fbpx
6 წლის წინ აშენებული ასურეთის საბავშვი ბაღი ინგრევა

ასურეთში 6 წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი ინგრევა

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი

სექტემბერში ასურეთის საბავშვო ბაღმა სასწავლო პროცესი ვერ დაიწყო, რადგან შენობა ავარიულია და ბავშვებისთვის საფრთხისშემცველი. ასე შეაფასა ნაგებობის მდგომარება სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ.

ამ ბაღის შენობის გახსნა 6 წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. ზეიმს არც წითელი ლენტი დაჰკლებია და არც ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნები – მაჟორიტარი დეპუტატიდან დაწყებული თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარით დამთავრებული ყველა ამ ღონისძიებას ესწრებოდა.

ბაღი ამ წლების განმავლობაში სამ სოფელს ემსახურებოდა: ასურეთს, შავსაყდარსა და ენაგეთს. ჯამში, ამ სოფლებიდან ბაღში 70-ზე მეტი ბავშვი დადიოდა.

ამ ბაღის სრულიად ახალი შენობა 2018 წლის მარტში გაიხსნა. მისი ნულიდან აშენება ბიუჯეტს 400 000 ლარზე მეტი დაუჯდა.

ბაღის სანახავად ასურეთში ოქტომბერში, არჩევნებამდე ჩავედით. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ბაღის კედლები სრულიად დაბზარული და დაზიანებულია, დამსკდარია ზეძირკველიც (მიწის ზემოთ არსებული ნაწილი). ეს ყველაფერი შენობის გარეთა ფასადს შეუიარაღებელი თვალითაც  მარტივად ემჩნევა.

ბაღის მენეჯერმა, თიკო აღდგომელაშვილმა მხოლოდ ის გვითხრა რომ რამდენიმე წლის წინ შეამჩნია დაზიანება და განცხადებით მიმართა შესაბამის უწყებებს რის შემდეგაც შემოწმდა და შეჩერდა ბაღის ფუნქციონირება. დანარჩენ კითხვებზე კი გვითხრა რომ მისი ზემდგომი ბაღების გაერთიანებისთვის მიგვემართა კითხვებით.

თეთრიწყაროს მერიამ კი ჩვენს წერილზე პასუხი არ მოგვაწოდა. ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულ ბიუროსაც ვთხოვეთ, თუმცა გვიპასუხეს, რომ დასკვნა კონფიდენციალურია და ვერ მოგვაწვდიან.

ვინ ააშენა მალევე დასანგრევად განწირული საბავშვო ბაღი?

ასურეთის ბაღის საპროექტო დოკუმენტაცია შპს “ახალმა სახლმა” 2015 წელს მოამზადა. თუმცა, მათ ნამუშევარში ცვლილება ცხრაჯერ შევიდა, იცვლებოდა ხან მომსახურების თანხა, ხან სამუშაოები, ხან კი დასრულების ვადები.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, 600 მ2 მიწაზე უნდა აშენებულიყო ერთსართულიანი შენობა, რომელიც ადაპტირებული იქნებოდა შშმ პირთათვის. შენობაში უნდა მოეწყოთ გამგის კაბინეტი, მეთოდისტის ოთახი, სამედიცინო ოთახი, სამზარეულო, მისაღები, ბაღის ჯგუფები, მუსიკის ოთახი, საწყობები, ჭურჭლის სამრეცხაო, ღია აივანი და საპირფარეშოები. ამასთანავე უნდა მოწყობილიყო ეზო, მზის პანელები, გამწვანება და ატრაქციონები.

შპს “ახალ სახლს”, პროექტის მომზადებაში, თეთრიწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 690 ლარი გადაუხადეს. კომპანიის ერთადერთი მფლობელი გიორგი ჯანჯღავაა, რომელიც ტენდერებში 2016 წლიდან აღარ მონაწილეობს.

ასურეთის ბაღის დაზიანებული კედელი
ბზარები ბარის კედელზე

ამ პროექტის მიხედვით ასურეთის ბაღის მშენებელობა შპს “ორნამენტმა” 2016 წელს დაიწყო. ამ დროს კომპანიას უკვე ჰქონდა ბაღის მშენებლობის გამოცდილება. თუმცა, მშენებლობა მაინც გაჭიანურდა და მერიამ დასრულებული სამუშაო ერთი წლის დაგვიანებით ჩაიბარა.

