ავტორები: ნათია მიხელიძე და გუგა მალიაძე
ანაკლიის სანაპიროზე ვისაც გაუვლია, შეამჩნევდა სოკოს ფორმის თეთრ, მინებიან შენობას, რომელიც 10 წელია უფუნქციოდ დგას. ჯერ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაიხარჯა მის ასაშენებლად მილიონები, შემდეგ კი “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა მთავრობამ გააგრძელა ეს ტენდენცია.
ადრეც და ახლაც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შენობაში კაფე-რესტორნის გახნით ადგილობრივებიც შემოსავალს მიიღებდნენ. მაგრამ ერთადერთი, ვისთვისაც ამ წლების განმავლობაში ეს შენობა შემოსავლის წყარო იყო, ის კომპანიები არიან, რომლებიც მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.
ბოლოს სამუშაოებს შპს “დამბა” ასრულებდა. მას შენობაში ავეჯიც კი უნდა შეეტანა. შუა აგვისტოში ადგილზე მისულებს რა დაგვხვდა, ფოტოებიდანაც ჩანს. შენობა დაკეტილია, შიგნით ავეჯის ნაცვლად სამშენებლო მასალები ყრია. კარზე ხის ფიცრებია აკრული. რაც გაკეთებულია, ისიც ნელ-ნელა ფუჭდება. შენობის მიმდებარედ ზღვაშიც კი არავინ ბანაობს.
ფაქტია, რომ კომპანიამ სამუშაოები ბოლომდე არ შეასრულა, თუმცა დასჯა კი არა, მისთვის საყვედურის თქმაც კი არავის უფიქრია. რატომ ეტყოდნენ, მისი მფლობელები ხომ “ოცნებას” ათიათასობით ლარს სწირავდნენ?
კაფე-რესტორნის მშენებლობა 2011 წელს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას დაიწყო. სამუშაოებს შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“ ზედამხედველობდა. კომპანია დღესაც მოქმედია. მათი მოვალეობა არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, დაზიანებულის განახლებას და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის უზრუნველყოფაა. კომპანიის წარმომადგენლის, ბესიკ თოდუას თქმით, კაფე-რესტორანი ანაკლია-განმუხურის სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო.
2013 წელს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კაფეების და სასტუმროების მშენებლობა სახელმწიფოს საქმე არ არის და ამისთვის მილიონების ბიუჯეტიდან ფლანგვა მიუღებელია.
თუმცა, კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია 2019 წელს, ზუგდიდის მაშინდელმა მერმა, გიორგი შენგელიამ გადაწყვიტა. ხელშეკრულება კი მისმა მოადგილემ, მაიზერ ნანავამ გააფორმა. ჩვენ დავინტერესდით, რატომ შეიცვალეს მათ აზრი.
ზუგდიდის მერიაში მაიზერ ნანავასთან შესახვედრად მივედით. ის ახლაც მერის მოადგილეა.
“კერძო კაფე-რესტორნებს სახელმწიფო არ ააშენებს. ანაკლია არის ტურისტული ზონა, სადაც სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სასტუმროებს, კაფე რესტორნებს და ყველას, რათა მომგებიანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს,” – ასე ახსნა კაფე-რესტორნის ბიუჯეტის თანხებით რეაბილიტაცია მერის მოადგილემ.
2012 წელს შენობის ასაშენებლად 2.9 მილიონი დაიხარჯა და კარკასი მომზადდა. 2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. კაფე-რესტორნის რეაბილიტაციისთვის გამარჯვებულ შპს “დამბას” 2.1 მილიონი ლარი გადაუხადა.
შპს “დამბას” მფლობელი გიორგი ჯაბიძეა, თუმცა მის 100%-იან წილს ნათია ცუკილაშვილი განკარგავს. მან 2016 წელს ქართულ ოცნებას 20,000, ხოლო გიორგი ჯაბიძემ 55,000 ლარი შესწირა.
დავინტერესდით, არსებობდა თუ არა საჭიროებისა და ბაზრის კვლევის დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებდა, რომ ეს პროექტი ზუგდიდისთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნებოდა. მაიზერ ნანავას თქმით, ბაზრის კვლევა არსებობს. კვლევა ზუგდიდის მერიისგან გამოვითხოვეთ, მათ საინჟინრო დასკვნა გამოგვიგზავნეს, რომელშიც კაფე-რესტორნის რეაბილიტაციამდე არსებული ტექნიკური მდგომარეობა და საჭირო რეკომენდაციებია გაწერილი. დოკუმენტში არაფერი წერია პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე.
