fbpx
tashi 2

ტაშში ჩარჩენილი მთავრობა – ნაწილი II

ავტორები: მანანა ღოღობერიძე, ნანუკა ბრეგაძე და ქეთი მოსიაშვილი 

ცხრა თვის წინ მსოფლიოში ახალი პანდემია გამოცხადდა. მას შემდეგ ყოველდღე, ექიმები და ექთნები უცნობ ვირუსს ებრძვიან. უცებ ყველა მათ გმირობაზე ალაპარაკდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელი ექთნების წლად გამოაცხადა. “მადლიერების ტაში” ექთნებს არც საქართველოში აკლდათ. აივნიდან მოქალაქეების აპლოდისმენტების გარდა, მადლიერებას საჯაროდ გამოხატავდნენ პოლიტიკოსებიც. 

„მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. თქვენი დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ ,” – ამბობდა გიორგი გახარია მარტში. 

“მინდა, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს,”- თქვა მაისში, სხდომის დაწყებისას არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტარებს სიმბოლური ტაშისკენ მოუწოდა. 

“როდესაც არის პანდემია, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს 205 ქვეყანა, წინა ხაზზე მედიცინის ყველა მუშაკია. მათ შორის განსაკუთრებულია როლი ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის,”- ამბობდა ამირან გამყრელიძე აპრილში. 

საბოლოოდ, ეს “განსაკუთრებული როლი” არ დაუფასდათ. როგორც ჩანს, სახელმწიფომ ექთნებს მხოლოდ ტაში აკმარა, მათთვის შრომის ადამიანური პირობების შექმნაზე კი სათანადოდ არ უზრუნია. 

ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ექთნები კოვიდ-ინფიცირებულების პალატაში შესაბამისი ცოდნის, ანაზღაურებისა და ეკიპირების გარეშე. არადა, ექთნები არიან სამედიცინო რგოლის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს პაციენტთან. 

ექთნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა 

კლინიკებში სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისთვის, როგორც წესი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენება. ესენია, ხელთათმანი, ხალათი, ნიღაბი, რესპირატორი, თვალის დაცვის საშუალებები, ქუდი/ ჩაჩი და ფეხსაცმელი. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო განსაზღვრავს, ვინ, როდის და როგორ უნდა იყენებდეს მათ.

რეკომენდაციების მიხედვით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულების პერსონალს, ლაბორატორიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, სამრეცხაოს და სასტერილიზაციოს მუშაკებს. სინამდვილეში კი, ხშირად ეს სპეციალური ტანსაცმელი ექთნებსაც არ ჰქონდათ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ივლისის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსით სულ 110 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, მათგან 62 ექთანი იყო, 31 ექიმი, 16 უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ერთი ეპიდემიოლოგი. 

“თავს დაცულად არ ვგრძნობდით, მაგრამ არ იყო საშუალება. როცა გამოვთქვი პროტესტი, სანამ ეკიპირების ფორმას არ მომცემთ, პალატაში არ შევალ-მეთქი და დავდექი 10 წუთი. ამ დროს ისე ცუდად გახდა კაცი, ხელთათმანებიც აღარ გამიკეთებია მგონი, ისე შევვარდი რომ მომებრუნებინა. უკვე მაგაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, რომ არ შევალ და არ ვიზამ,” – ამბობს ექთანი ქუთაისის ჩხობაძის კლინიკიდან, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. ამ ექთანსაც ანონიმურობას დავპირდით, სხვაგვარად საუბარი არ უნდოდა. 

მან მოგვიყვა, როგორ დაინფიცირდა კოვიდით თავისი მოვალეობის შესრულების დროს: “გადაგვაყვანინეს პაციენტი, რომელზეც გვითხრეს, რომ ტესტი უარყოფითი იყო. არ ჩავიცვით C დონის ფორმა, იგივე სკაფანდრები. გადავიყვანეთ ჩვეულებრივი ფორმით – ხელთათმანით და ნიღბით და დავავადდით. მეც დავინფიცირდი, ექიმიც და მძღოლიც. 16 დღე ვიწექი კლინიკაში, 9 დღე-ღამე 39.5 მქონდა ტემპერატურა. ჩემზე მძიმედ ექიმი იყო, აპარატზე ჰყავდათ.”