ბაღის შენობა რომ თავიდანვე ცალი თვალით საყურებელი იყო, ამას გვიყვებიან ბაღის აღსაზრდელთა მშობლებიც და ადგილობირვებიც. “წინა წელს ჩვეულებრივად დავდიოდით, წელს, სადღაც, ალბათ, აგვისტოში, გავიგეთ, რომ ავარიულია. როგორც ვიცი, ისედაც ავტორიზაციას ვერ გადის ბაღი, იმიტომ, რომ სხვა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. თავიდანვე აშენდა პრობლემებით. თანამედროვე სტანდარტებში ვერ ჯდება”, – გვიყვება ასურეთში მცხოვრები მარიამ მეტრეველი, რომლის 5 წლის შვილიც ამ ბაღში დადიოდა.

კიდევ ერთი მშობელი, სოფო არჩვაძე, რომელსაც ასურეთის ბაღში 3 წლის შვილი დაჰყავდა, გვიყვება, რომ დაზიანება შარშან შეამჩნია: “მიშო შარშან მივიყვანე აქ, ახლა გაირკვა, რომ ასეთი ამბავი იყო. ბზარი ჰქონდა კედლებს, თან ისეთი საშიში, რომ მანდ ბავშვების მიყვანა არ შეიძლებოდა. მენეჯერი დიდი ხანია ატყობინებდა, მოგვაქციეთ ყურადღებაო”.    

მარიამი და სოფო იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, რომელიც მედიას საკუთარი ვინაობის დამალვის გარეშე, გაბედულად ესაუბრება.

ასურეთში ათზე მეტ ადამიანს ვესაუბრეთ. ადგილობრივების ნაწილი გვთხოვდა, მათი ვინაობა სტატიაში არ გაგვემხილა. ეს ამბავი მხოლოდ ასურეთში არ ხდება, იგივეს ითხოვს ხალხი იმერეთში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში და ა.შ. ადამიანებს ეშინიათ, რომ მთავრობა, საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, პრობლემებს შეუქმნით.  

ბაღის მენეჯერს, თიკო აღდგომელაშვილს როგორც კი დავურეკეთ, პირველი სწორედ ეს გვკითხა, თუ ვინ მოგვაწოდა ინფორმაცია ბაღის შესახებ. კონკრეტული პიროვნების დასახელებას გვთხოვდა. არადა, 2024 წლის სექტემბში ასურეთის ფეისბუქ-ჯგუფში მშობლების პროტესტზე თავად წერდა, რომ ბაღის მდგომარეობა, სავარაუდოდ, უხარისხოდ და უპასუხიმგებლოდ შენების ბრალი იყო.

ანონიმურ რესპონდენტთა შორის არიან ორი შუახნის მამაკაცი, რომელთაც ასურეთში შევხვდით. სიცილით გვითხრეს, 5-6 წელი რომ გაძლო, ესეც კარგია ამ პირობებშიო. “ამშენებლი ვინც იყო, ფული ხომ იშოვა? ეგაა მთავარი. ვინც ჩაიბარა ეს ბაღი, ის კაცი გარდაიცვალა, ყველგან ლაპარაკობდა, თვითონაც გაგიჟებული იყო, ეს როგორ ჩავიბარეო? ესე იგი თავიდანვე იყო პრობლემა, ხომ? ასე ხდება რა… დღეს ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, მაგას გრუზია ჰქვია. საქართველო ამას აღარ ჰქვია”, – გვეუბნება ერთ-ერთი მათგანი.

მეორე კი ამატებს, რომ თავიდანვე რაღაც ჩამოინგრა და მშენებლებმა ჩაბარებამდე გააკეთეს.

ბაღში რომ სამუშაოები გულიანად და ხეირიანად არ გაკეთებულა, ეს საბავშვო ატრაქციონებსაც ეტყობა. ეზოში ახლა დგას 70 ბავშვზე გათვლილი ერთი აიწონა-დაიწონა და ორი საქანელას ცარიელი კონსტრუქცია. არადა, თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, აქ უნდა ყოფილიყო: 2 სასრიალო საერთო კონსტრუქციით, 2 აიწონა დაიწონა, 2 საქანელა და 2 ზამბარიანი საქანელაც.

