ერთი შეხედვით ძნელია, ამ შეთანხმების წინააღმდეგი იყო: საქართველო ახალგაზრდა კალათბურთელებს ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გზავნის. მოთამაშეებს განვითარების მეტი შანსი უჩნდებათ. თან გზა ეხსნებათ NBA-სა და ევროპის საუკეთესო კლუბებისკენ. საქართველო კი მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტებიდან მომავალში მოგებას იღებს.
ეს ყველაფერი იმ კონტრაქტის ფურცლებზე წერია, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ 2014 წლის 24 სექტემბერს ესპანეთის საკალათბურთო კლუბ “ბასკონიასთან” გააფორმა. კონტრაქტი 2019 წელს შეწყდება.
ფედერაცია ამ გარიგებით ესპანური კლუბის დანახარჯების 30 პროცენტიან დამფინანსებლად იქცა.
შეთანხმებიდან 4 წლის თავზე ქართულმა მხარემ ესპანურ კლუბს უკვე გადაუხადა 2.6 მილიონი ლარი. 8 ქართველ კალათბურთელთან ერთად, ამ პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 18 უცხოელიც. ჩვენ ჯერ ამ გარიგებიდან სარგებელი არ მიგვიღია. მომავალიც სასიკეთოს ჯერ ვერაფერს გვპირდება.
აპრილის ბოლოს, საქართველოს პროკურატურამ ამ კონტრაქტთან დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლა დაიწყო და ჩვენი ინფორმაციით, 2 ადამიანიც დაკითხა.
გაფორმებული ხელშეკრულება ეჭვებს აჩენს, რადგან:
1.არ განსაზღვრავს ქართველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების ზუსტ რაოდენობას, რომლებმაც წვრთნა ესპანეთში უნდა გაიარონ;
2.ეფუძნება გადაჭარბებულ შეფასებებსა და გათვლებს;
3.ესპანეთში ჩასული ქართველი ბავშვებიდან ყველა არ გადის წვრთნას “ბასკონიას” ბაზაზე; მათ მაღალი კატეგორიის გუნდებში თამაშის ნაკლები შანსი აქვთ და ზოგჯერ მათი წვრთნის ხანგრძლივობაც არ მოიცავს სრულ სპორტულ სეზონს (10 თვე);
4.კონტრაქტი გაფორმდა ბაზრის კვლევის გარეშე, ფედერაციის მაღალჩინოსნებისა და ესპანური კლუბის ხელმძღვანელობას შორის მეგობრული კავშირების საფუძველზე;
5. ქართული მხარის მიერ ესპანურ კლუბში ჩადებული 2.5 მილიონი ევროს უკან დაბრუნების გეგმა ზედმეტად გრძელვადიანი და იღბალს მინდობილია.
“ბასკონიასა” და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით:
– ყოველწლიურად ფედერაციამ ტექნიკური თანამშრომლობისთვის უნდა დახარჯოს 200,000 ევრო (სულ 1 მილიონი ევრო). ამ თანხით, საქართველოში ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს ე.წ. საკალათბურთო „კემპი,“ რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 12-17 წლის 150 ბავშვი. “კემპს” ესპანელი მწვრთნელებიც ესწრებიან. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 4-4 საუკეთესო ბავშვი უნდა შეირჩეს ესპანეთში გამართულ ორკვირიან “კემპზე” გასაგზავნად. ამავე თანხით, ქართველი მწვრთნელები ესპანეთში უნდა გადამზადდნენ. ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც “ბასკონიაში” იმყოფებოდა, თემურ კანკიაა, რომელსაც მომზადება არ გაუვლია. ის, უბრალოდ, 2 კვირიან “კემპს” ესწრებოდა. ზოგადად, კონტრაქტში მწვრთნელების რაოდენობა განსაზღვრული არაა;
– ესპანეთში საქართველოდან ჩასული ნაკადიდან “ბასკონიამ” უნდა შეარჩიოს რამდენიმე ბავშვი. მათ ესპანეთში 10 თვის მანძილზე უნდა იცხოვრონ და სპორტული მომზადება გაიარონ. კონტრაქტის თანახმად, ამ მიზნით, ყოველწლიურად ფედერაციამ “ბასკონიას” 300,000 ევრო უნდა გადაუხადოს (სულ 1.5 მილიონი ევრო). რამდენი კალათბურთელი უნდა მომზადდეს ამ თანხით, კონტრაქტში გაწერილი არ არის;
