fbpx
ლეჩხუმის სპორტკომპლექსი

როგორ შერჩა ლეჩხუმს უფუნქციო საუნა და აუზი

ავტორები: მარიამ გამზარდია და გვანცა მაისურაძე

ცაგერის მერიამ ოთხი წლის წინ გადაწყვიტა, რომ ლეჩხუმელებს ცივ ზამთარში საუნით უნდა ესარგებლათ. საუნა სპორტკომპლექსის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ამ მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის შენობა 2015 წლიდან მოყოლებული ექვსი წლის განმავლობაში რემონტდებოდა. სამ მილიონ ლარზე მეტიც დაიხარჯა პატარა ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც 2015 წელს მხოლოდ რვა მილიონი ლარი იყო.

საუნის გარდა, ამ შენობაში უნდა მოეწყოთ საცურაო აუზი და 300 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზი, სადაც კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ან ჭიდაობისა და კრივის საერთაშორისო დონის შეჯიბრებები მოეწყობოდა. ადგილობრივ მთავრობაში სურდათ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის მთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ეს შენობა მნიშვნელოვანი ადგილი გამხდარიყო.

ცაგერის მუნიციპალიტეტში 58 სოფელია. 2020 წლის მონაცემებით, ყველა ამ სოფელსა და ქალაქ ცაგერში 9 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მათი მედიანური ასაკი 51 წელია. ეს რიცხვი გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდები ამ ტერიტორიას ტოვებენ და უფრო დიდ ქალაქებში მიდიან ხოლმე. მთიანი სოფლების მოსახლეობისგან და განსაკუთრებით, ახალგაზრდებისგან დაცლა მხოლოდ ცაგერის პრობლემა არაა. ასე ხდება საქართველოს ბევრ მხარეში და ამას ხელს უწობს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, აუცილებელი სერვისების არარსებობა, იმედისა და მომავლის უქონლობის განცდა.

არადა, ადგილობრივ ბიუჯეტებში, რომლითაც პატარა ქალაქებში ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და მოსახლეობას საჭირო სერვისები მიეწოდოს, ფული არის. იმდენი მაინც, რომ აუცილებელი სერვისები დააფინანსონ. ეს ფულიც ხშირად უმიზნოდ და არათანმიმდევრულად იფლანგება, პასუხს კი ამაზე არავინ აგებს. შესაბამისად, მოსახლეობაც შედეგს ნაკლებად ხედავს.

გაერომ, რომლის წევრი საქართველოცაა, 2015 წელს შეიმუშავა მდგრადი განვითარების 17 მიზანი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობისთვის მეტი სარგებლის და სიკეთის მოტანას ემსახურება. ამ მიზნებიდან ერთ-ერთია დასახლებების და ქალაქების ქცევა მდგრად, უსაფრთხო გარემოდ, სადაც ყველას ექნება ხარისხიანი და აუცილებელი მომსახურებები. 2015 წლიდან საქართველოც იზიარებს ამ მიზნებს, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა. თუმცა, პროექტები, რომელსაც მთავრობა ბიუჯეტიდან აფინანსებს, ამ მიზნების მიღწევას ხელს ვერ უწყობს.

ლეჩხუმის სპორტკომპლექსი
ცაგერის სპორტკომპლექსის ფასადი, გადაღებულია 10 ივლისს

ცაგერში აშენებული და გარემონტებული სპორტული კომპლექსი გიჩვენებთ, როგორ არ გამოსდის მთავრობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ სწრაფვა.

ამ ამბავში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი: დაუგეგმავად წამოწყებული სამუშაოც, უპასუხისმგებლობაც, თანხის გაუაზრებლად, უმიზნოდ ხარჯვაც.

სპორტკომპლექსში მისულებს არც მოქმედი აუზი დაგვხვდა და არც საუნა. არადა, საცურაო აუზის ტექნოლოგიური მოწყობა ჯერ კიდევ 2015 წელს იგეგმებოდა და ამისთვის 211 ათასი ლარიც იყო გამოყოფილი. 2019 წელს კი შპს “ტუკას” აუზის ტექნიკური მოწყობისთვის, საუნის შიდა ინტერიერის მოპირკეთებისთვისა და მისი ღუმელის მონტაჟისთვის ჯამში 31 ათასი ლარი გადაუხადეს.