ექთანი ამბობს, რომ მათი დაინფიცირების შემდეგ, ყურადღება არავის გამოუჩენია. კლინიკის ხელმძღვანელობას მათთვის ბოდიშიც კი არ მოუხდია. შემდეგ იურისტს ესაუბრნენ და უნდოდათ ეჩივლათ, მაგრამ მისგან ასეთი რჩევა მიიღეს: “ახლა ბევრი შეცდომა ხდება სამედიცინო სფეროში, გამწვავებად არ ღირს, შეიძლება, აქეთ დაგადანაშაულონ კიდევო.” 

ჩხობაძის სახელმწიფო კლინიკაში სახარბიელო მდგომარეობა არც ამ შეცდომამდე იყო. ექთანი ამბობს, რომ აქ კოვიდ ცენტრის გახსნა საერთოდ არ შეიძლებოდა, რადგან პაციენტების იზოლირება შეუძლებელია, საპირფარეშოები ცალკე არ აქვთ, ამიტომ დერეფანში თავისუფლად დადიან და არავინ აკონტროლებს. კლინიკაში იყო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების პრობლემაც. 

“რაც გვაქვს, იმით ვმუშაობთ, ფაქტობრივად, საველე პირობებში. მაგალითად, 4 წყვილი ხელთათმანი უნდა გეყოს დილამდე, ერთი ერთჯერადი ხალათი უნდა გეყოს დილამდე, ერთი ნიღაბი უნდა გეყოს დილამდე. ზოგიერთებმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეც დარეკეს, მოგვეშველეთ, ასე ვართ, მოგვაწოდეთო და იქედან ეუბნებოდნენ, არ არის საშუალება მეტი, რაც გვაქვს დაკმაყოფილდით და იხმარეთ ისო.”

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი მე-8) დასაქმებული ექთნები ანონიმურად გვიყვებიან, რომ საკმარისი ეკიპირება არ აქვთ და რაც აქვთ, ისეთი უხარისხოა, ვირუსისგან დასაცავად მაინც ვერ გამოდგება. არადა, ერთ ექთანს დღე-ღამეში 30 პაციენტის მოვლა უწევს.

“დატოვებული იყო 2 ან 3 კომბინეზონი 24 საათის განმავლობაში. კომბინეზონს რომ ჩაიცვამ და შეხვალ ერთ პაციენტთან, რომ გამოხვალ, უნდა გაიხადო, მაგრამ ამის რესურსი არ იყო ჩვენს კლინიკაში, საუბედუროდ. ნიღაბიც, გვქონდა სამშრიანი, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი, რომელიც 2 საათი უნდა ეკეთოს ექთანს, მაგრამ 24 საათის განმავლობაში უწევდა. ასე, თვლით გვაძლევდნენ, რამდენი ადამიანიც ვიყავით, იმდენ ცალს. ხელთათმანს გვაძლევდნენ ერთ ყუთს და უნდა გვყოფნოდა 24 საათის განმავლობაში. ყუთში არის 50 წყვილი, ანუ 25-ჯერ რომ ჩაიცვა, თითო პაციენტთან კი თითო პროცედურაზე მჭირდება ერთი წყვილი. ერთ პაციენტთან ანალიზი უნდა ამეღო, 24 საათში 3-ჯერ ანტიბიოტიკი გამეკეთებინა, წნევა გამეზომა, კარდიოგრამა გადამეღო და ძალიან ბევრჯერ მიწევდა შესვლა. ხელთათმანი რომ არ იყო საკმარისი, ადმინისტრაცია გვეუბნებოდა, სანიტარული ხელთათმანები გამოიყენეთო. წითლები რომ არის, მაღალყელიანი, მაგარი რეზინის. სანიტრებს ვაცმევთ ამას, ნაგვის გატანისას და შავი სამუშაოს შესრულებისთვის გამოიყენება,” – ამბობს საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანი. არც მას უნდა მისი ვინაობის გასაჯაროება.

საუნივერსიტეტო კლინიკის ორი ექთანი გვიყვება, რომ ხარისხიანი, საიმედო კობინეზონები კლინიკას მხოლოდ 4 დღით ჰქონდა, შემდეგ კი უხარისხო, პოლიეთილენის აღჭურვილობით შეუცვალეს. მასში სუნთქვა უძნელდებოდათ, ამიტომ “საჰაეროებისთვის” ჭრილებს უკეთებდნენ და ასე შედიოდნენ ინფიცირებულებთან. იციან, რომ ეს უსაფრთხო არ იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. 