– თუ 2024 წლამდე “ბასკონიაში” გაგზავნილი ქართველი კალათბურთელები სხვა დიდ კლუბებთან პროფესიონალურ კონტრაქტს ხელს მოაწერენ, ქართული და ესპანური მხარეები სატრანსფერო თანხას თანაბრად იყოფენ;
– საქართველო აფინანსებს უცხოელ კალათბურთელებსაც, რომლებსაც “ბასკონია” წვრთნის. თუ მათგან რომელიმე 2024 წლამდე კონტრაქტს მოაწერს ხელს, საქართველო გადახდილი ტრანსფერიდან 30 პროცენტს მიიღებს. “აი, ფაქტი” ქართული მხარის მიერ დაფინანსებულ ოთხ უცხოელ კალათბურთელს დაუკავშირდა, მათ ამ გარიგების შესახებ არაფერი სმენიათ;
– თუ საქართველო, 2024 წლამდე, მის მიერ დაფინანსებული კალათბურთელების ტრანსფერიდან ვერ მიიღებს, მინიმუმ, 1.5 მილიონ ევროს, მაშინ “ბასკონია” გაყიდვებიდან მიღებულ თანხასა და კალათბურთელების მომზადებაზე დახარჯულ მილიონებს შორის არსებულ განსხვავებას დაფარავს.
არარეალური გათვლები
“ბასკონიამ” ტრანსფერებთან დაკავშირებული 20 წლის ანგარიში გამოუგზავნა ფედერაციას, რათა წარმოდგენა შეგვქმნოდა, რამდენად რეალური იყო თანხების უკან მიღება.
“ბასკონიას” პროგნოზით, დაფინანსებულთაგან 1 ქართველსა და 3 არაქართველს შეუძლია NBA-ში მოხვედრა. მათივე აზრით, 3 ქართველი და 5 არაქართველი, ოდესმე ესპანეთის ტოპ-დივიზიონებში ითამაშებს. მათი გაყიდვებიდან კი, ესპანელების გათვლით, საქართველო 3.9 მილიონ ევროს მიიღებს.
“ბასკონიას” შეფასებით, თუ ამ შეთანხმების ფარგლებში მათ მიერ მომზადებული ქართველი კალათბურთელი NBA- ში გაიყიდება, სატრანსფერო თანხა ამერიკიდან 2.3 მილიონი ევრო იქნება. ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ამ თანხის 50 პროცენტს მიიღებს.
მაგრამ, ფედერაციას დაავიწყდა ის ფაქტი, რომ NBA-ს ყოველ წელს ტრანსფერის მაქსიმალური ოდენობა დადგენილი აქვს. 2018 წლის მანძილზე განსახორციელებელი შესყიდვების მაქსიმალურ ღირებულებად 700,000 აშშ დოლარია განსაზღვრული. შესაბამისად, უცნობია, რა ციფრებს ემყარებოდა “ბასკონიას” და ფედერაციის გათვლები მოთამაშის NBA-ში გაყიდვიდან მიღებული თანხების შესახებ.
ბოლო წლებში ერთადერთი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ევროპიდან NBA- ში გადასვლა მოახერხა, თორნიკე შენგელია იყო. 2012 წელს მან ბელგიური გუნდი დატოვა და New Jersey Nets-თან (ამჟამად Brooklyn Nets) 473,604 დოლარად ღირებულ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მამამისის, კახა შენგელიას თქმით, NBA-ს გუნდის მიერ გადახდილი სატრანსფერო საფასური მხოლოდ 300,000 დოლარი იყო.
რატომ “ბასკონია”?
“სასკი ბასკონია S.A.D.” 59 წლის კლუბია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროლიგაზე ასპარეზობს. “სასკი ბასკონია” სხვადასხვა დონის რამდენიმე გუნდს ფლობს. კლუბი აღმასვლას 1995-2008 წლებში განიცდიდა, როდესაც ესპანეთის თასი 6-ჯერ მოიგო და 4-ჯერ ითამაშა ოთხთა ფინალი ევროლიგაზე. გუნდი ნაკლებად წარმატებული იყო შემდგომ წლებში. 2016 წელს კი კვლავ ითამაშა ევროლიგაზე ოთხთა ფინალი და წელს ესპანეთის ჩემპიონატში, მადრიდის რეალის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.