შენობით ახლა მხოლოდ ცაგერის ფრენბურთის კლუბი სარგებლობს. ჩვენ კლუბის დირექტორს, გია სილაგაძეს შევხვდით, რომელიც 2,440 კვ.მ. ფართობის შენობას თანამშრომლებთან ერთად უვლის.

სპორტკომპლექსის შენობა სამსართულიანია. მინუს სართულზე საცურაო აუზია, სადაც საშხაპეები და სველი წერტილებია განლაგებული. პირველ სართულზე ფრენბურთის დარბაზია. მეორე სართულზე სამი ოთახია, რომელსაც ფრენბურთის კლუბის ადმინისტრაცია ოფისად იყენებს. შენობის დანარჩენი ნაწილი კი დახურულია, თუმცა სილაგაძე და მისი თანამშრომლები ამ ნაწილზეც ზრუნავენ. შენობის დახურული ოთახებიდან ერთ-ერთი კი საუნისთვის არის განკუთვნილი.

ცაგერის მერიას ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტეს ამხელა სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ჩაატარეს თუ არა ბაზრის კვლევა ან იყო თუ არა ამგვარი სერვისი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა. მერიისგან მიღებულ წერილში გვეუბნებიან, რომ ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა.

სპორტკომპლექსის საჭიროებაზე ფრენბურთის კლუბის დირექტორის, გია სილაგაძის აზრი მოვისმინეთ. მან ინტერვიუს დროს გვითხრა, რომ დარბაზი ძალიან სჭირდებოდათ, რადგან ვერ ვარჯიშობდნენ და საშინაო თამაშებსაც ვერ ატარებდნენ.

მოედანი
ფრენბურთის დარბაზი სპორტკომპლექსში

შენობის პროექტის შესადგენად ცაგერის მერიამ 2015 წლის იანვარში შპს “არქიტექი” ტენდერით დაიქირავა და 19,550 ლარი გადაუხადა. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე მერიამ სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 2015 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომელშიც შპს “პრიზმამ” გაიმარჯვა და მერიისგან 2.7 მილიონ ლარად ღირებული ხელშეკრულებაც მიიღო. კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოები 2016 წლის 25 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

შპს “პრიზმამ” ვადების გადაწევის მოთხოვნით მერიას ექვსჯერ მიმართა. მიზეზად, ძირითადად, უამინდობას ასახელებდა – ხან დიდთოვლობას, ხან – კოკისპირულ წვიმებს და სპორტკომპლექსის დატბორვას. საბოლოოდ ვადა 2017 წლის 7 ოქტომბრამდე გადაწიეს.

5 ოქტომბერს მუნიციპალიტეტმა “პრიზმას” მისწერა, რომ სამუშაოები მაღალი ტემპით განეახლებინათ, რადგან უკვე დრო ეწურებოდათ. დამკვეთის წერილს კომპანიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. 2017 წლის 12 ოქტომბერს მუნიციპალიტეტმა “პრიზმას” ხელშეკრულება გაუწყვიტა და შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში შესაყვანად მიმართა.

2015-2017 წლებში კომპანიამ შესრულებული სამუშაოებისთვის მერიისგან 2.6 მილიონი ლარი მიიღო. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულია კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული 18 მიღება-ჩაბარების აქტი. თუმცა, ამ დოკუმენტებში არ ჩანს კონკრეტულად რა სამუშაოებს იბარებდა მერია. ის კი წერია, რომ შესრულებული სამუშაოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია.

საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ სამუშაოები დამაკმაყოფილებელი ხარისხით არ შესრულებულა. სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2020 წლის თებერვალში კომპანიის წინააღმდეგ კორუფციულ გარიგებებზე სისხლის სამართლის საქმეც დაიწყო. ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობის თაღლითობის ფაქტზე დააკავეს შპს “პრიზმას” დირექტორი გიორგი ნაკაშიძე.

ეს ამბავი ცაგერის მერიაშიც დაგვიდასტურეს. “პრიზმას” შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის დოკუმენტები რომ მოვითხოვეთ, გვიპასუხეს, ისინი საგამოძიებო ორგანოებმა ამოიღეს და ვერ მოგაწვდითო.

შპს “პრიზმასთან” ხელშეკრულება 2017 წლის ოქტომბერში გაწყვიტეს. შემდეგი 1.5 წელი შენობაში სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამუშაობის შეწყვეტის შემდეგ დარბაზის თავზე და შესასვლელში ღიობები არ იყო შემინული, რამაც შენობის შიდა ინტერიერში შეღებილი კედლები, მოწყობილი შეკიდული ჭერი და იატაკი დააზიანა.

