fbpx
tadzrebi

რას გვიქადის ტაძრების მშენებლობა რუსული ფულით?

ავტორები: მანანა ღოღობერიძე, აიდან იუსიფი და ნათია მიხელიძე

რუსი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქსელური ომის თეორიის მიხედვით, რუსულ ჰიბრიდულ ომში რელიგია მასებზე ზეგავლენის მოხდენის ერთ-ერთ საშუალებადაა მიჩნეული. ათწლეულებია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ამ ტიპის ომს აწარმოებს.  

საქართველოს საპატრიარქო დაფინანსებას სხვადასხვა გზით იღებს. მაგალითად, საქართველოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს, ყოველწლიურად, 30 მილიონამდე ლარი ერიცხება. ამას ემატება პირადი შეწირულობები და საჩუქრები როგორც მთავრობისგან, ისე კერძო პირებისგან. კერძო პირებში კი არიან ისინიც, ვინც რუსეთში ნაშოვნ ფულს სასულიერო პირებს წირავენ, აშენებენ ეკლესიებს და აფინანსებენ მათ საჭიროებებს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსული ფულის ეკლესიაში შემოდინება ხალხში რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის მოპოვების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს. რუსული ფული კი ეკლესიაში ნამდვილად შემოდის ხან რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენების ხელით, ხან კი რუსი ეროვნების ბიზნესმენების ჯიბიდან. 

ბიზნესმენებისა და ქართული ეკლესიის ურთიერთობების შესახებ ინფორმაციამ 2021 წლის სექტემბერში ანონიმური წყაროების მიერ გამოქვეყნებული სუს-ის ჩანაწერებიდან გაჟონა. სუს-ის მასალების ავთენტურობა დღემდე დადასტურებული არ არის. სწორედ ამიტომ “აი, ფაქტი” არ ეყრდნობა მხოლოდ ამ ფაილებს. გიყვებით იმ ამბებზე, რომელიც სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ვიკვლიეთ, დოკუმენტურად ან რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მონათხრობით დავადასტურეთ. 

საპატრიარქოს არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ტაძარია ქვეყანაში და რა წარმომავლობის ფულით შენდება ისინი. გამომცემლობა “ინდიგომ” გასულ წელს კვლევა ჩაატარა, მკვლევრებმა სოფელ-სოფელ მოაგროვეს არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაცია. საქართველოში სულ 3,400 ეკლესია-მონასტერია. მათგან 36% ანუ 1,250 ტაძარი 1990 წლის შემდეგ აშენდა. ბოლო 30 წელში აშენებულთაგან რამდენი დაფინანსდა რუსული კაპიტალით, რთული სათქმელია, რადგან ეს უფრო ვრცელი კვლევის საკითხია. 

ამ მასალაში კი გიამბობთ რუსეთში გამდიდრებულ 18 ბიზნესმენზე, რომლებმაც საქართველოში 20 ტაძარი ააშენეს. 

“წარმოიდგინეთ, ქადაგების დროს გიყვებით, რომ ამ ეკლესიის მშენებლობა დაფინანსდა რუსეთიდან. თქვენს თავში სადღაც ჩნდება აზრი, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოში მართლმადიდებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო ინვესტიციები იდეოლოგიაში, რომ საქართველოს მოქალაქეებში გაჩნდეს განცდა, რომ რუსეთი ხელს უწყობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, იდენტობის გადარჩენას და ამაში ფულს არ ზოგავენ ისინი, ვინც ამ ფულს რუსეთში შოულობენ. ასეთი ბიზნესმენი ცოტა ხანში შეიძლება იქცეს ადამიანად, რომელმაც გთხოვოთ, არ დააფიქსიროთ პოზიცია, მაგალითად, რუსეთის უკრაინაში მოქმედებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც გეტყვით, მოდი, ხომ არ სჯობს, რუსეთი აქო. მე ამდენი ფული დავხარჯე იმაში, რომ შენ კარგად იცხოვრო და ახლა შენც დამიჭირე მხარიო, ბუნებრივია, ეს საფრთხეა საქართველოს სახელმწიფოსთვის და თავად ეკლესიისთვისაც,” – ამბობს ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი. 