რადგან “ბასკონიას” სხვადასხვა დონის რამდენიმე გუნდი ჰყავს, შესაბამისად, ქართველ ბავშებს მათში სიძლიერის მიხედვით ანაწილებენ. მაგალითისთვის, ესპანეთში 5 დონის ჩემპიონატი იმართება. “ბასკონიას” უმაღლესი კატეგორიის გუნდი, სადაც თორნიკე შენგელია თამაშობს, პირველ ლიგაში ასპარეზობს. კონტრაქტის ფარგლებში საქართველოდან გაგზავნილი 8 ბავშვი კი მესამე ან მეოთხე კატეგორიის ლიგებში თამაშობენ. შესაბამისად, მაღალი დონის კლუბების მიერ მათი შესყიდვის შანსი დაბალია.
ბასკურ-ქართულ მხარეს შეთანხმება მაშინ შედგა, როცა თორნიკე შენგელიამ 2014 წელს NBA დატოვა და “ბასკონიასთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახლა შენგელია კლუბის საუკეთესო კალათბურთელია, რომელიც თითოეულ თამაშზე, საშუალოდ, 16 ქულას აგროვებს. 26 წლის შენგელიას NBA-ში დაბრუნების შანსი კვლავ აქვს.
თორნიკეს მამა, კახა შენგელია შვილის ერთ-ერთი თამაშის სანახავად, 2014 წელს, ესპანეთში ჩავიდა. დელეგაციაში ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ გაბრიჩიძე და ფედერაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილიც იყვნენ. კახა შენგელია მაშინ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი იყო.
“ბასკონიას” გენერალური მენეჯერის, ხესუს ვასკესის თქმით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მაშინდელი სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანიც იყო. ყიფიანს დღეს ამ თემაზე საუბარი არ სურს.
“ეს არ იყო საქმიანი ვიზიტი,” – ამბობს ვასკესი, – “ისინი უბრალოდ თოკოს თამაშის სანახავად ჩამოვიდნენ ვიტორიაში და ჩვენ ზოგადად ვსაუბრობდით საქართველოში სპორტის პრობლემებზე. სწორედ ამ შეხვედრის დროს გამოიკვეთა კალათბურთის ფედერაციის ინტერესი, ჩვენს კლუბში ქართველი ბავშვების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ ახალგაზრდა კალათბურთელებს განვითარებისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა სჭირდებოდათ. ვიცოდით, რომ ფედერაციას არ ჰქონდა ჩვენ კლუბში მოხვედრის ფინანსური შესაძლებლობა, ამიტომ, ასეთი ფორმულა გამოვიგონეთ: ინვესტიცია ხარჯების ნაცვლად.”
2.5 მილიონი ევრო უზარმაზარი ხარჯია ქვეყნისთვის, რომლის კალათბურთის ფედერაციის წლიური ბიუჯეტი საშუალოდ 7,3 მილიონია, სპორტის მთლიანი წლიური ბიუჯეტი კი 2017 წელს პირველად აცდა 160 მილიონ ლარს.
კახა შენგელიას თქმით, კონტრაქტის გაფორმებამდე, ეს გადაწყვეტილება კალათბურთის ფედერაციის გამგეობას არ განუხილავს. ზემოთაღნიშნული გამოთვლები და გაზრდილი ციფრები კი იმისთვის დასჭირდათ, რომ საქართველოს მთავრობა დაერწმუნებინათ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2.5 მილიონი ევროს გამოყოფის მართებულობაში.
“ძალიან მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ გამომიყენეს,” – ამბობს კახა შენგელია. “ფედერაცია დღესაც ამტკიცებს, რომ კონტრაქტი ჩემთან შეთანხმებით გაფორმდა.“
კახა შენგელიამ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წელს, აღნიშნული კონტრაქტის დეტალების გარკვევის შემდეგ დატოვა და პირდაპირ დასდო ბრალი კალათბურთის ფედერაციას სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და კორუფციაში. ამავე წელს მან ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს. არაერთხელ შეხვდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს, რომელმაც შეთანხმების დეტალების გასარკვევად კომიტეტის სხდომაც მოიწვია.
