fbpx

ორგანიზებული დანაშაულის სახელმძღვანელო

ფინანსური-დანაშაული

თავი 1 – ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაული

ამ თავის ავტორია პოლ რადუ (Paul Radu), OCCRP-ის (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი) თანადამფუძნებელი და ინოვაციების მიმართულების უფროსი. რადუმ ორგანიზაცია დრიუ სალივანთან (Drew Sullivan) ერთად 2007 წელს დააარსა.

იგი ხელმძღვანელობს OCCRP-ის მთავარ საგამოძიებო პროექტებს, გეგმავს რეგიონულ გაფართოებას და შეიმუშავებს მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მხილების ახალ სტრატეგიებსა და ტექნოლოგიას. 

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.

სარჩევი
  1. თავი 1 – ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაული
  2. პირველი ნაწილი: როგორ თეთრდება ფული – ორგანიზებული დანაშაულის ფინანსური სქემა
    1. ოფშორული კომპანიები
    2. მინდობილი პირები
    3. ბანკები
    4. ყალბი კონტრაქტები და ინვოისები
  3. შემთხვევების ანალიზი
    1. აზერბაიჯანული „სარეცხი მანქანა“ და ირანის სანქციების საწინააღმდეგო „ეკონომიკური ჯიჰადი“
    2. ტროიკის „სარეცხი მანქანა“
    3. რივიერა მაიას დაჯგუფება
  4. ნაწილი ორი: როგორ ამოვხსნათ [ფულის გათეთრების სქემა] — რჩევები და ინსტრუმენტები
    1. საბანკო და სასამართლო ჩანაწერები
    2. საკუთრების ამონაწერი
    3. კომპანიის ჩანაწერები
    4. იმპორტ-ექსპორტის მონაცემთა ბაზები
    5. „ალეფი“
  5. რა გველის მომავალში?

იმ დამნაშავეთა უმეტესობას, რომელთა საქმეებსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ვიძიებდი, შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო მეწარმე ყოფილიყო. ამისთვის ყველა საჭირო თვისება ჰქონდათ: პროდუქტიულობა, შემოქმედებითობა, სხარტი აზროვნება, მოტივაცია, კავშირების დამყარებისა თუ ლიდერობის უნარი და აშკარა ან, შეიძლება, უფრო აუხსნელი ლტოლვა რისკისკენ.

კანონიერო ბიზნესის სამყაროში შეიძლება ბევრი მათგანი ყოფილიყო ილონ მასკის თანასწორი, მაგრამ დანაშაული არჩიეს და საკუთარმა უნარებმა პლანეტის ყველაზე საშიშ და მავნე ადამიანებად აქცია. 

დამნაშავეები მასშტაბურად აზროვნებენ და მარტივი გეგმები აქვთ: „მეტი მსხვერპლი, მეტი ფული.“ მათ ცხოვრებას აადვილებს ის ფაქტი, რომ მაღალი დონის დამნაშავეების უმეტესობა სრულიად დაუსჯელად საქმიანობს კონტინენტურ თუ გლობალურ ასპარეზზე, სადაც, არსებითად, მტერიც კი არ ჰყავთ, რადგან კანონის აღსრულება, როგორც წესი, კონკრეტული ქვეყნის საზღვრებითა და ინტერესებით შემოიფარგლება. 

დანაშაულებრივი ბიზნესის სტრუქტურისა და კრიმინალების მიერ დაშვებული შეცდომების შესწავლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მაღალი დონის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიებისას

პირველი ნაწილი: როგორ თეთრდება ფული – ორგანიზებული დანაშაულის ფინანსური სქემა

იმ სირთულეების გამო, რომელსაც საერთაშორისო კრიმინალი ქმნის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ძირითადად, დამოკიდებულია ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე, რომლებსაც შეუძლიათ საზღვარსმიღმა (სახელმწიფოთაშორისი) კავშირების დამყარება და საჯარო ინტერესების სასარგებლოდ მუშაობა.

თუმცა, საინფორმაციო ორგანიზაცია, რომელიც პლანეტის უდიდეს საფრთხეებთან დაპირისპირებას მოისურვებს არამხოლოდ იშვიათია, არამედ, როგორც წესი, რესურსების ნაკლებობასაც განიცდის. საბედნიეროდ, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად, გამომძიებელი რეპორტიორები მიხვდნენ, რომ დანაშაულიც, სხვადასხვა თვალსაზრისით, თავისებური პროდუქტია და ზოგად სქემებსა თუ მოდელებს ეყრდნობა, რაც აადვილებს მის იდენტიფიცირებასა და გამოაშკარავებას.

ერთი სიტყვით, კრიმინალური მოდელი, რომელიც ერთ ქვეყანასა თუ რეგიონში გამოიყენება, მსოფლიოს სხვა წერტილებშიც მეორდება. აუცილებელია დანაშაულებრივი სქემებისა და მათი ელემენტების შესწავლა, რათა თვალი ადევნოთ ფულის გადაადგილების მარშრუტს და ეფექტიანად შეუშალოთ ხელი კრიმინალური საქმიანობის დაუბრკოლებლად წარმართვას.  

