამბობს ვარლამ გოლეთიანი, სოფელ ტვიშიდან, რომელიც სამ თვეზე მეტია, სხვებთან ერთად, ხეობიდან კომპანია “ენკას” გასვლას მოითხოვს.
ამ ადამიანების მონაწილეობით გვახსოვს რამდენიმე ხმაურიანი, მასშტაბური პროტესტიც. პირველი 14 ნოემბერს იყო, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვა და ერთმანეთზე ჯაჭვით ჩაბმულებმა ქუთაისი-ლეჩხუმის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. პოლიციამ ძალადობრივი მეთოდებით გახსნა გზა და ამ შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა კიდეც. არსამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ქმედება უკვე შეაფასეს როგორც „რეპრესიული მეთოდების გამოყენებით სამართლიანი პროტესტის ჩახშობის მცდელობა.“ ამის მიუხედავად, ადგილობრივებს ბრძოლა არ გაუნელებიათ. ღამეებს კვლავ სამშენებლო ტერიტორიაზე განლაგებულ კარვებში ათევდნენ. 30 იანვარს პოლიციამ ძალისმიერად დაშალა მათი კარვები, იმ მიზეზით რომ მიწა, სადაც ჰესის მოწინააღმდეგეები დაბანაკებულიყვნენ, უკვე ინვესტორის საკუთრება იყო.
ამაში სახელმწიფოს წარმომადგენლები მართალი არიან. მიწა ნამდვილად აღარაა არც ადგილობრივების და არც სახელმწიფოსი. ჩვენმა მთავრობამ 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულებით 121 ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა შპს “ენკა რინიუებლზს.” ჯამში, 325 ჰა ტერიტორია იმერეთისა და ლეჩხუმის მხარეში კომპანიამ 121 ლარად იყიდა. აქედან 296 ჰა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაა.
ამავე განკარგულებით, 99 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით კომპანიას გადაეცა 16 ნაკვეთი. ჯამში, 282 ჰექტარი. აქედან 44.5 ჰა მდინარისა და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაა. კომპანია ამ ნაკვეთებით სარგებლობისთვის სახელმწიფოს წელიწადში 16 ლარს გადაუხდის.
2020 წლის მარტში მთავრობამ შეცვალა 2019 წელს გამოცემული განკარგულების დანართები, სადაც მოცემულია კომპანიისთვის გადასაცემი მიწების ნუსხა. დოკუმენტს თან ახლავს, ჯამში, 50 ნაკვეთის სია. აქედან, 35 მათგანი უკვე ნახსენები იყო 2019 წლის დადგენილებაში, როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები. 2020 წლის განკარგულებაში კი მათ არასასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსით მოიხსენიებენ და შესაბამისად, ფასიც შემცირებულია.
ამ ცვლილების თანახმად, 2020 წელს კომპანიას, ჯამში, 170 ჰა ტერიტორია მისცეს 42 ლარად. 99 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით კი მისცეს 45 ჰექტარი, რომელზეც მდინარე მოედინება. ამ რესურსით სარგებლობისთვის კომპანია წლიურად 8 ლარს გადაიხდის.
ამრიგად, კომპანიას რიონის ხეობაში აქვს 322 ჰა მიწა საკუთრებაში და 283 ჰა ტერიტორია 99 წლის ვადით სარგებლობაში. ჯამში, 605 ჰა.
თუ კომპანია პროექტს ვერ განახორციელებს, ეს მიწა კომპანიის საკუთრებაში დარჩება. თუმცა, ხელშეკრულების თანახმად, მას სხვა მიზნით ვერ გამოიყენებს. ვინ იცის, რა ცვლილებას შეიტანენ ამ ხელშეკრულებაში საჭიროების დადგომისას.
კომპანიისთვის შეღავათიანად გადაცემული ქონების ნუსხა ჩვენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მივიღეთ და აქვე გიზიარებთ.
კომპანია “ენკა რინიუებლზი” და მისი კავშირები
ნამახვანის ჰესებს შპს „ენკა რინიუებლზი“ აშენებს. ეს საპროექტო კომპანიაა, რომელშიც წილები ასე ნაწილდება: 90% ეკუთვნის “ENKA”-ს (თურქული კომპანია), 10% – „Clean Energy Group”-ს (ნორვეგიული კომპანიაა).
უკვე გავიგეთ, რომ ორ დიდ ჰიდროელექტოსადგურს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თურქული კომპანია “ენკა” აშენებს, მაგრამ რა ვიცით თავად ამ კომპანიის წარმომავლობაზე?!
“ენკა” თურქული ჰოლდინგია. ის 1957 წელს დაარსდა და თურქეთის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამშენებლო კომპანიაა. რუსეთში და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ათეულობით პროექტი აქვს შესრულებული.
1980-ან წლებში კომპანია პირველად გამოჩნდა საბჭოთა სივრცეში და მას შემდეგ რუსეთში რამდენიმე მსხვილი პროექტი განახორციელა. ძირითადად, რუსეთში, აღმოსავლეთის ქვეყნებსა და აფრიკაში მიღებული ტენდერებით არის ცნობილი.
რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არ იყო დაშლილი “ენკა” შემოვიდა ჩვენს ბაზარზე და დღემდე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს.”