“წარმოუდგენელია, მთლიანი სხეული რომ პოლიეთილენით შეიფუთოთ, რამდენ ხანს შეიძლება გაძლოთ? იძულებულები ვიყავით, პერიოდულად გაგვეხადა. 24 საათში რამდენიმეჯერ ფორმებს ფანჯრებთან ვაშრობდით, რადგან გაოფლიანებას იწვევდა. არსებობს უფრო კარგი ხარისხებიც, მაგრამ ჩვენთან იყო კატასტროფა. ზურგთან ამოვჭრიდით, რომ საჰაერო გვქონოდა, ამასაც 24 საათი ვერ ვინარჩუნებდით. მერე ვიხდიდით და ვიყავით ხალათებით. არის წყალგაუმტარი ხალათიც, რომელიც უფრო საიმედოა და არის ხალათი, რომ მარლაც მასზე სქელია, ის შხეფსაც ვერ შეაკავებს და არანაირად არ ხარ დაცული მასში. იძულებულები ვიყავით ეს ხალათები ჩაგვეცვა.”

იმის გამო, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ ჰყოფნიდათ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სამედიცინო პერსონალის 90 პროცენტი დაინფიცირდა.

“ყველა დიანფიცირდა, მე რა სასწაულს გადავურჩი, არ ვიცი. ერთი ექთანი რეანიმაციაში მოხვდა, დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია. კლინიკაში დაინფიცირდა მშობიარესგან, რომელიც კოვიდიანი იყო. რომ გადაიტანეს ეს კოვიდი, დიდად აღარც ნერვიულობენ “ჩაცმა-დახურვზე.” ზოგიერთი უნიღბოდ დადის პაციენტებთან და ძალიან ქაოსური სიტუაციაა.”

როგორც ჩანს, ეკიპირება საკმარისი არ არის არც ლაბორატორიებში. კერძო ლაბორატორია “მედი პრაიმის” ექთანი გვიყვება, რომ დღეში 150 პაციენტთან ჰქონდა შეხება, საკმარისი ხელთათმანის და ნიღბის მისაღებად კი ყოველდღიურად ჩხუბი უწევდა:

“ჯერ ერთი, უნდა იყოს კომბინეზონები, რომლებიც სხვა კლინიკებში მქონდა და მანდ არა. ხელთათმანი არ იყო ის რაოდენობა, რომელიც მჭირდებოდა, ხელთათმანი ექთნებს უნდა ეცვათ 2 და არა 1, როცა კოვიდ ინფიცირებულთან შედიხარ. პაციენტს რომ მიიღებ, აუცილებლად უნდა გამოიცვალო და ხელახალი ჩაიცვა. მანდ ხელშეწყობა და მასალის საკმარისი რაოდენობა არასოდეს ყოფილა. თუ მოვიპოვებდი, ძალით, ჩხუბით, რა ვიცი. სხვებიც აპროტესტებდნენ და პასუხი იყო, აი მოდის, გზაშია, მოვა ახლა.“

თავს დაცულად არ გრძნობენ არც სანიტრები. მათ ინფიცირებულთა პალატაში მუშაობა სტერილური ხალათების გარეშე უწევთ. სანიტარი თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფოდან, რომელიც კერძო კლინიკაა, გვიყვება, რომ მათთან პრობლემა სპეციალური სამოსის ხარისხია და არა რაოდენობა. 

“ხალათის “ეკიპიროვკები” ბევრია, მაგრამ, აი, რომ გითხრა, მართლა არ ღირს იმ ხალათის ჩაცმა, ერთჯერადი და ძალიან სიფრიფანებია, სალფეთქის ქაღალდისგან არის შეკერილი. კი ვუთხარით კლინიკას, მაგრამ არ არის რესურსი საკმარისი და ვერ მოაქვთ. თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო რასაც გამოყოფს, ის არ არის საკმარისი.”

სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის გაიდლაინის მიხედვით, არსებობს პერსონალური ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას ხელი შეუშალოს. ესენია, მაგალითად, გამოცდილების, ტრენინგების ნაკლებობა, სტრესი და დაღლილობა. ამაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტებიც. 

საექთნო დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო გარემოს არარსებობა სისტემის გაუმართაობის ბრალია. კლინიკების მოუმზადებლობის, ქაოსის, მწირი რესურსის და გადატვირთული გრაფიკების გამო ექთნები გადაიღალნენ და შეცდომებსაც უშვებენ.