2019 წლის 12 მარტს მერიამ ისევ შპს “არქიტექს” მიმართა, რომ შეესწავლა სპორტული კომპლექსის არსებული მდგომარეობა და წარმოედგინა ობიექტის დასრულებისათვის საჭირო საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამ საქმისთვის კომპანიას 4248 ლარი გადაუხადეს.

ამ დროს აღმოჩნდა, რომ მერიას წინა კომპანიისთვის, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, იმაზე მეტი ფული ჰქონდა გადახდილი, ვიდრე სამუშაო იყო შესრულებული. “შპს პრიზმას” ფაქტობრივად შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 2.1 მილიონი ლარის ღირებულების, ხოლო მერიას ანაზღაურებული ჰქონდა 2.7 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები.

სპორტკომპლექსის ფასადი
ცაგერის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის შენობის ფასადი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, “პრიზმასთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ცაგერის მუნიციპალიტეტმა დაიქირავა შპს “ექსპერტიზა, მშენებელობა, დიზაინი”, რომელთაც შესრულებული და შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები უნდა დაედგინათ.

ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტმა კომპანიას შესრულებულად ჩაუთვალა და აუნაზღაურა ისეთი სამუშაოებიც კი, რომელთა შეუსრულებლობის გამოვლენა იყო შესაძლებელი ვიზუალური დათვალირებითაც კი.

საბოლოოდ 2019 წლის მაისში, შენობის დასრულებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც შპს “ტუკამ” უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 349,027 ლარი იყო.

შპს “ტუკას” მოსაპირკეთებელი, ელექტროსამონტაჟო, საცურაო აუზის ტექნოლოგიური მოწყობის, წყალსადენ-კანალიზაციის და გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სამუშაოები ევალებოდა.

გამოუსადეგარ სამუშაოებში ათიათასობით ლარი გაიფლანგა

ცაგერში ივლისში ვიყავით. მანამდე ვსწავლობდით სპორტკომპლექსში შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტებს. იქ მისულებს კი დოკუმენტებში ნანახი აუზი, გათბობა-გაგრილების სისტემა და საუნა მუშა მდგომარეობაში არ დაგვხვდა.

გათბობა-გაგრილების სისტემა – შენობას ცენტრალური საჰაერო გათბობა აქვს. ცენტრალური გათბობა რომ ჩართონ, ელექტროენერგიის ზედმეტ ხარჯს დაწერს და იმ ოთახებსაც გაათბობს, რომელსაც არავინ იყენებს. ფრენბურთის კლუბის დირექტორის თქმით, დარბაზი ისე დააპროექტეს, რომ გათბობა ერთდროულად ყველა ოთახში ირთვება და ცალკე რომელიმე ოთხაში მისი გამოყენება შეუძლებელია. მუნიციპალიტეტს ზედმეტი თანხის გადახდის საშუალება არ აქვს. ამიტომაც, დენის გამათბობლებს ვიყენებთო.

საუნა – “საუნა? ანუ, ტანის დასაბანი?” – იქეთ გვკითხა შენობის დამლაგებელმა, რომელსაც შემთხვევით, ადგილობრივების გამოკითხვისას გადავაწყდით. ასე გავიგეთ, რომ სპორტკომპლექსში მუშაობს. იქაურობას ხშირად ხედავს და საუნა, რომელშიც ფული მისი ჯიბიდანაც გამოიყო, არ იცის, რას ნიშნავს. მის გამოყენებაზე საუბარი ზედმეტია.

არადა, საჯარო დოკუმენტების თანახმად, შპს “ტუკამ” მერიას საუნა ჩააბარა და სპეციალური ღუმელიც დაამონტაჟა. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების მიხედვით, ამაზე დახარჯულია 2,753 ლარი.

სპორტკომპლექსში მისულებს, მხოლოდ ფიცრებში ჩასმული, ცარიელი ოთახი დაგვხვდა. აქ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ან რაიმე იყო დამონტაჟებული, ან ამ ოთახს ოდესმე საუნის ფუნქციით უმუშავია.