დაზიანებული საბავშვო ბაღი ასურეთში
ბაღის ზეძირკველი

მშენებელ კომპანიას ასურეთში ყველაფერი ეპატია. ამის შემდეგ შპს “ორნამენტმა” კიდევ 3 ბაღის მშენებლობა დაიწყო თბილისსა და რუსთავში, სამივე ტენდერს დღეს “შეუსრულებელი ხელშეკრულების” სტატუსი აქვს. 2020-2021 წლიდან კი კომპანიამ ტენდერებში მონაწილეობა შეწყვიტა და 5 პროექტიც დაუსრულებელი დატოვა.  

შპს “ორნამენტი” 2004 წელს გიორგი ციცქიშვილმა შექმნა. სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობდა და 2021 წლამდე, ჯამში, 58.9 მილიონი ლარის ღირებულების 53 კონტრაქტი გაუფორმეს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მშენებლობა და რემონტი იყო, მათ შორის ავლაბრის რეზიდენციის, მთავრობის კანცელარიის, სამხარაულის ბიუროს შენობის რემონტი.

ასურეთის ბაღის დასრულებული შენობის ხარისხი დამოუკიდებელ, სანდო ექსპერტთა ჯგუფს არ შეუმოწმებია. ბავშვები ისეთ შენობაში შეიყვანეს, რომლის მდგრადობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, გახსნამდე, მუშაობის დროს რაღაც ჩამოენგრათ და თავიდან გააკეთესო.

ერთადერთი, რაც შემოწმდა ეს იყო შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულებების შესაბამისობა. ეს შეფასება შპს “რეალექსპერტმა” გააკეთა. ექსპერტ ზურაბ წიკლაურს ტელეფონით ვესაუბრეთ. ვკითხეთ, რა ახსოვდა ამ შენობაზე და რა შეამოწმეს ასურეთის ბაღში.

წიკლაურის თქმით, შენობის ჩაბარება გაჭიანურდა, რადგან სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და თვითონ შენობის მდგრადობა იყო პრობლემა. “ვიცი ეგ შენობა და იმიტომ ვამბობ. ეს ექსპერტიზის დასკვნაში გამოჩნდებოდა. იქ უნდა ეწეროს ერთიც და მეორეც”, – გვითხრა მან. 

თუმცა, “რეალექსპერტის” დასკვნის გარდა შესყიდვების სისტემაში სხვა დასკვნა არ იძებნება. მერიამ ჩვენ ბაღთან დაკავშირებული დოკუმენტები არ გამოგვიგზავნა. ამიტომ, როგორც ჩანს, სხვა ექსპერტიზა, რომელიც უშუალოდ შენობის უსაფრთხოებას შეამოწმებდა, არც ჩატარებულა.

მსგავსი ტენდენცია, როცა კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ მოწმდება და ექსპერტიზა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ სამუშაოს მოცულობა შეადაროს საბაზრო ფასებს, ჩვენ არაერთ ტენდერში გვინახავს. იმიტომაცაა მერე, რომ ახალაშენებული შენობები მალევე ზიანდება. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, თუ რა შედეგი მოაქვს ამ გზით შემოწმებულ ინფრასტრუქტურას, ვაკის პარკის შადრევნის უხარისხო სამუშაოებით  მოკლული ბავშვია.

ასურეთის საბავშვო ბაღი ინგრევა
ბაღის შენობა

ამ სტატიაზე მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ შპს “ორნამენტის” მფლობელი და მაშინდელი დირექტორი, გიორგი ციცქიშვილი გარდაცვლილია. ახლა კომპანია აქტიური აღარაა და არც ტენდერებში მონაწილეობს. შესაბამისად, კომპანიას პასუხს ვეღარ მოვთხოვთ.

მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მერია, რომლის ზედამხედველობის სამსახურიც იყო პასუხისმგებელი შენობის ხარისხის შემოწმებაზე. მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების 10.1 მუხლი სწორედ ამას ეძღვნება, რომ ინსპექტირება ზედამხედველობის სამსახურს უნდა ჩაეტარებინა.

ამ საკითხზე მერის მოადგილეს, დევი დევიძეს ტელეფონით ვესაუბრეთ და გვიპასუხა, პრეს-ცენტრს მიმართეთო. პრესცენტრმა პირში წყალი ჩაიგუბა. არც საჯარო ინფორმაცია გამოგზავნეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი ვადა უკვე გავიდა.

