fbpx
დაზიანებული შატილის კოშკები

შატილის კოშკები ზიანდება – მოვლის ერთიანი გეგმა არ გვაქვს

ავტორი: ნინო მირიანაშვილი

კვლევაზე მუშაობდნენ: ანა რობაქიძე და მარიამ სიმსივე

კულტურული მემკვიდრეობის შემდეგი ძეგლი, რომელიც ზიანდება და მისი გადარჩენის ერთიანი, ორგანიზებული სქემა და სისტემა არ გვაქვს – შატილის კოშკებია. შუა საუკუნეებში აშენებული ეს ნაგებობები ახლა დროის დინებას ვეღარ უძლებს – მათი რეაბილიტაცია კი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ალბათ, საქართველოში, გელათის ამბის შემდეგ, ეს აღარავის უკვირს.

იუნესკო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაა და მსოფლიოს მასშტაბით კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, საკუთარ საიტზე შატილს მოიხსენიებს როგორც შუა საუკუნეებიდან შემორჩენილ უნიკალურ დასახლებას.

“შატილში წარმოდგენილია უნიკალური არქიტექტურული მეთოდები და ხედვები: ადგილმდებარეობის შერჩევა, რთული რელიეფის განვითარება, მიწის რაციონალური გამოყენება, მულტიფუნქციურობა, შენობების ვერტიკალური განლაგება, ოპტიმალური ორიენტირება” – წერია იუნესკოს ვებგვერდზე.

ფაქტია, რომ წარსულში ქართველებს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეში უფრო მეტი ცოდნა ჰქონდათ, დღეს კი იმასაც ვერ ვუვლით, რაც ისტორიამ შემოგვინახა.

თუ შატილში მოხვდებით, თვალი კარგად შეავლეთ კოშკებს. ჩეჩნეთის საზღვარზე მყოფ ამ პატარა დასახლებაში ახლა 50-ზე მეტი კოშკია შემორჩენილი. ხევსურეთის საგანძური, ერთი შეხედვით, ჯერ კიდევ მყარად დგას.

თუმცა, დაკვირვებით დათვალიერებისას აღმოვაჩენთ, რომ დაბზარული და დაზიანებულია არაერთი კოშკის კედელი, საძირკველი თუ აივანი; მორღვეულია ფიქალი ქვების წყობა; თვალშისაცემია შატილის ლანდშაფტისთვის შეუსაბამო გადახურვებიც.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ კოშკები ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წვიმისა და თოვლის წყლის კედლებში გაჟონვამ. ასე წერია სოფელ შატილის მე-20 ნაგებობის რეაბილიტაციის პროექტშიც: “კედლის ჩამონგრევის მიზეზებია კოშკებს შორის გამავალ ბილიკებზე წვიმის წყლის ჩამოდინება, რომელიც რეცხავს კედლებსა და კლდეებს შორის სივრცეს. ამ კედლის ჩამონგრევის შედეგია მის ზემოთ ორი დიდი ნაპრალის გაჩენა.”

მე-20 შატილის კოშკი 2024 წლის აგვისტო
მე-20 ნაგებობის ბზარები 2023 წელს

“ახლა სახურავები რომ მოაწყვეს, წყალი შიგნით, კოშკში არ ჩადის, მაგრამ სამაგიეროდ კედლებში მიდის. ზამთარში მე ბევრჯერ ვყოფილვარ აქ და რომ ვაკვირდები, თბილ ამინდებში, თოვლი რომ დნება, პირდაპირ კედლებში მიდის. მერე ყინვა ხეთქავს იმ კედლებს. რესტავრაციის მიზანი უნდა იყოს, რომ წყალი არ მოხვდეს კედელს. ეს თუ მოგვარდა, დამთავრდება ყველანაირი პრობლემა”, – გვითხრა შატილის მე-20 ნაგებობის პატრონმა, შოთა ჭინჭარაულმა.

ამის თავიდან ასაცილებლად, თითოეული კოშკისთვის ისეთი გადახურვის მოწყობაა საჭირო, რომ სახურავიდან წამოსული ნალექი კოშკების კედლებზე კი არ ჩამოედინოს, არამედ ე.წ კარნიზების, ჰორიზონტალური შვერილების საშუალებით დაიწრიტოს და კედელმა სიმშრალე შეინარჩუნოს. შატილში ასეთი “კარნიზი” მხოლოდ ზოგიერთ კოშკს აქვს. შესაბამისად კულტურული ძეგლების კედლები სველდება, იყინება, იბზარება და ინგრევა.

