fbpx
police

პოლიციელები ოჯახში მოძალადის მხარეს

“ჯერ მუხლებით შემდგა თავზე, წიხლები მირტყა და მერე კივილი რომ დავიწყე დამეხმარეთ-მეთქი, თითები ჩამიყო პირში და მიხლიჩავდა პირს. მარტო იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ ახლა არ მომკლას, ბავშვს გამოცდა აქვს და რომ მოვკდე, მე ვეყოლები დასამარხი-მეთქი,” – ეკატერინე გოგოლიშვილი, 48 წლის.

 

“ჩანგალი მესროლა ბავშვის დაბადების დღეზე მხარში. მთვრალი მოვიდა და ღრიალებდა, ეხლა მოვიდა შენი აღსასრულიო. სადარბაზომდე გავასწარი, მაგრამ დამეწია და სახე სულ გამიერთიანა. სისხლით იყო მოსვრილი მთელი სადარბაზო,” – ნინო თასოშვილი, 39 წლის.

 

“პირდაპირ მუშტებით წამოვიდა ჩემზე. ბავშვი ცდილობდა ჩვენს გაშველებას. მე თავს ვიცავდი, ხელებს ვიფარებდი სახეზე. მერე წავიქეცი და ფეხით შემდგა ზედ. ბავშვი რომ გვაშველებდა, მე უკვე გონებას ვკარგავდი. მახოვს, რომ მარიამი (შვილი) შეათრია გვერდით ოთახში, მასაც სცემა და მერე გაიხურა კარი და დაგვტოვა,” – მედეა პ., 47 წლის.

ზემოთ მოყვანილი ციტატები იმ ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს, რომლებიც მოძალადე ქმრების კანონით დასჯას წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ. მათ ქმრებს პოლიციელი მეგობარ-ნათესავები დიდი ხნის მანძილზე მფარველობდნენ. “აი, ფაქტს” ერთ-ერთი ასეთი მიმოწერა ხელში ჩაუვარდა, სადაც მოძალადე მის მეგობარ მაღალჩინოსანს პოლიციასთან შუამდგომლობას სთხოვს და შედეგს იღებს კიდეც.

იურისტები განმარტავენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახში ძალადობა მსუბუქი დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. კოდექსის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე ოჯახში ძალადობის შედარებით მსუბუქი შემთხვევა.

ახლა ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა იცის, რომ მათი ყოფილი ქმრები ციხეებში არიან. მაგრამ ისიც იციან, რომ იქიდან მალე გამოვლენ. მერე ზოგი მათგანი სიკვდილს ელის, ზოგი ქვეყნის დატოვებას აპირებს, ზოგმა კი არ იცის, გამოსავალი როგორ იპოვოს. თუმცა, არც ერთ მათგანს სახელმწიფოს იმედი არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ქმედებით კი, ხშირად, საპირისპირო მტკიცდება. მოძალადეებს კანონი ვერ აშინებთ, მაქსიმუმ, 3 წელი გაატარონ ციხეში, მინიმუმ, გამოსასწორებელი შრომა ან პირობითი მსჯავრი მიუსაჯონ. თან, თუ მათი მეგობარი ან ახლობელი ძალოვანი უწყების წევრია, მათზე სასჯელის ეს მსუბუქი ფორმებიც ხშირად აღარ ვრცელდება ხოლმე.

იმის გასარკვევად, თუ როგორ ისჯებიან ოჯახში მოძალადეები, “აი, ფაქტმა” საქართველოს 8 ქალაქის სასამართლოებიდან გამოითხოვა ამ მუხლით განხილული საქმეები. აღმოჩნდა, რომ 376 საქმიდან, ძირითადად, მოსამართლეები მოძალადეებს გამოსაცდელ ვადას უსჯიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი სახლში მსხვერპლთან ბრუნდებიან. მაგალითად, თუ მოძალადეს პირობით და გამოსაცდელ ვადად 2 წელი მიუსაჯეს, ის ციხეში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ ამ პერიოდში სხვა დანაშაულს ჩაიდენს. ძალადობის შედარებით მსუბუქი ფორმებისთვის მოსამართლეები მოძალადეებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას უსჯიან. ამ შემთხვევაში ბრალდებულები საბავშვო ბაღების და მონასტრების ტერიტორიის დასასუფთავებლად ან ქალაქის გამწვანებით სამუშაოებზე გაგზავნეს.