შპს “დამბას” შენობის რეაბილიტაცია 2020 წლის აპრილში უნდა დაესრულებინა. თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება ექვსჯერ შეიტანა. იცვლებოდა ხარჯთაღრიცხვა და ვადები. საბოლოოდ, სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა.
მერის მოადგილეს ვკითხეთ, ბოლოს როდის იყო ანაკლიაში და შენობა დასრულებულს თუ ჰგავდა. თავიდან კიო გვიპასუხა, გვითხრა, რომ ბოლოს ანაკლიაში წინა დღეს იყო. შემდეგ გადათქვა და გვითხრა, რომ კონკრეტულად იმ შენობასთან არ ყოფილა და არ უნახავს. მისი თქმით, შპს “დამბამ” სამუშაოები კარგად შეასრულა. კაფე-რესტორნის უფუნქციობა კი პანდემიის და ინვესტორის არ არსებობის ბრალია. თუმცა, როცა კიდევ ერთხელ ვკითხეთ, მოიკვლია თუ არა შენობის დღევანდელი მდგომარეობა, აზრი შეიცვალა.
“ყველაფერი კარგად არ არის. შეიძლება, იქ რაღაცები კიდევ მოსაგვარებელია, მაგრამ მაქსიმალურად ჩვენ იმას მოვაგვარებთ,” – გვითხრა მაიზერ ნანავამ.
ბევრჯერ ვკითხეთ, კონკრეტულად რა არ იყო კარგად, თუმცა არ გვიპასუხა. შევახსენეთ, რომ ამ მომენტშიც კი შეეძლოთ შპს “დამბასთვის” საგარანტიო ვალდებულებების შესრულება მოეთხოვათ. ამის დრო ზუგდიდის მერიას 2025 წლამდე აქვს. თუმცა, აქამდე მერიას კომპანიისთვის ხარვეზების გასწორებისა და სამუშაოების დასრულების მოთხოვნით არ მიუმართავს.
“მოვთხოვთ ყველაფერს. მე ხომ გითხარით… ჩავიხედავ იმ დოკუმენტებში,” – ამ სიტყვებით გამოგვისტუმრა ზუგდიდის მერის მოადგილემ.
მერიის წარმომადგენლებს დოკუმენტებში სამუშაოების ჩაბარებისას უნდა ჩაეხედათ. მაგალითად, კომპანიას სატენდერო დოკუმენტაციით შენობაში 38,000 ლარის ღირებულების ავეჯი უნდა შეეტანა. თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. ჩვენ შესყიდვების სააგენტოს საიტზე ამ ტენდერთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ყველა დოკუმეტი შევისწავლეთ. ექვსი ცვლილებისას პროექტი და ხარჯთაღრიცხვა იმგვარად იცვლებოდა, რომ ხელშეკრულებიდან მხოლოდ ავეჯი კი არ გაქრა, საბოლოოდ კომპანიამ თავდაპირველად შესასრულებელი 12 პუნქტიდან მხოლოდ ოთხიღა შეასრულა.
“2019 წლის შემდეგ არის 4 წელი. 4 წლის განმავლობაში იმდენი პროექტი განხორციელდა… და ამ პროექტებში, ამ ხელშეკრულებებში რა წერია დეტალურად, ვერ გავიხსენებ,” – გვითხრა მაიზერ ნანავამ.
სატენდერო დოკუმენტაციაში არც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტია ატვირთული. შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მოთხოვნებთან შესაბამისობა არავის შეუფასებია. მიღება-ჩაბარების აქტებისა და ექსპერტიზების მიხედვით, “დამბას” მიერ შესრულებული სამუშაოები 1.8 მილიონი ლარისაა. მერიამ კი მათ 2.1 მილიონი ლარი ჩაურიცხა. რისთვის გამოიყენა კომპანიამ დამატებით ჩარიცხული 295,000 ლარი უცნობია. ამ თემაზე ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხა მერის მოადგილემ, მაიზერ ნანავამ. დოკუმენტაციას მეორე მიღება-ჩაბარების აქტი აკლია, შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი იქ გვეპოვა, თუმცა ის სისტემაში არავის აუტვირთავს.
