მტკიცებულებათა არსებობის მიუხედავად, რუსეთის მთავრობა კვლავ უარყოფს, რომ საკუთარი ოლიმპიური სპორტსმენებისთვის ასპარეზობის გაუმჯობესების მიზნით დოპინგ-ოპერაცია ჩაატარა.
Hetq.am-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ რუსული სკანდალის დროს მოსკოვის ლაბორატორია სომეხ ძალოსნებს დაეხმარა. აკრძალული ნივთიერებების მიღების შედეგად მათ 2008 წელს პეკინში, ხოლო 2012 წელს ლონდონში ოლიმპიური მედლები მოიპოვეს.
ძალოსნების გუნდის შვიდმა წევრმა დოპინგ პროგრამის შესახებ ჟურნალისტებს უამბო. ორი მათგანი მედალს ფლობს. ოთხმა რესპონდენტმა ანონიმურობის დაცვა ითხოვა. სომხეთის ანტი-დოპინგური სააგენტოს უფროსი, არეგ ჰოვჰანისიანი, ასევე ოფიციალური პირები საქართველოდან, ჟურნალისტებს ესაუბრნენ და მოსკოვთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ცნობილი გახდა კომპლექსური ოპერაციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს და საერთაშორისო ანტი-დოპინგ ტესტი შეცდომაში შეიყვანეს. ამაში იგულისხმება სპორტსმენებისთვის ისეთი პრეპარატების მიწოდება, რომლებიც მათ სპორტულ მიღწევათა გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა. ასევე სპორტსმენების გაფრთხილება მოსალოდნელი შარდის ანალიზის შესახებ; შარდის სუფთა სინჯების შენახვა სისტემის მოსატყუებლად; განმეორებითი ტესტირების ჩატარება, რათა განესაზღვრათ, რომელი სპორტსმენი შეძლებდა საერთაშორისო შემოწმების გავლას. მოსკოვის დახმარებით გაყალბდა ანალიზის ყველა დადებითი პასუხი.
ტიგრან ვ. მარტიროსიანმა 2008 წელს, პეკინში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან hetq.am-ს უთხრა, რომ ოფიციალური პირები სომხეთიდან სპორტსმენების შეჯიბრზე გაშვების წინ დოპინგზე ამოწმებდნენ. “იღებდნენ სინჯებს, რომ ჩვენს სისუფთავეში დარწმუნებულიყვნენ,” – ამბობს მარტიროსიანი. მის ორგანიზმში შარდის ანალიზის შედეგად აკრძალული ნივთიერებები არასდროს აღმოუჩენიათ.
აღასი აღასინიანი სომხეთის ძალოსნების ეროვნული გუნდის ყოფილი წევრია. მან დაადასტურა, რომ იმ სომეხ სპორტსმენებს, რომლებიც შესაძლოა პრეპარატებს ღებულობდნენ, მსოფლიო შეჯიბრზე გასვლის წინ აუცილებლად ამოწმებნენ. “შეჯიბრებამდე ანალიზისთვის სინჯებს ვაგზავნიდით. თუ ნახავდნენ, რომ ორგანიზმი სუფთა იყო, მაშინ გამიშვებდნენ,” – ამბობს ის. “არ გაუშვებდნენ მას, ვისი ანალიზის პასუხიც დადებითი იქნებოდა. ყველაფერი ისე კეთდებოდა, რომ არავინ დაეჭირათ. ზუსტად ვერ გეტყვით ანალიზისთვის სინჯებს ვინ აგზავნიდა, მაგრამ სომხეთის ძალოსნობის ფედერაცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არავინ დაეჭირათ.”
ყველა სინჯი გრიგორი როდჩენკოვთან, რუსეთის ანტი-დოპინგ ცენტრის ყოფილ დირექტორთან იგზავნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა სპორტსმენმა აღიარა აკრძალული ნივთიერებების გამოყენება, ლაბორატორიამ მათი ანალიზის პასუხები გააყალბა.
პავლე კასრაძე, საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ ყველასთვის ცნობილი იყო – “თუ შედეგების გაყალბება გინდოდათ, როდჩენკოვთან უნდა წასულიყავით”.
ჰოვჰანისიანმა, სომხეთის ანტი-დოპინგური სააგენტოს უფროსმა დაადასტურა ეს მოსაზრება: “როდჩენკოვს ნიმუშებს უგზავნიდნენ და თანხას ნაღდი ფულით უხდიდნენ.”