გამოსწორდება თუ არა მოძალადის საქციელი ხეების მორწყვით ან ეზოების დალაგებით, ამაზე ფსიქოლოგ ანუკა პაპიძეს საკუთარი შეხედულება აქვს: “ფიზიკური შრომა არ შეცვლის, არ ჩაანაცვლებს ძალადობრივ სურვილებს. ძალადობა არ არის ფიზიკური მდგომარეობა, ფსიქიკური მდგომარეობაა.” პაპიძის აზრით, მოძალადე და მისი მსხვერპლი ფსიქოთერაპიას უნდა გადიოდნენ. “საზოგადოებამაც უნდა შეცვალოს დამოკიდებულება და ამაში ჩართული უნდა იყოს განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროები (შსს).”

სახელმწიფო ოჯახში მოძალადეებს ან თავისუფლების აღკვეთით სჯის, ან ისინი მსხვერპლთან სახლში ბრუნდებიან. ანა თავხელიძე ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იურისტია. მისი თქმით, ოჯახში ძალადობის თემის განხილვისას არავინ ახსენებს, რომ ქცევის კორექციის კურსები საჭიროა. “ეს მოძალადეებს საშუალებას მისცემს, აკონტროლონ საკუთარი აგრესია და ციხიდან გამოსვლის შემდეგ სოციალიზაცია არ გაუჭირდეთ; მსხვერპლთა დიდ ნაწილს, უმეტეს შემთხვევაში, წასასვლელი არ აქვს და მოძალადის ოჯახში რჩებიან. ასეთ დროს ციხიდან გამოსულ მოძალადეს თუ არავინ დაეხმარება, ის ორმაგად აგრესიული იქნება,” – გვიხსნის თავხელიძე.


დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულს ახალისებს

ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ ქალებს მოძალადის სათანადოდ დასჯის იმედი არ აქვთ. თან იციან, რომ თავშესაფარში გადასვლის შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე თვე აქვთ მშვიდად ცხოვრებისთვის და მსხვერპლი ხშირად ამბობს, “არ მიღირს მე ჩემი ქმარი გავაბრაზო იმით, რომ 3 თვე სახლში არ ვიყოო.”

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბოლო ეტაპზე უარს ამბობს მოძალადის დასჯაზე. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენიც ხშირად ამის დამსახურებაა.

პროკურატურა არ ინტერესდება იმით, თუ რატომ ცვლიან მთავარი მოწმეები ჩვენებას. არც იმას აღრიცხავენ, ბრალდებულები განმეორებით ხომ არ ძალადობენ ოჯახის წევრებზე.

ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული დანაშაული ყოველ წელს იზრდება, რასაც პროკურატურა და შსს მიმართვიანობის გაზრდით ხსნის. პარალელურად, სასამართლოს მიერ ამ დანაშაულში გამართლებულთა რიცხვიც იზრდება.cover

მოძალადეთა სათანადოდ დაუსჯელობის ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი პოლიციასთან მათი კავშირებია. ორგანიზაცია “საფარის” ადვოკატი, ელისო რუხაძე ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობს. “რეგიონში ძალიან ხშირია პოლიციელების მხრიდან ნაცნობობის, ძმაკაცობის, კაცური სოლიდარობის გამო მხარდაჭერის გამოხატვა და დღემდე ფიქრობენ, რომ ეს არის ოჯახის საქმე და კანონი არ უნდა ჩაერიოს. ამ თემის მიმართ სენსიტიურობა და საქმის კეთების სურვილი გამოძიებას არ გააჩნია,” გვეუბნება რუხაძე და ამატებს, რომ “შერჩევითი მართლმსაჯულება ძალიან კარგად ჩანს სწორედ ძალადობის საქმეებზე. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის კანონი არის უმკაცრესი, მაგრამ ვისაც მფარველი ჰყავს, მათთვის არ არსებობს.”