“იმან რომ არ ვიყავით მომზადებული ასეთი მასშტაბური პანდემიის განვითარებისთვის, გამოიწვია რამდენიმე ასეული მედპერსონალის დაინფიცირება. გადაღლილობა, დაუდევრობა და კიდევ ბევრი ფაქტორი იწვევს დასნებოვნებას, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და მორიგეობას მორიგეობაზე რომ გადააბამ ხო? აქ არ არის უბრალოდ ღამისთევაზე საუბარი, აქ არის გადატვირთული გრაფიკით მუშაობაზე,” – ამბობს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი.

“დაინფიცირების რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა, ამან შეამცირა ექთნების რაოდენობა. რაც უფრო მცირდება რესურსი, მით მეტია დარღვევების სიხშირე, მაქსიმალურ ხარისხს ვერ იცავ და ინფიცირების რისკიც იზრდება. იმ სამუშაოს, რაც სამმა ექთანმა უნდა შეასრულოს, ერთი ექთანი ასრულებს და ვერ ხდება წესების სრული დაცვა,”- გვითხრა ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ.

ექთნების ანაზღაურება 

ექთნების დამსახურებებზე მთავრობის წევრები ბევრს საუბრობდნენ, თუმცა ეს მადლიერება მათი შრომის ანაზღაურებაში არ გამოიხატა. პანდემიისას, ექთნების ხელფასები ყველა კლინიკაში არ გაზრდილა, ან თუ გაიზარდა, მცირედით. ისიც, მხოლოდ ექთნების პროტესტის და მუქარის შემდეგ, რომ სამსახურიდან წავიდოდნენ.

პანდემიის გამო, ექთნები გადატვირთული გრაფიკით მუშაობენ უკვე მე-11 თვეა. სახელმწიფოს მათ ხელფასებზე ზრუნვა კი მხოლოდ პანდემიის მეორე ტალღისას, შემოდგომაზე გაახსენდა. 29 ოქტომბრის დადგენილებით, ექთნებს დამატებით, კუთვნილი ანაზღაურების 50 პროცენტს დაჰპირდნენ, თუმცა მხოლოდ ორი თვით. 

“ეს დანამატი აისახება ნოემბრის ხელფასებში უკვე, ანუ ნოემბერი და დეკემბერი უნდა აიღონ ამ რეჟიმით,”- თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტრო დანამატებისთვის თანხას ჯერ კლინიკებს ურიცხავს და შემდეგ ისინი ანაწილებენ თანამშრომლებზე. კლინიკა თავად განსაზღვრავს ექთნებზე დანამატის გაცემის თარიღსაც. კლინიკების ადმინისტრაციის თქმით, როგორც წესი, ბონუსებს ხელფასების აღების დღეს რიცხავენ. ამიტომ, ზოგმა ექთანმა ხელფასის 50 პროცენტიანი დანამატი ახალ წლამდე უკვე მიიღო, ზოგი კი იანვარში ელის. 

“ყველა კლინიკა, რომელიც კოვიდ-პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულია ამ კუთხით მთავრობიდან გადმორიცხული თანხები მიზნობრივად მიიტანოს ექიმებამდე და ექთნებამდე. ჩემთან ხელფასების გაცემის ვადა არის ყოველი თვის 5 რიცხვში და 5 რიცხვში ამ დანამატებს მიიღებენ,” – გვითხრა დასავლეთის რეგიონალური ცენტრის დირექტორმა, გია გრძელიძემ. 

“ახლა აიღებენ ნოემბრის ხელფასს, დაგვიანება არის დაახლოებით ერთთვიანი. როცა აიღებენ ნოემბრის ხელფასს, უკვე გაზრდილი იქნება და ამ მხრივ პრობლემა არ იქნება,” – გვითხრა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, გიორგი ლობჟანიძემ.

