ავტორები: თეკლა ადამია და ქეთო ქელლეჯი-ხურციძე
გორის მერიამ 2018 წელს ევროკავშირისგან 1.8 მილიონი ლარი მიიღო ქალაქის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. 300,000 ლარიც საკუთარი ბიუჯეტიდან დაამატეს, ამ ფულით ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარებულიყო და მცირე ბიზნესიც წაეხალისებინათ.
გორის მერიასაც “კორონამ” სულზე მოუსწრო. არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები და ამჟამად უფუნქციოდ დარჩენილი პროექტები აქაც პანდემიას დაბრალდა.
“მერები ეკონომიკური ზრდისთის” – ასე ჰქვია ევროკავშირის კონკურსს, საიდანაც გორის მუნიციპალიტეტის მერიას გრანტი მისცეს. საგრანტო განაცხადი კონკურსში ა(ა)იპ “გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა” 2017 წლის მაისის თვეში შეიტანა. პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ვადამ 2022 წლამდე გადაიწია.
ევროკავშირისგან მიღებული გრანტით გორში შემდეგი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო:
- რუსთაველის მემორიალისა და „გამარჯვების მემორიალის“ (ლომჭაბუკი) რეაბილიტაცია;
- ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მოწყობა – მათ შორის სასწავლო და სამუშაო ფართი: საკონფერენციო დარბაზი, კონსულტაციებისათვის გამოყოფილი ფართი, საზოგაგადოებრივი ტუალეტები პარკის ტერიტორიაზე, ბარგის შესანახი საკანი, საპირფარეშო და ღია ავტოსადგომი;
- ველო პარკირებისა და ველობილიკები მოწყობა;
- გორის ციხე სიმაგრესთან მისასვლელი ფეხით სავალი ბილიკების მოწყობა;
- ქალაქის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშოს მოწყობა (შშმ პირთა გათვალიწინებით);
- გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ხელოსნების სამუშაო ფართის მოწყობა;
- ეროვნული სუვენირების, ხელნაკეთი ნივთების და სხვა ტურისტული პროდუქტის გასაყიდად გამოყოფილი ფართების მოწყობა.
ველობილიკების მოწყობა შპს “ელიტ-ტექნოლოჯის” დაევალა, დანარჩენი კი შპს “სამშენებლო ტრესტი #3”-ს.
ჩვენ ყველა ობიექტი მოვიარეთ და ნანახიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საყურადღებოდ მივიჩნიეთ ველობილიკები, გორის ციხესთან მისასვლელი ბილიკი და სავაჭრო სივრცე მცირე მეწარმეებისთვის.
გორის ციხე-სიმაგრესთან მისასვლელი ფეხით სავალი ბილიკი ბოლომდე არაა მიყვანილი. ბეტონის ვიწრო ზოლი ციხეში შესასვლელ კიბეებს არ უერთდება, რადგან ბილიკს წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრული სივრცე ეღობება. ფეხით მიმავალ დამთვალიერებელს კი ციხემდე მისასვლელად ბუჩქნარის გავლა უწევს. მხოლოდ ამ ბილიკის მოწყობაზე 61,000 ლარი დაიხარჯა.
როგორც, “სამშენებლო ტრესტის #3”-ის წარმოამდგენლმა, კობა ჩუტკერაშვილმა, განაცხადა, გორის ციხეზე მიმდინარე სარებალიტაციო სამუშაოების გამო, ბილიკის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს. შესაბამისად, ბილიკი გაკეთდა იქამდე, სადამდეც შეიძლებოდა, სამუშაოები შეიკვეცა და ღირებულებაც შემცირდა.
საბაზრო სივრცის მოწყობაზე 208,000 ლარი დაიხარჯა. მართალია, მშენებლობა დასრულდა, მაგრამ ნაგებობა რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. ამაზე პასუხისმგებლობაც თავად მშენებელმა კომპანიამ, “სამშენებლო ტრესტის #3”-მა აღიო და მის გამოსწორებას ცდილობს:
“დიახ, დაზიანებულია, ეგ უკვე ჩემი გასაკეთებელია. დაწყებული გვაქვს მუშაობა, მიწა აყრია ზევიდან და ამინდის გამოსვლას ველოდებით, რადგან ის სახურავი უნდა დამუშვდეს ბეტონით, მაგას აღვადგენთ და ქვევითა დაზიანებულსაც თავისთავად,” – გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა კობა ჩუტკერაშვილმა.
მერიამ სამუშაოები 2020 წელს ჩაიბარა.
საბაზრო სივრცისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნაც პანდემიამ შეაფერხა. როგორც გორის ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითრების ხელშეწყობის სააგენტოს” დირექტორის მოადგილემ, გიორგი ქვათაძემ გვითხრა, ამჟამად ისინი მუნიცპალიტეტისგან შენობების გადმოცემის შესახებ შესაბამის ბრძანებას ელიან.
საბაზრო სივრცის ასამუშავებლად, გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული აამუშავებს ამ სივრცეს.
გორში ველობილიკის სიგრძე 4.5 კმ-ა. სამუშაოები 2020 წელს შპს “ელიტ-ტექნოლოჯმა” შეასრულა და ამისთვის 58,643 ლარიც მიიღო. როგორც ჩანს, მერიამ საქმე გაიმარტივა: სპეციალური ასფალტის საფარის მოწყობის ნაცვლად, ველოსიპედისთვის სამანქანო გზის ნაწილი გამოყო და უბრალოდ წითელი საღებავით შეღება. ბილიკი მრავალ ადგილასაა დაზიანებული. არ კონტროლდება ის, რომ ველობილიკი საპარკინგე სივრცედ არ გამოიყენებოდეს. ავტომობილის მძღოლებიც ხშირად თავისუფლად გადაადგილდებიან მასზე.
რაც შეეხება, ველოსიპედების გაქირავების ობიექტებს, ადგილობრივების თქმით, ის ჯერ არ არსებობს. თუმცა, როგორც გიორგი ქვათაძემ გვითხრა, ამისთვისაც გამოცხადდება ტენდერი და კერძო ბიზნესი ისარგებლებს ამ შესაძლებლობით.
ახლა მთავარია პანდემია დასრულდეს და მერე ყველაფერი ერთიანად აღდგება. გჯერათ?
სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.