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იურისტი, მარიამ ქევხიშვილი ამბობს, რომ რეგიონებში უფრო ხშირია პოლიციის მხრიდან მსხვერპლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. “როგორც წესი, პოლიციელი და მოძალადე ერთმანეთის ნაცნობები არიან და არის ხოლმე გვერდით გაყვანები და “ძმაო, ჩვენ მოვგვარდებით” ამ ტიპის საუბარი. რიგ შემთხვევებში პოლიცია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, რაც მისი ვალდებულებაა. მნიშველოვანია პოლიციის გადამზადება, რომ პირველ რიგში მათ შეიცნონ პრობლემის არსი. მეორეა დასჯის შიში, თუ საკუთარ მოვალეობას სათანადოდ არ შეასრულებენ.”

მოძალადესა და პოლიციას შორის ნაცნობ-მეგობრობის პრობლემაზე საუბარია სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშიც: “ნაცნობობისა და პირადი კავშირების გამოყენებით, მოძალადეები ახერხებენ სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებისგან ლოიალური დამოკიდებულების მოპოვებას. სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენელთა გულგრილი დამოკიდებულება პირდაპირ იწვევს მსხვერპლთა მიმართ განმეორებით ძალადობის შემთხვევებს, რაც მათ დაუცველობის განცდას ერთიორად ზრდის.”

ეკა გოგოლიშვილი ერთადერთი მსხვერპლი არაა, რომელსაც სახელმწიფოსგან დაცვის იმედი არ აქვს. ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ მსხვერპლთა უმეტესობა ძირითად პრობლემად პოლიციის მხრიდან მოძალადის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ან სოლიდარობას ასახელებს.

ჩვენმა კიდევ ერთმა რესპონდენტმა, მედეამ ქვეყანა უკვე დატოვა, რადგან ქმარი მოკვლით ემუქრებოდა. მედეამ მოგვაწოდა მისი ქმრისა და დოდოშკა ხეთაგურის მიმოწერა. მიმოწერიდან ირკვევა, რომ ხეთაგურმა დუშეთის პოლიციის უფროსს, ზაზა მეხატიშვილს სთხოვა, მედეას ქმრის, რამაზ ხუციანიძისთვის მოსალოდნელი სასჯელი როგორმე შეემსუბუქებინა. პოლიციის უფროსი დახმარებას დაჰპირდა და ამის შემდეგ პოლიციის მიერ დაკავებული ხუციანიძე სასამართლომ დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჩვენ ზაზა მეხატიშვილს, დუშეთის პოლიციის უფროსს ტელეფონით დავუკავშირდით, ვუთხარით, რომ მიმოწერა გვქონდა. მან გვიპასუხა, რომ ეს სისულელეა და ტელეფონი გაგვითიშა.


რას აკეთებს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის?

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, იურისტები და სახალხო დამცველის აპარატი თანხმდება იმაზე, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მთავრობა სტატისტიკას სრულად ვერ აწარმოებს. სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშიც ეს საკითხია ხაგზასმული: “სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტის შექმნა, რაც, საერთო ჯამში, ხელს უშლის პრობლემის შეფასებას და საჭიროებებზე მორგებული პროგრამების/სერვისების დაგეგმვას და განხორციელებას.” მაგალითად, პროკურატურა არ აღრიცხავს ოჯახში ძალადობის რამდენმა მსხვერპლმა ქალმა შეცვალა ჩვენება სასამართლოზე და რატომ; ან რამდენი ქალი გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი განმეორებით.

ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა გზებს იყენებს:

  • პოლიციელთა გადამზადება – 2017 წელს პოლიციელთა 6 პროცენტი გადამზადდა ოჯახში ძალადობის საკითხებზე;
  • საინფორმაციო კამპანია – შსს-მ მოამზადა ვიდეო რგოლები ოჯახში ძალადობის შესახებ; ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდა სკოლის მოსწავლეებს, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.