ექთნებს 50 პროცენტიანი დანამატები ჯერ არ აუღიათ იმ კლინიკებში, რომლებიც კოვიდ-მიმღები ბოლო ორ თვეში გახდნენ. ასეთია, მაგალითად, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა. იმისთვის, რომ სამინისტრომ კლინიკებს ექთნების ბონუსებისთვის თანხა ჩაურიცხოს, ჯერ კლინიკისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. როგორც “ხეჩინაშვილის” ფინანსური დირექტორი ნინო შაუთიძე გვიხსნის, მათ სამინისტროს ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდეს, შესაბამისად, თანხის ჩარიცხვა ვეღარ მოესწრო. ისინი ვარაუდობენ, რომ ბონუსების გაცემას იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ:

“ჩვენმა მენეჯერებმა ცოტა გვიან წაიღეს შესრულება, მერე ჯანდაცვა დაამუშავებს და ჩაგვირიცხავს. ის რაც იმუშავეს, მე გასტუმრებული მაქვს. 1,680 დაერიცხათ (ორკვირიანი მორიგეობის) და პლუს, როცა ჯანდაცვა ჩარიცხავს, ექნებათ დანამატი.”

ჩვენ საჯარო და კერძო კლინიკების ექთნებს დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში ვესაუბრეთ. მათი უმრავლესობა პანდემიისას იგივე ხელფასს იღებდა, რასაც მანამდე. სახელმწიფოსგან 50 პროცენტიან დანამატებს ეტაპობრივად კი აიღებენ. თუმცა, ეს მხოლოდ ორთვიანი წახალისებაა. 

“ბოჭორიშვილის კლინიკაში”, რომელიც კერძო სამედიცინო დაწესებულებაა, ექთნებმა გვითხრეს, რომ დატვირთული სამუშაო დღის მიუხედავად, 10 თვის განმავლობაში იგივე თანხა ერიცხებოდათ, რაც მანამდე. აქ ექთნის ანაზღაურება თვეში, საშუალოდ, 500 ლარია და ასე იყო პანდემიამდეც. ამას კლინიკის რამდენიმე ექთანი გვიდასტურებს, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

“ანაზღაურება იგივე გვაქვს, რაც მანამდე გვქონდა, არაფერი მომატებულა. 3.20 არის საათში, 8 მორიგეობის შემთხვევაში, თვიურად 500 ლარი გამოდის. კი ვთქვით, მარა არაფერი არის და რა უნდა ვქნათ? გაპროტესტებით, ახლა ქუჩაში არ გამოვსულვართ, ისე ვიკითხეთ – მოგვემატება რამე? და არაფერი, რა ვიცი,”- ანონიმურად გვიყვება კერძო კლინიკის, ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის ექთანი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უკვე 11 თვეა მუშაობს.

“ყოველ მეოთხე დღეს მოვდივარ, თვეში გვიწევს 7-8-ჯერ მორიგეობა. ხელფასიც შესაფერისია, ამწუთას არ ვუჩივი, 500 ლარი გვაქვს. პანდემიამდეც ასე ვიღებდით.”

“საათობრივად ვიღებდით 2.80-ს და როცა მოგვიწია კოვიდიანებთან, მაშინ ვიღებდით 3.20-ს, 40 თეთრით მოგვიმატეს. საშუალოდ გამოგვდიოდა 800-მდე. ერთ თვეში ავიღე 1,200, მაგრამ სრულიად არ ღირდა ასეთი მუშაობა, განადგურებული ვიყავი, ფაქტობრივად წამლებში დავხარჯე ის ფული, იმდენად გამომფიტა იქ მუშაობამ. მერე ფსიქოლოგიური პრობლემებიც შემექმნა და ფიზიკურიც. ადმინისტრაცია არ შეგვპირებია ხელფასს მოგიმატებთ უფრო მეტადო. ვიცოდით, რომ სახელმწიფოს პრემიების სახით უნდა დაერიგებინა ჩვენთვის თანხები, მაგრამ არაფერი აბსოლუტურად. ჩვენი სახელი და გვარებიც გადასცეს ყველას, თუკი ვინმესგან შანსი იყო, რომ პრემიები დაერიცხათ, მაგრამ არაფერი. ერთადერთი გალფს ჰქონდა 200-ლარიანი დახმარებები. არც კლინიკას, არც სახელმწიფოს, ზედმეტი არ მოუცია ჩვენთვის,”- ამბობს “ბოჭორიშვილის” კერძო კლინიკის ერთ-ერთი ექთანი, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებთან პანდემიის დასაწყისში მუშაობდა.

საბოლოოდ, დაპირებული ბონუსი “ბოჭორიშვილში” 31 დეკემბერს ჩაერიცხათ. დანამატს ელოდებიან იანვარშიც, მაგრამ უცნობია, რა იქნება შემდეგ. 