შპს “ტუკას” დირექტორს ვკითხეთ, როგორ მოხდა, რომ დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების მიუხედავად, საუნა ამ მდგომარეობაშია. “ასე ზეპირად ვერ გეტყვით, თუ არ ჩავხედე ხარჯთაღრიცხვას… თუ [საუნა] ხარჯთაღრიცხვაში არის მითითებული,  მაშინ ყველაფერი გაკეთებულია,” – გვითხრა გაგა თოთაძემ. ისიც დაამატა, უკეთ გავერკვევი და მერე გიპასუხებთო.

ბუნებრივია, მას მეორედაც გადავურეკეთ, მაგრამ განსხვავებული არაფერი უთქვამს: “არ ვიცი ეს დეტალები მართლა. მაშინაც რომ იყო, მოვიკვლიე ქვეკონტრაქტორები ვინც აკეთებდნენ. მაგათთანაც მქონდა საუბარი და დასტური მომცეს, არ მომცეს… ნამდვილად ვერ ვიხსენებ. თუ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულია, იქნებოდა ნამდვილადო.”

შპს “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინსაც” დავუკავშირდით, რომელიც “ტუკას” მიერ სპორტკომპლექსში შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა. ამირან ჯანგიძე იყო ექსპერტი, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით, უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში.

“რაც იყო, მანდ წერია. არც დაგვიკლია ჩვენ რამე და არც მიგვიმატებია. საუნა არ მახსოვს, ვერ გეტყვი, არ მახსოვს რომ ყოფილიყო, თუ იყო დასკვნაშიც იქნება და თუ არ იყო, არ იქნება. გამოჭერაზე ხომ არ ხართ, ვერ გეტყვით ზუსტად, იმიტომ რომ ვერ ვიხსენებ. რამდენადაც ვიხსენებ, არ იყო, შემთხვევით თუ გლახად მახსოვს, დასკვნაშიც იქნება ჩაწერილი, დასკვნაში თუ არ არის, არ იყო. ‘პრარაბი’ დამანებებდა ისე, რომ არ ჩამეწერა?”

მეორე ექსპერტი, რომელიც იმავე კომპანიიდან შპს “ტუკას” სამუშაოებს ამოწმებდა გიორგი შავგულიძე იყო. მასაც დავურეკეთ, გვეუბნებოდა, თქვენ არ ხართ გარკვეული და გერევათ რაღაცო.

“ღუმელი და საუნა? არა, არცერთი არ ყოფილა. რომელ დასკვნაში? დასკვნა მაქვს გაკეთებული ორმოცდაათი. შპს “ტუკას” რა უნდოდა მაქანე? საუნა? თქვენ რას ამბობთ, ბასეინი როა შიგნით? სპორტკომპლექსზე შპს “ტუკასთვის” მე არაფერი შემიმოწმებია. შპს “ტუკა” ჩემს დროს არ მუშაობდა და საიდან იქნებოდა ჩემი დასვკნა მაქ, აზრზე არა ვარ. მე კი არ უარვყოფ, არ ვიყავი-მეთქი, მაგრამ შპს “ტუკა” იქ არ ყოფილა. თქვენ რაღაცა ურევთ ბასეინსა და სხვა იმას შორის (საუნა). არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ თქვენ, რა საუნა და რა “ტუკა.”

მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს, სოფიო გვიშიანს, რომელიც სამივე კომპანიის დროს მიღება-ჩაბარებებს ხელს აწერდა, პირადად შევხვდით. გვაინტერესებდა, რატომ ჩაიბარეს საუნა, რომელზეც არავინ არაფერი იცის.

“[ღუმელი სად არის] ეს ნამდვილად არ მახსოვს ზეპირად რომ ვიცოდე. საუნა რომ იყო ვიცი… ღუმელი ახლა… იქ მოწყობილობები ბევრი იყო, ზოგი სახურავზე და ვიზუალურად ისიც არ ვიცოდი, როგორი იყო… თუ იყო და იქ ხელი გვაქვს მოწერილი [ფორმა #2-ში] იმ მომენტისთვის აუცილებლად იქნებოდა. დამონტაჟებული… არ მახსოვს, სიმართლე რომ ვთქვა. საუნა არ გასულა ექსპლუატაციაში, ისევე როგორც საცურაო აუზი,”- გვითხრა სოფიო გვიშიანმა.

IMG 20230710 104632
გამოუსადეგარი აუზი ცაგერის სპორტკომპლექსში

საცურაო აუზი – 250 კვ.მ. ფართობის აუზის მშენებლობა შპს “პრიზმამ” დაიწყო და შპს “ტუკამ” დაასრულა. თუმცა, აუზი არ მუშაობს.