ჩვენი მტერი კარგად უნდა გვყავდეს შესწავლილი, რათა ეფექტიანად გამოვიძიოთ და გამოვავლინოთ მისი უკანონო საქმიანობა. ასე რომ, მოდით, პირველ რიგში, განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ინსტრუმენტი, რომელსაც კრიმინალები ფულის მოსაპარად, დასამალად და დასაბანდებლად იყენებენ. მეორე ნაწილში განვიხილავთ ჩვენს რამდენიმე საუკეთესო საგამოძიებო ინსტრუმენტსა და იდეას.

როგორც დამწყები, ისე უკვე გამოცდილი დამნაშავეების განკარგულებაშია რეგიონული და გლობალური ინფრასტრუქტურა, რომელსაც მუდმივად აცოცხლებენ და აუმჯობესებე. ამას ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტში (OCCRP) „დანაშაულებრივი მომსახურების ინდუსტრიას“ ვუწოდებთ.

ეს ინფრასტრუქტურა მოიცავს ადვოკატებს, ბანკებს, ბუღალტრებს, [კომპანიის] ფორმირების აგენტებს, ჰაკერებს, რეპუტაციის მართვის კომპანიებს და სხვა უამრავ პირს, რომლებიც ფულს კრიმინალის ხელშეწყობით შოულობენ. ისინი დამნაშავეებს ეხმარებიან, დააბანდონ თავიანთი დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი მოგება. მაშასადამე, ფულთან დაკავშირებული რა ძირითადი ელემენტები ახლავს დანაშაულს?

ოფშორული კომპანიები

ბევრი დაწერილა ოფშორული ფინანსური ინდუსტრიისა და, ასევე, იმ ფარული კომპანიების შესახებ, რომელიც კრიმინალებს საშუალებას აძლევს, კანონის გვერდის ავლით მოიპარონ და გადააადგილონ ფულის დიდი ოდენობა სხვადასხვა იურისდიქციას შორის.

ისეთმა პროექტებმა, როგორებიცაა „ოფშორული დანაშაული“ (Offshore Crime, Inc.), „პანამის დოკუმენტები“ (Panama Papers) და სხვ. ფარდა ახადა ამ უკანონო, ფულის გამთეთრებელ ინდუსტრიას. შემდგომმა მასშტაბურმა თანამშრომლობებმა, როგორებიცაა OCCRP-ის მიმდინარე „ოუფენლუქსის“ (OpenLux) პროექტი, წარმოაჩინა, რომ სახმელეთო საზღვრების მქონე (საზღვაო გასასვლელის არმქონე) ბევრი ქვეყანა, მაგალითად, ლუქსემბურგი, უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ფარულობის ისეთივე ხარისხს [კრიმინალებისთვის], როგორსაც უფრო ტრადიციული ოფშორული ქვეყნები.

კრიმინალური ორგანიზაციის სტრუქტურისა და იმ შეცდომების შესწავლა, რომლებსაც დამნაშავეები თავადვე უშვებენ ან რომლებსაც მიზანმიმართულად აშვებინებენ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მაღალი დონის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიებისას. 

მინდობილი პირები

ორგანიზებულ დანაშაულს შესანიღბად მინდობილი პირები (ე.წ. proxies) ანუ მოკავშირეები სჭირდება, რათა ოფშორულმა კომპანიამ ტრანზაქციის შესაფერისად დაფარვა შეძლოს. OCCRP-ის გამოძიებების პროცესში მოკავშირეების სამი ძირითადი ტიპი გამოიკვეთა: უნებლიე, ნახევრად უნებლიე და სრული მოკავშირე.

უნებლიე მოკავშირე არის ადამიანი, რომლის იდენტობაც მითვისებულია (მაგალითად, ინტერნეტმომსახურების მომწოდებლებისგან მონაცემთა მასშტაბური ქურდობის გზით) და რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი სახელი გამოიყენება კომპანიის გასაფორმებლად ან საბანკო ანგარიშის გასახსნელად.

ნახევრად უნებლიე მოკავშირე საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უთმობს დამნაშავეს მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ, თუმცა კომპანიის კრიმინალური საქმიანობის რეალური მასშტაბისა თუ მისი სახელით წარმართული ტრანზაქციების შესახებ არ იცის.

თანამზრახველი მოკავშირე, როგორც თავად ტერმინიც მიუთითებს, სრულად იაზრებს კრიმინალურ სქემას, რომელსაც ხელს უწყობს და მოგებასაც ინაწილებს. კრიმინალურ სქემაში ჩართული მოკავშირეების ტიპის ცოდნა გამომძიებელ რეპორტიორს, რომელიც ამ სქემის ამოხსნას ცდილობს, შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის საშუალებას მისცემს. 

udGlT90ujZDd kkpL9 fAMgs9i3VH8NmM0nMwTBf8XApuCE0oKdh4JwLCeaqykietzL8M2ExL7r7U5IQRQtw34LxScFyREJQJe4aPfYy2O4KDQVSJsqh0u3tAP8WbOjWUGmgsg8dGh 6z3 j1at6A

სურათი: ჯეფერსონ სანტოსი, Unsplash

ბანკები

ბოლო პერიოდში ფინანსურ სექტორში ისეთი ინოვაციური პროდუქტების გამოჩენის მიუხედავად, როგორიცაა კრიპტოვალუტა, ბანკი კვლავ რჩება მსოფლიო ფინანსური სისტემის საკვანძო ნაწილად. ბუნებრივია, ბანკი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების სამიზნეს წარმოადგენს, რომლებსაც სურთ საბანკო სექტორში შეღწევა და [საბანკო სისტემის] სხვადასხვაგვარად ექსპლუატაცია.