მკვლევრები გვიხსნიან, რომ რუსეთში წარმატებული ბიზნესსაქმიანობა შეუძლებელია რუსეთის ხელისუფლებისგან “მწვანე შუქის” ანთების გარეშე. ამისთვის კი კონკრეტული ბიზნესმენები პოლიტიკური  რეჟიმის ერთგულები უნდა იყვნენ, ეთანხმებოდნენ რუსულ პოლიტიკას და არ აფიქსირებდნენ მის საწინააღმდეგო აზრს. 

“დიდწილად რუსეთში ფულის შოვნა, თან დიდი ფულის შოვნა ნიშნავს, რომ ეს ადამიანი დამოკიდებულია რუსეთის ხელისუფლებაზე. თავისი ანგარიშები და ვალდებულებები აქვს რუსეთთან. ამიტომ, ის რომ ჩამოდის და პოლიტიკური ამბიციები აქვს, კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ მუშაობს რუსული ინტერესების სასარგებლოდ. საზოგადოებაში იმ განწყობების გავრცელება, რომ რუსი ბიზნესმენები აფინანსებენ ეკლესიას, ხოლო დასავლეთში მოღვაწეები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ლგბტქ თემს თუ ქალებს იცავენ, კიდევ ერთხელ აღვივებს იმ მოსაზრებას, რომ დასავლეთი გვრყვნის, რუსეთი კი ჩვენი სულიერი გადამრჩენელია,” – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მკვლევარი მეგი ქარცივაძე. 

“პუტინისთვის წარმოუდგენელია არსებობდეს წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც მას არ ემორჩილება პირდაპირ თუ ირიბად. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ყველა გადარიცხვა კონტროლდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, ამ ადამიანებს აქვთ მხარდაჭერა რუსეთის სახელმწიფოსგან. დღეს რუსეთიდან საქართველოში წამოსული ფინანსები კონტროლს ექვემდებარება. ისინი თუ რაიმეს არ ებრძვიან, ესეიგი მომავალში ამ რაღაცის გამოყენებას აპირებენ. ტყუილად არ ხდება ასე სადღაც ფინანსების გაგზავნა, თუნდაც თქვენი კონკრეტული ფინანსების, რომელიც გგონიათ, რომ თქვენით იშოვეთ, ”- გვითხრა ჰიბრიდული ომის მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა.

საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი მარიამ გამდლიშვილი გვიხსნის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას გაცნობიერებული ჰქონდეს, რატომ არის საშიში რუსული კაპიტალის დაბანდება ეკლესიების საჭიროებებში და როგორ შეიძლება დააზიანოს ამან სახელმწიფო ინტერესი. ამის გასააზრებლად კი მაგალითი უკრაინისგან უნდა ავიღოთ, სადაც ომის შემდეგ გაუქმდა ყველაფერი, რაც რუსული წარმოშობის იყო. 

“უკრაინის ომამდე ჩვენ ამას ვერ ვიაზრებდით. ეკლესიაში რუსული კაპიტალის ჩადებას საფრთხედ ვერ აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რაც განვიცადეთ 2008-ში. უნდა გვახსოვდეს რუსული ჰიბრიდული ომის მიზანი, საბოლოოდ, ეს არის ბრძოლა ჩვენი გულებისთვის და ტვინებისთვის. რუსეთი ამას ყოველთვის გამოიყენებს და საკითხავია, ჩვენ რამდენად შევძლებთ თავის დაცვას. მგონია, რომ ამ ეტაპზე არც მედეგები ვართ და არც გააზრება შეგვიძლია, რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესები შეიძლება ჩვენზე გავლენის მოსახდენად გამოიყენონ,” – ამბობს მარიამ გამდლიშვილი.

