ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში გარიგებული მატჩების ან გარიგების მცდელობის ექვსი შემთხვევა გახმაურდა. მოთამაშეები, მსაჯები და გუნდები დაჯარიმდნენ ან საერთოდ აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა. იმ ერთი წლის განმავლობაში კი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ-ერთ მსგავს საქმეს განიხილავს, კიდევ ორი საეჭვო მატჩის შესახებ გახდა ცნობილი.
წვიმიან დღეს მცხეთის სტადიონის სიახლოვეს არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რამდენიმე წუთში საფეხბურთო მატჩი დაიწყება. 2015-2016 წლების საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის შეხვედრაში ერთმანეთს „ვიტ ჯორჯია“ და „იმერეთი“ ხვდებიან. ამ თამაშზე დასასწრებად ბილეთი საჭირო არ არის. სტადიონზე, სადაც საშინაო მატჩებს „ვიტ ჯორჯია“ ატარებს, ადგილების რაოდენობა 2 000 ადამიანზეა გათვლილი. დღეს კი, თამაშის დაწყებამდე ტრიბუნებიდან ჯვრის მონასტრისა და მთების შთამბეჭდავი ხედით მხოლოდ 60-მდე ადამიანი ტკბება.
სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე პატარა შენობებიდან „ვიტ ჯორჯიას“ და „იმერეთის“ ფეხბურთელები გამოდიან. მოედანზე შესულები მცირერიცხოვან მაყურებელს ესალმებიან. თამაში „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელთა შეტევით იწყება. მალევე გადაწყვეტილებით უკმაყოფილო რამდენიმე გულშემატკივარი მსაჯს მიმართავს: „სად დაინახე ეს თამაშგარე? რამდენი გადაგიხადეს?“ თუმცა, მასპინძელი გუნდის მხარდამჭერები იმედიანად არიან: „უარესი მსაჯობაც გვინახავს, მაგრამ მაინც მოგვიგია.“
იმის გათვალისწინებით, რომ ეს იმ ქვეყნის მეორე დივიზიონის მატჩია, რომელსაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი საფეხბურთო წარმატებისთვის არ მიუღწევია, თამაში ცუდი არ არის. დინამიური შეტევის შემდეგ კარისკენ ზურგით მდგომმა „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელმა ვარდნაში, ე.წ. მაკრატელათი ლამაზი გოლის გატანაც მოახერხა. თუმცა, სტადიონზე მყოფს მაინც არ გტოვებს შეგრძნება, რომ ეს 90 წუთი, შესაძლოა, უფრო კარგადაც გაგეტარებინა. მატჩს ესწრება სასწრაფო დახმარების ბრიგადა და რამდენიმე პოლიციელი. საერთო ჯამში აქ უფრო მეტი ფეხბურთელი, მწვრთნელი და ოფიციალური პირია, ვიდრე მაყურებელი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს პირველი ლიგის მიმართაც არსებობს დიდი ინტერესი. სხვადასხვა ქვეყნის უამრავ ონლაინ ტოტალიზატორში ფსონების დადება ასეთი ტიპის თამაშებზეც არის შესაძლებელი. სწორედ ამგვარ მატჩებზე იგებენ და აგებენ ათასობით დოლარს ფულის ადვილად შოვნის მსურველები.
2015 წლის 5 მაისს ბექა ჯიჭონაიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ფეხბურთელებისა და ოფიციალური პირების მოსყიდვისთვის დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.“
დაკავებულთა შორის იყვნენ საფეხბურთო კლუბ „სტუ თბილისის“ პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ ორი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ “საჩხერის ჩიხურას“ ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბურჯანაძე და კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც მხარეების მოქრთამვაში მონაწილეობდნენ.