კახა შენგელია მაშინ იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ კონტრაქტის გაფორმებამდე ფედერაციას არ შეუსწავლია, რა ფასად სთავაზობდნენ სხვა საერთაშორისო კლუბები მსგავს მომსახურებას და ხელშეკრულება პირდაპირ “ბასკონიასთან” გააფორმა.
„გარწმუნებთ, რომ ამგვარი ტიპის ხელშეკრულებას არავისთან არ გავიმეორებთ. მხოლოდ გარკვეულმა გარემოებამ და სამინისტროსა თუ ფედერაციის წარმომადგენელთა დიდმა მონდომებამ და პროფესიონალობამ განაპირობა ის, რომ ამ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი,“ – ამბობდა ხესუს ვასკესი შარშან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ონლაინგამოცემა sportall.ge-ს 2016 წლის 22 მაისის ინტერვიუში კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილი კლუბ “ბასკონიას” პრეზიდენტთან, ხოსე კერეხეტასთან მის ურთიერთობაზე საუბრობს. „2008 წელს მეგობრებთან ერთად ქართულ-ბასკური საზოგადოება დავაფუძნე და მჭიდრო კავშირი დავამყარე ბასკებთან. გავიცანით ბანკ “კუჩა ლაბორალის” დამფუძნებელი ხოსე კერეხეტა, რომელსაც ამავე დროს საკალათბურთო კლუბი “ბასკონია” ეკუთვნის. კალათბურთის ფედერაციაში მოსვლის შემდეგ გადავწყვიტეთ, სწორედ “ბასკონიას” პროფესიონალები მოგვეწვია ქართული კალათბურთის რეალობისა და პერსპექტივების დეტალურად შესასწავლად.“
ფედერაციის გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილი თავდაპირველად დაგვთანხმდა ინტერვიუზე. მაგრამ აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციამ (FIBA) მას კონტრაქტის შესახებ კითხვები დაუსვა. FIBA-ს ჩვენ კონტრაქტისა და რამდენიმე დოკუმენტის ასლი 20 აპრილს გავუგზავნეთ და კომენტარი ვთხოვეთ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
გაფორმებულ ხელშეკრულებას უარყოფითად აფასებს შიო ხეცურიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი და შპს “იუ-ჯი-თი ჯგუფის” ბიზნესის განვითარების დირექტორი. „არ უნდა ჩავაყენოთ რომელიმე უცხოური კლუბი ასეთ უპირატეს მდგომარეობაში. ექსკლუზიურად, არ უნდა მივცეთ საშუალება, წაიყვანოს ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები და იმის მაგივრად, რომ გუნდებმა და კლუბებმა, რომლებმაც გაზარდეს ეს მოთამაშები, რაღაც ანაზღაურება მიიღონ, იქით ვუხადოთ ფული,“ – ამბობს ხეცურიანი.
კონტრაქტის იურიდიული მხარე
ჩვენ კონტრაქტის მუხლების იურიდიულად შეფასება ადვოკატს ვთხოვეთ, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა:
— კონტრაქტის ხანგრძლივობა და გადასახდელი თანხა დოკუმენტში განსაზღვრულია, მაგრამ არ არსებობს ზუსტი ჩამონათვალი იმ სამუშაოებისა, რაშიც ქართული მხარე ამ თანხას იხდის;
— ხელშეკრულება არ აკონკრეტებს, რამდენი ესპანელი მწვრთნელი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში „კემპის“ მოსაწყობად, ვინ არიან ისინი და არც იმას, თუ რამდენი ბავშვი ან მწვრთნელი უნდა მომზადდეს “ბასკონიაში” კონტრაქტის ფარგლებში;
— არ ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის მონიტორინგი;
— ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხის ხარჯვისას, ხელშეკრულება უნდა იყოს ამომწურავი და ნიუანსების დონეზე არეგულირებდეს ნებისმიერ შემთხვევას. აქ კი ძირითად ხელშეკრულებას აკლია მუხლები, რომლებიც აუცილებელია (მაგალითად, “ფორს-მაჟორი”, შეწყვეტა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი სანქციები და სხვა).