რუსეთში დაგროვებული კაპიტალით აშენებული ეკლესიების შესახებ ინფორმაცია ჩვენ რუკაზე დავიტანეთ. თითოეული მათგანის ამბის სანახავად გადადით ბმულზე და დააჭირეთ რეგიონებში გაბნეულ ჯვრის სიმბოლოებს. 

და მაინც, ვინ არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც რუსეთში ნაშოვნი ფულით საქართველოში ეკლესიებს აშენებენ ან საპატრიარქოს წარმომადგენლებს ფინანსურად ეხმარებიან?

პუტინის მეხოტბე ხუბუტია 

“ვინ არის ყველაზე მაგარი რუსი? – სტალინი. დღეს ცოცხლებიდან? – რა თქმა უნდა, პუტინი.” ეს პასუხები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას ეკუთვნის. ის 17 წლის ასაკიდან მოსკოვში ცხოვრობს და ბიზნესსაქმიანობას ეწევა. 1999-2001 წლებში მოსკოვში ვაჭრობის მინისტრი იყო. 

რუსულ ბიზნესში ნაშოვნი ფულით ხუბუტია საქართველოს საპატრიარქოსა და ეკლესიებს აფინანსებს. ხუბუტია პატრიარქს პირადად სტუმრობს საქართველოში და მასპინძლობას უწევს რუსეთშიც. 2008 წლის დეკემბერში ერთ-ერთ ასეთ ვიზიტზე ილია მეორეს ბიბლიის უნიკალური გამოცემა და საპატრიარქოსთვის შესაწირი თანხა გადასცა. 

ხუბუტია წარმოშობით ზუგდიდელია, მაგრამ ახლა მხოლოდ რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. როგორც თავად ამბობს, მისი სამშობლო რუსეთია, სადაც სიბერემდე დარჩება. “სულში რუსი ადამიანი ვარ და ქართული მენტალიტეტი აღარ მესმის,” – თქვა 2011 წელს ინტერვიუში

ქართული მენტალიტეტის არ ესმის, მაგრამ რუსეთში “ქართველთა კავშირს” ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციის მოწყობილ შეხვედრაზე 2013 წელს ილია მეორეც იმყოფებოდა, სადაც რუსეთში მყოფ სხვა ბიზნესმენებსაც შეხვდა. მათ შორის იყო ლევან ვასაძე. ვიდეოში ჩანს მიხეილ ხუბუტია, რომელიც პატრიარქს ჩუმად ესაუბრება და ხელზე ემთხვევა.

ილია მეორე ხუბუტიას მოსკოვში 2008 წელსაც შეხვდა. ალექსი II-ს დაკრძალვის შემდეგ “ქართველთა კავშირმა” პატრიარქის და რუსეთში ქართველთა დიასპორის შეხვედრა მოაწყო. ილია მეორესთან ერთად დელეგაციაში იყვნენ მიტროპოლიტები გერასიმე შარაშენიძე და დიმიტრი ჭუაძე, დეკანოზი გიორგი ხარაზაშვილი, მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე. შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ ხუბუტიას, მადლობის ნიშნად, წიგნი “პატრიარქი” გადასცა. 

“ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩვენი გაერთიანება შეუძლია, უწმინდესია,” – თქვა ხუბუტიამ ამავე შეხვედრის ბოლოს. 

xubutia da ilia II
მიხეილ ხუბუტია და ილია მეორე რუსეთში ქართული დიასპორის შეხვედრაზე. წყარო: russianclub.ge

ბიზნესმენის და ილია მეორეს ახლო ურთიერთობას ადასტურებს ისიც, რომ 2013 წელს რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების ლოცვა-კურთხევით და ხუბუტიას დაფინანსებით გადაიღეს ფილმი სახელწოდებით “ხატი,” რომელიც ქართველი და რუსი ხალხის საერთო მორალურ ღირებულებებზეა. 

