9 წლის მარიამს ნესტიან კედელთან ძინავს. ღამე ხშირად იღვიძებს, რადგან ჰგონია, რომ ვეღარ სუნთქავს. მის სახლში კედლები ხელის შეხებაზეც კი იშლება. ოთახებში, სადაც მარიამი ორ და-ძმასთან, დედასთან, ბაბუასთან და დეიდასთან ერთად ცხოვრობს, ნესტისა და კანალიზაციის სუნი დგას.
მარიამის ოჯახი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში ერთი წლის წინ გადავიდა, მას შემდეგ რაც შენობა გაარემონტეს. „გადმოსვლისთანავე ონკანები და სიფონები ყველა დაზიანებული იყო და მე შევცვალე. გაზის მილის გაყვანისას ისე არის გაჭრილი კედელი, რომ ძლიერი წვიმის დროს ამ ნახვრეტიდანაც შემოდის წყალი. ონკანებზე, პატრონებზე, კანალიზაციის სუნსა და გაყვანილობაზე აღარაფერს ვამბობ. თითქოს ის არ გვყოფნის, რომ დევნილები ვართ და ჩვენი სახლი ძლივს გვეღირსა. ყველა ჩვენს უბედურებაზე ცდილობს აშენდეს,“ გვეუბნება ქეთევან იოსელიანი, მარიამის დედა.
ამ 6 სართულიანი შენობის გასარემონტებლად ბოლო 5 წელში 3.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქ მცხოვრები 94 ოჯახი დახმარებას ხან სამინისტროს თხოვს, ხან კი ადგილობრივ მთავრობას, თუმცა, მათი საცხოვრებელი პირობები ვერ უმჯობესდება. კორპუსში 149 ბავშვი, 90 პენსიონერი და 8 სპეციალური მოვლის საჭიროების მქონე პირი ცხოვრობს.
რუსუდან ჯეჯეიაც დევნილია. 2016 წელს მის ოჯახს ამ შენობაში ბინა სოზარ სუბარმა, მაშინდელმა მინისტრმა, თავად გადასცა. „არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა გვითხრეს, სახლები თქვენიაო. შემოსახლების შემდეგ უამრავი პრობლემა წამოიჭრა. პირველ სართულზე ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. ნესტის გამო კედლები შავდება და იშლება. ზოგიერთ ოთახში წყალი იატაკიდან ამოდის, ზოგს სააბაზანოში წყლის მოშვებისას ან ტრაპიდან უბრუნებს ან უნიზატს გვერდებიდან გამოსდის. ზოგმა საკუთარი სახსრებით შეაკეთა, ზოგს კი ამის საშუალება ფინანსურად არ აქვს. წარმოიდგინეთ, ადამიანები ათეული წლები ჩვენს სახლს ველოდით, როგორც იქნა გვეღირსა და საბოლოოდ ასეთი კორპუსი შეგვრჩა. ექვსმა ოჯახმა გასაღებები ჩააბარა და ბინები არ გადაიფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ბინებს წლები ელოდნენ,“ იხსენებს ჯეჯეია.
ამ შენობის გასარემონტებლად პირველი ტენდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2013 წელს გამოაცხადა. ტენდერში შპს “ნიუ კონსტრაქშენმა” გაიმარჯვა. კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 1.9 მილიონი ლარი და 6 თვე მოითხოვა.
სამინისტრომ გამარჯვებულ კომპანიას 1.7 მილიონი ლარი, ავანსის სახით გადაურიცხა. კომპანიას მიცემული ვადა სამჯერ გადაუწიეს. მეოთხე თხოვნის საპასუხოდ სამინისტრომ კომპანიას გაფორმებული ხელშეკრულება შეუწყვიტა და ჯარიმაც დაუწესა. დამკვეთის ამ ნაბიჯს კომპანიამ სამუშაოების შეწყვეტით უპასუხა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ კომპანიისთვის თანხის წინასწარ გადაცემა კანონით აკრძალული არაა. თუმცა, სრული თანხის ავანსად მიღება უკვე აჩენს ბევრ კითხვას. ნამჩავაძის აზრით, უმჯობესია, სამინისტროებმა თუ მუნიციპალიტეტებმა საქმე ისეთ კომპანიებთან დაიჭირონ, ვისაც ფინანსურად შეუძლია ტენდერის შესრულება.