ისევე, როგორც მოკავშირეების შემთხვევაში, ზოგიერთი ბანკი შეიძლება სრული თანამზრახველი იყოს, ზოგიერთმა არაფერი იცის, ზოგიც უბრალოდ არაა მომზადებული და შეიძლება, არც სურდეს, შეაჩეროს დანაშაულებრივი ფულის დინება საკუთარ ანგარიშებზე. 

საბანკო სისტემა შედგება უამრავი წვრილი, საშუალო თუ მსხვილი ბანკისა და მათი ფილიალებისგან. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მცირე ბანკებს შეუძლიათ გლობალურ ფინანსურ სისტემას შეუერთდნენ მხოლოდ მსხვილ ბანკებში გახსნილი საკორესპონდენციო საბანკო ანგარიშების საშუალებით, რომლებიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ელექტრონულ გადარიცხვებზე წვდომას.

არაერთი მცირე და საშუალო ზომის ბანკიც გამოგვიკვლევია, რომლებსაც სრულად ან ნაწილობრივ ფლობდა ან მართავდა კრიმინალი, მაგრამ მაინც ყველა მსოფლიოს უდიდეს ბანკებზე იყო დამოკიდებული დიდი მოცულობის არაკანონიერი ფულის გაგზავნა-მიღების თვალსაზრისით. 

ჭკვიანმა დამნაშავეებმა დიდი ხნის წინ გააცნობიერეს, რომ თუ სამართალდამცავ უწყებებს აფერხებს იურისდიქციული შეზღუდვები, ბანკთაშორისი თანამშრომლობაც სუსტია, ხოლო ფინანსური შესაბამისობის სისტემები მეტწილად მომართულია ცალკეულ საეჭვო ტრანზაქციებზე.

FinCENFiles-მა ცხადყო, რომ ბანკებმა შეიძლება ვერც შეამჩნიონ დიდი მოცულობით ფულის გათეთრება. კრიმინალებმა ბანკების ეს სისუსტე გამოიყენეს და დიდი ოდენობის ფული სხვადასხვა ბანკსა და საბანკო ანგარიშს შორის ისე გადაანაწილეს, რომ არცერთ ბანკს არ ჰქონოდა ფულის გათეთრების მასიური ოპერაციის სრულმასშტაბიანი სურათი. 

ყალბი კონტრაქტები და ინვოისები

ფულის გათეთრების საყოველთაოდ გავრცელებული სქემების განსახორციელებლად დამნაშავეები იყენებენ გაყალბებულ დოკუმენტაციას, ყალბ ხელშეკრულებებსა და ანგარიშფაქტურებს, რომელიც საბანკო ტრანზაქციას დასაბუთების სახით ერთვის. ფიქტიური ანგარიშფაქტურა დოკუმენტურად ადასტურებს, რომ, მაგალითად, ოფშორულმა კომპანია A-მ პერსონალური კომპიუტერების ტვირთი მიჰყიდა კომპანია B-ს.

თუმცა, სინამდვილეში, ვაჭრობა არ ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ ფული ერთი საბანკო ანგარიშიდან მეორეზე ირიცხება. ეს უკანონო პრაქტიკა ცნობილია, როგორც ვაჭრობის საშუალებით ფულის გათეთრება და, შეიძლება ითქვას, რომ მთელს მსოფლიოში ამ ტიპის ფინანსური დანაშაულის ყველაზე დიდი წილი მასზე მოდის.

ცხადია, ბანკის თანამშრომელს არ შეუძლია, ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებული თითოეული კონტეინერის შიგთავსი შეამოწმოს. სწორედ ამას ეყრდნობა ორგანიზებული დანაშაულიც.

სხვა შემთხვევებში საბანკო ტრანზაქციების თანდართული დოკუმენტაცია ადასტურებს ფიქტიურ სესხებსა თუ მომსახურებას, რასაც იგივე შედეგი მოჰყვება.

ფულის ეფექტიანად გათეთრების საიდუმლოა დანაშაულებრივი ჯგუფებისა და კორუმპირებული პოლიტიკოსებისთვის ამ ოთხივე კომპონენტის ერთ პაკეტად შეთავაზება.

ფაქტობრივად, კრიმინალური მომსახურების ინდუსტრია გაყალბების სახელმძღვანელოებსაც კი აქვეყნებს, სადაც განმარტებულია, როგორ შეიძლება კომპანიების, საბანკო ანგარიშების, თანამზრახველების, ყალბი ინვოისების ეფექტური გამოყენება იმგვარად, რომ საბანკო მარეგულირებელი ან სამართალდამცავი არ დაეჭვდეს და არ მოითხოვოს დეტალური შემოწმება. ქვემოთ მოცემულია ფულის გათეთრების სახელმძღვანელოდან აღებული ერთ-ერთი ასეთი რჩევა. სახელმძღვანელოს OCCRP-ის მიერ გამოაშკარავებული ერთ-ერთი ლატვიური ბანკი სთავაზობდა კლიენტებს:

„კონტრაქტსა თუ ინვოისში მითითებული მიღება-ჩაბარების პირობები რეალისტური უნდა იყოს: როცა საქონელს უთითებთ, დაფიქრდით, როგორ უნდა მოხდეს მისი „გადაზიდვა“ (ტვირთის წონა, მოცულობა, მწარმოებელი ქარხნის მისამართი, ტრანსპორტირების ტიპი: საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო). დიდი მოცულობის ან ზომის ტვირთის „გადაზიდვის“ შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ რკინიგზისა თუ პორტის სიახლოვეს მდებარე ქარხანა.“

