სოფელ ჯიმასტაროში ხალხი ამბობს, რომ თუ წყალტუბოს მერიას არ შეუძლია მათთვის წყლის მიწოდება, ქუთაისს მაინც მიაკუთვნონ ეს ტერიტორია.
“ან მიგვაკუთნონ ქალაქს, ან წყალტუბომ გვაღიაროს,” – გვითხრეს ჯიმასტაროში. აქ მცხოვრებლები წუხან იმაზე, რომ წყალტუბოს მერიას ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსოვს. სოფელში მერის წარმომადგენელი კი ბოლოს გაზაფხულზე ნახეს.
ჯიმასტარო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელია. ქუთაისიდან 6-7 კილომეტრში მდებარეობს. აქ დაახლოებით 90 ოჯახი ცხოვრობს. სოფელს ერთადერთი წყარო აქვს, სოფლის ცენტრიდან ნახევარ კილომეტრში. თუმცა, ამ წყარომდე მისასვლელი გზაც დაზიანებულია. ადგილობრივები წყაროსთან თავშეყრის ადგილის მოწყობას და ბავშვებისთვის პატარა სკვერსაც ითხოვენ.
“ორი მარწყვის “პარნიკი” დავდგი და ახლა ვფიქრობ, წყალი საიდან გადმოვიყვანო, ჭა გავჭერი, ესეც არ მყოფნის. უსაშველო მდგომარეობაში ვარ,” – გვეუბნება ნინო ჩანკვეტაძე.
ჯიმასტაროში წასვლამდე ჩვენ სოფლის წარმომადგენელს, გივი წიწილაშვილს დავუკავშირდით. გვინდოდა, მასაც ჩვენთან ერთად მოესმინა ადგილობრივების პრობლემები და მისგან გაგვეგო, რა შეიძლება გაკეთებულიყო მოსაგვარებლად.
წიწილაშვილმა მერიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, იქ კი გვითხრეს, რომ სოფლის წარმომადგენელი ყოველდღიურადაა კავშირში ხალხთან და შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
22 დეკემბერს ჯიმასტაროს მოსახლეობას შევხვდით. ადგილობრივებთან ერთად სოფლის წარმომადგენელს ტელეფონით დავუკავშირდით, გვინდოდა, სოფლის პრობლემები მათგან მოესმინა და შესაბამისი პასუხიც მიგვეღო.