“ენკას” პრეზიდენტი დამფუძნებელი მილიარდერი სარიკ ტარა იყო. მას რუსეთის პრეზიდენტმა მეგობრობის ორდენი 2010 წელს მიანიჭა.
კომპანიის საიტზე პირველივე გვერდზე ჩამოთვლილია მათ მიერ განხორციელებული პროექტები. მაგალითად, 820 მგვტ-ანი სიმძლავრის მქონე ელექტროსადგური, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს ადაპაზარში. ასეთივე 1,600 მგვტ-ანი ელექტროსადგური აუშენებია “ენკას” გებზეში, 1,580 მგვტ-იანი იზმირში. 2020 წელს კი “ენკამ” მის ისტორიაში ყველაზე დიდი, 23,640 მგვტ სიმძლავრის ელექტრო სადგური ააშენა.
“ენკას” ქართული მეგა-პროექტი
2015 წლის ბოლოს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა,“ რომლის ერთადერთი მფლობელი სახელმწიფოა და იმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, გამოაცხადა, რომ მთავრობას ნამახვანჰესის აშენება ჰქონდა განზრახული. ფონდმა დაინტერესებული კომპანიებისგან წინადადების მიღება დაიწყო.
პროექტის მიმართ ინტერესი 26-მა კომპანიამ გამოხატა. ფონდის შეფასების კომიტეტის 2017 წლის 17 იანვრის წერილის თანახმად, შპს “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია” გამოცხადდა გამარჯვებულად.
ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტი 251 გვერდიანია. ჩვენ ის რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროსგან მოვიპოვეთ.
დოკუმენტში წერია, რომ 1 კვტ/სთ ელ. ენერგია 6.2 ცენტი ეღირება და ფასი გაიზრდება ყოველწლიური 3 პროცენტით.
“ნესნკრაჰესის” შემთხვევაში, სახელმწიფო გარანტორიც კი აღმოჩნდა, რომელმაც უთხრა კომპანიას, რომ ელექტროენერგიას შენგან ვიყიდი მე. მიუხედავად იმისა, მჭირდება თუ არა ეს მე. ნენსკრას შემთხვევაში ასეთ პერიოდად 36 წელი გაწერეს. რა დროშიც ნენსკრა საქართველოში გაყიდის დენს, არც ბაზარი აინტერესებს და არც ლარის გაუფასურება. მის მიერ მოწოდებულ ელექტროენერეგიას აქვს მზარდი ფასი. სავარაუდოდ, ცენტებშია განსაზღვრული ფასი ნამახვანჰესის შემთხვევაშიც. იმიტომ რომ როცა ამხელა ინვესტიცია იდება, გამორიცხულია რომ იქ ესკალაციის კოეფიციენტი არ იყოს განსაზღვრული. კომპანია ითხოვს გარანტიებს. ჩვენ არ ვიცით რისკები, ვინ რამდენად დააზღვია,“ – გვეუბნება “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი, რომელიც საქართველოში ჰესების ოპერირების ბიზნეს-პრაქტიკას კარგად იცნობს.
ხელშეკრულების თანახმად, მთავრობა იღებს შემდეგ ვალდებულებებს:
- გამოიყენოს, აითვისოს, მიმართოს და გაათავისუფლოს წყალი მდ. რიონიდან და მდ. ცხენისწყალიდან, რაც საჭიროა კომპანიისთვის პროექტის განსახორციელებლად;
- ათავისუფლებს კომპანიას კარიერებიდან მასალის ან მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღების ვალდებულებისგან;
- შუამდგომლობა გაუწიოს კომპანიას საჯარო დაწესებულებებთან შეხვედრების ორგანიზებაში, რომლის მიზანიც იქნება, მოჭრილი ხე-ტყის სასაწყობე ტერიტორიის გამოყოფა;
- მთავრობა იღებს ვალდებულებას, საკუთრებაში გადასცეს კომპანიას, ნებისმიერი მესამე პირების მოთხოვნებისგან თავისუფალი “არასახელმწიფო საკუთრებაში” არსებული მიწა. თითოეული მიწის ნაკვეთი 1 ლარად ან აღნაგობის უფლებით;
- კომპანია არ იქნება ვალდებული, გადაიხადოს გზებთან ან გზების მშენებლობისა და ოპერირებისთვის მიღებულ მიწაზე გადასახადები, ქონების გადასახადის ჩათვლით;
- მთავრობა უზრუნველყოფს, რომ კომპანიას საჯარო დაწესებულებებმა განცხადების შეტანიდან 30 დღეში გასცენ პასუხი ან კომპეტენტური დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მისცენ ნებართვები.
შეგიძლიათ, “ნამახვანჰესის” პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება იხილოთ ამ ბმულზე.
ჩვენი გამოძიების შემდეგ ნაწილში მოგიყვებით რა საფრთხეს უქმნის “ნამახვანჰესი” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ქუთაისს და რაჭა-ლეჩხუმის მხარეს, ასევე გავაანალიზებთ რას გვეუბნება პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოსალოდნელ საფრთხეებზე.
კვლევაში მონაწილეობდა ანი ჭიჭინაძე