“ცენტრალური საავადმყოფოს” (რკინიგზის) ექთნებმა 50 პროცენტიანი დანამატები 29 დეკემბერს აიღეს. კლინიკამ მათ ხელფასები დეკემბრამდეც გაუზარდა, თუმცა იძულებით. ექთნები ხელმძღვანელობას დაემუქრნენ, რომ თუ ანაზღაურებას არ გაუზრდიდნენ, სამსახურიდან წავიდოდნენ. ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს (რკინიგზის) ერთ-ერთი ექთანი ანონიმურად გვიყვება:

“110 ლარიდან 160 ლარამდე აგვიწიეს მორიგეობის ხელფასი. ეგ იმიტომ, რომ ვთქვით, ყველა ექთანი წავიდოდა. ექთნებს ვერ ნახულობენ, არ მუშაობს არავინ. ვისაც გამოცდილება აქვს, ყველა ხვდება, როგორი მუშაობა არის საჭირო და არავის უღირს.” 

ექთნებს ხელფასები მხოლოდ პროტესტის შემდეგ გაუზარდეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც.

“პირველ ეტაპზე ხელფასები იყო იგივე – საათში 2 ლარი და 70 თეთრი. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ექთნებში, მთელი ბუნტი იყო და მეორე ეტაპზე უკვე მოუმატეს, ყველას გაუხადეს რეანიმაციის ხელფასი, ანუ საათში 4 ლარი,”- გვითხრა კლინიკის ექთანმა ვინაობის საჯაროდ დასახელების გარეშე.

ასე მოხდა აჭარაშიც. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია, ექთნებისთვის ხელფასების მომატებას არ აპირებდა. თუმცა, სექტემბერში, კერძო კლინიკა “მედალფამ” ექთნებს მაღალი ანაზღაურება შესთავაზა და “რესპუბლიკურს” კონკურენციის გაწევა გაუჭირდა. მათი ექთნები აღარ მუშაობდნენ იგივე ხელფასზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ. კლინიკას სხვა გზა არ დარჩა და ხელფასები იძულებით გაზარდა. ამის შესახებ “მედალფას” სტაციონარული დეპარტამენტის უფროსი ექთანი, ირმა ხოზრევანიძე გვიყვება. მისი თქმით, ექთნები ელოდნენ, რომ სახელმწიფო მათ შრომას დააფასებდა, თუმცა ასე არ მოხდა და პროტესტს მიმართეს. 

“განაცხადეს, გაორმაგებული შრომით ვიშრომეთ და გაორმაგებული ხელფასი გვინდაო. ჩვენმა ადმინისტრაციამ გამოიჩინა კეთილი ნება, 6 ლარს ითხოვდნენ და შვიდ-ნახევარზე მოაწერინეს ხელი, 6 ლარი ხელზე რომ აეღოთ. პარალელურად, ექთნების წინააღმდეგობა იყო სახელმწიფო კლინიკებშიც, როცა გაიგეს, რომ “მედალფას” აქვს დიდი ხელფასი, გაიზარდა ექთნების პროტესტიც იქამდე, სანამ არ დადეს შედეგი – 4 ლარი თერაპიას და 6 ლარი რეანიმაციას. ეს თავისით არავის გაუკეთებია, მიხვდნენ, რომ არ შევიდოდა არავინ და პროტესტის შემდეგ დაფიქსირდა მაღალი ხელფასი.”

რა ვერ მოახერხა ჯანდაცვის სისტემამ ხუთი თვის განმავლობაში, პირველ და მეორე ტალღებს შორის? 

  1. ექთნების გადამზადება საგანგებო სიტუაციისთვის;
  2. ექთნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; 
  3. შრომის ადეკვატური პირობების შექმნა (ანაზღაურება, ტრანსპორტირება).

ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელის, ია გელენიძის თქმით, ყველა პრობლემა იქედან დაიწყო, რომ ექთნები პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის შექმნაში ჩართული არ იყვნენ. სახელმწიფომ ამ დარგის წარმომადგენლებს აზრი არ ჰკითხა, რამაც ექთნები და მათი შრომის პირობები უყურადღებოდ დატოვა. შემდეგ კი ექთანთა შრომის პირობების გაუარესების მიზეზი სისტემის გაუმართაობა გახდა. 

ჩვენი გამოძიების პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ტაშში ჩარჩენილი მთავრობა
tashi 1

ტაშში ჩარჩენილი მთავრობა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share