OCCRP-ში ფულის გათეთრების ასეთ მზა სისტემას „სარეცხ მანქანას“ ვუწოდებთ. ამ სისტემას, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც უნივერსალური ფინანსური მანქანა, როგორც წესი, ბანკი ან ფინანსური მომსახურების სხვა კომპანია ქმნის, რათა კლიენტებს დაეხმაროს დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფულის (მოგების) გათეთრებაში, აქტივების მფლობელის ვინაობის დამალვაში, სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ფულის მითვისებაში, საგადასახადო და სავალუტო შეზღუდვებისთვის თავის არიდებასა თუ ფულის ოფშორულ ზონაში გადატანაში.

OCCRP-მა ეს ტერმინი 2014 წელს, “რუსული სარეცხი მანქანის გამოძიების” პროცესში შეიმუშავა.

„სარეცხი მანქანა“ ფინანსურ სამყაროში TOR-ბრაუზერის ეკვივალენტია, რომელიც ინტერნეტში მომხმარებლის სრულ ანონიმურობას უზრუნველყოფს. „სარეცხი მანქანა“ დამნაშავეს საშუალებას აძლევს გათეთრებული ფული სხვადასხვა ბანკში გადაანაწილოს ისე, რომ, როგორც TOR-ის შემთხვევაში, სრულად შეინარჩუნოს ანონიმურობა, რადგან [სქემაში ჩართულ] არცერთ ინსტიტუტს არ ექნება რეალობის ამსახველი სრული სურათი. 

„სარეცხი მანქანა“ იქმნება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაფანტული ორგანიზაციებისგან, რომლებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, თუმცა, სინამდვილეში, ერთი მხარის, როგორც წესი, ბანკის კონტროლს ექვემდებარება.

გათეთრების პროცესი იწყება კლიენტის მიერ ქსელის ერთ-ერთ კვანძში ფულის გადარიცხვით, რასაც ხშირად ერთვის პროდუქტის ან მომსახურების შესყიდვა-გაყიდვის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. აქედან, კიდევ უფრო მეტი ფიქტიური დოკუმენტაციის თანხლებით, ფული გადამისამართდება დანარჩენ კვანძებში. 

საბოლოოდ, ფული იგზავნება ოფშორულ კომპანიაში ან კლიენტის მიერ არჩეულ სხვა დანიშნულების პუნქტში (ფულიდან იქვითება „სარეცხი მანქანის“ ოპერატორებისთვის განკუთვნილი საკომისიო).

ფულის მფლობელის ვინაობა და წარმოშობა იკარგება ტრანზაქციების ოკეანეში და ფაქტობრივად, სამართალდამცავებისთვისაც კი მიუკვლევადი ხდება („სარეცხი მანქანის“ ფუნქციონირების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ OCCRP-ის ხშირად დასმული კითხვები „სარეცხი მანქანის შესახებ“).

„დოიჩე ბანკიდან“ (Deutsche Bank) გაჟონილი დოკუმენტი ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება „სარეცხი მანქანა“ შეუმჩნეველი დარჩეს მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის შემოწმების სისტემასაც კი. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, როგორ ვერ მიაკვლია ბანკმა რუსულ „სარეცხ მანქანას,“ რომელიც ბანკის გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურით მანიპულირებდა.

„დოიჩე ბანკის“ შიდა დოკუმენტი (სლაიდი), რომელიც ხელში ჩაუვარდა OCCRP-ს. დოკუმენტი აღწერს, როგორ აღმოჩნდა ბანკი ფულის გათეთრების მასშტაბური რუსული სქემის უნებლიე თანამონაწილე.

Deutsche Bank internal memo on money laundering
რუსული „სარეცხი მანქანა“

აღწერა: რუსული „სარეცხი მანქანის“ სქემა ფულის გათეთრება 2011-2014 წლებში „დოიჩე ბანკის“ სავარაუდო ჩართულობით
კომპანია  A > [ფიქტიური სესხი] > კომპანია B > [სესხის გარანტია] >რუსი გარანტორი > [სესხი ვერ იფარება] > მოლდოვური სასამართლო > [სასამართლოს განკარგულება] > გარანტორზე დაკისრებული ვალდებულება > [რუსეთიდან დაფარული სესხი]












