fbpx

რატომ ვერ აყვავდა იმერული ჩაი

ცაი გეზრული 4 scaled 2

Პირველი ქართული ჩაი გურულებმა, მე-19 საუკუნეში მოიყვანეს. გურული ჩაი გამოფენებზე მოგზაურობდა და ოქროს მედლებით ჯილდოვდებოდა. მე-20 საუკუნეში საქართველო მსოფლიოში ჩაის რიგით მე-4 ექსპორტიორი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, ქვეყანამ ჩაის საზღვრებს გარეთ გატანა შეწყვიტა. Საბჭოთა პლანტაციების დიდი ნაწილი გაპარტახდა და სახელმწიფოს ბალანსზე დარჩა. 

გაველურებული ჩაის ნარგავების გადარჩენაზე ზრუნვა 2016 წელს დაიწყეს. ამუშავდა ჩაის ძველი პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა. თუმცა, ამან ვერც ქართული ჩაი ააყვავა და ვერც ადგილობრივი ბიზნესი. ბუჩქებს ისევ სარეველა ახვევიათ, მათი მოვლისთვის გამოყოფილი თანხები კი ხელისუფლების ახლობლებმა აიღეს. 

დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, დაფინანსდა ჩაის პლანტაციების მფლობელი 57 იურიდიული პირი. ამაში, ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

იმერეთში სულ 16 ბენეფიციარი დაფინანსდა. მათგან 6 მმართველი პარტიის ყოფილი ან ახლანდელი წევრები, მათი მეგობრები ან ნათესავები არიან. 

პროგრამით კოოპერატივები და ინდ.მეწარმეები დააფინანსეს. ვისაც ჩაის ნარგავები უკვე ჰქონდა, თანხა მის აღსადგენად ჩაურიცხეს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პლანტაციები კი მოსავლელად ბიზნესმენებს გადაულოცეს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მათ პლანტაციები იჯარით მისცა.

იმერეთში მეჩაიეები დააფინანსეს ჭიათურაში, ვანში, ხონში და ტყიბულში. ყველაზე მეტი, 7 პლანტაცია ჭიათურაშია. 

დაფინანსებულ ბენეფიციარებს რამდენიმე ვალდებულება ჰქონდათ: ნარგავების გაწმენდა ხეების,მეტალის,ბეტონის და სხვა საგნებისგან, სადრენაჟე არხების მოწყობა, ბუჩქების გასხვლა, ნიადაგის გაფხვიერება და სასუქის შეტანა. ჩვენ 10 პლანტაცია მოვინახულეთ. ყველაზე კარგი მდგომარეობა ვანსა და ტყიბულში დაგვხვდა.

ჭიათურაში ჩაიმ ვერ გაიხარა 

სოფელ ნიგოზეთში აქვს პლანტაციები კოოპერატივ “მთის ჩაის”. ისინი “ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაში” 2016 წლიდან ჩაერთნენ. კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი შორენა კვანტალიანი ფრაქცია “ჭიათურის მომავლისათვის” ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი კაპანაძის მეუღლეა

 პლანტაციას მათი შვილი, ნიკოლოზ კაპანაძე უვლის. კოოპერატივის წევრებმა ჩაის მოვლის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. ამიტომ, ყველაფრის შესწავლა მარტომ გადაწყვიტა. 

გვიყვება, რომ მათთვის ცოდნა არც არავის მოუთხოვია. აუცილებელი კრიტერიუმი იყო მხოლოდ საკუთარი პლანტაციის ქონა და კოოპერატივად რეგისტრაცია. გამოდის, სოფლის განვითარების სააგენტომ დააფინანსა ისეთი ხალხიც, ამ საქმიანობის რომ არაფერი გაეგებოდათ. ამას აუდიტიც ადასტურებს. მათი ანგარიშის მიხედვით, სოფლის განვითარების სააგენტომ პროექტის დაწყებისას არ იცოდა ჩაის წარმოების და გადამუშავების ფაქტობრივი მონაცემები. 

“ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის” ერთ-ერთი მიზანი “საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა”. ბოლო წლებში ქართული ჩაის ექსპორტი კი გაიზარდა, მაგრამ არავინ იცის, ეს სუბსიდირების პროგრამის ხარჯზე მოხდა თუ არა. სოფლის განვითარების სააგენტოს ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა არ ჩაუტარებია. ჭიათურული Ჩაის გასაღება არა თუ საზღვარგარეთ, ქართულ ბაზარზეც უჭირთ. 

“ჩაის რეაბილიტაციისათვის, ხალხი კრედიტს აიღებს და რაღაცას მოახერხებს, რეალურად, გასაღების ბაზარზე გასვლაა პრობლემა. საქართველოში ბაზარი ძალიან მწირია. ძირითადად, ჩეხეთში გაგვაქვს. ჩინეთში გვინდოდა გაგვეტანა, იყო შეთანხმება, მაგრამ მერე აღარ გამოჩნდნენ. საქართველოსთვის ძვირია და აღარც ვცდილობ, რომ შევიტანო. მხოლოდ ორ ადგილას, ბათუმსა და თბილისში გვაქვს ობიექტი, სადაც ვყიდით,”- გვიხსნის ნიკოლოზ კაპანაძე.

ტყეში ოცწუთიანი სვლის შემდეგ ჩაის ნარგავებამდე მივდივართ. ბუჩქები რიგებად ფერდობზეა შეფენილი და ძალიან განსხვავდება იმ ჩაისგან, ფილმებში რომ გვინახავს. პლანტაციის მთავარი მტერი გვიმრა და ეკალია, რომელიც ბუჩქებში ბლომად დავინახეთ.

ჩაი 1 scaled
კოოპერატივ “მთის ჩაის” პლანტაცია ნიგოზეთში

ნიკოლოზ კაპანაძის მონაყოლით ირკვევა, რომ ჭიათურაში ჩაის რეაბილიტაციაში ფულის ხარჯვა ჭკვიანური გადაწყვეტილება არ იყო. აქ ჩაის მოვლა არ იციან, ჭირს მუშახელი და წარმოებაზე გასვლაც. ასეთი პრობლემაა ჭიათურის სამ სოფელში, ზოდში, მანდაეთში და თვალუეთში. 

“მთის ჩაის” წარმომადგენელი ფიქრობს, რომ პროგრამას თავად რომ გეგმავდეს, მეტად იზრუნებდა ქართული ჩაის პოპულარიზაციაზე ქვეყნის საზღვრებში და მის გარეთ. გასაღებაში ხელს სწორედ ეს უშლით.

სოფლის განვითარების სააგენტო ჩაის პლანტაციებს კი ეხმარება, მაგრამ იმით არა, რაც სჭირდებათ. “მთის ჩაი” საშრობს ითხოვდა, მაგრამ ჩაის დასახვევი ტექნიკა გადასცეს. რომელიც ისედაც საკმარისი ჰქონდათ. 

“ვითომ ხომ მოვიდა დახმარება ჩვენამდე, მაგრამ არ გვადგია არაფერში, ჯერჯერობით. თან შეხვედრაზე დაგვიბარეს და ვუთხარით, ეს გვჭირდება ყველაზე მეტად-თქო და ჩამოგვიტანეს ის, რაც არ გვჭირდებოდა,”- ამბობს ნიკოლოზ კაპანაძე.

სახარბიელო მდგომარეობა არც სოფელ გეზრულშია. კოოპერატივ “ხავერდოვანი ჩაის” პლანტაციაში ბუჩქები ისეა ერთმანეთში გადახლართული, მათ შორის გავლა რთულია. ნარგავები გვიმრითა და სარეველებითაა სავსე.

ჩაი გეზრული 1 scaled
კოოპერატივ “ხავერდოვანი ჩაის” პლანტაცია გეზრულში

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სოფელ ქვაციხეში. კოოპერატივ “ქვაციხის ჩაის თაიგულს” სოფლის გამგებელი, “ქართული ოცნების” წევრი ტარიელ ჩუბინიძე ფლობს. წელს მათ 5 ტონა ჩაი დაამზადეს.

“სიკვდილის პირზე იყო მისული, ტყე იყო და ტყის ქვეშ იყო პლანტაცია, ითხოვდა შველას და იმ დროს მივუსწარით,”- ამბობს ტარიელ ჩუბინიძე.