სამინისტროში ინტერვიუზე უარი გვითხრეს. წერილობით კი გვიპასუხეს, რომ ავანსის სახით თანხა წინასწარ საბანკო გარანტიისა და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე გადაურიცხეს. ხელშეკრულების საწყის ვერსიაში წერია, რომ საავანსო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი თანხის 30 პროცენტს. თუმცა, კონტრაქტის გაფორმებიდან 3 თვეში მასში ცვლილება შეიტანეს და გადაწყდა, რომ კომპანიას ავანსად საერთო თანხის 75 პროცენტის მოთხოვნა შეეძლო.
სამინისტრომ მალევე, 2014 წელს აღმოაჩინა, რომ მათი ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, რატი სვანიძე „ნიუ კონსტრაქშენის“ მიერ ვითომდა შესრულებულ სამუშაოებზე აფორმებდა მიღება-ჩაბარების აქტებს და ამით ბიუჯეტის თანხის გაფლანგვას უწყობდა ხელს. 2015 წლის იანვარში სატენდერო კომისიამაც იმსჯელა და კომპანია “ნიუ ქონსტრაქშენი” შავ სიაში შეიყვანა, თან ჯარიმები და სანქციები, 1.1 მილიონი ლარი დაუწესა. მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, კომპანიას 1.2 მილიონის სამუშაო ჰქონდა შესრულებული. არადა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, დახარჯული მხოლოდ 455 ათასი ლარი იყო. სამინისტრომ ამ დარღვევების შესახებ მთავარ პროკურატურას აცნობა და საქმის გამოძიებაც დაიწყო.
ამ მდგომარეობაში მიატოვა “ნიუ ქონსტრაქშენმა” სამუშაოები 2015 წელს:
პროკურატურაში საქმის წარმოება დაიწყეს და „ნიუ კონსტრაქშენის“ დირექტორი, გიორგი მჭედლიშვილი დააკავეს. სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი, რატი სვანიძე 2014 წელს ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 9 ოქტომბერს კომპანიას ჯარიმის სახით 2.8 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. სამინისტრო გვეუბნება, რომ კომპანიამ მხოლოდ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გადაიხადა (რამდენი – ვერ გვეუბნებიან), მაგრამ დამადასტურებელ დოკუმენტებს ვერ გვიგზავნიან, რადგან ბუღალტერი ბიულეტინზეა.
„აი, ფაქტი“ შეეცადა კომპანიის დირექტორთან, გიორგი მჭედლიშვილთან დაკავშირებას, თუმცა, მას ვერც ტელეფონის ნომერზე და ვერც ელექტრონულ ფოსტაზე ვერ დავუკავშირდით. ოფიციალური რეგისტრაციის მისამართზე კი მისი კვალი ვერ ვიპოვეთ. ასევე უცნობია, რა ბედი ეწია რატი სვანიძეს, სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც გამოძიება კომპანიასთან გარიგებაში ადანაშაულებდა.
სამინისტროში საქმის დასრულებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას არავინ დალოდებია. ნიკეას 21-ში მდებარე შენობის გასარემონტებლად 2015 წლის ივლისში ახალი ტენდერი გამოცხადდა. წინა კომპანიის მიერ შუა გზაზე მიტოვებული სამუშაოების დასრულება შპს „კავკასუსინვესტმა“ ითავა და ამისთვის ბიუჯეტიდან 1.5 მილიონ ლარზე მეტიც მიიღო.
კომპანიამ რემონტი 2015 წლის ივლისში დაიწყო და სამინისტროს შენობა ერთ წელში ჩააბარა. შესრულებული სამუშაოების ხარისხი არავის შეუმოწმებია. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ რემონტის დასრულების შემდეგ მხოლოდ ის დაითვალა, სამუშაოს ფასი რამდენად შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებს. საგარანტიო ვადად კი მომდევნო ერთი წელი განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, ამ დროის მანძილზე კომპანიას ხარვეზები თავისი ხარჯით უნდა გამოესწორებინა. 2016 წლის აგვისტოში 94 ოჯახს ბინები საზეიმო ვითარებაში თავად მინისტრმა გადასცა.