1984 წლიდან რუსეთში სამხედრო სამსახურის გავლის და განათლების მიღების შემდეგ, მიხეილ ხუბუტია პოლიტიკაში ჩაერთო. 1999-2001 წლებში ის მოსკოვის მთავრობის ვაჭრობის მინისტრი იყო. 2001-დან კი სახელმწიფო სავაჭრო ინსპექციაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

მეგობრობდა მოსკოვის ყოფილ მერ იური ლუჟკოვთან, იყო მისი მრჩეველიც, 2010 წელს კი მოსკოვის მერიაში საინვესტიციო საქმიანობის ექსპერტთა საბჭოს წევრად მუშაობდა. ხუბუტია დაკავშირებულია მოსკოვის ახლანდელ მერ სერგეი სობიანინთანაც, რომელიც მას ბიზნესსაქმიანობაში ეხმარება. 2012-2014 წლებში ხუბუტია ეთნიკურ ურთიერთობათა საპრეზიდენტო საბჭოს წევრი იყო. 

როგორც ჩანს, ხუბუტია ვლადიმერ პუტინის შეხედულებებს იზიარებს და მასთან თანამშრომლობს კიდეც. 2010 წელს ბიზნესმენმა დააფინანსა პუტინის ინიციატივა და მოსკოვში “სამამულო ომის” დიდების მემორიალი გახსნა.

ხუბუტია რუსული მთავრობისგან საპატიო ჯილდოებსაც იღებს. “სამამულო ომში” გამარჯვების წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტისგან გადაეცა სამახსოვრო მედალი. 2010 წელს ასევე რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის მე-2 ხარისხის მედალი გადაეცა. დააჯილდოვეს “პრეზიდენტის პოლკის” 70 წლისთავზეც. მას რუსეთის “წლის პერსონას” სტატუსიც აქვს

მიხეილ ხუბუტია რუსეთში აქტიურ ბიზნესსაქმიანობას 1990 წლიდან ეწევა. რუსული ბიზნესრეესტრის ღია ბაზის მიხედვით, ხუბუტიას სახელი 10 კომპანიას უკავშირდება. მაგალითად, ის არის “Никавиа”-ს  ავიახაზების,  სასტუმრო “Волга-ს და ალკოჰოლური სასმელების კომპანია “Варварка”-ს დამფუძნებელი. ხუბუტია 2000-იანი წლებიდან ფლობს Шатер-ის სავაჭრო სახლს, რომელიც მართავს ქალაქის ცენტრში საგამოფენო სახლ “Гостини двор“-ს. მიხეილ ხუბუტია 2010 წლიდან ფლობს “Колчуга”-ს, იარაღის მაღაზიების ქსელის რუსულ ფილიალს და ამავე სახელწოდების რესტორნების ქსელს, რომელსაც მისი მეუღლე მართავს. 

ჩვენ ხუბუტიასთან დაკავშირება ვცადეთ, სოციალურ ქსელში შეტყობინება მივწერეთ, მან გვიპასუხა, რომ საუბარი არ სურს. გვაინტერესებდა, რას ფიქრობს რუსეთის ჰიბრიდული ომის თეორიაზე, რომლის მიხედვითაც რელიგია მასებზე გავლენის მოხდენის და პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთი იარაღია, თუმცა მისთვის ამ კითხვის დასმა ვერ შევძელით. 

მომღერალ და ბიზნესმენ სოსო პავლიაშვილის კავშირი საპატრიარქოსთან

“რუსეთი ოკუპანტია თუ არა? – მათ საქციელს გამართლება არა აქვს, მაგრამ დამწყვდეულ დათვს გალიაში ხელს რომ შეუყოფ, ხომ იცი წინასწარ, რომ მოგაჭამს და ვისი ბრალი იქნება ეს, დათვის?  წლებია გავიძახი, ნუ აგინებთ რუსებს, გავა წლები და მოკუნტულებს მოგვიწევს მოსვლა ბოდიშის მოსახდელად-მეთქი,”- ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას სოსო პავლიაშვილმა 2015 წლის ინტერვიუში

რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის მიმართ მისი კეთილგანწყობა 9 მაისსაც გამოჩნდა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე “ფაშიზმზე გამარჯვების დღის” აღსანიშნ კონცერტზე იმღერა

სოსო პავლიაშვილი მოსკოვში 1990 წლიდან მღერის, 90-ანი წლების ბოლოს კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო. მას ახლა რუსეთში მუსიკალური სტუდია და სარესტორნო ბიზნესი აქვს. მის საკუთრებაშია უზბეკური რესტორანი “შაბადა”.

ინტერვიუებიდან ჩანს, რომ სოსო პავლიაშვილს პატრიარქ ილია მეორესთან ახლო ურთიერთობა აქვს. 

“ვისაც აზრს შევეკითხები, ეს არის საქართველოს პატრიარქი, ჩემი მშობლები და ჩემი ერთი ძმაკაცი. მე ყოველდღე ეკლესიაში დავდივარ და ამ ადამიანზე ვლოცულობ. თუ უწმინდესს მოვუსმენთ, ყველაფერი კარგად იქნება,”- ამბობდა  პავლიაშვილი 2015 წელს.

ბიზნესმენ და მომღერალ პავლიაშვილის დაფინანსებით შენდება ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია თბილისთან ახლოს, სოფელ წოდორეთში. ტაძრის აგება 2020 წელს დაიწყო. საქართველოში ეკლესიის მშენებლობის სურვილზე 2015 წელს თავადაც საუბრობდა.

სოსო პავლიაშვილის და ილია მეორეს ახლობლობას ადასტურებს თაფლიანი წყლის ბიზნესის უცნაური ამბავიც. ყველაფერი ასე დაიწყო – “სუს-ის ჩანაწერებში” ვკითხულობთ, რომ პატრიარქმა ბიზნესმენებს მიაწოდა იდეა, დაეწყოთ თაფლიანი წყლის წარმოება. ჩანაწერის მიხედვით, ეს იდეა მოეწონათ სოსო პავლიაშვილს და მის მეგობარ პაატა სულაბერიძეს, რომლებმაც ეს ბიზნესი მალევე დაიწყეს. ჩანაწერი 2020 წლის 10 ივნისით თარიღდება.

258418622 402444901613320 61329055611226482 n
“ზზიპ კაფეს” წარმოებული თაფლიანი წყალი
წყარო: ფეისბუქი

“აი, ფაქტმა” ეს ამბავი ასე დაადასტურა. ჩანაწერის გაკეთებიდან, დაახლოებით, სამ თვეში პაატა სულაბერიძეს საკუთარ ფეისბუქზე “თაფლიანი წყლის” ფოტო ედო და ეწერა, რომ ეს სასმელი  10 დღეში მარკეტებშიც გაიყიდებოდა. თაფლიან წყალს კომპანია “ზზიპ კაფე” უშვებს, რომელიც რეესტრში 2020 წლის 16 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი ერთ-ერთი მფლობელი პაატა სულაბერიძის ვაჟი, ლუკა სულაბერიძეა. საჯაროდ სწორედ ის წარმოადგენს კომპანიას და ამბობს, რომ მისთვის იდეის ინსპირაცია ბაბუა იყო – “ასეთი მითი არსებობდა, ფრიდონ სულაბერიძე იმიტომ ცეკვავდა გენიალურად, რომ თაფლიან წყალს იღებდა.”

ამ ბიზნესში რომ მომღერალი სოსო პავლიაშვილია ჩართული, ესეც მტკიცდება. 2021 წელს ინტერვიუში ის თავად ამბობდა, რომ საქართველოში მეფუტკრეობას ეხმარება და შექმნილი აქვს უნიკალური პროდუქტი “თაფლიანი წყლის” სახით. მისი თქმით, ეს არის წყლის ბოთლი, რომელსაც თავსახურში თაფლი აქვს ჩასხმული და ერთად არევის შემდეგ უნდა დალიოთ. ზუსტად ასეთია “ზიპპ კაფეს” ბოთლიც.