ბაღის მიღება-ჩაბარების აქტს მერიიდან 8 თანამშრომელი აწერდა ხელს. მათგან 4 მერიაში აღარ მუშაობს. ერთ-ერთია მერის მაშინდელი მოადგილე, ბერდია ხვისტანი. სატელეფონო საუბრისას მან გვითხრა, რომ დეტალები აღარ ახსოვს, რადგან დიდი ხნის წინ იყო და დოკუმენტაციებით უნდა აღიდგინოს. ამას კი ვერ გააკეთებს, რადგან 5 წელია წამოსულია მერიიდან. რაც ზუსტად ახსოვს, ის არის, რომ ადგილზე იყვნენ, ნახეს შენობა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიბარეს.

“როცა გაიხსნა ყველა კმაყოფილები ვიყავით… საბავშვო ბაღია ეს. უნდა იყოს სტანდარტებში ყველაფერი, თავის ზედამხედველობით. ჩვენ ადგილზე მივდიოდით და კანონმდებლობით ვამოწმებდით. გაკეთებული იყო მაღალ დონეზე, რა დაემართა არ ვიცი, იქ რა მოხდა”, – გვითხრა ხვისტანმა.

დავუკავშირდით თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის უფროსს, მზია ადუაშვილს, რომელიც ახლაც მერიაში მუშაობს. ვკითხეთ, როგორ იბარებდნენ სამუშაოს, რა პროცედურებისგან შედგებოდა ეს პროცესი. მანაც გვითხრა, რომ დეტალები არ ახსოვდა, რადგან ეს დიდი ხნის წინ იყო. თუმცა, დაგვიდასტურა, რომ ისიც ადგილზე მიდიოდა და ზოგადად, მხოლოდ ამის შემდეგ აწერს ხელს მიღება ჩაბარებას.

“ცოტა ზედმეტად ვფრთხილობდით კიდევაც და ყველაფერი კანონის ჩარჩოებში ხდებოდა, რა თქმა უნდა. რომ ჰქონოდა რაიმე ხარვეზი, ხელს ხომ არ მოვაწერდი? ხარისხს ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს, ეს სრულად მათზე არის დებულებით და აუცილებლად კონტროლდება”, – გვითხრა ადუაშვილმა.

როგორ უნდა შეემოწმებინა მერიის თანამშრომლებს მხოლოდ თვალით ბეტონის სიმტკიცე ან საძირკვლის სიმყარე? ამას მხოლოდ ლაბორატორიული სინჯებითა და სპეციალური პროცედურებით აკეთებენ ხოლმე. ასურეთის ბაღში კი მსგავსი რამ არ მომხდარა.

ახლა კი მერია პასუხისმგებლობას თავს არიდებს. თუმცა, ასე არ გამოვა. ის რომ ასიათასობით ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯა, სამუშაო სათანადო შემოწმების გარეშე ჩაიბარეს და შენობა მალევე დაზიანდა, ფაქტია და ამას მერიის პასუხისმგებელი პირები ვერსად გაექცევიან.

რას უპირებენ უბაღოდ დარჩენილ ბავშვებს?

ახლა, ასურეთში 38 ბავშვი ბაღის გახსნის მოლოდიშია, ეს ის ბავშვებია, ვინც უარი თქვა სხვა სოფელის ბაღებში სიარულზე. ჩვენ 10-მდე მშობელს ვესაუბრეთ ასურეთიდან. ისინი ერთხმად ამბობენ, რომ მათ ბაღის დახურვის შესახებ მხოლოდ აგვისტოს ბოლოს,  სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი-ორი კვირით ადრე შეატყობინეს.

ახლა კი ეუბნებიან, რომ მათმა ბავშვებმა ან სხვა სოფლის ბაღში უნდა იარონ ან დაელოდონ ახალი ბაღის შენობა როდის დაიწყებს ფუნქციონირებას. ხმები დადის სოფელში, რომ ამ დაბზარული შენობის რეაბილიტაციას გეგმავს მერიაო. თუმცა, ეს როგორ და როდის მოხდება, არავინ იცის.