წარმოება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე

მეჩაიე გაბრიელ თენეიშვილს სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ჩაის წარმოებას დამოუკიდებლად ახერხებს. აშკარაა, იმაზე წარმატებულად, ვიდრე სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსებული კოოპერატივები. ის წელიწადში 3-4 ტონა, სხვადასხვა სახეობის მზა ჩაის იღებს. 

თენიეშვილის ჩაი 1
გაბრიელ თენეიშვილის პლანტაცია ოზურგეთში, სოფელ ბახვში (წყარო:freshcup.com)

თენეიშვილს Სუბსიდირების პროგრამა არ მოსწონს, რადგან მისი აზრით, თანხებს და ტექნიკას არამიზნობრივად გასცემენ. 

“დანადგარები სასაცილოდ აქვთ გადაცემული. აძლევენ გადამამუშავებელ ‘როლერს’, რომელიც საათში 150 კილოგრამს ახვევს და თან აძლევენ ერთ საშრობს. სისულელეა, უბრალოდ. ვერ გამოიყენებენ, არარსებულია, რომ 10-კილოგრამიანი საშრობით გააშრო 150 კილოგრამი,”- ამბობს მეჩაიე თენეიშვილი.

რას ფიქრობს სოფლის განვითარების სააგენტო?

“ქართული ჩაის” პროგრამის მენეჯერი, ლევან უროტაძე ამბობს, რომ თუ რომელიმე მეწარმე სასურველ შედეგზე ვერ გავიდა, ეს მისი პრობლემაა. იმასაც აღიარებს, რომ სააგენტოს ამ ეტაპზე არ გააჩნია რესურსი ყველა ბენეფიციარი სათითაოდ შეამოწმოს და გაიგოს, ვინ რას აკეთებს სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხით.

“თუ ვინმე ნაკისრ ვალდებულებებს საერთოდ არ შეასრულებს, ჩვენს მიერ სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემულ თანხას სასამართლოს ძალით დავიბრუნებთ. იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში კი რეაბილიტირებული პლანტაცია დარჩება სახელმწიფოს. ამ ეტაპზე ეს საშიშროება არაა. ისეთი სიტუაციაა, რომ ყველა მეჩაიე შეძლებს გააკეთოს რაღაც, მინიმალური მაინც,” – ამბობს ლევან უროტაძე.

პროგრამის ბენეფიციარებს ევალებოდათ, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა და აღჭურვა, საწარმოში სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგვა. ეს პირობები ქვეყნის მასშტაბით 19-მა ბეფენიციარმა არ შეასრულა. Სოფლის განვითარების სააგენტომ “გამოსავალს” მიაგნო და 2020 წლიდან ახალ და ძველ ბენეფიციარებს ეს ვალდებულებები საერთოდ მოუხსნა.

ვის ხელშია იმერული ჩაის წარმოება?

იმერეთში დაფინანსებული 16 ჩაის პლანტაციიდან 6 “ქართულ ოცნებასთანაა” დაკავშირებული.

სოფელ ქვაციხის გამგებლის, ტარიელ ჩუბინიძისაა “ქვაციხის ჩაი”. მის მეზობლად რეგისტირებულ “საკურწეს” კი ფრაქცია “ჭიათურელის” ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის წევრები ფლობენ.

რკ ბიო ჩაი ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, გიორგი კაპანაძის და მისი ოჯახის წევრებისაა.

ვანში “ფერეთა ჩაი” ამ სოფლის გამგებელ ბექა ლაჭყეპიანის და სოფელ სალომინაოს გამგებლის, აგაბო ლომინაძისაა. ხონში რკ თამარის ჩაის ერთ-ერთი მფლობელი თამარ გენძეხაძე ხონის მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორია.

მმართველ პარტიასთანაა დაკავშირებული ტყიბულის ჩაის პლანტაციაც. შპს ოკრიბას ფლობენ: თბილისის საკრებულოში “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე ვლადიმერ ძნელაძე და სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ეკატერინე წერეთელი. კოოპერატივის კიდევ ორი წევრი, ირაკლი დარახველიძე და მუხრან ბაგრატიონი “ოცნების” შემწირველები არიან. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ხმები საოკუპაციო ხაზიდან
khmebi saok

ხმები საოკუპაციო ხაზიდან

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share