fbpx
gori baghi

გორში ერთ საბავშვო ბაღს ორი წელია აშენებენ

თინათინ ტალახაძე მესამე შვილს ელოდება. პირველმა ორმა ბაღი უკვე დაამთავრა. ისინი გორში, რკინიგზის დასახლებაში ცხოვრობენ. ამ უბანში საბავშვო ბაღი 25 წლის წინ დაიხურა და მის მერე აღარც გახსნილა. ამიტომ, თინათინის ოჯახს პატარები მანქანით, მეზობელ უბანში, ათობით კილომეტრის მოშორებით დაჰყავდა.

“იმედია, მესამე ბავშვს მაინც მოუსწრებს ბაღი ამ უბანში. ჩემი მეზობლები თვეში 20 ლარს უხდიან მარშუტკას, რომ ბავშვები ბაღში ატაროს. ჩემი შვილი ხალხმრავლობისას ჭირვეულობს, ამიტომ იძულებული ვიყავით, მანქანით გვეტარებინა,” – გვიყვება თინათინი.

რკინიგზის დასახლებაში მცხოვრებთ ბაღის აშენებას მთავრობა ორი წლის წინ დაჰპირდა. მერე მშენებელმა კომპანიამ თავისი ვალდებულებები არ შეასრულა, მთავრობამ კი ის სათანადოდ ვერ დააჯარიმა. ამიტომ პროექტი დღემდე დაუსრულებელია. 90 ათასი ლარი კი უკვე დახარჯული.

ის ადგილი, სადაც დღეს 100 ბავშვზე გათვლილი ბაღი უნდა ყოფილიყო, ასე გამოიყურება:

ბაღის მშენებლობა აზერბაიჯანული კომპანიის ფილიალმა, “ინშაათ საქართველომ” 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტი ნოემბერში უნდა დასრულებულიყო და მისი ღირებულება 530 ათას ლარს აღწევდა.

კომპანიამ სამუშაოების ვადა მერიას რამდენჯერმე გადააწევინა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ უბანს ბაღი 2018 წლის მარტში მაინც უნდა ჰქონოდა.

მშენებლობის პროცესში აღმოჩნდა, რომ გამოყენებული ბეტონის ხარისხი ორჯერ ჩამოუვარდებოდა სტანდარტს. მიუხედავად ამისა, კომპანია არც დაჯარიმდა და არც კონტრაქტი შეუწყდა. მშენებლობა გაგრძელდა.

მოგვიანებით, მერიასთან და სამუშაოების ზედამხედველ კომპანიასთან ერთად, “ინშაათ საქართველომ” არსებული საძირკვლის გამაგრება დაიწყო. თუმცა, სამუშაოები საძირკველს ვერ გასცდა.

2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში შიდა ქართლის გუბერნატორისა და გორის მერის თანამდებობაზე ახალი კადრები მოვიდნენ. ამ დროს “ინშაათ საქართველომ” ბაღის მშენებლობის ვადის გაგრძელება კვლავ ითხოვა. მიზეზად საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზებსა და ცუდ ამინდებს ასახელებდა. ვადა 15 მარტამდე გადაუწიეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს მხოლოდ საძირკველი და რკინის კონსტრუქცია არსებობდა.

გორის მერიამ “ინშაათ საქართველოს” კონტრაქტი 2018 წლის აპრილში შეუწყვიტა. საკრებულოს წევრმა დავით რაზმაძემ მაშინ “ქართლი.ჯი”-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მშენებლობის პროცესში უამრავი ტიპის დარღვევა იყო და, სავარაუდოდ, ამ საქმით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებოდნენ.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გორის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ქალაქის მთავრობა აზერბაიჯანული კომპანიის ფილიალის ე.წ. “შავ სიაში” შეყვანას ითხოვდა. “შავ სიაში” ის კომპანიები ხვდებიან, რომლებიც კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ. სიაში მოხვედრილ კომპანიებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სხვა ტენდერებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვთ.

გორის მერიის მიმართვის მიუხედავად, სააგენტომ კომპანია სიაში არ შეიტანა.

ჩვენ ტარიელ მაისურაძეს, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ვკითხეთ, რატომ არ დაისაჯა კომპანია ობიექტურად?

სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად სააგენტომაც უამინდობა და საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზები მიიჩნია, რაც კომპანიის პოზიციას ემთხვევა.

ახლა ჩნდება ლოგიკური კითხვა: ვინმემ გამოიკვლია, რამდენად ხარვეზიანი იყო საპროექტო დოკუმენტაცია, რომელშიც მერიამ 10 ათასი ლარი გადაიხადა? პასუხს გამოიცნობთ თუ გითხრათ? 10 ათასი რა ფულია იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის მეშვიდედი სოციალური დახმარებით ცხოვრობს?

მოკლედ, ამ ათიათასიანმა პროექტმა არ იმუშავაო და ახალი შექმნეს, ორმოცდახუთათასიანი. ოღონდ, ვიდრე ახალს შექმნიდნენ, იმ ძველი პროექტით მშენებლობაზე ტენდერი სამჯერ გამოაცხადეს, მაგრამ სამივე ჩაიშალა. ერთ-ერთ ასეთ ტენდერში “ამხანაგობა აითიემმა” გაიმარჯვა, მაგრამ მას შემდეგ რაც საპროექტო დოკუმენტაცია ადგილზე არსებულ სურათს შეადარა, პროექტის შესრულება გადაიფიქრა. “ადგილზე ჩასულებს ძალიან ბევრი შეუსაბამობა დაგვხვდა ფასსა და სატენდერო მოთხოვნებს შორის. ამიტომ, ვარჩიეთ არ აგვეღო ეს ტენდერი,” – გვიყვება ლევან ბიძინაშვილი, “ამხანაგობა აითიემის” დირექტორი.

ახალი საპროექტო დოკუმენტაციის შექმნის შემდეგ ტენდერი კვლავ გამოაცხადეს, 2019 წლის ივლისში. ამ შემთხვევაში, მშენებლობის დასასრულებლად კომპანიას 1.1 მილიონი ლარი და ორი წელი მიეცემა. თუმცა, ამ ტენდერის საბოლოო შედეგიც, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. იმას, რომელმაც დაბალი ფასი შესთავაზა და გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, მერიის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. ახლა მეორე კანდიდატის შეთავაზებას განიხილავენ. ტენდერის საბოლოო შედეგი როდის იქნება ცნობილი, არ ვიცით.

თინათინის მესამე შვილი კი სამ თვეში დაიბადება. როგორ გგონიათ, ამ დროში მოესწრება ეს ბაღი?

სტატია ქვეყნდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ხაშურის მუსიკალური სკოლის ფასადი ორ თვეში ჩამოიშალა – დახარჯულია 87,000
khashuri

ხაშურის მუსიკალური სკოლის ფასადი ორ თვეში ჩამოიშალა – დახარჯულია 87,000

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share