1ამჟამად „რუსული სარეცხი მანქანის“ სქემის სრული მასშტაბი უცნობია. რეალური ჯამი შეიძლება 80 მილიარდ აშშ დოლარსაც კი აღწევდეს. OCCRP – ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი
რუსული „სარეცხი მანქანა“ ფულის გათეთრების მასშტაბური სქემაა, რომლის საშუალებითაც განხორციელდა ფიქტიური საკრედიტო (სასესხო) ოპერაციები და გათეთრდა 20 მილიარდ დოლარზე1 მეტი. სქემაში ჩართული იყო ბევრი ყალბი თუ ფასადური კომპანია.სქემის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი კომპანია A დიდი მოცულობის „სესხს“ გასცემდა გაერთიანებულ სამეფოშივე მოქმედ კომპანია B-ზე. კომპანია B „ფულს“ ვერ აბრუნებდა.კორუმპირებული მოლდოველი მოსამართლეები „ადასტურებდნენ“ ვალის არსებობას და საშუალებას აძლევდნენ რუსულ კომპანიებს რუსეთში არსებული ანგარიშებიდან რეალური თანხები გადაერიცხათ მოლდოვის „მოლდინდკონბანკში“.აქედან, ფული გადამისამართდებოდა კომპანია A-ს კუთვნილ ანგარიშზე ლატვიურ „ტრასტა კომერცბანკაში“.ამგვარად, გათეთრებული ფული უკვე ევროკავშირის ფარგლებში ექცეოდა და მისი საერთაშორისო ტრანსფერიც შესაძლებელი იყო.გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი ფასადური კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტობა უცნობი ოფშორული მეწილეების საშუალებით შეინიღბა.OCCRP-მ გამოააშკარავა სქემა და გამოავლინა რეალური დაინტერესებული მხარეები _ ე. ი. რუსი ოლიგარქები. 2017 წლის მარტში OCCRP-ის ვებგვერდზე გამოძიების მონაცემების გამოქვეყნებამდე, „დოიჩე ბანკმა“ არაფერი იცოდა ფულის გათეთრების ამ სქემის შესახებ.მხოლოდ ამ საგამოძიებო ინფორმაციის მიღების შემდეგ შეძლო „დოიჩე ბანკმა“ საერთაშორისო გამოძიების წამოწყება.
„დოიჩე ბანკი“ანტიფინანსური დანაშაულიფილიპე ფოლოტი (Philippe Vollot), ჰინრიხ ფოლკერი (Hinrich Volker)ზედამხედველობითი საბჭოს აუდიტორული კომიტეტი, 24 აპრილი, 2018
მკაცრად კონფიდენციალური

შემთხვევების ანალიზი

არსებობს ბევრი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს, თუ როგორ მანიპულირებს ორგანიზებული დანაშაული მსოფლიო ფინანსური სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოცემული სამი მაგალითი სხვადასხვა გეოგრაფიული არეალს ეკუთვნის, მოდელი მეორდება და მოიცავს ზემოთ მოცემული რუსული „სარეცხი მანქანის“ შეთქმულების ყველა ან მხოლოდ რამდენიმე ელემენტს.

აზერბაიჯანული „სარეცხი მანქანა“ და ირანის სანქციების საწინააღმდეგო „ეკონომიკური ჯიჰადი“

აზერბაიჯანული „სარეცხი მანქანა“ თავდაპირველად ბაქოს (აზერბაიჯანი) ელიტას ევროპელი პოლიტიკოსების მოქრთამვისა და ქვეყნიდან ასობით მილიონის თაღლითური სქემებით გატანის საშუალებას აძლევდა. თუმცა, OCCRP-მ აღმოაჩინა, რომ ფულის „სარეცხის მანქანას“ ირანიც იყენებდა აშშ-ისა და ევროპული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რაშიც ეხმარებოდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ-თაიფ ერდოღანთან დაახლოებული, ირანულ-თურქული წარმოშობის დამნაშავის, რეზა ზარაბის მიერ მართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფი.

ზარაბის მიერ განხორციელებული ფულის გათეთრების სქემა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კლასიკურ ელემენტს მოიცავდა და საბოლოო ჯამში, თურქეთს, აშშ-სა და ირანს შორის მზარდ გეოპოლიტიკური სკანდალში გადაიზარდა, ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ ყვავის ორგანიზებული დანაშაული არეულობის პერიოდში და როგორ შეუძლია პოლიტიკური განხეთქილების სათავისოდ გამოყენება.

ტროიკის „სარეცხი მანქანა“

ტროიკის „სარეცხი მანქანა“ წარმოადგენდა კომპლექსურ ფინანსურ სისტემას, რომელიც უმაღლესი ეშელონის წევრ რუს ოლიგარქებსა და პოლიტიკოსებს დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი მილიონების ფარულად დაბანდებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებაში, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიების წილების შესყიდვაში, რუსეთსა და საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონების შესყიდვასა და ბევრ სხვა ასეთ საქმეში ეხმარებოდა. 

ტროიკის „სარეცხი მანქანის“ სტრუქტურა ტრანზაქციების უკან მდგომი პირების ვინაობის დამალვის საშუალებას იძლეოდა. OCCRP-მ და მისმა პარტნიორებმა ტროიკის გამოაშკარავება მონაცემთა დეტალური ანალიზისა და საგამოძიებო საქმიანობის საშუალებით მოახერხეს. გამოძიება მოიცავდა საბანკო ინფორმაციის გაჟონვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შემთხვევას, როცა 238,000 კომპანიიდან 1.3-მა მილიონმა ტრანზაქციამ გაჟონა.

ტროიკის სქემის ვიდეოგანმარტების სანახავად გთხოვთ, დააჭიროთ აქ.

ტროიკის „სარეცხი მანქანის“ გამოაშკარავება დაიწყო საბანკო ტრანზაქციების შესახებ არსებული საკმაოდ მშრალი, თუმცა დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავების პროცესში. აუცილებელი იყო, შეგვესწავლა არსებული მოდელები, რათა გამოგვევლინა და გამოგვეცალკევებინა ის ტრანზაქციები, რომლებსაც მოგვიანებით ტროიკის „სარეცხი მანქანა“ ვუწოდეთ. უნდა გვეპოვა შეცდომები, სუსტი რგოლები, გამოგვევლინა სისტემის ორგანიზატორისა და მომხმარებლების ვინაობა.