დევნილები ყვებიან, რომ შენობაში შესვლის დღიდან საყოფაცხოვრებო პრობლემები ჰქონდათ: წყალი პირველი სართულის ზემოთ არ ადიოდა, დაზიანებული იყო უნიტაზები და წყალგაყვანილობის სისტემა, პირველი სართულის იატაკებზე წყალი მიწიდან ამოდიოდა, დაზიანდა ელექტრო გაყვანილობა, დანესტიანდა კედლები, მიწის ზედაპირთან ახლოს ჩაყრილი საკანალიზაციო მილები მანქანის ყველა მოძრაობაზე ტყდებოდა, შენობის სახურავი და პარაპეტები კი ქარმა წაიღო. ამ პრობლემების უმრავლესობა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გადაჭრა, რადგან არც მთავრობა და არც კომპანია მათ მიმართვებს არ პასუხობდა.
რუსუდან ჯეჯეია, ბინის ამხანაგობის წარმომადგენელი გვიყვება, რომ წყლის გაყვანილობის პრობლემების მოსაგვარებლად კომპანიის წარმომადგენლებმა მათ 4 ქილა სილიკონი გამოუგზავნეს, ეს იყო და ეს. მთავრობაში კი პასუხობდნენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს ვერ უკავშირდებოდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიემართათ. ამ დროს „კავკასუსინვესტისთვის“ დაკისრებული საგარანტიო ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული.
სამინისტროში ვერ გვეუბნებიან, რატომ ჩაიბარეს შენობა ხარისხის შემოწმების გარეშე. უარის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ შესაბამისი კადრი არ ჰყავთ, რომელმაც ეს საკითხი იცის.
„აი, ფაქტი“ შპს „კავკასუსინვეტის“ თანამფლობელს, ნინო ჩხეიძეს დაუკავშირდა. ჩვენი კითხვები ტექნიკური ხასიათის იყო და შესრულებული სამუშაოს ხარისხს ეხებოდა. ჩხეიძე ჩვენმა მიმართვამ გააღიზიანა და გვითხრა, რომ კომპანიას არავითარი ვალდებულება არ გააჩნია კითხვებზე გვიპასუხოს, მით უმეტეს, რომ საგარანტიო ვადა უკვე გავიდა.
[metaslider id=3135]დევნილების საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტას ისიც ართულებდა, რომ სამუშაოების ნაწილი, მაგალითად სახურავი, პირველმა კომპანიამ შეასრულა. შენობის შიდა და გარე ფასადების მოპირკეთება კი მეორე კომპანიამ. შესაბამისად, ბოლო კომპანია ყოველგვარ დაზიანებას წინას აბრალებდა და ეს უკანასკნელი კიდევ პროკურატურის გამოძიების დასრულებას ელოდა. ამ დროს დევნილების შენობა, თითქმის, 5 თვე უსახურავოდ იდგა, ვიდრე სამინისტრო და კომპანია კონკრეტულ შეთანხმებამდე არ მივიდნენ და “კავკასუსინვესტმა“ დაზიანებული ნაწილი არ გადახურა. შემდეგ კორპუსი პარაპეტებისა და წყალსაწრეტების გარეშე იდგა სანამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მის შესაკეთებლად 8 ათას ლარზე მეტი არ დახარჯა.
დევნილების გამუდმებული მიმართვების შემდეგ, სამინისტრომ დამატებით 1,000 ლარამდე დახარჯა შენობაში მინი საქაჩი სადგურის მოსაწყობად, რომელსაც წყალი მაღალი სართულებისთვის უნდა მიეწოდებინა. ამ თანხით იყიდეს დიდი ავზიც. ამ სისტემის შენახვა თითო ოჯახს თვეში 5 ლარი უჯდება. ეს სამუშაოები თავდაპირველად გამოცხადებულ ტენდერებში გათვალისწინებული არ იყო.
მას შემდეგ, რაც სამინისტრომ და „კავკასუსინვესტმა“ კორპუსზე პასუხიმგებლობა მოიხსნეს, ადგილობრივებმა დახმარებისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. ქალაქის მთავრობამ კოპუსის დასახმარებლად სამი ტენდერი გამოაცხადა: პირველი ლიფტების მონტაჟისთვის, მეორე ქარწაღებული პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების მოსაწყობად, მესამე კი კორპუსის წინ ეზოს ბეტონით დასაფარად. ქალაქის ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებისთვის ჯამში 54 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
სტატია ქვეყნდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.