ჩამოთვლილ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე წარედგინათ. სასჯელის სახით ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულთა შორის იყო ომარ ნაკაიძეც, რომელიც ამტკიცებს რომ საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში. მისი თქმით მან უბრალოდ კარგად იცის მათემატიკა, ერკვევა ონლაინ ტოტალიზატორებში და ამ ცოდნას იყენებს ფსონების დასადებად. პრესკონფერენციაზე ბექა ჯიჭონაიამ სწორედ ომარ ნაკაიძე მოიხსენია როგორც „აზიური ტოტალიზატორის – „ibcbet“-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში“.
სპორტთან დაკავშირებულ აზარტულ თამაშებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმაციით, მსოფლიოში საფეხბურთო თამაშებზე თანხების 80 პროცენტი აზიიდან იდება. ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ფსონის დამდებთა ყურადღება, ძირითადად, იმ გუნდებისკენ არის მიმართული, რომლებიც პატარა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების რანგით დაბალ დივიზიონში თამაშობენ და დაფინანსებით უკმაყოფილო არიან.
საქართველოში არალეგალურ ფსონებთან და მხარეების მოქრთამვასთან დაკავშირებული საქმის მოსმენა ქართულ სასამართლოებში უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ბრალდების მთავარი მოწმე გიორგი ღელაღუტაშვილია – ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც გამოძიების მიერ ჩაინერგა და ბრალდებულებთან ონლაინ ტოტალიზატორებში გარიგებულ თამაშებზე ფსონებს დებდა. 3 000 გვერდთან ერთად გამოძიების მასალებს თან ერთვის ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები.
გიორგი ღელაღუტაშვილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მისი ურთიერთობა ბრალდებულ გენძეხაძესთან, 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. მოგვიანებით კი დანარჩენებიც გაიცნო და მათი ნდობაც მოიპოვა. ღელაღუტაშვილი მათგან იღებდა ინფორმაციას გარიგებული თამაშების შესახებ და ტოტალიზატორში ფსონებს დებდა. გამოძიებამ გამოავლინა სამი გარიგებული მატჩი, რომლის წყალობითაც ბრალდებულებმა ღელაღუტაშვილის მონაწილეობით საერთო ჯამში ონლაინ ტოტალიზატორში ფსონად 9 477 აშშ დოლარი დადეს და 16 484 აშშ დოლარი მოიგეს. ამ თანხიდან გარკვეული ნაწილი რიგ შემთხვევებში მატჩებში მონაწილე ფეხბურთელებთან მიდიოდა, ნაწილი მწვრთნელებთან, დანარჩენს კი ორგანიზებული ჯგუფი თავად ინაწილებდა.
პროკურორი გიორგი დავითაშვილი ასე აღწერს მატჩის განმავლობაში კომუნიკაციას: „თამაშის მიმდინარეობისას იჯდა წარმომადგენელი სტადიონზე და მას კავშირი ჰქონდა ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ ონლაინ ტოტალიზატორებში ფსონების განთავსების საკითხს. გარკვეული მინიშნებებით, როგორიც არის ფეხზე ადგომა, ანიშნებდნენ ფეხბურთელებს რომ უნდა გასულიყო ერთი გოლი. მეორედ ადგებოდა, მაშინ მეორე გოლი უნდა გასულიყო.”
თუმცა, დაცვის მხარე ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. „საუბარი არის ჯგუფზე. ერთი აწყობდა თამაშს, მეორე დებდა ფულს, მესამე ელექტრონულად ათავსებდა ფსონს. ანუ ჯგუფია. ყველა რაღაც თავის მოქმედებას ასრულებს. დაახლოებით ასეთი მონახაზია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს მტკიცებულებებით არ დასტურდება. არ დასტურდება, რომ ვიღაცამ ვიღაცასთან რაღაც ჩააწყო,“ – ამბობს ბრალდებულ ომარ ნაკაიძის ადვოკატი, არჩილ შაბაშვილი.
„საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება. მოცულობითია საქმეა, 9 ტომია და ბევრი დისკებია (ფარული ჩანაწერებით), მაგრამ მტკიცებულება იმისა, რომ დანაშაული მოხდა, არ არსებობს,“ – მიაჩნია შაბაშვილს.
⇐ დაწვრილებით ინფორმაციას გარიგებული მატჩებისა და მოთამაშეების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
მსაჯების დაკავება
ამ საქმეს წინ მსაჯების გახმაურებული დაკავება უძღოდა. ორი წლის წინ 8 მსაჯი დააკავეს, მათ შორის ფიფას მსაჯი, თორნიკე გვანცელაძე. მის ინტერესებს ადვოკატი დავით მოდებაძე იცავდა.
გამოძიების ვერსიით, 2014 წლის სექტემბერში თორნიკე გვანცელაძე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაურიგდა პიროვნებას, რომ კონკრეტულ მატჩში დანიშნავდა 5 აუტზე მეტს.
ოფიციალური განცხადების თანახმად „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2 500-დან 5 000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ“.
დავით მოდებაძე თავისი კლიენტის უდანაშაულობაზე საუბრობს: „ჩანერგილი თანამშრომელი მივიდა მასთან და უთხრა რომ ამ კონკრეტულ თამაშზე როგორც მსაჯმა უნდა დადო 6 აუტიო. ანუ 6 აუტი უნდა იყოს დადებული იმის მიუხედავად ამის საფუძველი იქნება თუ არა. ამის სანაცვლოდ ეს პიროვნება იხდიდა გარკვეულ თანხას. გვანცელაძე ეუბნებოდა რომ არ სურდა ამის გაკეთება. პიროვნებამ უთხრა გვანცელაძეს, რომ მე მჭირდება თამაშში დაფიქსირდს 5 აუტზე მეტი და კონკრეტულად, აი, ამ თანხას ვიხდიო. ამ თამაშში დაიდო 7 აუტი. ამის შემდეგ ხდება ის, რომ ეს პიროვნება მიდის და ფულს აძლევს. ეს ფული არის დანომრილი და გვანცელაძეს იჭერენ.“
„მოგეხსენებათ როდესაც მსაჯი თამაშს ატარებს, იკრიბება ჯგუფი რომელსაც ხელმძღვანელობს კომისარი და დებს დასკვნას რამდენად ობიექტური იყო ესა თუ ის მსაჯი. კომისარმა უმაღლესი ქულა დაუწერა და თქვა, რომ ყველა აუტი და კუთხური იყო დადებული ობიექტურად. გვანცელაძის საქციელი არ არის სპორტსმენი კაცის საქციელი და სწორი საქციელი. მორალურად და ზნეობრივად ეს არის გაუმართლებელი. მაგრამ დანაშაული არ ჩაუდენია,“ – ამბობს მოდებაძე.
სასამართლომ მსაჯები დამნაშავეებად ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის გამო სცნო. ეს მუხლი სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, 5 მათგანი ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოუშვეს, სამი კი პრეზიდენტმა შეიწყალა.
სპორტულ ვებ-გვერდ sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში (დაახოებით ერთი წლის წინ) მსაჯთაგან ერთ-ერთი, ოთარ ხუცაძე ამბობდა, რომ პირველ ლიგაში (მეორე დივიზიონში) მსაჯობისთვის, გასამრჯელო ასეთი იყო: „მთავარი მსაჯი 150 ლარს იღებს, ლაინსმენი 100-ს, ხოლო მეოთხე არბიტრი 60-ს.“
მატჩის გადადება
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში კიდევ ორი სკანდალური მოვლენა მოხდა.
2015 წლის ნოემბერში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-16 ტურის მატჩი გადაიდო. ხობის „კოლხეთსა“ და ცხინვალის „ლიახვს“ შორის გასამართი თამაშის გადადების მიზეზი სატელეფონო ზარი გახდა. „ლიახვის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს გარკვეული შედეგის უზრუნველყოფისთვის გასამრჯელო შესთავაზეს. ფეხბურთელმა მომხდარის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უამბო. ხელმძღვანელობამ კი მომხდარის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას შეატყობინა.