მონაცემთა დეტალური ანალიზის საშუალებით საბოლოოდ აღმოვაჩინეთ, რომ იმ ბანკირებმა, რომლებმაც ეს სქემა ააწყვეს მცირე, თუმცა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს: აღმოჩნდა, რომ მუდმივად იყენებდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე სამ ფასადურ კომპანიას ფორმაციის აგენტებისთვის ფულის გადასარიცხად და ათობით სხვა ოფშორული კომპანიის დასაარსებლად, რომლებიც თავადვე მონაწილეობდნენ მილიარდობით დოლარის ტრანზაქციაში.

ეს გადარიცხვები, რომელთაგან თითოეული მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარის მოცულობისა იყო, ცხადია, მილიონობით უფრო მსხვილი ტრანზაქციის ზღვაში იკარგებოდა; ამიტომ, უნდა გვეპოვნა თითოეული და მიგვეკვლია მათი წყაროსთვის, რათა გაგვეგო, წარმოადგენდნენ თუ არა ერთიანი სქემის ნაწილს. ტროიკის „სარეცხი მანქანა“ გამოაშკარავდა მხოლოდ ამ საერთო ჯაჭვის იდენტიფიცირების შედეგად. 

რივიერა მაიას დაჯგუფება

რივიერა მაიას დაჯგუფება (RMG) სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი შეუბრალებელი და ძალადობრივი ორგანიზაცია იყო და ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მსხვილდება ორგანიზებული დანაშაული და როგორ გარდაიქმნება სხვადასხვა ბიზნესად.

ხსენებულმა ბანდიტებმა ევროპაში წვრილმანი ქურდობით დაიწყეს: თავიდან „სკიმერები“ იყვნენ, დამნაშავეები, რომლებიც სადებეტო და საკრედიტო ბარათების ნომრებს იპარავენ ბანკომატებში უკანონო მოწყობილობების დამაგრებითა თუ პროგრამების ჩატვირთვით.

შემდეგ მათ კონტინენტები გადაიარეს, მექსიკურ ბანკს დაუზავდნენ და რივიერა მაიას ტერიტორიაზე (სამხრეთ მექსიკა, კანკუნსა და ტულუმს შორის მდებარე ტურისტული ზონა) 100-ზე მეტი ბანკომატი დაამონტაჟეს, რის წყალობითაც კრიმინალური საქმიანობიდან მიღებულმა მოგებამ 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

რივიერა მაიას დაჯგუფება იყენებდა ყალბ დოკუმენტებსა და პირადობებს როგორც საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, ისე დევნილებისთვის თავშესაფრის შეთავაზების მიზნით. დაჯგუფება ამავე ინფრასტრუქტურას იყენებდა მექსიკიდან აშშ-ში ხალხის არალეგალური გზით გადასაყვანად.

გამომძიებელმა რეპორტიორებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ქონების ამონაწერებს, რათა გამოარკვიონ ორგანიზებული დანაშაულის მიერ განხორციელებული ინვესტიციები და ფულის გათეთრების მასშტაბი.

ნაწილი ორი: როგორ ამოვხსნათ [ფულის გათეთრების სქემა] — რჩევები და ინსტრუმენტები

როგორც ზემოთ მოცემულ მაგალითებში ვნახეთ, ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებს, შეიძლება, ფულის მოპარვის, დამალვისა და დაბანდების საკმაოდ დახვეწილი მეთოდები ჰქონდეთ. ერთადერთი, რასაც ვერ აკონტროლებენ, არის დრო.

ყოველ მომდევნო დღეს ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და სხვა გამომძიებლებს საზღვრებსმიღმა მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება უგროვდებათ, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას გამჭვირვალობის, კომპანიის მფლობელობისა და საკუთრების შესახებ მეტი რეგულაცია შემოაქვს.

საბანკო და სასამართლო ჩანაწერები

საბანკო ამონაწერებზე წვდომა ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსების გამოძიებისას ნამდვილი წმინდა გრაალია, თუმცა საბანკო ამონაწერების მოპოვება რთულია მათი კონფიდენციალური და პირადი ხასიათიდან გამომდინარე.

რეპორტიორი ყოველთვის გაჟონილი მონაცემების ან ბანკის შიგნით მამხილებლების (ე.წ. whistleblower) იმედად ვერ იქნება, ვერც მხოლოდ ფინანსური მარეგულირებლების მიერ მოწოდებულ ჩანაწერებს დაელოდება.

არსებობს საბანკო ჩანაწერების მოძიების სხვა მეთოდიც. ამ ტიპის დოკუმენტები, როგორც წესი, თან ერთვის სისხლის სამართლის სასამართლო საქმეებს (როგორც ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ პროცესებს, ისე სამოქალაქო თუ კომერციულ დავებს).

ამ დოკუმენტების ხელმისაწვდომობა მთლიანად დამოკიდებულია კონკრეტულ იურისდიქციაზე. მაგალითად, შეერთებულ შტატებს აქვს იმ  საბანკო ამონაწერების ვრცელი, გლობალური რესურსი, რომლებიც საჯაროვდება სასამართლოს ელექტრონულ ჩანაწერებზე საჯარო წვდომის (PACER) მომსახურების საშუალებით.