სოსო პავლიაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ინსტაგრამსა და whatsapp-ზე მივწერეთ. ჩვენი წერილი მიიღეს, გვკითხეს, რა ფორმით გვსურდა ინტერვიუ და შემდეგ პასუხი აღარ მოუწერიათ. 

ვინ აღადგინა გორის სასულიერო სასწავლებლის შენობა 

“თანადგომითა მონისა ღვთისა ოლეგისა და მეგობართა მისთა აღსდგა სასწავლებელი ესე 2006 წელს,” – წერია გორის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის შესასვლელში, მარმარილოს ქვაზე. მონა ღვთისა ოლეგი რუსი ბიზნესმენი ოლეგ აფენდიკოვია.

goris sasuliero gimnazia scaled
გორის სასულიერო გიმნაზია

როგორც გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი ბორის ნიჩიპეროვიჩი გვიყვება, ბიზნესმენი ოლეგ აფენდიკოვი 2005 წელს საქართველოში ტაძრის ასაშენებლად იყო ჩამოსული. იმის გამო, რომ მამამისი სტალინის მომხრე იყო, სტალინს კი სახელად იოსები ერქვა, უნდოდა, რომ ტაძარიც იოსებ არიმათიელის სახელობის ყოფილიყო. დეკანოზის თქმით, ბიზნესმენს მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა შეხვდა და ურჩია, თუ სტალინის სახელზე რამის გაკეთება სურდა, კარგი იქნებოდა იმ სასწავლებლის შენობა აღედგინა, სადაც სტალინი სწავლობდა. ოლეგ აფენდიკოვი ამ იდეას დათანხმდა და შენობის რეაბილიტაცია დაიწყეს. 

ბიზნესმენ აფენდიკოვს კალინინგრადსა და მოსკოვში ოთხი კომპანია აქვს. ორი მათგანი, “ნოვოკოს თრეიდინგი” და “ბრიზ შიფინგი” წყლის ტრანსპორტთან დაკავშირებულ მომსახურებას ეწევა, “ჩვენი ეპოქა” და ისტორიულ-კულტურული ცენტრი “კაზანი” კი მუზეუმების საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

რუსეთში მოპოვებული ფულით ქართული ეკლესიის საჭიროებების დაფინანსებაზე მისი აზრი გიმნაზიის დირექტორმაც გაგვიზიარა. დეკანოზი ბორის ნიჩიპეროვიჩი თავად “რუსულ ფულში” პრობლემას ვერ ხედავს, თუ ის საკუთარ პრინციპებზე უარის თქმისკენ არ უბიძგებს და თუ შემომწირველს შოვინისტური განწყობები არ აქვს. მისი თქმით, თავად აფენდიკოვს და მის თანმხლებ პირებს საქართველოს წინაშე რუსეთის დანაშაულებზე ხშირად ესაუბრება, ისინიც უსმენენ და ეთანხმებიან, მაგრამ როგორც დეკანოზი ამბობს, რა ქნან, არაფრის შეცვლა შეუძლიათ.

“საქართველოში რაც კი რამეა აშენებული, იმის ალბათ დიდი პროცენტი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების მიერ აშენდა. სანამ ჩვენები ევროპაში და იმაში გავიდოდნენ, ქართველმა ფულის შოვნა პირველად სწორედ რუსეთში დაიწყო. მთავარია ფული იყოს ნაშოვნი პატიოსანი გზით და ის ფული მე არაფერს არ უნდა მავალდებულებდეს. მაშინ მე არ ვიყავი [დირექტორი] და ალბათ, რაღაც გამოკითხვა მოხდა, თორემ ისე კი არ ჩამოვიდა… მითუმეტეს, ისეთი ფრთხილი ადამიანია [მეუფე ანდრია]. რაღაცას მოიკითხავდნენ, მოიძიებდნენ, გაარკვევდნენ,” – ამბობს სასულიერო გიმნაზიის დირექტორი. 