კალათბურთელები უკეთესი მომავლის მოლოდინში
ხელშეკრულების გაუმართაობის სიმძიმე პირველად იმ ორმა ახალგაზრდა კალათბურთელმა გამოსცადა, რომლებიც პირველ წელს ესპანეთში გაემგზავრნენ. მათ სწავლება სრულად (10 თვე) არ გაუვლიათ და 4 თვეზე ნაკლებ დროში საქართველოში დაბრუნდნენ.
გიორგი ტურძელაძე 16 წლის იყო, როცა 2015 წლის ოქტომბერში ესპანეთში ჩავიდა. “ბასკონიაში” პრაქტიკის გავლის ნაცვლად, ის “ლეონის” მე-4 დივიზიონში გაანათხოვრეს. საქართველოში 2016 წლის იანვარში დაბრუნდა.
ნიკა დარბაიძე ესპანეთში 2016 წლის თებერვალში ჩავიდა. ესპანეთში კი 17 წლის გახდა. ნიკაც მეოთხე დივიზიონის გუნდთან, “მიერესში” ვარჯიშობდა და არა “ბასკონიაში.” ნიკა მაისში, სეზონის დასრულების შემდეგ, დაბრუნდა სახლში. დარბაიძის თქმით, ესპანელი მწვრთნელისგან შემოთავაზებაც ჰქონდა, შემდეგი სეზონიც ეთამაშა “მიერესში.” მან საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მიიწვიეს.
ესპანეთში გვიან ჩასვლის მიზეზად, ორივე თურქეთის საკონსულოში ვიზასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.
„შეზღუდული ადგილები აქვს “ბასკონიას” კლუბში უცხოელ ბავშვებზე. დაკავებული იყო ყველა ადგილი, თებერვალში რომ ჩავედით. სექტემბრიდან თებერვლამდე ვიზას ვაკეთებდით,“ – გვიყვება ნიკა.
ტურძელაძის ისტორიაც მსგავსია: „ოქტომბერში ჩავედი. ჯობდა ჩავსულიყავი აგვისტოში, რომ ფორმაში შევსულიყავი თავიდანვე, ვარჯიში დამეწყო, კლუბისთვის შემეხედა. როცა ჩავედი, თამაშები დაწყებული იყო და “ბასკონიაში” ამიტომაც ვერ მოვხვდი. “ლეონში” წავედი სათამაშოდ.“
„ტურძელაძე კარგი ბავშვია, საუკეთესო. თუმცა მოვიდა 16 წლიანებში, უკვე ისეთი ასაკი იყო… პროექტში ვერ წავიდოდა და ამიტომ არ ჩავსვით აკადემიაში პირველ წელს. ფოკუსირება პატარებზე გვინდოდა, რომ მეტი წელი ყოფილიყვნენ ფორმირებაში,“- გვიხსნის “ბასკონიას” საერთაშორისო მენეჯერი ვასკესი. კითხვაზე, მაშინ რატომ არის გრანტიორთა სიაში და რატომ შეირჩა საერთოდ ამ პროექტისთვის, მან გვიპასუხა: “პირველ წელს რთული იყო ბავშვის არჩევა და საერთოდ, ძნელია პატარა ქვეყანაში, 4 მილიონი მოსახლეობით, იპოვო ტალანტი.“
მხოლოდ ერთი ქართველი გადიოდა 2015 წელს წვრთნას “ბასკონიაში,” მაგრამ მას ქართული „კემპი“ არ გაუვლია. მისი სწავლების ღირებულება – 17,000 ევრო და ესპანეთში ცხოვრების პირველი წლის ხარჯებიც – 8,000 ევრო მამამისმა, ლევან ბულაშვილმა გადაიხადა.
ბულაშვილმა პირველი ნაწილი, 5,100 ევრო “ლიბერთი ბანკის” მეშვეობით გადაურიცხა ესპანელებს. დანაჩენი თანხა მომდევნო თვეებზე გადანაწილდა – ყოველთვიურად 1,500 ევროს ოდენობით. ბულაშვილს ყველა გადარიცხვის ქვითარი და ჩარიცხვაზე “ბასკონიის” დასტურის ფუცლებიც აქვს.