მაგალითად, OCCRP-მ ასობით საბანკო ამონაწერი მოიპოვა PACER-მომსახურების საშუალებით; ასევე, აშშ-ის სასამართლოებისგან გამოითხოვა ამონაწერები ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნის ფორმის საფუძველზე მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღძრა სასამართლო პროცესი აზერბაიჯანული „სარეცხის მანქანის“ ბელადის, რეზა ზარაბის წინააღმდეგ.

ჩანაწერები მსოფლიოს სხვა ქვეყნების სასამართლოებისგანაც მოგვიპოვებია. ასეთი ამონაწერების მთელი წყება ხშირად სასამართლოს სამხილის სახით წარედგინება და ნამდვილი განძია ყველა რეპორტიორისთვის, ვინც მის ხელში ჩაგდებას ახერხებს.

საეჭვო აქტივობის შესახებ ანგარიშები (SAR), რომელიც ფინანსური ინსტიტუტიდან ჟონავს (როგორებიც, მაგალითად, FinCENFiles-თან დაკავშირებული გამოძიების პროცესში იქნა მოპოვებული), საშუალებას გაძლევთ, შეიხედოთ საბანკო საიდუმლოების სამყაროში.

გაჟონილი ინფორმაციის ხარისხი და მოცულობა დროთა განმავლობაში იზრდება და სასამართლო ჩანაწერებთან ერთად მათი გამოყენება მეტად ღირებულ რესურსს ქმნის არამხოლოდ გამომძიებელი ჟურნალისტისთვის, არამედ იმ საზოგადოებისთვისაც, რომელსაც ჟურნალისტი ემსახურება. 

Money Laundering image - small
ილუსტრაცია: ენ კირნანი GIJN-ისთვის

სასამართლო ოქმები და, განსაკუთრებით, კომერციული დავები ორ კრიმინალურ მხარეს შორის, ასევე ძალიან სასარგებლო რესურსია გამომძიებლებისთვის, რადგან კრიმინალები საჯაროდ ამზეურებენ თავიანთი ჭუჭყიან თეთრეულს, როგორც ხდება, მაგალითად, გაყრის საქმეების შემთხვევაში.

საკუთრების ამონაწერი

დამნაშავეებს უყვართ საკუთრება და მაშინ, როცა მდიდრული მანქანა, საათი და სხვა ასეთი ჭყეტელა ნივთი ბევრისთვის აუცილებლობაა, ორგანიზებული დანაშაულის საშუალებით ნაშოვნი უკანონო მოგება, როგორც წესი, უძრავ ქონებაში ბანდდება – მდიდრულ სახლებში, უზარმაზარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებსა და სატყეო მიწებში.

შესაბამისად, გამომძიებელმა ჟურნალისტმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთრების ამონაწერებს, რათა მიაკვლიოს ორგანიზებული დამნაშავეების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს და განსაზღვროს ფულის გათეთრების მასშტაბი.

საკუთრების შესახებ ინფორმაცია საჯაროა ქვეყნების უმეტესობაში და მოიცავს ამჟამინდელ მფლობელს, წინა მფლობელებს, ასევე, გარკვეულ ფინანსურ დეტალებს, როგორებიცაა შესყიდვის ფასი და გადასახადები. 

კომპანიის ჩანაწერები

კომპანიების ეროვნულმა თუ საერთაშორისო რეესტრმა შეიძლება მოგაწოდოთ ინფორმაცია არამხოლოდ მეწილეებისა და მმართველი საბჭოს წევრების შესახებ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, დაურთოს კომპანიის ფინანსური მონაცემებიც.

იშვიათად, თუმცა, მაინც შესაძლებელია, რომ ამ ამონაწერებში იყოს ასახული საბანკო ტრანზაქციები, საკუთრების ამონაწერები, მათ შორის, დეტალური ინფორმაცია იმ ოფშორული კომპანიების ან მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, რომლებიც შეიძლება მეწილეები იყვნენ. 

საკმაოდ ხშირად ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ იმ ქვეყნების კომპანიების ან საკუთრების რეესტრებიდან, სადაც ასეთი კომპანიები აბანდებენ უკანონო თანხებს.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა ბაზებში არ არის გაციფრულებული და ინდექსირებული ყველა დეტალი; შესაბამისად, რეესტრში ზარმა ან ვიზიტმა შეიძლება ბევრად მეტ ინფორმაციაზე მოგცეთ წვდომა, ვიდრე ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. 

ფულის გათეთრების მაღალი დონის ოპერაციების გამოაშკარავების მნიშვნელოვანი ეტაპია ბანკების ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტობის დადგენა. შეხედეთ ბანკს, როგორც ნებისმიერ კომერციულ კომპანიას და ეცადეთ, გამოიკვლიოთ, ვინ არის მისი მფლობელი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალდაარსებული, მცირე და საშუალო ბანკების შემთხვევაში. 

იმპორტ-ექსპორტის მონაცემთა ბაზები

იმპორტ-ექსპორტის ოპერაციების შესწავლისას ხშირად ვიყენებთ ისეთ მონაცემთა ბაზებს, როგორებიცაა ImportGenius ან Panjiva. ამ ბაზებით სარგებლობა საკმაოდ ძვირია — ImportGenius-დან ერთი კომპანიის მიერ აშშ-ში განხორციელებულ იმპორტთან დაკავშირებული წლიური მონაცემების ჩამოტვირთვა $199 ღირს, თუმცა ეს ინფორმაცია შეიძლება დაგეხმაროთ ვაჭრობის საშუალებით ფულის გათეთრების სქემებისა და მასში ჩართული კომპანიების დადგენაში.