ჩვენთან საუბრისას ფრენბურთის კლუბის დირექტორი, გია სილაგაძე ამბობს, რომ აუზში თავიდან წყალი კი იყო, მაგრამ მისი გაშვება მოუწია, რადგან შესაბამისი ტექნიკური პერსონალი არაა და თავად ამ აუზთან კავშირი არ აქვს.

გარდა ამისა, მერიას 2019 წელს სპორტკომპლექსში დახარჯული წყლის საფასურის გადახდა 4,000 ლარზე მეტი დაუჯდა. მომდევნო წლებში კი ეს ხარჯი 200-400 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს, სოფიო გვიშიანს ვკითხეთ, როგორ გადაწყვიტა მერიამ ამხელა შენობის აშენება, თანაც საცურაო აუზით, რომელიც ვერ მუშაობს.

“სპორტული დარბაზი საჭირო იყო მუნიციპალიტეტისთვის, ეს უდაოა. უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ აუზი, თავიდან პროექტს რომ ვგეგმავდით, არ იყო. მხოლოდ დარბაზი უნდა ყოფილიყო და შენობა უფრო პატარა. შემდეგ მოვიდა აზრები უფრო მაღალი საზოგადოებისგან, რომ აუცილებელი იყო საცურაო აუზიც, რადგან კომპლექსს ვაკეთებთ, გავაკეთოთ საცურაო აუზიც. შენობა გაიზარდა თავისთავად. ამაში გეთანხმებით, რომ აუზის ამ დონეს შენახვა და ეს… ნამდვილად არ იყო თავის დროზე გათვლილი. ეს შედეგიც, უქმად რომ არის, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მეც მაწუხებს.”

ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, რომელიც ათეულობით ადგილობრივთან საუბარს ეფუძნება, ვერ ვიტყვით რომ ცაგერში მცხოვრებთ აუზსა და საუნაში ტყუილად გაფლანგული ფული აწუხებთ. საუბრისას ხალხი იმდენად დაძაბული იყო, ზოგიერთი იმასაც ამბობდა, არ ვარ ადგილობრივიო. პირველივე დღიდან, ჩვენი იქ ყოფნის ამბავი მთელ ქალაქს მოედო და თავსაც გვარიდებდნენ ხოლმე. აუზისა და საუნის შესახებ უმეტესობამ არაფერი იცოდა.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურის თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

ამასობაში ძლივს გაკეთებული საქმეც გაფუჭდა

შენობის პირველ სართულზე მინები ჩამტვრეული და დაზიანებულია. კედლები დამპალი და აქერცლილია, იატაკი ნადენი ნალექის გამო – დაჟანგებული. ნესტის სუნი ქვედა სართულზე განთავსებულ ყველა ოთახს დაჰყვება. საშხაპეები უცნაურადაა მოწყობილი – გამჭვირვალე მინით, საიდანაც ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი. ერთგან ონკანიც კია ჩამოხსნილი და იქვე, აგურის ბლოკზეა მიყუდებული. დარბაზს, რომელსაც ფრენბურთის შეჯიბრებებისა და ვარჯიშებისთვის აქტიურად იყენებენ, მოაჯირები არ აქვს. შესაძლოა, შუა თამაშის დროს ბურთი მაყურებელს მოხვდეს.

არსებულ მდგომარეობას ფოტოებიდან უკეთ მიხვდებით:

წყლისგან დაჟანგულ იატაკს რომ ვუყურებდით და ვიკითხეთ, რატომ იყო ასეთ დღეში, გვიპასუხეს, რომ ადრე სახურავიდან ჩამოდიოდა წყალიო. როგორც ჩანს, მერიამ ამ პრობლემის მოგვარება სცადა, 2021 წელს ახალი ტენდერიც გამოაცხადა და შპს “გამა+”-ს სახურავის შესაკეთებლად 103 ათას ლარიანი ხელშეკრულებაც გაუფორმა. მაშინ მერია სატენდერო დოკუმენტაციაში ამ ხარჯს იმით ამართლებდა, რომ შენობის ჰიდროსაიზოლაციო მასალები უხვ ნალექს ვერ აკავებდა, რის გამოც, შენობაში ინფრასტრუქტურა ნადგურდებოდა.

ვაკისებური(ბრყელი) ტიპის სახურავმა შესაძლოა, ცაგერის მკაცრ კლიმატს ვერ გაუძლოს და შენობაში წყალი ჩავიდეს. ამას მერის წარმომადგენელიც შიშობს, საკუთარი გამოცდილებით.