მოგვიანებით, “ბასკონიას” მიერ მომზადებულ ანგარიშში ბულაშვილი სახელმწიფო გრანტის მიმღებად იყო დასახელებული. დოკუმენტების თანახმად, ესპანეთში მისი ყოფნა სახელმწიფოს, მინიმუმ 30,000 ევრო დაუჯდა. ლევან ბულაშვილი ამ ფაქტმა გააბრაზა. ის უკვე 2 წელზე მეტია არკვევს, რატომ მოხვდა მისი შვილი საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ სტიპენდიანტთა სიაში და ჯერჯერობით მხოლოდ ის გაარკვია, რომ ეს უბრალო ფორმალობა იყო. „ფორმალობის გამო როგორ უნდა გადარიცხო 30,000 ევრო?“ – კითხულობს ბულაშვილი.
ფედერაციისთვის მეტად უხერხული თემის გახმაურების შემდეგ, საკითხის გასარკვევად ბულაშვილი კალათბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა დირექტორმა, გიგა ქართველიშვილმა დაიბარეს. შეხვედრაზე ფედერაციის მაღალჩინოსნები კალათბურთელის მამას უმტკიცებდნენ, რომ სიაში ლუკა შემთხვევით მოხვდა.
ბულაშვილს მაშინდელი სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაუკავშირდა. ორ დღეში კი ლერი ხაბელოვმაც დაიბარა. ბულაშვილის თქმით, ისე დასრულდა შეხვედრა, პასუხები ვერ მიიღო. საკითხი ღიად დარჩა კომიტეტის სხდომაზეც, რომელიც ხაბელოვმა მოიწვია.
„მეგონა, ერთ ადამიანთან მქონდა პრობლემა ფედერაციაში, მაგრამ რაც უფრო შევყევი საქმეს, გამოვიდა, რომ მთელ სისტემას, სახელმწიფო მანქანას დავეჯახე, თავის მინისტრებით, დეპუტატებით, ფედერაციით, ისე ხალხით,“ – ასკვნის ბულაშვილი.
ლუკა ბულაშვილი წელს “გრან კანარია 2”-ში, ესპანეთის მე-4 დივიზიონში საასპარეზოდ მიიწვიეს. ის აპრილში თბილისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვიდა, რომელიც წელს ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი გახდა.
სკანდალის შემდეგ ბულაშვილი სიიდან ამოიღეს. თუმცა, 2015 წელს დაფინანსებულთა სიაში კვლავ გვხვდება ნიკა დარბაიძისა და გიორგი ტურძელაძის სახელები, რომელთაც “ბასკონიას” მთავარ ბაზაზე წვრთნა არ გაუვლიათ.
ვინ იხდის ფულს ტალანტში?
თორნიკე შენგელია 15 წლისაც არ იყო, როცა ბათუმში გამართულ “კემპზე” ესპანური კლუბიდან, “ვალენსიადან” მოვლენილმა სკაუტმა (აგენტი, რომელიც კლუბებისთვის პერსპექტიულ მოთამაშეებს არჩევს) შეამჩნია და ესპანეთში მიიპატიჟა. ოთხდღიანი შემოწმების შემდეგ “ვალენსიამ” შენგელია თავის პროგრამაში ჩარიცხა. შენგელიას ოჯახსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას არაფერი გადაუხდიათ “ვალენსიასთვის,” პირიქით, ესპანურმა კლუბმა დაფარა ყველანაირი ხარჯი, მგზავრობის და ვიზის ჩათვლით.
2010 წელს შენგელია ბელგიაში, შედარებით სუსტ გუნდში გადავიდა სათამაშოდ. მის აგენტთან, ლევან მიქელაძესთან შეთანხმებით გადაწყდა შარლერუას საკალათბურთო კლუბში გადასვლა, რადგან იქ მეტი დატვირთვით ითამაშებდა. 2012 წელს 20 წლის შენგელია NBA დრაფტის მეორე რაუნდში აირჩიეს.
ერთადერთი ქართველი, რომელიც შესაძლოა, წელს NBA-ში აღმოჩნდეს, 18 წლის გოგა ბითაძეა. მას 18 ივნისს NBA-ის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევას უწინასწარმეტყველებენ.
ბითაძე “ბასკონია-ფედერაციის” პროგრამის მონაწილე არასოდეს ყოფილა. როგორც “ბასკონიას” საერთაშორისო წარმომადგენელმა საქართველოში, გოჩა აბზიანიძემ გვითხრა, 2015 წელს თბილისში გამართულ “კემპზე” 15 წლის ბითაძე მისული იყო, პირველ დღეს ივარჯიშა და წავიდა. ბითაძე “კემპზე” აღარ მიბრუნებულა.