სოფელში სხვა ფართის ქირაობას და ბაღის დროებით იქ გადატანაც იგეგმებოდა, თუმცა როგორც მშობლები ამბობენ ეს ამბავიც არ გამოვიდა და ავარიული ბაღის შეკეთებამდე  ბავშვებმა ან მეზობელი სოფლის, ფარცხისის ბაღში 15 წუთის სავალ გზაზე უნდა იარონ ან სახლში იყვნენ. ასურეთიდან ფარცხისამდე ყოველ დღე 10 კმ-ის გავლა პატარებისთვის მარტივი არ არის.

მშობლები ამბობენ, რომ ბავშვები ხშირად ავად ხდებიან ან ბაღში რამეს იზიანებენ და მათ წამოსაყვანად მანქანის ან სხვა ტრანსპორტის შოვნა დასჭირდებათ. ეს კი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგულარულად არ დადის და გადაადგილება საკუთარი მანქანის გარეშე რთულია.

ასურეთის საბავშვო ბაღის ეზო
ბაღის ეზო

“მე მყავს 4 წლის შვილი და ზამთარში ვერაფრით ვერ ვატარებ, მარშუტკაში ვერ ჩავსვამ და ვერ გავუშვებ. სწავლის პროცესის დროს ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვს ან ტემპერატურა ჰქონია, ან უცებ ბაღში რაღაცა უტკენია, გავქცეულვარ და ბავშვი მომიყვანია სახლში. ახლა ამხელა მანძილზე როგორ მივიდე, რომ რამე მოხდეს? მანქანა უნდა მოვიძიო და ა.შ. ეს პირობები მე არ მაკმაყოფილებს, არ ვიცი რა ტრანსპორტით ივლიან”, – გვიყვება ნატო კობახიძე.

“ერთი ბიჭი მყავს, 3 წლის. ძალიან ცუდად მოქმედებს მასზე ის, რომ ვერ დადის ბაღში. რომ არ მიმეყვანა და არ იცოდეს, რა ხდება იქ, კიდევ ადვილი იქნებოდა, ალბათ. მეგობრებიც ენატრება და ბაღის გარემოც. ახლა დავრჩით სახლში, მოვლა-პატრონობა არც სახლში აკლია, მაგრამ ბაღში მაინც სხვანაირად ვითარდება ბავშვი”, – გვეუბნება სოფო არჩვაძე.

ამრიგად, წელს ასურეთიც შეუერთდა იმ სოფელთა რიცხვს, რომელშიც ბაღი ხელმისაწვდომი არაა. 2023 წელს UNICEF-ის მიერ ჩატარებულ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, საქართველოში საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვების მხოლოდ 72.2% დადის. ევროპული სტანდარტით კი ეს მაჩვენებელი 95% უნდა იყოს. საქართველოს მოსახლეობის 44% ხელისშემშლელ ფაქტორად საცხოვრებლის სიშორეს ან სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობას ასახელებს.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთი ამოცანაა, რომ 2030 წლისთვის “ყველა გოგოსა და ბიჭს ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან ადრეულ განვითარებაზე, ზრუნვასა და სკოლამდელ განათლებაზე ისე, რომ ისინი მზად იყვნენ დაწყებითი განათლებისთვის“. გაერო მთავრობებს, მათ შორის ჩვენსას, მოუწოდებს, რომ უზრუნველჰყონ ბავშვების, მინიმუმ, ერთწლიანი ჩართულობა სკოლამდელ განათლებაში.

ასურეთში კი პირიქით ხდება, ზრუნვა და განვითარება კი არა, ბავშვებს შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე შექმნოდათ ამ შენობის გამო, რომელმაც იმაზე ნაკლებ ხანს გაძლო, ვიდრე ახალნაყიდი მაცივარი გაძლებდა სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში. 

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები 

Untitled 1 01

მასალა მომზადებულია EU4IM პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კონტენტზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს ევროკავშირის ხედვას.

მასალაში გამოყენებული წყაროები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დროებითი კონსტრუქცია – საფრთხე თუ ხსნა გელათისთვის?
გელათის გადახურვა და საზიანოდ გაფლანგული დრო

დროებითი კონსტრუქცია – საფრთხე თუ ხსნა გელათისთვის?

გელათის მთავარ ტაძარს ახლა სახურავის რამდენიმე ფენა აქვს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share