“ის ნაწილი გახდა პრობლემური, რომელიც იყო ბრტყელი გადახურვა, იმიტომ, რომ ჩვენთან დიდი თოვლია..ასეთი გადახურვა არ მუშაობს, პროექტი რომ ვნახე, იმ წუთში ვთქვი..ეს შენობები ადრე, თითქმის ყველა ბრტყელი გადახურვით იყო, მერე ყველგან წყალი ჩადიოდა, დასჭირდა გადაკეთებს..ეს გამოცდილებიდან ვიცით, რომ არ მუშაობს მაინცდამაინც.”

მარტივად რომ ავხსნათ, უხვნალექიანობის პირობებში, ვაკისებური გადახურვა სისველეს ინარჩუნებს, რის გამოც შეიძლება, სახურავიდან გაჟონოს და შენობა დაზიანდეს.

ფრენბურთის კლუბის დირექტორი გია სილაგაძეც იხსენებს, რომ ადრე ბრტყელი გადახურვის გამო ძველი სპორტდარბაზის შენობის სახურავიდან თოვლის გადაბერტყვა ხელით უწევდათ, ინფრასტრუქტურა რომ არ დაზიანებულიყო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სოფიო გვიშიანს ჩავეკითხეთ, მაინც რატომ გადაწყდა ცაგერის სპორტკომპლექსის ვაკე-გადახურვით დაპროექტება. მისი თქმით, პროექტმა სამხარაულის ექსპერტიზა გაიარა, მათაც დაუჯერეს და არქიტექტორის შემოქმედებით ხედვას ვერ შეზღუდავდნენ.

სპორტკომპლექსისთვის დახრილი გადახურვის ნაცვლად, ვაკე გადახურვის მოწყობა შპს “არქიტექის” გადაწყვეტილება იყო. კომპანიის დირექტორმა, გოჩა ჩოგოვაძემ გვითხრა, რომ ეს არქიტექტორის გადაწყვეტილება იყო და შესაბამისი კვლევებიც ჰქონდათ:

“კონსტრუქციები და ყველაფერი სამხარაულში იყო გატარებული და მოგვცეს დადებითი პასუხი. რომ არ გაამართლა, მაგი მოკითხეთ თვითონ მშენებლებს, ბრტყელი სახურავი იქნება თუ დახრილი, არაა აუცილებელი, რომ მთლიან ზონაში, სადაც ნალექია, დახრილი სახურავი იყოს. ამართლებს, მთავარია გაკეთდეს ნორმალურად…”

ცაგერის მერიას ვთხოვეთ, გამოეგზავნათ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც პროექტის ავტორი გვესაუბრა. წერილზე საპასუხოდ კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია.

განვითარებულმა მოვლენებმა კი აჩვენა, რომ სახურავის ამ დეტალს მნიშვნელობა ჰქონდა და ამ საკითხის მიმართ ზედაპირულმა დამოკიდებულებამ დამატებითი ხარჯიც გამოიწვია. ახლა კი იატაკთან ერთად სპორტკომპლექსის ჭერიც დაზიანებულია.

საბოლოოდ, ცაგერის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის რემონტში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ადგილობრივები დაპირებული სერვისების ნახევარს ვერ იღებენ და მერიის მიერ გაცემული თანხის მიზნობრიობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. არც კომპანიების მიერ სამუშაოების შესრულების ხარისხია მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი. თუმცა, ამის გამო არც მერიაში დასჯილა ვინმე და არც კომპანიებს დასწოლიათ ეს ამბავი მძიმე ტვირთად.

სოფიო გვიშიანი, მერიის თანამშრომელი გვიდასტურებს, რომ მერიიდან ამ ამბის გამო არავინ გაუთავისუფლებიათ. ისიც გვითხრა, “გვატარებდნენ დაკითხვაზე, რაც კითხვები ჰქონდათ, პასუხებს ვცემდითო.“

მასალის გამოყენების პირობები

მასალაში გამოყენებული წყაროები

fnf photo

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურის თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
წყალაფორეთის სკოლა – მორიგი კრახი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში 
სკოლა მორიგი კრახი

წყალაფორეთის სკოლა – მორიგი კრახი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში 

კიდევ ერთი იმერული სკოლის დაუსრულებელი რემონტი

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share