16 წლის ასაკში ის სათამაშოდ სერბეთში გადავიდა. ბითაძე წელს სერბეთის ლიგაში, “მეგა ბიმაქსში” თამაშობს. თუ ის NBA-ში გადასვლას მოახერხებს, მისი პირველი წლის ხელფასი, სავარაუდოდ, მინიმუმ, 582,180 აშშ დოლარი იქნება. მას შეუძლია ევროპაში დარჩეს მომავალში NBA-ის რომელიმე გუნდთან უფრო დიდი კონტრაქტის გაფორმების იმედით.
ქართული ფულით დაფინანსებული უცხოელები
ნაკლებ სავარაუდოა, ახლო მომავალში საქართველომ იმ უცხოელი კალათბურთელების გაყიდვიდან მოგება ნახოს, რომელთა “ბასკონიაში” წვრთნა ზემოთხსენებული კონტრაქტით დააფინანსა.
ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს მიერ დაფინანსებულთა სიაში სერბი წარმოშობის ფილიპ პეტრუსევია. ის 14 წლის იყო, როცა 2014 წელს “ბასკონიაში” მოხვდა. ორი წლის შემდეგ მან კონტრაქტი დაარღვია, კლუბი დატოვა და ამერიკაში საუნივერსიტეტო კალათბურთის სათამაშოდ 2 წლით გაემგზავრა. პეტრუსევმა ამერიკაში დარჩენა გადაწყვიტა და ოქტომბრიდან “გონზაგა უნივერსიტიში” თამაშობს.
პეტრუსევი ერთ-ერთია იმ ოთხი უცხოელი მოთამაშედან, რომელსაც „აი, ფაქტი“ ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ არც მან და არც მისმა ძმამ, დევიდმა, რომელიც ასევე არის ქართველთა მიერ დაფინანსებულთა სიაში, არაფერი იციან ამის შესახებ. სატელეფონო ინტერვიუში ძმები პეტრუსევების მამამ, დეჟან პეტრუსევმა გვითხრა, რომ მანაც არაფერი იცის კონტრაქტზე და დოკუმენტების გაგზავნა გვთხოვა. შესაბამისი დოკუმენტების გაგზავნის შემდეგ, მას „აი, ფაქტისთვის“ აღარ უპასუხია.
ჯურიჯ მაკურა 18 წლის პერსპექტიული კალათბურთელია სლოვენიიდან, რომელიც “ბასკონიის B” გუნდში თამაშობს ესპანეთის მესამე დივიზიონში. “ვიცი, რომ საქართველოს ფედერაციას “ბასკონიასთან” რაღაც შეთანხმება აქვს დადებული ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებისთვის,” – მოგვწერა მაკურამ ფეისბუკზე, – “თუმცა, მე არ ვიცი დეტალები, ჯერ ახალგაზრდა ვარ. მე არაფერი მესაქმება საქართველოსთან. არაფერი ვიცი ისევე, როგორც მამაჩემმა ან ჩემმა აგენტმა.“
მაკურას აგენტი, ალვარო ტორი ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს მაკურასა და საქართველოს შორის.
„კონტრაქტი, რომელიც გვაქვს მაკურასთან, არის “ბასკონიას,” მაკურასა და ჩვენს (სააგენტო) შორის,“ – ნათქვამია ტორის მიერ „აი, ფაქტისთვის“ გამოგზავნილ მეილში. „თუ “ბასკონიამ” საქართველოს ფედერაციასთან შეთანხმება დადო, ეს მათი ბიზნესია და ის ჩვენ არ გვეხება.“
წარმოშობით ჰოლანდიელი, 25 წლის დევან ვან ოოსტრუმი “ბასკონიაში” 2012-2014 წლებში თამაშობდა. ის საქართველოს კალათბურთის ასოციაციის მიერ დაფინანსებულთა სიაშია. “მე არაფერი მსმენია ამაზე და სიმართლე გითხრათ, კარგად არც მესმის, რაზე საუბრობთ,” – გვითხრა მან.