ყოფილმა რუსმა სპორტსმენმა რუსეთის ლაბორატორიის ოპერაციის დეტალები ნიუ იორკ ტაიმსს, ამერიკულ ახალი ამბების ჟურნალს “60 წუთსა” და “ოსკარის” მფლობელ დოკუმენტურ ფილმს “იკარუსს” აცნობა.
სპორტსმენებმა hetq.am-ს უთხრეს, რომ სომხური დოპინგ პროგრამა ძალოსნობის სფეროში საიდუმლო არავისთვის ყოფილა. სპორტსმენები პრეპარატებს ან თავად ყიდულობდნენ და ან სომხეთის ძალოსნობის ფედერაცია (AWF) უსასყიდლოდ აძლევდა.
საბოლოოდ, რუსეთის პროგრამა გამოაშკარავდა – სომეხმა სპორტსმენებმა შედეგები თავიანთ თავზე გამოსცადეს და ეს მათ დღემდე ძვირად უჯდებათ.
გუნდის ორ წევრს ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს. სომხეთის ეროვნულმა გუნდმა რუმინეთში, ევროპულ ძალოსნობის ჩემპიონატში (European Senior Weightlifting Championship) მონაწილეობა არ მიიღო.
სომხეთის გარდა კიდევ რვა ქვეყანა ერთი წლით მოიხსნა ძალოსნობის ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან. ესენია: რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, აზერბაიჯანი, ჩინეთი, უკრაინა, მოლდოვა და თურქეთი. სომხეთის სპორტის სფეროს ოფიციალური პირების განცხადებით, გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერციის (IWF) საბჭოს 26 მარტს უნდა განეხილა, მაგრამ ჯერ დასკვნა არ გამოქვეყნებულა.
სომეხი ოლიმპიელი, სონა პოღოსიანი, რომელმაც ბუენოს-აირესში 2016 წელს გაიმარჯვა, ეჭვმიტანილია სპორტსმენებისთვის აკრძალული ნივთიერებების გამოყენებაში. ძალოსანთა საერთაშორისო ფედერაციამ ეს განცხადება მის ანალიზებზე დაყრდნობით გააკეთა. ცნობილია, რომ ამ ამბის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
გამარჯვება ნებისმიერ ფასად
ოფიციალური პირები და სპორტსმენები თანხმდებიან, რომ სომხეთის დოპინგ პროგრამა სამველ ხაჩატრიანის სახელს უკავშირდება, როცა ის სომხეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო 2006-2012 წლებში. პროგრამა იმიტომ შეიქმნა, რომ 2008 და 2012 წლებში ქვეყანას ოლიმპიური მედლების მოპოვება სურდა.
“დოპინგის პროგრამა სამველ ხაჩატრიანის პერიოდში დაიწყო,” – ამბობს ერთ-ერთი სპორტსმენი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა. “პრეპარატების მიღებას არ გაძალებდნენ, მაგრამ არჩევანი არ გქონდა. მაშინ სხვა დათანხმდებოდა და გუნდში შენს ადგილს დაიკავებდა”.
2012 წლის თამაშების შემდეგ ხაჩატრიანმა გუნდი დატოვა. მას ტელეფონით დავუკავშირდით, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “არ მინდა, რომ კითხვები დამისვათ,”- თქვა და ტელეფონი გაგვითიშა.
სანქცირებულმა სომეხმა ძალოსნებმა ანაბოლური სტეროიდები სპორტულ მიღწევათა გაუმჯობესების მიზნით მიიღეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად იყენებდნენ სტანოზოლოლს და ტურინაბოლს.
ამ ნივთიერებების დახმარებით სპორტსმენებისთვის ვარჯიში უფრო ნაყოფიერია, ვიდრე მათთვის, ვინც პრეპარატებს არ ღებულობს. ნივთიერებები შარდის ანალიზში თვეების განმავლობაში ჩანს. სწორედ ამიტომ მსოფლიო ანტი-დოპინგურმა სააგენტომ (WADA) სპორტის ყველა სახეობაში მკაცრი ტესტი დანიშნა. სპორტსმენები ანალიზებს, როგორც წესი, სამშობლოში აბარებენ, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორიას აქვს შედეგების გადამუშავების ლიცენზია. მთლიან პროგრამას საერთაშორისო ოფიციალური პირები მართავენ.
ამ პროგრამით დაეხმარნენ სომეხი ოფიციალური პირები თავიანთ ძალოსნების გუნდს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზოგიერთ ძალოსანს სტეროიდებზე მისცეს წვდომა.
