fbpx

რა აწუხებს ხაჟალიების უბანს გეგუთში ?

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთიდან მოგვწერეს ერთ-ერთ უბანს გზა არ აქვსო. მდგომარეობა რომ საკუთარი თვალით გვენახა და შემდეგ ადგილობრივი მთავრობისთვის შეგვეხსენებინა სოფელზე ზრუნვა, გეგუთში ჩავედით. 

ცენტრალური ტრასიდან ამ უბნამდე 12 წუთის გზაა, რომელიც მობეტონებული და გასუფთავებულია. ხაჟალიების უბანთან, ანუ ფიროსმანის ქუჩაზე კი გზა წყდება. 

ფიროსმანის ქუჩა სოფელ გეგუთში

უბანში გვეუბნებიან, უგზოობა აქ დასახლების შემდეგ გვაწუხებსო. 75 წლის ლამარა ბოდოკიამ გვითხრა, ბოლოს ეს გზა 40 წლის წინ მოხრეშესო.

“ორი წელია, აქ არავის არაფერი მოუხრეშია საერთოდ, ხალხი მშენებლობის პერიოდში რასაც აკეთებენ და იფშვნება, ღრმულებს ავსებენ მაგით თორე არავის არაფერი დაუყრია,”- გვითხრა ხაჟალიას უბნის მცხოვრებმა.

ჩვენი ჩასვლისთანავე ფიროსმანის ქუჩელები გარეთ გამოეფინნენ. ყველამ ერთი რამ დაიჩივლა – გზა 2024 წელს იქნება, იქამდე კი ტალახი შეგვჭამსო. გვითხრეს, ძლიერი ქარის მიუხედავად, გზაზე გუბეები არ შრებაო.

“ასე ამბობენ, [რომ 2024 წელს იქნებაო] მაგრამ დარწმუნებული კი არ ვართ რომ იზამენ, თორე ჯანდაბას, ორ წელსაც მოვიცდით, სამ წელსაც…”-გვითხრა ჯემალ ხუჯაძემ.

ხაჟალიების უბანი სოფლის ბოლოშია და სამოცამდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ 10 მოსახლეს შევხვდით. აწუხებთ ის, რომ სხვა სოფლებში, გზა უკიდურეს წერტილამდე მიიყვანეს, მათ კი ყურადღებას არ აქცევენ. 

“იქეთ ხართ ნამყოფი, საყულია და ის რომ არის? იქ გასცდნენ სოფლის ბოლოს. აქ რატომ ხდება ასე? ეგ კითხვა შეგიძლია დაუსვა შენ იმ მერიას. პატრიკეთში წადი, ტყაჩირში, საყულიაში, გაყევი აქეთ სოფლებს და დააკვირდი. ხომ დამთავრდება სოფელი, იქეთაცაა კილომეტრი გასული გზა. აქ ხალხი ვცხოვრობთ და არც განათება… ან რად მინდა განათება? რა გავანათო, ჭაობი? ჩვენ ზეპირად დავდივართ, ვიცით სად უნდა გავიაროთ თორე თქვენ კი ვერ გაივლით, გაგიჭირდებათ,”- გვითხრა რამაზ ხაჟალიამ.

დაყრილი
ხალხის ძალებით შევსებული გუბე ფიროსმანის ქუჩაზე

ფიროსმანის ქუჩის ქვიანი გზა საძოვრებზე გადის. ქუჩა ღამით ჩაბნელებულია. იქაურებს უწყლობაც აწუხებთ, მაგრამ გზაზე მეტად არა. გვითხრეს, ზამთარში ჭის ცივი წყლის გამოყენება გვიწევსო.

გეგუთში მერის წარმომადგენელი ნიკა მჟავიაა. მასთან მოვიკითხეთ ფიროსმანის ქუჩის გზის ამბავი. გვითხრა, მე მაგ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, წყალტუბოს მერიას დაუკავშირდითო. არადა, მსგავს შეხვედრებზე რომ დავდივართ, ყოველთვის მერის წარმომადგენელს ვურეკავთ და ყველა მათგანმა დაწვრილებით იცის სად რა პროექტი კეთდება ან იგეგმება. წყალტუბოს მერიაში გვითხრეს, ფიროსმანის ქუჩის პრობლემას 2023 წელს მოევლებაო.

რა თქმა უნდა, დავაკვირდებით, როგორ შესრულდება მერიის დანაპირები და გაისადაც გავახსენებთ მერიას, რომ ბიუჯეტი ისე არ შემოეხარჯოთ, ხაჟალიების უბანი დაავიწყდეთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Რატომ ვუხდით ფულს “მარშალპრესს” ? 
marshalpress e1670822872956

Რატომ ვუხდით ფულს “მარშალპრესს” ? 

ავტორი: ია ასათიანი  კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share