„რატომ უნდა იცოდნენ?“ – კითხულობს “ბასკონიას” დირექტორი ვასკესი. „მათ 10 წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს ჩვენთან და ისინი ბედნიერები უნდა იყვნენ ამით, რადგანაც ეს არის მათი გზა პროფესიული კალათბურთისკენ.“
ვასკესი კონტრაქტს იცავს. „კონტრაქტი კარგია საქართველოსთვის. დამიჯერეთ. ვერცერთი ბავშვი ვერ შემოვიდოდა ჩვენს აკადემიაში, რომ არ ყოფილიყო ეს შეთანხმება,“ – გვითხრა მან აპრილში, ვერის საკალათბურთო დარბაზში, სადაც ის წლევანდელი „კემპის“ ბავშვებს უყურებდა, – „ძალიან კარგი ბავშვები არიან, მაგრამ არ არიან იმ დონის, რომ მოხვედრილიყვნენ ჩვენთან.“
როდის მიიღებს საქართველო მოგებას ამ კონტრაქტიდან?
“ბასკონია” მათ აკადემიაში ჩარიცხულ ყოველ მოთამაშეზე წლის მანძილზე 30,000 ევროს ხარჯავს. სკაუტინგი (კარგი მოთამაშეების მოძიება) ბასკონიას წლიურად 96,000 ევრო უჯდება, ტექნიკური უზრუნველყოფა – 25,000, სამედიცინო ხარჯები კი 40,000 ევროს შეადგენს. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ახლა ამ ხარჯების 30 პროცენტს ფარავს.
“ბასკონიას” პროგნოზებზე დაყრდნობით, საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული კალათბურთელები, დიდი ალბათობით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე შეიძლება არც გაიყიდონ.
„როცა 14-15 წლის ბავშვი აგვყავს კლუბში, 10 წელიწადია საჭირო, რომ პროდუქტი შეიქმნას. ბევრი იწყებს 21-22 წლის ასაკში ნამდვილი კალათბურთის თამაშს და იწყება მისი გაყიდვა 24-25 წლის ასაკში,“ – გვითხრა ვასკესმა.
მაგრამ რეალობა ისაა, რომ NBA-ის გუნდები იშვიათად ინტერესდებიან მცირე პროფესიული გამოცდილების მქონე 25 წლის კალათბურთელთან კონტრაქტის დადებით. ტოპ ამერიკელი კალათბურთელები, ძირითადად, უნივერსიტეტს ამთავრებენ და ერთი წლის შემდეგ, უკვე 19 წლის ასაკში აწერენ ხელს კონტრაქტს NBA- სთან. მეტიც, კომისიამ, რომელსაც აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ხელმძღვანელობს, აპრილში განაცხადა, რომ მოთამაშეებს უნდა შეეძლოთ NBA- ში წასვლა ერთი წლით ადრეც კი, 18 წლის ასაკში, როდესაც ისინი უმაღლეს სკოლას ამთავრებენ.
კონტრაქტი 2019 წელს სრულდება, თუმცა, საქართველოს ამ დრომდე რომელიმე კალათბურთელის გაყიდვიდან წილი არ მიუღია. თუ საქართველო 2024 წლამდე მის მიერ დაფინანსებული კალათბურთელების გაყიდვიდან 1,5 მილიონ ევროზე ნაკლებს მიიღებს, კონტრაქტის მიხედვით, “ბასკონია” ვალდებულია, ეს განსხვავება აგვინაზღაუროს.
„თუ 2 წელიწადში არ დავიქცევით, საქართველო ფულს მოიგებს. ჩვენ ვრისკავთ და არავის გარანტიას არ ვთხოვთ. ფედერაციამ ჩვენგან წაიღო ის, რასაც არავის მივცემდით. მაგრამ რახან გავაკეთეთ ეს, მე თუ ვრისკავ, შენც უნდა გარისკო. თუ მოვიგეთ, მოვიგებთ, თუ წავაგებთ-წავაგებთ,“ – გვითხრა ვასკესმა.
ფაქტობრივად, საქართველოს დახარჯული ფულის უკან მიღებაში მხოლოდ იღბალი თუ დაეხმარება. იღბალი კი, ბოლო მოვლენებს თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკლებად სწყალობს.
ავტორები: ნინო შონია და დეივიდ ბლოსი.