“ისინი უკრაინაში დაბალ ფასად ყიდულობდნენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სპორტულ მიღწევათა გაუმჯობესებაში გეხმარება და აქ ყიდდნენ,” – აღიარა ერთ-ერთმა სპორტსმენმა, რომელმაც ასევე ანონიმურობის დაცვა მოითხოვა. “ეროვნულ გუნდს პრეპარატებს უფასოდ აძლევდნენ. ძვირი არ ღირდა, 100 ტაბლეტი დაახლოებით 20 ათასი დრამი (42 დოლარი).”
“მე იმის ფულიც არ მქონდა, რომ ვიტამინები მეყიდა. მაგრამ მქონდა ათასი დრამი (2 დოლარი), რაც აღნიშნული პრეპარატებისთვის საკმარისი იყო. წამალი იაფი ღირდა და აფთიაქებშიც იყიდებოდა. ბავშვი ვიყავი, ვიყიდე და დავლიე,” – ამბობს გუნდის ყოფილი წევრი, აღასიანი.
შემდეგ, რამდენიმე ხერხს იყენებდნენ, რომ სქემა არ გამოაშკარავებულიყო. სპორტსმენებს წინასწარ აფრთხილებდნენ მოსალოდნელი ტესტირების შესახებ. 2009 წელს სომხეთის ანტი-დოპინგურმა სააგენტომ, რომელიც ცნობილია როგორც ARMNADO და სერტიფიცირებულია მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ, ჩაატარა ტესტირება ქვეყნის მასშტაბით (სომხეთს არ აქვს თავისი ლაბორატორიები, შესაბამისად, უცნობია, სად აგზავნიდა ARMNADO ანალიზების შედეგებს მუშაობის პირველი ორი წლის განმავლობაში).
საერთაშორისო წესები ნათელია: მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მიხედვით, სომხეთის ანტი-დოპინგურ სააგენტოს ტესტირება სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ოფიციალური პირების წინასწარი გაფრთხილების გარეშე უნდა ჩაეტარებინა.
თუმცა, ჰოვჰანისიანი, სომხეთის ანტი-დოპინგური სააგენტოს უფროსი 2009 წლიდან, ამბობს, რომ ძალოსნობის ფედერაცია სააგენტოს წინასწარ უკავშირდებოდა. ითხოვდა ტესტებს და ასახელებდა იმ ადამიანებს, ვინც ტესტირებას გაივლიდა.
სომეხი სპორტსმენები ამტკიცებენ, რომ მათ წინასწარ ეუბნებოდნენ, როდის უნდა შეეწყვიტათ პრეპარატების დალევა, რომ ორგანიზმი გაწმენდილიყო და ანალიზის პასუხი უარყოფითი ყოფილიყო. სომხეთში ჩატარებული ტესტირებისთვის თავი არავის აურიდებია.
ჰრიპსიმე ხურშუდიანმა, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა, სომხური ახალი ამბების სააგენტოს “მედიამაქს” უთხრა: “ექიმების ნებართვის გარეშე არანაირ პრეპარატს არ ვიღებდით, არც ვიტამინებს. მაგრამ როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ 10 დღეში სხეული ნებისმიერი ნივთიერებისგან გაიწმინდებოდა, ვიჯერებდით.”
პროგრამაში ჩართულმა პირებმა სხვა მეთოდების გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც საქმეში დოპინგის საერთაშორისო ოფიცრები ჩაერთვნენ.
ზოგიერთ შემთხვევაში სპორტსმენებს წინასწარ აფრთხილებდნენ. “როდესაც საზღვარგარეთიდან ჩამოსული პირები მოდიოდნენ, მეტ-ნაკლებად ვიცოდით რომელ დღეს უნდა ყოფილიყო შარდის სინჯი სუფთა, იმისთვის, რომ ტესტი ჩაგვებარებინა. ეს გაგრძელდა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადამდე,” – ამბობს ერთ-ერთი სპორტსმენი ანონიმურობის დაცვით.
სპორტსმენი იმასაც ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ოფიციალურ წარმომადგენლებს წინასწარ გაყინულ, სუფთა შარდის სინჯებს აძლევდნენ.
ჰოვჰანისიანი ადასტურებს ამ მეთოდის არსებობას. “ისინი წინასწარ რეკავდნენ. სპორტსმენები კი ძველ სინჯებს აძლევდნენ. ეს ცნობილი მეთოდი იყო.”
2011 წლიდან 2014 წლამდე ყველა ნიმუში მოსკოვში, როდჩენკოვის ლაბორატორიაში იგზავნებოდა. ამ ლაბორატორიას მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს აკრედიტაცია ჰქონდა. რამდენიმე წყარომ hetq.am-ს უთხრა, რომ ლაბორატორიას სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიც იყენებდნენ.
საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს უფროსი პავლე კასრაძე ამბობს, რომ სწორედ ამ ლაბორატორიაში გაყალბდა ტესტირების პასუხები, სომეხ ოფიციალურ პირებთან შეთანხმებით. “როდესაც მექანიზმებზე საუბრობთ, არ გამორიცხოთ იმის შესაძლებლობა, რომ შეიძლება სინჯებისგან განსხვავებით, შედეგები სუფთა ყოფილიყო,” – ამბობს კასრაძე.
როდესაც სპორტსმენები ტესტირებას ვერ გადიოდნენ, მოსკოვი მათ დისკვალიფიკაციისგან იცავდა. თუმცა, მათი შემდგომი სინჯები უკვე სუფთა უნდა ყოფილიყო, რომ სხვა შეჯიბრებებიდან დისკვალიფიკაცია თავიდან აეცილებინათ.
სპორტსმენებმა hetq.am-ს უთხრეს, რომ 2008-2012 წლებში სომხეთის ძალოსნობის ფედერაციამ გააფრთხილათ, რომ ფულს საკუთარი ჯიბიდან გადაიხდიდნენ, თუ ისეთ სინჯს გააგზავნიდნდნ, რომელშიც გამოჩნდებოდა პრეპარატების გამოყენების კვალი. “გვითხრეს, რომ თითო სინჯის ანალიზი მოსკოვის ლაბორატორიაში 120 ევრო ჯდებოდა და განმეორებითი ტესტირების საფასური ჩვენ უნდა გადაგვეხადა,” – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. “თუ პირველი სინჯის ანალიზის პასუხი დადებითი იქნებოდა, მეორე ნიმუში უნდა გაგვეგზავნა.”
სპორტსმენი ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანი ტესტირებას ორჯერ გადიოდა, რომ გაეგოთ რა დრო სჭირდებოდა მის ორგანიზმს ნივთიერებებისგან გასაწმენდად.
სომხეთის ანტი-დოპინგური სააგენტო სხვა სფეროს სპორტსმენების სინჯებს რამდენიმე ლაბორატორიაში აგზავნიდა, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრიაში მდებარეობს. თუმცა, ძალოსნების შემთხვევაში, ნიმუშები ყოველთვის მოსკოვში იგზავნებოდა.
სომხეთში დოკუმენტაცია არასრულყოფილია და მოსკოვის ლაბორატორიასთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2013 წლისთვის მოიპოვება. ის, რომ ლაბორატორიას 2011 წლიდან 2014 წლამდე იყენებდნენ, რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტოს RUSADA-ს ყოველწლიურ ანგარიშში დასტურდება.
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციის (EE RADO) ოფისი თბილისში მდებარეობს. თეორიულად, ამ დამოუკიდებელი, მაღალი კლასის ინსტიტუციის ჩართულობა უზრუნველყოფდა იმას, რომ სომეხ სპორტსმენებს ანალიზის შედეგები არ გაეყალბებინათ. თუმცა, პრაქტიკაში, ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, EE RADO-ს სომხეთში კარენ სტეფანიანი წარმოადგენს, რომელიც სომხეთის ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობდა. კასრაძე, EE RADO-ს და საქართველოს ანტი-დოპინგური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხარჯის შემცირების მეთოდს აღწერს.
მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს კოდექსის მიხედვით, “ანტი-დოპინგურმა ორგანიზაციებმა, მინიმუმ, ყოველწლიურად უნდა გამოაქვეყნონ დოპინგ-კონტროლის აქტივობების ზოგადი სტატისტიკური ანალიზი და გადაუგზავნონ დოკუმენტის ასლი მსოფლიო ანტი-დოპინგურ სააგენტოს.”
თუმცა სომხეთის ანტი-დოპინგურ სააგენტოს არ გამოუქვეყნებია 2009, 2010, 2014 და 2015 წლების ანგარიშები. მისი ინტერნეტ გვერდი აღარ მუშაობს. ყოველწლიური ანგარიშები არც სხვა ქვეყნებს გამოუქვეყნებიათ (მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანს, უკრაინას, ყაზახეთსა და მოლდოვას).
სომხური ოპერაცია დასასრულს მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც რუსების პროგრამა დაიშალა.
2015 წელს მსოფლიო ანტი-დოპინგურმა სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტო არ აკმაყოფილებდა მსოფლიო ანტი-დოპინგურ კოდექსს და როდჩენკოვის ლაბორატორიის მუშაობა შეჩერდა.