ამ პრევენციული ზომების ნაცვლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კოშკების რეაბილიტაციას იწყებს მაშინ, როცა ის უკვე დაზიანებულია. არადა, სააგენტოს მოვალეობა კოშკების კონსერვაცია – იგივე მოვლა-პატრონობაცაა. ასეთ შემთხვევაში, კოშკები სავალალო მდგომარეობამდე არც უნდა მივიდეს.

“სააგენტოს მიზნები და ამოცანებია: ა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) დაცვა, შესწავლა, კვლევა, გამოვლენა-ინვენტარიზაცია, აღრიცხვა-დოკუმენტირება, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია,”- წერია მათ დებულებაში.

2022 წელს, შატილში ორი კოშკის დამაკავშირებელი ხიდი ჩამოინგრა. ამ ადგილას, ყოველდღიურად, ათობით ქართველი თუ უცხოელი ტურისტი დადის და ბუნებრივია, სერიოზულ ხიფათს გადაურჩნენ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კი ეს გადასასვლელი მას შემდეგ შეაკეთა, რაც სოციალურ ქსელში დაზიანების ამსახველი ფოტოები გავრცელდა და ეს ამბავი მედიამ გააშუქა.

ჩამონგრეული კეზი 2022 წელი - ფოტო გიორგი ჭინჭარაული
კულტურული ძეგლის ჩამონგრეული ხიდი 2022 წელს,
ფოტო: შატილის მკვიდრის ფეისბუქ ანგარიში

“გაგვიმართლა, რომ იმ დროს არ ჩამოინგრა, ზედ რომ ხალხი იყო… რამდენიმე ბანიც ავარიულია და ტურისტები ისე დადიან ზედ, არ იციან, რა დროს ჩაინგრევა…,”- წერდა შატილის ერთ-ერთი მკვიდრი სოციალურ ქსელში. რომ ვკითხეთ, რატომ არ მიექცა ყურადღება დამთვალიერებლისთვის ასეთ მნიშვნელოვან ადგილს, გვითხრა – სააგენტოს ჰქონდა ამ ხიდის მდგომარეობაზე ინფორმაცია, მაგრამ რეაგირება მას შემდეგ მოჰყვა, რაც ჩამოიშალაო.

“…შატილის ციხე-სოფელში ჩამოიშალა გადასასვლელი ბანი, რასაც, საბედნიეროდ, არ გამოუწვევია არც ადგილობრივი მოსახლეობის და არც ვიზიტორთა დაზიანება,”- წერდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გადაუდებელი შესყიდვის დასაბუთებაში.

“თითქმის ყოველ წელს თითო კოშკი ინგრევა. იშვიათად, რომ გადარჩეს რომელიმე.წელს არა, მომავალ წელს დაინგრევა, ის ბზარები იზრდება და მერე ის გაზრდილი ბზარები ნგრევას იწვევს. ერთმანეთზეა მიბმული, ერთმანეთს აკავებდა ეს კოშკები და ერთი რომ დაინგრევა, მეორე თავისთავად სირთულეში აღმოჩნდება”, – გვითხრა 2023 წლის აგვისტოში, ადგილობრივმა შოთა ჭინჭარაულმა.

ამ გამოწვევას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ერთიანი სტრატეგიით ვერ პასუხობს. ისინი წერტილოვნად ამაგრებენ და რეაბილიტაციას უკეთებენ იმ კოშკებს, რომელიც უკვე ავარიულია.

 “არ არსებობს შატილის კომპლექსის მართვის გეგმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რთულია შესადგენად, ბევრია საფიქრი და შემდეგ უკვე დოკუმენტის სახით უნდა დაიდოს. ამ დოკუმენტში უკვე გაწერილი იქნება მოვლა-პატრონობის დეტალური საშუალებები, რომელ კოშკს უჭირს ძალიან… როგორ უნდა მოხდეს, მაგალითად, რესტავრაციას ვინ პატრონობს, ისევ თბილისიდან დარბიან ამის საპატრონოდ თუ ადგილზე შეიძლება რაღაც ძალები გამოიყოს…”, – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძემ, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში წლების განმავლობაში ებარა კულტურული ძეგლების კვლევის საკითხები.

მინისტრმა წულუკიანმა გაგოშიძე სამსახურიდან 2022 წლის იანვარში პოლიტიკური მოტივით ჩატარებული წმენდისას გაათავისუფლა.

ასეთი კომპლექსური დოკუმენტის შექმნის მცდელობა იყო 2013-2014 წელს, როდესაც სააგენტომ სამუშაოები კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირ “ამქარს” დაუკვეთა.