ლევან კობიაშვილი ხობში თამაშის დღეს ჩავიდა. მაშინ ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთი თვის არჩეული იყო.
„იყო ინფორმაცია, რომ რაღაც ხდებოდა იქ. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო. იმიტომ ჩავედი, რომ მინდოდა პირადად ამ ადამიანისგან მომესმინა. ჩავედი თამაშამდე, მქონდა საუბარი ფეხბურთელთან, რომელმაც დაადასტურა ეს ფაქტი რომ ვიღაცა წინა დღეებში დაუკავშირდა და რაღაცა შეთავაზება ამ კუთხით იყო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ თამაში არ ჩატარებულიყო, რადგან, ჩემი აზრით, რაღაც საფრთხე არსებობდა. გადაწყვეტილება რაც მე მივიღე, პირდაპირ გეტყვით რომ არ იყო მარტივი. იმასაც გეტყვით, რომ ყველა ასეთ ზარზე ფეხბურთის ფედერაცია თამაშს ვერ ჩაშლის.“
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა. ასევე ფედერაციის სტრუქტურაში გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად ახალი ერთეული – სპორტული სამართლიანობის დეპარტამენტი დაამატეს.
„ბუნებრივია ფეხბურთის ფედერაცია არ ვართ საგამოძიებო უწყება, მაგრამ იმ რესურსით რაც გაგვაჩნია, მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები იმ პროცესებში, რომ გამოვავლინოთ ეს დანაშაულები. ასე საჯაროდ რა როგორ არის და როგორ მუშაობს, ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ თუ გავამჟღავნეთ სად რას ვაკეთებთ, მაშინ შედეგს ვერ მივიღებთ,“ – აცხადებს ლევან კობიაშვილი.
უახლესი გარიგებული თამაში
სპორტული სამართლიანობის დეპარტამენტი ორი თვის შექმნილი იყო, როდესაც მაისში მორიგი გარიგებული მატჩი გამოავლინა. საუბარია ხობის „კოლხეთსა” და ქედას „ბეთლემს“ შორის გამართულ თამაშზე, რომელიც „კოლხეთის“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ამ მატჩის ვედეო ჩანაწერის გაცნობის შემდეგ „ბეთლემის“ 4 მოთამაშეს და მწვრთნელის ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთში მოღვაწეობა, კლუბი კი მოიხსნა თამაშებიდან, დაქვეითდა რანგით უფრო დაბალ დივიზიონში და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი.
თითქმის სამწუთიან ვიდეოში ორივე გუნდის ფეხბურთელი მოედანზე ძალიან ნელა გადაადგილდება. ერთ-ერთ ეპიზოდში ქედელთა მეკარე ბურთს თანაგუნდელს აწვდის, რომელსაც შეტევის წამოწყების უამრავი შესაძლებლობა და დრო აქვს. შეუძლია მაჯვნივ გააკეთოს პასი, მარცხნივ ან სულაც წინ უმისამართოდ დაარტყას. თუმცა, ის ირჩევს ყველაზე რთულ ვარიანტს: 5-7 მეტრის მოშორებით, თავისი საჯარიმოს გასწვრივ მყოფ ორ მეტოქე ფეხბურთელს შორის ბურთს მოშორებით მდგომ თავის სხვა თანაგუნდელს აწვდის. ამ უკანასკნელსაც შეუძლია ბურთის მოშორება, მაგრამ ის პირდაპირ საკუთარი კარისკენ არტყავს. ამ დროს მეკარე კარიდანაა გამოსული და „ბეთლემის“ კარში მორიგი გოლი გადის. ვიდეოში ისმის მცირერიცხოვანი გულშემატკივრის ოვაციები და სიცილი.