“დამბამ” ტენდერში გამარჯვება კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ მოიპოვა. შპს “კაპიტელ +” -მა დისკვალიფიკაცია ლიფტის ტექნიკური მახასიათებლების უქონლობის გამო მიიღო. არ ვიცით მანამდე მიეცა თუ არა “კაპიტელ +” -ს გაფრთხილება პრობლემის აღმოსაფხვრელად და ტექნიკური დოკუმენტაციის წარსადგენად. “კაპიტელ+”-ს გამარჯვების შემთხვევაში, ზუგდიდის მერია 320,000 ლარს დაზოგავდა. კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე მივწერეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ლიფტთან დაკავშირებით პრობლემა შპს “დამბასაც” ჰქონდა. როგორც ჩანს ეს უფრო პროექტის ხარვეზი იყო, ვიდრე რომელიმე კომპანიის. მათ მაიზერ ნანავას წერილობითაც მიმართეს, სამგაჩერებიანი ლიფტის ნაცვლად ოთხგაჩერებიანი დაამონტაჟეს.
პროექტი რომ ხარვეზიანი იყო, ამას შპს “დამბას” დირექტორის მერიისადმი მიწერილი წერილებიც მოწმობს. მისი თქმით, სამუშაოების შესრულების პროცესში გამოჩნდა, რომ გადახურვა იმდენად დაზიანებული იყო, მისი შეკეთების გარეშე შიდა სამუშაოები ვერ ჩატარდებოდა. კიდევ ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ ობიექტის ხარჯთაღრიცხვაში არ იყო კედლებისა და ტიხრების მოწყობის სამუშაოები, არც ამ სამუშაოების ნახაზები. არ იყო გათვალისწინებული ჭერის ტიპი, სიმაღლე და დონე. ხარვეზი ბევრი იყო, შესაბამისად ხარჯთაღრიცხვაც და პროექტიც რამდენჯერმე შეიცვალა.
კითხვები “დამბას” წარმომადგენლებთანაც გვქონდა. მათ რამდენჯერმე დავურეკეთ. ყველა საუბარი პირობით სრულდებოდა, რომ დაგვაკავშირებდა ისეთ პირს ვინც კითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებდა. ბოლოს გვითხრა, რომ სამუშაოებს ზუგდიდის მერია იბარებდა და გვირჩია, დეტალები მათთან გაგვერკვია.
“რაც იყო ჩვენი ვალდებულება ტენდერში, ის შესრულდა. იქ დასრულება არ იგულისხმებოდა, იყო რაღაც ვიტრაჟების და გადახურვის სამუშაო, ეგენი გაკეთდა ყველაფერი. ექსპერტი და მერიის ზედამხედველობა რომ ამოწმებს, შეხედავენ, რომ ყველაფერი რიგზეა. ხარისხიანი უნდა იყოს, ცალსახად,” – გვითხრა ნათია ცუკილაშვილმა.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” განაგრძოს ინფრასტრუქტურულ თემებზე მუშაობა, მაშინ გახდით “აი, ფაქტის” სპონსორი
რა ბედი ელის უფუნქციო შენობას?
ჩვენ ზუგდიდში მოძრაობა “დროას” წარმომადგენელს, მარიამ სიჭინავას ვესაუბრეთ. კაფე-რესტორნის უფუნქციობაზე პირველმა სწორედ მან დაწერა სოციალურ ქსელში.
“ზუგდიდის მერს აქტიურ მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა. ამ შეხვედრის დროს თქვა, რომ ნაგებობის გასხვისებას, ან გაქირავებას აპირებენ,” – გვითხრა სიჭინავამ.
ინფორმაცია მაიზერ ნანავასთან, ზუგდიდის მერის მოადგილესთან გადავამოწმეთ. მან დაგვიდასტურა, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და კაფე-რესტორნით ინდოელები არიან დაინტერესებული.
“ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს შენობა იჯარით მივცეთ ინვესტორს, რათა ტურისტებისთვის და თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ადგილი მოეწყოს,” – ამბობს ნანავა.
არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ანაკლია-განმუხურის მაცხოვრებლებს ინვესტორის ლოდინი. თუმცა, მაიზერ ნანავა დაგვპირდა: “ეგ რომ გაიხსნება, პირველი თქვენ დაგიძახებთ.”