თუმცა, მათ სტრატეგიას არაეფექტურს უწოდებს სახალხო დამცველის აპარატიც და ამ საკითხზე მომუშავე იურისტებიც:

  • სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ “შიდა უწყებრივი ტრენინგებისა და შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა არასაკმარისია;”
  • ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ამ ტრენინგების ეფექტურობა იზომება;
  • ანა თავხელიძე, იურისტი ფიქრობს, რომ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თუ სამინისტრო გამოყოფს რისკ-ჯგუფებს და მათთან გაძლიერებულად იმუშავებს.


გარდა საინფორმაციო კამპანიისა და პოლიციელთა გადამზადებისა, შსს-მ მოამზადა კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს:

1. შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევაში, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება;
2. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა გაცილებით მკაცრად დაისჯება;
3. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება;
4. ოჯახში ძალადობისთვის დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით;
5. დამამძიმებელი გარემოება გახდება ოჯახის წევრის მკვლელობა.

შსს-ს მიერ ინიცირებული ცვლილებები შემაკავებელ ორდერს კი ეხება, მაგრამ როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, პოლიცია იშვიათად ამოწმებს, არღვევს თუ არა მოძალადე შემაკავებელ ორდერს. მსხვერპლი ხშირად ვერ ამტკიცებს მოძალადის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტს. შემთხვევის ადგილას მისულ პოლიციელებს ან მოძალადე უნდა დახვდეს ადგილზე და მას ფაქტზე წაასწრონ, ან მსხვერპლმა უნდა წარადგინოს ფოტო, ვიდეო ან ნებისმიერი სხვა ტიპის მტკიცებულება, იმისთვის, რომ პოლიციას დაუმტკიცოს მოძლადის მხრიდან ორდერის დარღვევის ფაქტი. იმის გამო, რომ მსხვერპლს შესაბამისი მტკიცებულება ხშირად არ აქვს, მოძალადეები დაუსჯელები რჩებიან.

ჩვენ შსს-ს ვკითხეთ, ითვლიან და იციან თუ არა კონკრეტული პირის მიმართ რამდენჯერ და ვინ დაარღვია შემაკავებელი ორდერი. პასუხად მოგვწერეს, რომ ორდერების დარღვევის სტატისტიკას ითვლიან და 2017 წელს შვიდმა პროცენტმა, 2018 წელს კი ექვსმა პროცენტმა დაარღვია შემაკავებელი ორდერი. პასუხი ჩვენს კითხვაზე მაინც ვერ მივიღეთ, შსს-მ ინტერვიუზე უარი გვითხრა, ჩვენს წერილობით კითხვებს კი აღარ უპასუხეს.

თუ შსს-ს სრული სტატისტიკა არ აქვს შემაკავებელი ორდერების დარღვევის ფაქტებზე და თუ მსხვერპლი ვერ ამტკიცებს მოძალადის მხრიდან ორდერის დარღვევის ფაქტს, მაშინ რა აზრი ექნება მომავალ ცვლილებას კანონში?

ვიდრე ცვლილებები ძალაში შევა, ნინო თასოშვილი თავის შვილს სკოლის შესვენებებზე ელოდება. ეშინია, მისი ქმრის ოჯახმა ბავშვი არ გაიტაცოს. ამის მცდელობა მათ ადრეც ჰქონდათ. ეკატერინე გოგოლიშვილი სახლიდან იშვიათად გადის, რომ ყოფილი მულისა და მისი მეუღლის თავდასხმის მსხვერპლი არ გახდეს. მედეა კი გარდაცვლილი შვილის საფლავზეც ვერ მიდის, რადგან ქვეყანაში ჩამოსვლის ეშინია მისი მოძალადე ქმრის გამო.

ფოტოების ავტორი: მაკა გოგალაძე

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მთავრობა მდიდრებს ეხმარება
mtavroba mdidrebi

მთავრობა მდიდრებს ეხმარება

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share