fbpx
dimii 4 e1671514432756

რა აწუხებთ სოფელ დიმში?

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე, აჯამეთის ნაკრძალს რომ გასცდები, სოფელი დიმი უნდა გაიარო. აქ სამი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დასახლება ორ ნაწილად იყოფა – ქვედა და ზედა დიმი. 

“აი, ფაქტს” ქვედა დიმიდან უთხრეს, შიდა საუბნო გზები არ გვივარგა და გააშუქეთ, იქნებ მოგვაქციონ ყურადღებაო. Ჩვენც ჩავედით, ხალხს მოვუსმინეთ და ვეცდებით, პრობლემა ადგილობრივი მთავრობის ყურამდეც მივიტანოთ.

დიმელები ბაღდათის მერიის მისამართით პრეტენზიებს სოციალურ ქსელშიც გამოთქვამენ, მაგრამ როგორც ჩანს, აქამდე რეაგირება არავის ჰქონია.

სოფელში გვიყვებიან, რომ არც კარგი გზა აქვთ და არც წყალი. თუმცა, ყველამ საკუთარი ჭა გაიკეთა და უწყლობას ვერ გრძნობენ. ამიტომ, ახლა გზის დაგება ურჩევნიათ. მათი თქმით, ხრეშს ყოველ წელს ყრიან, მაგრამ პრობლემას არ შველის. 

dimi2 1
სოფელ დიმის საუბნო გზა

“ასფალტი სჭირდება, ყველა ქუჩაში შევიდა ასფალტი და… აქამდე სულ 300 მეტრი არაა და რა უნდა ამას? Მისახედია, აბა რა, ამდენი ხალხი ვცხოვრობთ ამ ქუჩაში. გამოიხედა ქვეყანამ თვალებში და ცოტა ჩვენსკენაც უნდა იყოს რაღაცა სინათლ,”- გვითხრა 69 წლის ვალიდა რობაქიძემ. 

“მემგონი ჯერ ჩაწერილიც არაა ბიუჯეტში, არ უთქვია არავის და… მოხრეშვა არის თავის მოტყუება, არაფერს არ შველის. ერთი ხუთი თვე იქნება, რაც მოხრეშეს. ასე იკეთებს წვიმაში ორმოებს, მერე გადაასწორებენ ტრაქტორით..,”- გვითხრა ოთარ კარკაძემ. ის დიმში მე-13 ქუჩაზე ცხოვრობს.

Სოფელში ბაღდათის მერის წარმომადგენელი ტარიელ ყიფიანია. ვკითხეთ, როდის მოგვარდება სოფელში შიდა საუბნო გზების პრობლემა. გვითხრა, რომ დიმში ახლა ორ გზას აგებენ, ერთს ასფალტიანს და მეორეს – ბეტონისას. რაც შეეხება საუბნო გზების მასშტაბურად მოწესრიგებას, მერის წარმომადგენელმა ზოგადად თქვა, ყველაფერი ეტაპობრივად იქნებაო. თუმცა, ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. 

“გაისად გვაქვს რაღაცა მონახაზი მოფიქრებული. შემდეგ წელში დავაკონკრეტებთ, სად, როგორ, რანაირად გადანაწილდება ეს ყველაფერი,”- გვითხრა ტარიელ ყიფიანმა სატელეფონო საუბრისას.

“აი,ფაქტი” ამჯერადაც ჩვეულებისამებრ გააგრძელებს, შეახსენებს ადგილობრივ მთავრობას ხალხის პრობლემებს და მოიკითხავს, თუ გადაანაწილეს მომავალი წლის ბიუჯეტი ისე, რომ დიმის გზებზეც ეყოთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რატომ ვერ სრულდება გორდის სკოლის რემონტი?
gorda cover

რატომ ვერ სრულდება გორდის სკოლის რემონტი?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share