fbpx
324934259 951669019153505 3396726234632510599 n

რატომ არ აქვთ ბუნებრივი აირი ზედა ჭყეპში?

ტყიბულში, ორპირის თემში ერთი პატარა სოფელია – ზედა ჭყეპი. როგორც იმერული სოფლების უმეტესობას, მათაც, არც გზა აქვთ და არც წყალი

ამ პრობლემებს კიდევ ერთი ემატება – სოფელში ბუნებრივი აირიც არაა. ზამთრის ცივ დღეებს შეშის ღუმელთან ატარებენ. არადა, გაზის მილები აქ გასული წლის გაზაფხულზე გაიყვანეს. 

“რა ვიცი, მაგენისას ვერ გაიგებ რამეს… [გაზი] ამდენ ხანსაც უნდა იყოს. მაგისთანა შეპირებები ბევრია, მარა ამსრულებელი – არავინ. ჩვენ ვცხოვრობთ ჯურღმულში. წასვლა მინდა, წყალი აქ არაა,  გზა რაღაც იბორძიკეს და კი შეხედავდით, როგორია…,”- მოგვიყვა ადგილობრივი ლამზირა მერკვილაძე. მისი თქმით, ოჯახის ყველა წევრი ქალაქში ჰყავს, თუმცა სოფელში რომ ამოდიან, სათანადო პირობები სჭირდებათ და არ აქვთ.

აქ სახლების უმეტესობა მიტოვებულია. ორიოდე მოსახლე ძლივს ვიპოვეთ. არადა, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, აქ 91 ადამიანი ცხოვრობდა. სოფელს იმდენად ცუდი გზა აქვს, რომ უბნიდან უბანში მანქანითაც ვერ გადავედით.

324503880 1287801765116656 8456586258082992772 n
ზედა ჭყეპი. ფოტოზე ჩანს მრიცხველის ბუდე, რომელიც უმოქმედოა.

შარშან შემოდგომაზე ზედა ჭყეპის გზაზე მთის ქანის ხრეში დაყარეს და ტრაქტორით დატკეპნეს. სამუშაოები შპს “ბნმ ჯგუფმა” 10 ათას ლარად შეასრულა. იმის გამო, რომ გზა ტალახიანი არაა, ზამთარში მაღალი გამავლობის მანქანითაც ამოხვალთ.  თუმცა, პრობლემად რჩება გათბობა.

“ეს სოფლები ყველა დაიქსელა, მოყვანილია, ონკანი დგას. მე მგონი, დაპრესეს, ესე იგი, შეამოწმეს… 2021 წლის დეკემბერი იყო, რომ დაამთავრეს სამუშაოები და მერე ხელი არ უხლია არავის ამისთვის,’’- გვითხრა ბუნებრივ აირზე საუბრისას ზემო ჭყეპელმა ბიქტორ გვანცელაძემ.

ადგილობრივ მთავრობასთან მოვიკითხეთ, როგორ აპირებენ სოფლის პრობლემების მოგვარებას, როდისთვის უნდა ელოდნენ ადგილობრივები გზას და ბუნებრივ აირს. ზედა ჭყეპში ტყიბულის მერის წარმომადგენელი მელიტონ ზოსიაშვილია. მისი თქმით, გზის დაგება 2023 წლის გეგმებში აქვთ.ბუნებრივ აირზე კი ბევრი არაფერი იცოდა. 

“პროექტი გაკეთებული გვაქვს და იგეგმება ერთი კილომეტრის მონაკვეთის დაგება, პრიორიტეტებში ჩასმულია უკვე. სოფლის პროგრამით როგორც მოხერხდა, მონაკვეთები შესწორდა ხრეშით… სამომავლოდ იქნება ბეტონის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი. [გაზის შესახებ] ინფორმაციას მწირად ვფლობთ, იმიტომ რომ “სოკარზე” იყო დამოკიდებული. როგორც გვაქვს ინფორმაცია, თებერვლის თვეში გააგრძელებს გამრიცხველიანებას…” – გვითხრა მერის წარმომადგენელმა მელიტონ ზოსიაშვილმა.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ადგილობრივი მთავრობის მუშაობაზე დაკვირვება, გახდით ჩვენი სპონსორი

ზედა ჭყეპთან ერთად ბუნებრივი აირი ტყიბულის კიდევ შვიდ სოფელში უნდა შევიდეს. ესენია:  დაბაძველი, ძუყნური, ლეღვა, ხრესილი, ბუეთი, ჯონია და ქვედა ჭყეპი. მილები “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” დაქირავებულმა შპს “ინტერგაზმა” გაიყვანა. სამუშაოები 2022 წლის ზაფხულზე დასრულდა. თუმცა, ხალხს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ აქვს.

“აი, ფაქტმა” იკვლია, რატომ ვერ ხერხდება სოფლებზე გაზის მიწოდება დახარჯული მილიონის მიუხედავად. ამ ამბავზე ვრცელ სტატიას მალე შემოგთავაზებთ.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ადგილობრივი მთავრობის საქმიანობაზე დაკვირვება, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
რა ხდება, როცა საქმეს სახელმწიფო კომპანიები აკეთებენ? 
gaz cover e1674108409133

რა ხდება, როცა საქმეს სახელმწიფო კომპანიები აკეთებენ? 

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share