ამ მონაცემთა ბაზების საშუალებით შეგვიმოწმებია, იყვნენ თუ არა „სარეცხი მანქანის“ სქემებში ჩართული კომპანიები გარეული სხვა თაღლითურ კომერციულ ოპერაციებში. 

საგულისხმოა შემდეგი: ბევრ ქვეყანაში, იმპორტ-ექსპორტის ტრანზაქციების ამსახველი ყოველწლიური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინფორმაციის თავისუფლების სახელმწიფო კანონის საფუძველზე, ხოლო გაეროს კომერციული ვაჭრობის საიტი გვთავაზობს გლობალურ სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებულ საინტერესო მონაცემებს, რომელთა საშუალებითაც, შეიძლება, იმპორტ-ექსპორტის მოდელების იდენტიფიცირება.

„ალეფი“

OCCRP-ში შევიმუშავეთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კვლევითი მასალის გლობალური არქივი „ალეფი“ – Aleph. ამ არქივში ინდექსირებულია ინფორმაცია კომპანიების, საკუთრების, საბანკო ანგარიშების, სასამართლო საქმეების, გაჟონილი მონაცემებისა და სხვადასხვა კომპანიის შესახებ. 

„ალეფი“ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, გაანალიზონ მონაცემები და გამოავლინონ კრიმინალური მოდელები (სქემები), რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი ეფექტური გამოძიების დასაწყებად.

ჟურნალისტებს, ასევე, შეუძლიათ აწარმოონ ინტერესის ობიექტების სათვალთვალო სია „ალეფში“ და ჩვენი სისტემა მუდმივ რეჟიმში დაუკავშირებს სიაში შეყვანილ სახელებს ბაზაში არსებულ სხვა მონაცემებს. ამ გზით, უზრუნველვყოფთ სამუშაო ნაკადის ავტომატიზაციას და მუდმივად აქტუალური და სასარგებლო ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეწყობას.

OCCRP Aleph screenshot

OCCRP-მა შეიმუშავა „ალეფი“ – სასარგებლო რესურსი, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს მოიძიონ საჯარო დოკუმენტაცია და გაჟონილი ინფორმაცია.

რა გველის მომავალში?

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდა სამართალდამცავებს, გამომძიებელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა საზღვრებსმიღმა თანამშრომლობა დაიწყეს.

თუმცა, დამნაშავეებს კვლავ უპირატესობა აქვთ მათ ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსებისა და, ასევე, იმ ფაქტის გამოც, რომ უახლესი ტექნოლოგიების უპირველესი მომხმარებლები არიან, რაც სამართალდამცავებთან შედარებით უპირატესობას უნარჩუნებს.

გამოძიებისას ხშირად უგულებელყოფილია ერთი ჯგუფი, ე.წ. “კრიმინალის ანგელოზი ინვესტორები” – ხალხი, რომელიც სხვა დამნაშავეებს აფინანსებს, რადგან ინვესტიციაზე ამონაგები დიდია და კრიმინალს მეტი შესაძლებლობების შეთავაზება შეუძლია ცხოვრების ამ სტილს ნაჩვევი ხალხისთვის.

გამომძიებელმა რეპორტიორებმა უკეთ უნდა შეისწავლონ კრიმინალის გარშემო აგებული ეკოსისტემა, სადაც კრიმინალური მომსახურების ინდუსტრია ყვავის და ავითარებს ფულის გათეთრებისა და თაღლითური (ფარული) ინვესტიციების ახალ-ახალ მეთოდებს. 

იმისათვის, რომ თვალი ადევნონ ორგანიზებული დანაშაულის მუდმივად განვითარებად მეთოდებს, საგამოძიებო მედიებმა დრო და ფული არ უნდა დაიშურონ კრიპტოვალუტის, ბლოკჩეინის, არაჩანაცვლებადი ტოკენის (NFT) და ვაჭრობის ნებისმიერი სხვა ახალი ინსტრუმენტის კვლევისთვის, რომლებიც დამნაშავეებმა დანერგეს თავიანთ ბიზნესმოდელებში. 

„გაჰყევი ფულის კვალს“ მალე გახდება „გაჰყევი კოდს“ (როგორც ალგორითმში), თუმცა, საბოლოოდ, მაინც ფიზიკურ ფორმასთან – საკუთრებასთან და იმ ცხოვრების სტილთან მივდივართ, რომელიც კრიმინალს ყოველთვის ახლავს.

Screenshot 2024 01 18 at 09.58.31

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ დატოვა ფოთის მერიამ “პენსიონერთა კლუბი” უფუნქციოდ
ფოთის უფუნქციო პენსიონერთა კლუბი

როგორ დატოვა ფოთის მერიამ “პენსიონერთა კლუბი” უფუნქციოდ

პენსიონერები შვიდი წელი სთხოვდნენ მერიას სივრცის მოწყობას

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში

როგორ გართულდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში და რატომ არის ეს საგანგაშო?

მთავრობა კანონმდებლობას არღვევს და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს

Total
0
Share