რუსეთის დოპინგის შესახებ დამატებითი მტკიცებულებები მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს გამოძიებამ 2016 წელს გამოავლინა. “მაკლარენის რეპორტის” (McLaren Report) შედეგად რუსეთს წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე, სამხრეთ კორეაში ასპარეზობის უფლება არ მისცეს (28 რუსი სპორტსმენისთვის მონაწილეობის სამუდამო აკრძალვა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ როდჩენკოვის შესახებ მტკიცებულებები არ იყო საკმარისი დანარჩენების ბრალეულობის დასამტკიცებლად).
2016 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ პეკინისა და ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადების დროს აღებული ანალიზები გადაემოწმებინა. ფოკუსი იმ ქვეყნებზე გაკეთდა, რომლებიც მოსკოვის ლაბორატორიას იყენებდნენ. ის სპორტსმენები, რომლებმაც განმეორებითი ტესტირება ვერ გაიარეს, შეჯიბრიდან მოხსნეს, ზოგიერთებს მედლებიც კი ჩამოართვეს.
ამ დროს გამოვლინდა სომხეთის ტყუილი საერთაშორისო დონეზე.
2017 წლის 20 ოქტომბერს, განმეორებითი ტესტების შემდეგ, სომხეთი, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ცხრა წევრს შორისაა, საერთაშორისო შეჯიბრებებიდან აკრძალული ნივთიერებების გამოყენების გამო ერთი წლით მოხსნეს. ორ სომეხ ძალოსანს ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს, სომხეთის ძალოსნობის ფედერაციას კი 50,000 დოლარის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადა.
ისინი, ვინც მედლები დაკარგა იყვნენ ტიგრან გ. მარტიროსიანი, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე 2008 წელს ბრინჯაო მოიპოვა და ჰრიპსიმე ხურშუდიანი, რომელმაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ასევე ბრინჯაოს მედალი აიღო. არც ერთ მათგანს არ გაუსაჩივრებია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება (ტიგრან გ. მარტიროსიანი არ არის დაკავშირებული ტიგრან ვ. მარტიროსიანთან, რომელმაც 2008 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა და რომლის ანალიზის პასუხები დადებითი არასდროს ყოფილა).
მწვრთნელი: ამას ყველა აკეთებდა
2016 წელს, როცა გამოაცხადეს, რომ სომეხ ძალოსნებს ოლიმპიური მედლები ჩამოერთმეოდათ, მამაკაცთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაშიკ ალავერდიანმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა: “ყველა ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ ამ პრეპარატებს. მაგრამ დოპინგის ტესტირებამდე 100-120 დღით ადრე ორგანიზმი სუფთა უნდა ყოფილიყო.”
ალავერდიანი მთავარი მწვრთნელის პოზიციას 2015 წლიდან იკავებს, ხოლო 2012 წლიდან ფედერაციის გენერალური მდივანია. Hetq.am-მა ჰკითხა მას, რა იცოდა დოპინგ პროგრამის შესახებ.
“მე ტესტის სინჯები არ გამიგზავნია,” – ამბობს ის. “არც შედეგების შესახებ მქონდა ინფორმაცია. ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს. კითხვებზე ვერ გიპასუხებთ. 3 წელია სათავეში ვარ და არავის ცხვირიდან სისხლიც კი არ წამოსვლია. გთხოვთ, დაწერეთ, რომ არაფერი ვიცი.”
სპორტსმენები, რომლებიც hetq.am-ს ესაუბრნენ, ამტკიცებენ, რომ ალავერდიანი არც წამლების შესყიდვაში იყო ჩართული და არც მათ განაწილებაში.
ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელ ორ სპორტსმენს, მარტიროსიანსა და ხურშუდიანს, სომხეთის მთავრობამ 10-10 მილიონი დრამი გადასცა (2018 წლისთვის 20,800 დოლარი).
hetq.am დაინტერესდა, მიღებული თანხა სპორტსმენებს უკან უნდა დაებრუნებინათ თუ ჩამოართმევდნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განაცხადა: “თანხა სახელმწიფოს ხაზინაში არ ჩარიცხულა. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ჯილდოს სახით მიღებული თანხის უკან დაბრუნების ვადებს ადგენს.”
სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი გენერალური მდივანი, ჰრაჩია როსტომიანი, დოპინგის სკანდალში არც თავის ინსტიტუციას ადანაშაულებს და არც სპორტსმენებს. ის ამბობს, რომ ბრალი ძალოსნობის ფედერაციის ყოფილ მენეჯმენტს მიუძღვის.
ავტორი: ანი მეჯლუმიანი (HETQ.AM)