დეკანოზ ნიჩიპეროვიჩის თქმით, ბიზნესმენი აფენდიკოვი გორს თითქმის ყოველ წელს სტუმრობს. ბოლოს, პანდემიის პერიოდში იყო ჩამოსული. 

DSCN4898
ოლეგ აფენდიკოვი გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად.
წყარო:გიმნაზიის საიტი

2008 წელს გორის სასულიერო გიმნაზიის გახსნიდან 190 წლის იუბილეზე ოლეგ აფენდიკოვს ეროვნულ ზარაფხანაში დამზადებული ოქროს მედალი გადასცეს. ასეთივე მედალი მიიღო ილია მეორემაც. 

2017 წელს კი სასულიერო სასწავლების დაარსებიდან 200 წლის და პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს აღნიშვნის შემდეგ, მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ ბიზნესმენს, მადლიერების ნიშნად, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა

აფენდიკოვის საკონტაქტო ინფორმაცია რუსულ ინტერნეტსივრცეში არ მოიპოვება. გორისა და ატენის ეპარქიის წარმომადგენლებს ვთხოვეთ მისი ტელეფონის ნომერი ან ელ.ფოსტის მისამართი. ეპარქიაში გვითხრეს, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვთ. 

როგორ უნდა აფასებდეს საპატრიარქო რისკებს და სადაა გამოსავალი? 

დეკანოზ ზაზა თევზაძის აზრით, მოსალოდნელია, რომ სასულიერო პირები შემომწირველის მიმართ გარკვეულ ანგარიშვალდებულებას იგრძნობენ და იმის კეთება ან თქმა მოუწევთ, რაც დამფინანსებელს აწყობს. დეკანოზი გვიყვება, როგორ მოიქცეოდა თავად, თუ ტაძრის აგებაში დახმარებას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი შესთავაზებდა: 

“არიან ადამიანები, რომლებიც ამას არ იკადრებენ, ქველ საქმეს აკეთებენ და არ გამოიყენებენ ზეწოლის საშუალებად, მაგრამ ძალიან ბევრი ამას იკადრებს. უხდიან იმიტომ, რომ შეუკვეთონ კიდეც და ათქმევინონ ის, რაც მათ სჭირდებათ. ასეთები გაცილებით მეტი არიან რიცხობრივად. მე მაგალითად, გავეცნობოდი მის [შემომწირველის] სულიერ შეხედულებებს, შემდეგ ჩემს თავს გავაცნობდი და ამის მერე დავთანხმდებოდი ან არ დავთანხმდებოდი. მე მაგალითად, მირჩევნია მარტივი, ღარიბული სივრცე იყოს, ვიდრე ოქროებით შემკული. იქ უნდა იყოს ცოცხალი რწმენა, სინდისი და არა ოქრო-ვერცხლი, მარგალიტი და ძვირფასი ქვები. ღმერთს ეს არ სჭირდება.”

ეკლესიებისთვის შეწირული ფულის წარმომავლობის ცოდნა მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა საქართველოში რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ და ყველაზე საიმედო დასაყრდენად ეკლესიას მოიაზრებენ. ამაზე თეოლოგი გოჩა ბარნოვი გვესაუბრა. 

“საქართველოში ყველაზე დასაყრდენი მეხუთე კოლონა ეკლესიაა. მოსკოვი ნებისმიერ პრორუსულ მთავრობას შეიძლება შეელიოს, გარდა საპატრიარქოსი… “ეფ-ეს-ბე” ტყუილად არავის აძლევს ბიზნესის კეთების საშუალებას. ვისაც ფულს აკეთებინებს, შემდეგ იმას ამ ფულს ადებინებს ანტიქართულ საქმიანობაში და ნებისმიერ ქმედებაში, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ეკლესიის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.”

