fbpx

რას დატბორავს ნამახვანჰესი რიონის ხეობაში?

ruka nam2021 1

ნამოხვანში ჰესის მშენებელი კომპანია არ გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას იმაზე, თუ რომელი მიწის ნაკვეთები ექცევა პროექტის დატბორვის არეალში. ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად მივმართეთ წერილებით, რამდენიმე დღის განმავლობაში ვესაუბრებოდით დირექტორს, მერაბ ლომინაძეს, მაგრამ მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. 

მერე მოვიმარჯვეთ ის რუკა, რომელიც ოფიციალურად ახლავს საპროექტო დოკუმენტაციას და სადაც დაახლოებით მაინც ჩანს, ხეობის რა ნაწილი მოექცევა წყლის ქვეშ. ამ რუკის მიხედვით, საჯარო რეესტრის მონაცემებში თვეობით ვეძებდით მასალებს. 

zXO7ZDhWglo75 hWS1vJxGvLu3AFteJsnasAI iJ77F7xkkChlUwA8aJG RCuXoIgvMeoDROyYF8B3oHJityUhGMxvN4F7mN9qTIwex1 J2yIpsfPytFumXAxdkOlc8J MTzyNKT
საპროექტო არეალის რუკა დოკუმენტაციიდან

ნაკვეთ-ნაკვეთ შევამოწმეთ მთელი შვიდი სოფლის ტერიტორია და დავთვალეთ რამდენი ნაკვეთია ჯერ კიდევ მოსახლეობის ხელში, რამდენი ეკუთვნის სახელმწიფოს და რამდენი კომპანიას. 

როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, კომპანია “ენკამ” მექვენაში, დერჩში, ონჭეიშში, ნამოხვანში, ვანისჭალაში, მამაწმინდასა და ზარათში ადგილობრივებისგან სულ 468 ნაკვეთი შეიძინა. ამჟამად კომპანიას ამაში გადახდილი აქვს 25 მილიონ ლარამდე. 

ამ სოფლებში შეგვხვდა 37 ისეთი ნაკვეთი, რომელიც ჯერ ისევ მოსახლეობის ხელშია, მაგრამ რიონთან ახლო მდებარეობის გამო, პირდაპირ ექცევა პროექტის დატბორვის არეალში.  

შპს “ენკა რინიუებლზმაც” მოსახლეობისგან უმეტესად რიონისპირა მიწები შეისყიდა. ხელშეკრულებებში წერია, რომ ნაკვეთები “ზემოქმედების ზონაში” მდებარეობს. რა ბედი ეწევა იმ მიწებს, რომლებიც ამ “ზონაში” ვერ მოხვდა? ეს კითხვა ადგილობრივებსაც დავუსვით. 

ჩვენი რესპონდენტი, დაახლოებით, 15 წელია სოფელ ნამოხვანში ცხოვრობს. მისი სურვილის გამო, ვინაობას კონფიდენციალურად ვტოვებთ. მან ერთი ნაკვეთი, 500 კვ.მ. ფართობის, ინვესტორს უკვე მიჰყიდა. მეორე, 1,500 კვ.მ. ფართის კი ჯერ ისევ მისი საკუთრებაა. გაყიდული და გაუყიდავი მიწის ნაკვეთები ერთმანეთისგან მოშორებითაა, თუმცა ორივე მდინარესთან ახლოს მდებარეობს. ვკითხეთ, გაყიდული მიწის წყლით დაფარვის შემთხვევაში, ემუქრება თუ არა საფრთხე ნაკვეთს, რომელიც ჯერ კიდევ მისია. 