“ამქარმა” შატილის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციის დოკუმენტში დაწერა, რომ კოშკების ჰიდროიზოლაციის 50% გამოსაცვლელი იყო. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, კოშკებმა 10 ზამთარი და ყინვა გამოიარა, დაზიანებული ჰიდროიზოლაციის გამო კოშკების კედლები კი დაიბზარა და დაიბერა.

 ამ წლების განმავლობაში კი შატილში სულ 14 კოშკს ჩაუტარდა რეაბილიტაცია – უმეტესობას მას შემდეგ, რაც ჩამოინგრა, სახურავის კოჭები დაულპა, კედლები დეფორმირდა ან ბზარები გაუჩნდა.

რა გაკეთდა შატილში 2000 წლიდან დღემდე?

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შატილში კოშკების გამაგრება და შეკეთება 2000 წლიდან იწყება და სამუშაოები რამდენიმე ძირითად ეტაპად მიდის.

ციხე-სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები, თავდაპირველად, 2000 წელს, მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. მაშინ 29 კოშკი სტრუქტურულად გაამაგრეს და სახურავები შეუკეთეს.

კოშკების რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი 2012 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდში შეკეთდა სამი კოშკი – ნომრებით, 43, 44 და 45. მათგან ორი კოშკის კედელი იმდენად იყო დაბზარული, რომ დაშლა და ახლიდან ამოშენება გახდა საჭირო.

“ვუყურებდი, ბეტონში რომ გააკეთეს ჯერ და მერე ქვაში, ქვით მოაპირკეთეს მარა… უკვე დაბრეცილია კოშკი, ზოგან გამოსულია, ზოგან შესულია შიგნით. სპეციალისტები აღარ არიან, ქვის მშენებელი სპეციალისტები აღარ არიან”, – გაიხსენა შოთა ჭინჭარაულმა, რომელიც თავადაც მშენებელია.

ისტორიულად, კოშკებს ფიქალის ქვის მშრალი წყობით აშენებდნენ, ნაწილი კი კირის ხსნარზეა ნაგები. მათზე ბეტონის გამოყენება კი მიზანშეწონილი არ არის.

“ზოგადად, ბეტონი (სხვადახვა კომპონენტის შერევის შედეგად, ხელოვნური გზით მიღებული სამშენებლო მასალა) და ბუნებრივი ქვა – ფიქალი, ტემპერატურული რეჟიმის ცვლილებებზე (ყინვაზე, ატმოსფერულ ნალექზე, მზეზე) სხვადასხვანაირად რეაგირებს. ასეა შატილშიც. სხვადასხვანაირად მუშაობს ეს ორი მასალა მიწისძვრების დროსაც: მშრალი წყობით, ხშირად დუღაბის გარეშე ნაგებ ფიქალის კედელს მიწისქვეშა ბიძგებმა, შესაძლოა, თავად ვერაფერი დააკლოს, მაგრამ ბეტონთან გადაბმის ადგილებში წარმოიქმნას პრობლემა. გასათვალისწინებელია მასალის მასაც (სიმძიმე). მითუმეტეს, თუ ბეტონი ციხე-სახლისა თუ კოშკის დამაბოლოვებელ, ზედა ნაწილშია გამოყენებული. ამიტომ არის რეკომენდებული, რესტავრაცია ყოველთვის იგივე სამშენებლო მასალითა და ტრადიციული ტექნოლოგიით მოხდეს, რითაც აგებულია თავდაპირველად ესა თუ ის ნაგებობა”, – გვიხსნის ტრადიციული არქიტექტურის მკვლევარი ნანა მეფარიშვილი, რომელიც წლებია, შატილის პრობლემებს თვალს ადევნებს და ძეგლის მდგომარეობის შესახებ რესტავრატორებისგანაც სმენია.

12 წლის წინ სამი კოშკის რეაბილიტაცია სამ ეტაპად ჩატარდა და ჯამში, 230 000 ლარზე მეტი დაჯდა. 2023 წლის ზაფხულში შატილში ჩასულებს ამ კოშკების დეფორმირებული კედლები და ჩამოშლილი ბეტონი დაგვხვდა.

მაშინ ძეგლთა დაცვის სააგენტომ შატილის კოშკების შეკეთება შპს “კონსტრუქტორი 2012-ს” ანდო. კომპანიას, რომელიც ახლა უკვე აღარ ფუნქციონირებს, კოშკების გარდა სულ სამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე აქვს ნამუშევარი.

მათგან ერთ-ერთი თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სურბ ნშანის ტაძარი, რომლის რეაბილიტაციაშიც 600 000 ლარზე მეტია დახარჯული. ამ ძეგლის სანახავადაც მივედით. გვაინტერესებდა, როგორ იყო შესრულებული სამუშაო. ეკლესია რკინის კონსტრუქციებით გამაგრებული დაგვხვდა, რადგან დაზიანებები კვლავ მიმდინარეა. მის გარშემო მოსახლეობას კი იმის შიში აქვს, რომ ტაძარი მალე დაინგრევა.

როგორც ერთ-ერთი მოსახლე გვიყვება (რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა), კომპანიამ სამუშაოები შუა გზაში მიატოვა და მას შემდეგ ტაძრის რეაბილიტაციისთვის იქ აღარავინ მისულა.

“სურბ ნშანის” ამ მდგომარეობაში ნახვის შემდეგ, ჩვენთვის ცხადი გახდა, რატომაა ამ კომპანიის მიერ შატილში რეაბილიტირებული კოშკები ისევ დეფორმირებულ მდგომარეობაში.

2012 წლის შემდეგ დგება ახალი ეტაპი – 2013-2014 წელი, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ “ამქარს” დაავალა შატილის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. მაშინ ორგანიზაცია სააგენტოს ეუბნებოდა, რომ ციხე-სახლების ჰიდროიზოლაციის ნახევარი შესაცვლელი იყო, 23 კოშკს კი სერიოზული დაზიანებები ჰქონდა.

ჯერ კიდევ 2013 წელს, “ამქარის” ხელოვნებათმცოდნეები კოშკების მდგომარეობას ამ სიტყვებით აფასებდნენ – “პრობლემებით დახუნძლული”, “კრიტიკულ ზღვარზე მისული”. ორგანიზაცია სამუშაოებს აუცილებლად და გადაუდებლად მიიჩნევდა, თუმცა სააგენტოს მომდევნო სამი წელი აქტიური ქმედება არ დაუწყია – ვიდრე მე-6 კოშკს კედელი არ ჩამოეშალა.

ამ კოშკის რეაბილიტაცია ორ ეტაპად წარიმართა – 2017 და 2018 წლებში. პირველი ეტაპი, რაც, ძირითადად, ნანგრევი მასალის და ჩახერგილობის გაწმენდას გულისხმობდა, ისევ გამოუცდელმა კომპანია “გრინველმა” დაიწყო, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე დაიწყო.

დაზიანებული შატილის კოშკი
ჩამონგრეული მე-6 კოშკი, ფოტო: რეაბილიტაციის პროექტიდან

კომპანია 2016 წელს შეიქმნა და ამ ტენდერამდე სხვა ტენდერი არ მოუგია, პირდაპირ შატილის კოშკის აღდგენა დაევალა. მე-6 კოშკის მეორე ეტაპი გულისხმობდა დანგრეული კედლების აღდგენას სიპი ქვით და ახალი მასალის დამატებით, ხის სართულშუა გადახურვის მოწყობას, მოაჯირების და კიბის აღდგენას – ეს ნაწილი “სამშენებლო სარესტავრაციო კომპანიამ” შეასრულა.

ამავე კომპანიამ 2019 წელს მე-17 ციხე-სახლზეც იმუშავა – მაგალითად, გადააწყო მშრალად ნაგები კედელი, მოაწყო რკინა-ბეტონის ფილა და ბრტყელი სახურავი.

შემდეგი ტენდერი უკვე 2022 წელს გამოცხადდა. სამი წლის განმავლობაში კი შატილის კოშკები კვლავ ზიანდებოდა. ბოლო ორი წელია სამუშაოებს კომპანია “არქიტექსი” ასრულებს, ტენდერებსაც უკონკურენტოდ იგებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 13 კოშკზე მუშაობისთვის 460 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული.

2024 წლის 17 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გამოაცხადა 136 000 ლარის ღირებულების შესყიდვა შატილის სამი კოშკის გადახურვის რეაბილიტაციისთვის – ნომრებით, 35, 36 და 39. ჯერჯერობით, უცნობია, ვის დაევალება ეს საქმე. გამარჯვებული კომპანია 8 აგვისტოს გამოცხადდება.

რა არის გამოსავალი შატილის კოშკებისთვის?