ქველმოქმედის ვინაობის და მისი შეხედულებების ცოდნა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ქტიტორს, იგივე ტაძრის დამფინანსებელს,  ეკლესიაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. ვიდრე ეს ტაძარი იარსებებს, ის მუდმივად მოიხსენიება კვერექსებში, ანუ იმ ლოცვებში, რომელსაც მღვდელი ამბიონიდან წარმოთქვამს. ქტიტორებს ზოგჯერ ტაძრის შესასვლელში ფრესკებზეც გამოსახავენ. 

ეკლესიების აღმშენებლობისთვის გაღებული თანხა “სუფთა გზით” რომ უნდა იყოს ნაშოვნი, ამას საეკლესიო სამართალიც ამბობს. თეოლოგები და მღვდლები გვეუბნებიან, რომ სასულიერო პირები და მრევლი შემოწირულობის წარმომავლობით უნდა ინტერესდებოდნენ, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი ასე არ ხდება.

“ჩვენთან საეკლესიო კანონები არის აბსოლუტურად იგნორირებული და დარღვეული. ჩვენი ეპისკოპოსები, ჩვენი საპატრიარქო, პატრიარქი, არავინ უყურებს შემომწირველის მორალურ სახეს. მთავარია შესწირონ, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ნაყაჩაღარი, ნაძარცვი, მკვლელობით თუ სხვა კრიმინალური გზით ნაშოვნი. მთავარია, ფული მისცენ და შემდეგ გამოიყენონ ისე, როგორც სჭირდებათ, ეს იქნება ეკლესია-მონასტრების მშენებლობა თუ საყოფაცხოვრებო, პირადი მოხმარება,” – ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

“არ არის აუცილებელი, რომ რაღაც იყოს დაწერილი შავით თეთრზე. ეს ელემენტარული ზნეობის საკითხია. როდესაც შენ იღებ საეჭვო წარმომავლობის თანხას და ამით ეკლესიას აშენებ, ფაქტობრივად, გარკვეულ ინდულგენციას აძლევ ბიზნესმენებს: შემოწირე ეკლესიას და ამით სინდისი დაგიწყნარდება… ამავე დროს ჩვენ ვიცით, რა გარემოებაა რუსეთში. თუ შენ ხარ მსხვილი ბიზნესმენი, მაგალითად, როგორიცაა ლევან ვასაძე, ბუნებრივია, იმ ფულით ფინანსდება ომები. ეკლესია ამას უნდა შეეწინააღმდეგოს,” – გვითხრა თეოლოგმა ზურაბ ჯაშმა.

საქართველოს საპატრიარქო კი ნამდვილად არ ინტერესდება იმით, რა წარმომავლობის ფულით შენდება ხოლმე ეკლესიები რეგიონებში. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, თუ უშუალოდ საპატრიარქო არ არის ჩართული მშენებლობაში, ჩვენამდე არ მოდის ინფორმაცია, ვინ არის შემომწირველიო. ისიც მოგვწერა, სირცხვილია, რუსეთში ცხოვრების გამო ადამიანების სტიგმატიზაცია რომ ხდებაო. 

“ვფიქრობ, საქართველოში არის ძალიან ცუდი ტენდენცია, ადამიანების სტიგმატიზაცია რუსეთში ცხოვრების მიხედვით. გვავიწყდება, რომ რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და ასეთ კონტექსტში მათი განხილვა, შეკითხვის ასე დასმა, თითქოს ერთიანად მოსაკვეთია ეს ხალხი, კიდევ უფრო უწყობს ხელს სტიგმატიზაციას და პოლარიზაციას საზოგადოებაში. ეს არის სირცხვილი და არა ის, რომ ვიღაც ცხოვრობს რუსეთში. რატომ არ სვამთ კითხვას თურქეთში მოღვაწე, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებზე?”  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Რისთვის ვუხდით ფულს იმერეთის რწმუნებულს? 
Kutaisi 1 2

Რისთვის ვუხდით ფულს იმერეთის რწმუნებულს? 

იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე წელს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share