“ის რაც დაგვრჩა, მასზე სახლიც დგას და პირდაპირ რიონის პირზეა. გაყიდული ნაკვეთი თუ ჩაიძირა, არაა გამორიცხული, ესეც რომ ჩაიძიროს. მიზეზი აქვთ, ვითომ ამხელაზე არ ამოვა წყალიო და ვარიანტი არ არსებობს, რომ არ ამოვიდეს. ის მიწა უფრო მაღალ ადგილზეა, რომელიც გაყიდული მაქვს. სერიოზული წვიმა როცაა, რიონის წყალი ტრასაზეც ამოდის. ჰესი, რომ გაკეთდეს ყველა შემთხვევაში ჩაიძირება ეს მიწები.” 

ჩვენს რესპონდენტს სოფელი არ მიუტოვებია და სახლს პერიოდულად აკითხავს ხოლმე. დარჩენილი მიწის ნაკვეთის გაყიდვა მისთვის ჯერ არავის შეუთავაზებია. 

დატბორვის არეალში ექცევა ზედა და ქვედა ონჭეიშიც. ამ სოფლის მაცხოვრებლებსაც შევხვდით. სახელის გამხელა არც ჩვენმა შემდეგმა რესპონდენტმა ისურვა. გვიყვება, რომ მასაც აქვს ერთი ნაკვეთი, რომელიც არ გაუყიდია. “ბაბუას ნაქონი იყო, მერე მამაჩემი ამუშავებდა, მერე მე დავიწყე. საშიშროება (დატბორვის) იმ ნაკვეთსაც აქვს.” როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, ამ ნაკვეთის გვერდით მიწები გაყიდულია. ზედა და ქვედა ონჭეიში რომ დატბორვის არეალში ექცევა, ეს მერაბ ლომინაძემაც გვითხრა. გამოდის, რომ დაიტბორება ჩვენი რესპონდენტის ის მიწის ნაკვეთიც, რომელიც გასხვისებული არ აქვს. 

ვიყავით სოფელ ვანისჭალაშიც. სახელის გამხელა აქაც არავის სურს. საშარო საქმეაო, ამბობენ. ამ სოფელში გვითხრეს, რომ მხოლოდ გზის ქვემოთ მხარე იტბორება და გზის ზემოთ მაცხოვრებლებს გადასახლება არ ემუქრება. “ჩვენ არ ვართ აყრაში, ჩვენ ვრჩებით. აქ თუ ყველაფერი დაიტბორა,  რავიცი, რა გვეშველება, ეგ კომპანიის გადასაწყვეტია,” – გვითხრეს ვანისჭალაში.  

ზედა მექვენაშიც არ გაუყიდიათ ნაკვეთები, რადგან სოფლის ტერიტორია, წესით, არ უნდა დაიტბოროს.  

“ჰესი რომ აშენდეს, არც ვენახი ივარგებს და არც ხეხილი. ისედაც წითელ ზონაში (მეწყრულ ზონაში) ვცხოვრობთ, ჰესი რომ აშენდეს  გაგვიყვანს იქეთ მეორე სოფელში”, – გვეუბნებიან ზედა მექვენის მაცხოვრებლები. 

სოფლებში არიან ისეთი ოჯახებიც, რომელთა მიწები პირდაპირი “ზემოქმედების ზონაში” არ მოხვდა. მათ კომპენსაცია არ მიუღიათ, მაგრამ ფიქრობენ, რომ სოფელში აღარ დაედგომებათ.

“აყრა არ მიწევდა. ჩემი მეზობლის ნაწილი რომ დაიფაროს, ამოვა ჩემთან, რა თქმა უნდა. არ ვიცი რა იქნება. მირჩევნია, სადაც წავლენ ჩემი მეზობლები, იქ წავიდე. მარტო ხომ არ დავრჩები?! არ გიწევთო და არ გაგვიყიდია,” – გვეუბნება სოფელ მექვენას მაცხოვრებელი. 

რიონის ხეობის ეს სოფლები მეწყრულ ზონაში რომ მდებარეობს, ამას გზაზე დამაგრებული ნიშნებიც რამდენჯერმე გვამცნობს. რა შეიძლება დაემართოს იმ სოფლებს, რომელიც პროექტის უშუალო ზემოქმედების არეალში არ ხვდება, მაგრამ პროექტი მათზე ირიბად მაინც იმოქმედებს? დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომელიც ჰესის საპროექტო დოკუმენტაციას კარგად იცნობს, გვეუბნება, რომ ეს მშენებლობა ყველა მიმდებარე სოფელზე იქონიებს ზეგავლენას.  

“არსებობს მოქმედი მეწყერები და არსებობს მეწყერები, რომლებიც თქვენც შეიძლება გამოიწვიოთ, ზედმეტი ჩარევით. ეს ნიშნავს, რომ ამ უხეში ჩარევით ჩვენ გამოვიწვევთ შეუქცევად პროცესებს ხეობაში, რომლის პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, იმდენად ცუდი კვლევები და არასწორი მიდგომებია. გარემო პირობები უგულებელყოფილია,” – გვეუბნება თეა გოდოლაძე.  

ამავე ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილიც ადასტურებს, რომ მეწყერსაშიშროება ამ პროექტის ავტორებს სათანადოდ შესწავლილი არ აქვთ. 

“კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებში მეწყრის გააქტიურება დაკავშირებულია ერთადერთ ფაქტორთან – წყალსაცავი იქნება თუ არა კონტაქტში მეწყრულ სხეულთან და ამის მიხედვით ამბობენ, უსაფრთხოა თუ არა. სინამდვილეში მარტო ეგ არ იწვევს მეწყერს, მეწყერს იწვევს ინტენსიური წვიმა, სხვა ტიპის ნალექი, მეწყერს იწვევს სამშენებლო სამუშაოები, კედლის ჩამოშლა, ვიბრაციები, მიწისძვრა, წყალსაცავის გამო გრუნტის წყლის დონის აწევა და ა.შ. მაგრამ, ეს რაც ჩამოვთვალე, საერთოდ არ არის შეფასებული, ნახსენებიც კი არ არის.” 

სუხიშვილი გვეუბნება, რომ საპროექტო არეალში მხოლოდ 12-13 ცნობილი მეწყერია შესწავლილი. თუმცა, ხეობის ის ფერდები, რომელიც პოტენციურად მეწყერსაშიშია, არ არის შეფასებული. 

“აქ სხვა გავლენაც არის. წყალსაცავის დაგუბება გამოიწვევს მიწისქევშა წყლის ზედაპირთან ახლოს ამოსვლას, ანუ, პირობითად, თუ ადრე მიწისქვეშა წყალი იყო 4 მეტრზე, დაგუბების შემდეგ შეიძლება ამოვიდეს ორ მეტრზე, ამასაც გავლენა აქვს მეწყერსაშიშროებაზე. ეს შეფასებული უნდა იყოს, მაგრამ არ არის”. 

მერაბ ლომინაძემ, კომპანია “ენკადან,” გვითხრა, რომ შეტბორვის გამო გადასახლებას მხოლოდ 40 კომლი ექვემდებარება. მისი თქმით, იმ მოსახლეებთან, ვისაც მიწა არ გაუსხვისებია და ექცევა დატბორვის არეალში, მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს. 

მიწების შესყიდვისას ხელშეკრულება ფორმდებოდა სახელმწიფოსა და კერძო მესაკუთრეს შორის. თანხას კი ინვესტორი უხდიდა მიწის პატრონს. “ენკა” ადგენდა უძრავი ქონების ფასსაც. ხელშეკრულებებს თან ახლავს ქონების აღწერის დოკუმენტები, სადაც ჩამოთვლილია მიწის ოდენობა, შენობის ფართი, ხეები და ყველა სხვა ობიექტი, რაც მოცემულ მიწის ნაკვეთზე დგას. 

rioni 2021 1
კომენტარები
Total
0
Shares
Next
ალტერნატივა მორგოშიასთვის – ვის სახელზე ფორმდება მისი ქონება?
morgoshia

ალტერნატივა მორგოშიასთვის – ვის სახელზე ფორმდება მისი ქონება?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share