ტენდერები ცხადდება ცალკეულ კოშკებზე განსახორციელებელ გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. როგორც წესი, ყველა ტენდერს ახლავს სატენდერო დოკუმენტაცია, რომელშიც დამკვეთი ტვირთავს იმ ინფორმაციას, რომელსაც შემსრულებელი კომპანია უნდა გაეცნოს და მისით იხელმძღვანელოს. არც ერთ ტენდერში, რომელიც შატილის კოშკების შესაკეთებლად გამოცხადდა, არ გვინახავს ერთიანი სტრატეგიის ან კონსერვაციის გეგმა.

მე-20 კოშკის რეაბილიტაციის პროექტი
შატილის კომპლექსი, ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რეაბილიტაციის პროექტიდან

სპეციალისტები თვლიან, რომ გამოსავალი მთელი კომპლექსის შენარჩუნების, რესტავრაციისა და კონსერვაციის ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის, ჩასატარებელი სამუშაოების კარგად გაწერილ თანმიმდევრობასა და კალენდარული გრაფიკის შემუშავებაშია.

“შატილის კომპლექსის ცალკეული ნაგებობებზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოებით, რომლებიც ბოლო წლებში ხორციელდება, მათი შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე წლით იქნება შესაძლებელი. დაზიანებების გამომწვევი, მთავარი მიზეზების საბოლოოდ აღმოფხვრის გარეშე – იქნება ეს არატრადიციული მასალის გამოყენება კედლებში და სახურავზე, რელიეფის მაღალი ნიშნულიდან წამოსული წყლის ნაკადის არიდება, რათა ნაგებობების კედლები დაცული იყოს ძირის გამორეცხვისგან თუ – სხვა – ძეგლზე პრობლემები მუდმივად იქნება. გადაუდებელი ჩარევები და დროებითი გამაგრებები, რასაკვირველია, აუცილებელია მისი დღევანდელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად და დამძიმების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ასეთი „წერტილოვანი“ სამუშაოები, სანამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს ერთხელ და სამუდამოდ არ აღმოვფხვრით, სულ იქნება საჭირო, ეს კი, გრძელვადიან პერსპექტივაში და საერთო ჯამში, გაცილებით ძვირი დაჯდება. გასაგებია, რომ დაზიანებების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელი თანხებიც დიდია და მათი ერთიანად გამოყოფა გაუჭირდება სახელმწიფოს (მუცო გვაქვს ამის ნათელი მაგალითი – ფიზიკური რესტავრაცია ათი წლის წინ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა), მაგრამ კარგად დაგეგმვის შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს ყოველ ჯერზე ახალი დაზიანებების დროებითი გამაგრებები და არა – მათი პრევენცია და ამ გზით ძეგლის პირვანდელი სახის შენარჩუნება ვერ მოხერხდება. აქვე დავამატებ, რომ აუცილებელია უკვე აღდგენილი ძეგლის სისტემატური მონიტორინგი და მოვლაც, რადგან, მოუვლელობის შემთხვევაში, უკვე რესტავრირებული ძეგლი, დროთა განმავლობაში, ისევ ზიანდება“ , – ამბობს ნანა მეფარიშვილი.

“ერთჯერადი ჩარევა იმ მომენტში გადაარჩენს, მაგრამ “10 წლის წინ გაკეთდა და ახლა უკვე ზიანდებაო” რომ ამბობენ, ეს იმიტომ, რომ ის 10 წლის წინ რომ გაკეთდა, მერე აღარ ვიცით როგორ მოვუაროთ… ეს არის რთული და გადასაწყვეტი. ის გაკეთებულიც წყალში იყრება, ვიღაცას უშრომია და გამოდის მწყობრიდან. ურთულესი პირობებია საცხოვრებლად, ბევრი წვიმაა, სიცივეა, თან მშრალი წყობით ნაგები შენობებია, სეისმურად აქტიური ზონაა, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და პრობლემების ბადე იქმნება, რომელიც უნდა გადაწყვიტოს მართვის დიდმა და მნიშვნელოვანმა გეგმამ. სააგენტომ ამ მხრივ უნდა წარმართოს სამუშაო, გამოაცხადოს ტენდერები მართვის გეგმის შესამუშავებლად,” – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძემ.

ჩვენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, გვსურდა გაგვეგო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას და როგორ აპირებს, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებას. პასუხი ვერც ერთი მცდელობისას მივიღეთ.

FNF

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

Მასალის გამოყენების პირობები 

Მასალაში გამოყენებული წყაროები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვაკანსია
web

ვაკანსია

ვეძებთ სტაჟიორს ქუთაისის ოფისში

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share