ქედას „ბეთლემის“ შესახებ თავის ჩვენებებში არაერთხელ საუბრობს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი გიორგი ღელაღუტაშვილიც: „ერთ-ერთი კორპუსის ბინაში შევხვდით ს.კ. „ბეთლემის ქედას“ ფეხბურთელებს. ჩვენთან საუბრისას მათ განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ წაგებული ჰქონდათ 90 ათასი დოლარი, მაგრამ დაგვარწმუნეს, რომ თუ თანხაზე შევთანხმდებოდით ისინი მზად იყვნენ მატჩი დაესრულებინათ ჩვენთვის სასურველი შედეგით. თქვეს, რომ მიზნის მისაღწევად ისინი მზად იყვნენ საკუთარ კარშიც კი გაეტანათ გოლები.“
ღელაღუტაშვილის თქმით, ეს მატჩები ტოტალიზატორებს პროგრამაში არ შეუყვანიათ და ამიტომ ფსონებიც არ გაკეთებულა. ჩვენებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ როგორ მოახერხეს 90 ათასი აშშ დოლარის წაგება „ბეთლემის“ ფეხბურთელებმა.
ფეხბურთის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა მხოლოდ ფაქტების გამოვლენით და დამნაშავეების დასჯით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ამგვარი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად პროცესში საზოგადოებაც და სახელმწიფოც უფრო აქტიურად უნდა ჩაებას.
„ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში არის პრობლემა იგივე დაფინანსების ან ჩემპიონატის გაუმართაობის კუთხით, ამიტომ მათთვის (ორგანიზებული ჯგუფებისთვის) ადვილი ხდება ასეთი რაღაცეების კეთება,” – ამბობს ლევან კობიაშვილი. “როდესაც, ყველაფერი კარგადაა და მაყურებელიც ბევრი დადის, თვითონ გარემო ისეთია, ალბათობა რომ ვიღაცა სადღაც მივიდეს და რაღაც შესთავაზოს, ნაკლებია. მაგრამ როდესაც არეულია სიტუაცია და დაულაგებელია, ადვილია ასეთი რაღაცეების კეთება. ამიტომაც არის ეს განსაკუთრებით ქვედა ლიგებში.“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, გერმანიის პირველ და მეორე დივიზიონებში ჩატარებული 400-ზე მეტი მატჩისგან შემდგარი კარიერის განმავლობაში, მისთვის თამაშის ჩაწყობა არასოდეს შეუთავაზებიათ.
კობიაშვილი გერმანიაში კარგად ანაზრაურებადი ფეხბურთელი იყო. „ჩხერიმელას“ ყოფილი მოთამაშე, ამჟამად ბრალდებული გიორგი გოდერიძე კი თავის ხელფასს საქმის მასალებში ასე აღწერს: „გუნდში ჩარიცხვისთანავე ხელძღვანელობამ „ლიბერთი ბანკში“ დამიმზადა სახელფასო პლასტიკური ბარათი. განსაზღვრული ხელფასი იყო 500 ლარი, თუმცა, 5 თვის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ მაქვს აღებული ხელფასი.“
უეფას გავუგზავნეთ კითხვები საქართველოში გარიგებული მატჩების კუთხით არსებული მდგომარეობის გასარკვევად და სხვა ქვეყნებთან შესადარებლად. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან ასეთი პასუხი მივიღეთ: „უეფა აკვირდება უეფა-ს შეჯიბრებების მატჩებს და 55 წევრი ქვეყნის ორი უმაღლესი დივიზიონის თამაშებს (სეზონში დაახლოებით 32 ათასი მატჩი). ზოგადად, ჩვენ არ ვასაჯაროებთ დეტალებს თუ არ არის აღძრული დისციპლინარული საქმე ან უკვე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება. სხვა ინფორმაცია ჩაწყობილი მატჩების წინააღმდეგ უეფას ბრძოლის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ აქ.
ამავე თემაზე იხილეთ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, ლაშა კვესელაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი.