მთავარი ფოტო აღებულია საიტიდან: www.ipress.ge
აზერბაიჯანული კომპანიის ფილიალმა “ინშაათ საქართველომ” სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცხადებულ 26 ტენდერში გაიმარჯვა და სამჯერ უკონკურსოდაც გაუფორმეს ხელშეკრულება, გამარტივებული წესით. ჯამში, კომპანიას სახელმწიფო ბიუეჯტიდან 18 მილიონი ლარი აქვს აღებული ამ სამუშაოების შესასრულებლად.
“ინშაათ საქართველო” მეტწილად ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო პროექტებს 2013 წლიდან ახორციელებს. შემსყიდველი უწყებები კომპანიას ხშირად ედავებიან დაგვიანებული ან არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო. საპირწონედ, “ინშაათის” წარმომადგენლებსაც აქვთ პრეტენზიები დამკვეთების მიმართ.
კომპანიას 26 ტენდერიდან ათში ვადების მნიშვნელოვანი ცვლილებები და დარღვევები უფიქსირდება, რაც მთლიანი სამუშაოს 38 პროცენტს აღემატება. ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული სამუშაოები უამინდობას ან საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზებს ჰბრალდება.
2015 წლის ნოემბერში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერში არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, კომპანია შესყიდვების “შავ სიაშიც” მოხვდა. “შავ სიაში” მოხვედრილ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში ეკრძალებათ ახალ ტენდერში მონაწილეობა. “შავი სიის” დატოვების შემდეგ კი, 2017 წელს “ინშაათი” ისევ აქტიურად შეუდგა ახალ ტენდერებში მონაწილეობას.
კომპანიის დირექტორს, შოთა ბაღათურიას ვკითხეთ, რატომ აღმოჩნდა კომპანია “შავ სიაში.” მან თავდაპირველად გვიპასუხა რომ არასწორი ინფორმაცია გვქონდა, დაზუსტების შემდეგ კი გვითხრა, რომ ეს დოკუმენტების წარდგენას უკავშირდებოდა და ეს შემსყიდველის ნება იყო, რადგან კომპანია სამუშაოს ყოველთვის ხარისხიანად ასრულებს.
თუმცა, ბაღათურიას განცხადების წინააღმდეგ მეტყველებს “ინშაათის” მიერ გორში, საბავშვო ბაღის მშენებლობის ამბავი. გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ 2017 წელს გაიმარჯვა და საბავშვო ბაღის აშენების ვალდებულებაც იკისრა. 2017 წლის ზაფხულიდან 2018 წლის მარტამდე მხოლოდ საძირკვლის ჩასხმა მოახერხა და მასშიც ბეტონის ხარისხი ორჯერ ჩამოუვარდებოდა მოთხოვნილ ნორმას. ამისთვის კომპანია არავის დაუჯარიმებია. ამაზე “აი, ფაქტი” ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა.
საბოლოოდ, მერიამ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა და მისი “შავ სიაში” შეტანა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოთხოვა. სააგენტომ ყველა დარღვევა უამინდობას, საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზებსა და აუცილებელ ცვლილებებს დააბრალა. შესაბამისად, “ინშაათი” შავ სიაში შეტანას გადაურჩა.
ბაღის მომლოდინე, გაბრაზებულ მოსახლეობასთან მაშინდელი გორის საკრებულოს თამჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობდა, რომ მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი დარღვევებით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებოდნენ. არათუ ასე არ მოხდა, არამედ კომპანიამ ამ ინციდენტის შემდეგ გორის მერიის მიერ გამოცხადებული ორი ტენდერიც მოიგო და ერთი პირდაპირი, უკონკურსო ხელშეკრულებაც მოიპოვა გორის ფეხბურთის მოედნის აშენება-რეაბილიტაციისთვის.
საბავშვო ბაღის ტენდერის მსგავსად, ვადები აქაც დაარღვია და სპორტდარბაზის რეაბილიტაცია ოთხი თვით გვიან დაასრულა. ვერც ფინანსურ ნაწილში ჩაჯდა და შესრულებული სამუშაოების ღირებულება ტენდერის ღირებულებას არ ემთხვეოდა.
კომპანიის დირექტორი, შოთა ბაღათურია გვიხსნის, რომ დაგვიანებები სატენდერო დოკუმენტაციის ცვლილებებს უკავშირდება და რომ მშენებლები ახლაც კომუნისტების დროს მიღებული ნორმატივებით ხელმძღვანელობენ. კონკრეტულად გორის ბაღის შემთხვევაში, კი მისი თქმით, საპროექტო დოკუმენტაცია იმდენად დაუზუსტებელი და ცუდი იყო, რომ რამდენიმე ცვლილებამ ვერაფერი უშველა და კომპანია იძულებული გახდა, სამუშაოები შეეწყვიტა და ტენდერი გაჩერებულიყო.
“ინშაათ საქართველომ” სამუშაოები დაგვიანებით შეასრულა ხაშურშიც, სადაც 2017 წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ვალდებულება აიღო. სამუშაოების დასრულების ვადა 8 თვით გადაწიეს. ამისთვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. ხაშურის მერიამ, მოგვწერა, რომ კომპანიამ ჯარიმა არ გადაიხადა და მუნიციპალიტეტმა სასამართლოს მიმართა. შოთა ბაღათურია კი ამტკიცებს, რომ მაშინ დაგვიანება კომპანიის ბრალი იყო და ჯარიმა უსიტყვოდ გადაიხადეს.
ხაშურის მერიამ “ინშაათ საქართველოს” 2020 წელს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაავალა. პროექტის ღირებულება 900,000 ლარზე მეტია.
ახალი ტენდერით, აზერბაიჯანული კომპანიის ფილიალს სამუშაოები 2020 წლის 12 ოქტომბერს უნდა დაეწყო. თუმცა, 22 ოქტომბერს ობიექტზე მისულ მონიტორინგის ჯგუფს სამუშაოები დაწყებული არ დახვდა. სამუშაოები ნელა მიმდინარეობდა შემდეგი სამი ინსპექტირების დროსაც.
ყოველ ჯერზე მერია კომპანიას გაფრთხილების წერილს უგზავნიდა, რომ თუ ტემპს არ დააჩქარებდა და გეგმა-გრაფიკში არ ჩაჯდებოდა, შესაბამის ზომებს მიიღებდა. კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. ამჟამად კომპანიას მიღებული აქვს მთლიანი სამუშაოს 20 პროცენტის თანხა. მერიამ კომპანიას სამუშაოების ჩაბარების ვადა, სხვადასხვა მიზეზით, სამჯერ შეუცვალა. თავდაპირველად 11 მაისამდე, შემდეგ 21 მაისამდე და ბოლოს 21 ივლისამდე გაუხანგრძლივა. Საერთო ჯამში, მეორე ეტაპის სამუშაოები 91 დღიდან 179 დღემდე გაიზარდა.
ხაშურის მერიას ვკითხეთ, რატომ გაუფორმეს ხელშეკრულება კომპანიას, რომელიც უკვე შემჩნეული იყო ვადების დარღვევასა და დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობაში. მერიაში გვიპასუხეს, რომ “ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მის მიერ წინა ტენდერებში განხორციელებული ქმედებების შეფასებას.”
კომპანიის დირექტორი, შოთა ბაღათურია გვეუბნება, რომ ხაშურის კულტურის სახლში სამუშაოების დასრულება დარბაზის განათებისა და აუდიო აღჭურვის საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებებზეა დამოკიდებული. ბაღათურიას თქმით, პროექტის გასწორებიდან ერთ კვირაში ყველა სამუშაოს მორჩებიან, რადგან დარბაზის სკამებიც კი უკვე შეძენილი აქვთ.
ამ შემთხვევაშიც ბაღათურია სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად საპროექტო დოკუმენტაციის გაუმართავობას ასახელებს. არადა, ხაშურის მერიამ ამ საპროექტო დოკუმენტების შესაქმნელად 2017 წელს 16,000 ლარი გადაუხადა შპს “საქსონ მენეჯმენტ სერვისს.” მათ მიერ მომზადებული დოკუმენტები შემდეგ დამოუკიდებელმა საექსპერტო კომპანიამ, შპს “მშენებელობა და დიზაინმა” შეამოწმა, რამდენიმე ცვლილების რეკომენდაცია გასცა, თუმცა, საერთო ჯამში, მისაღებად მიიჩნია.
ხაშურის მერიას ვკითხეთ, ნამდვილად იყო თუ არა საპროექტო დოკუმენტაცია ხარვეზიანი. მერიაში გვითხრეს, რომ საპროექტო დოკუმენტაციას ხარვეზიანს ვერ უწოდებენ, თუმცა “ინშაათმა” ნამდვილად მიმართა მათ პროექტში ცვლილების შესატანად. თავის მხრივ, მერიამ ცვლილების მოთხოვნა საპროექტო დოკუმენტაციის შემქნელ კომპანიას, “საქსონ მენეჯმენტ სერვისს” გადაუგზავნა და ახლა მათგან ელიან პასუხს.
კომპანიას სამუშაოების ვადები არც თბილისში, კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციისას დაუცავს. 2019 წლის ნოემბერში დასასრულებელი სამუშაოები თბილისის მერიას 2020 წლის ივლისში ჩააბარა. მაშინ პარკის “პომპეზურ” გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესწრებოდნენ.
მანამდე, 2019 წლის სექტემბერში კახი კალაძემ “ინშაათი” საჯაროდ გააკრიტიკა და ირაკლი ბენდელიანს მასთან ხელშეკრულების გაწყვეტაც კი დაავალა თუ სამუშაო პროცესს არ დააჩქარებდნენ.
კალაძის განცხადების მიუხედავად ტენდერი არ შეჩერებულა, არც სამუშაოების ტემპი აჩქარებულა. კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია თბილისის მერიას 7 თვის ნაცვლად 14 თვე და 4.3 მილიონი ლარი დაუჯდა. თავის მხრივ, მერიამ კონტრაქტის არ შეწყვეტა ფინანსური ზარალის შესაძლებლობით ახსნა.
“შეიძლება, სახელმწიფოს უფრო ძვირი დაჯდომოდა თუ ხელშეკრულებას გავწყვეტდით, მოგვიწევდა თავიდან ამ პროექტის გატენდერება, ვინაიდან მოგეხსენებათ, ტენდერის დროს ხდება ობიექტების, კონკრეტულად საქონლის განფასება, რომელსაც კონტრაქტორი გვთავაზობს. შესაძლოა, ის განფასება, რომლითაც მას მოგებული ჰქონდა ტენდერი, უფრო გაძვირებულიყო სხვა კომპანიის შემთხვევაში და ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა,”- აცხადებდა გიგა გიგაშვილი თბილისის მერიის “გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი droa.ge-სთან ინტერვიუსას.
მერიამ ვადაგადაცილების გამო კომპანია 101,391 ლარით დააჯარიმა. “ინშაათ საქართველომ” ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის განხილვა ახლაც მიმდინარეობს.
“ინშაათ საქართველოს” დირექტორი, შოთა ბაღათურია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყველა დეტალს ახლა ვერ მოგვიყვება, რადგან საქმე სასამართლოშია და არ აქვთ სურვილი, მათი მოსაზრებები სხვას თავს მოახვიონ.
“იყო ამ ტენდერშიც პროექტთან დაკავშირებული ხარვეზები, რაც აფერხებდა სამუშაოს. ჯერ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იყო პანდემია და არ გვქონდა გადაადგილების უფლება, მათი კონტრაქტორებისგან განსხვავებით. სამუშაოების წარმოების უფლება არ მოგვცეს და ჯარიმებს ზემოდან გვაკისრებდნენ 1,450 ლარს დღეში და რა ვიცი, რა გითხრათ, აბა? ჩვენ პირველ თვეს შევასრულეთ სამი თვის გეგმა და მერე ორი თვე ანაზრაურება არ მიგვიღია. იქნება სასამართლო გადაწყვეტილება და იმის მიხედვით მივიღებთ შესაბამის პასუხებს, სად რა შეცდომაა ორივე მხრიდან,“ – გვეუბნება შოთა ბაღათურია.
გაჭიანურებული ვადების გარდა, სკვერის მიმდებარედ მოსახლეები სამუშაოების ხარისხსაც უჩიოდნენ. სოციალურ ქსელში კიკვიძის ბაღის ველო ბილიკებისა და ქვაფენილების სურათები ვრცელდებოდა. რეაბილიტაციიდან ორ თვეში ველობილიკს ალაგ-ალაგ საღებავი აძვრა. ჭების თავები დაზიანდა. ქვაფენილის ბილიკებზე არასაკმარისი ქვა-ღორღი იყო. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა ბაღი ჯერ კიდევ, ოფიციალურად, გახსნილიც არ იყო.
ეს შემთხვევები გამონაკლისებად რომ ჩავთვალოთ და “ინშაათ საქართველოს” მოღვაწეობის დასაწყისსაც გადავხედოთ, იქაც გაჭიანურებულ სამუშაოებს შევხდებით. მისი პირველი ტენდერიც კი, რომელიც 2013 წლის სექტემბერში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაიწყო, დაგვიანებით შესრულდა და ვადაგადაცილებისთვის იქაც 4,500 ლარით დაჯარიმდა.
კომპანიის დირექტორს ვკითხეთ, რატომ აგვიანებს “ინშაათი” სამუშაოების შესრულებას, მან გვიპასუხა, რომ პირველი პრობლემები საპროექტო დოკუმენტაციაში უნდა ვეძებოთ, რადგან ხარვეზიანი სწორედ ისინია. საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად შემსყიდველი ცალკე ტენდერს აცხადებს ხოლმე, ათასობით ლარს უხდის კომპანიასა თუ ინდმეწარმეებს. ამ საპროექტო დოკუმენტაციების უმრავლესობას შემდეგ დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროები ამოწმებენ. მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე კი სახელმწიფო უწყება აცხადებს ტენდერს რემონტისა თუ ახალი მშენებლობისთვის.
“მაგალითად, თქვენ მომეცით დავალება, რომ მოგიწყოთ განათების სისტემა და მომეცით პროექტი, რომელსაც აქვს პრობლემა. მე თქვენ გეუბნებით, რომ მოდით შევასწოროთ, თქვენ მე მეუბნებით უარს. მე მრჩება ორი გზა. ან უნდა შევასრულო სამუშაოები ისე, როგორც პროქტშია ან უნდა შევწყვიტო პროექტი. თუ შევწყვიტავ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას გამოითხოვთ და მეორე შემთხვევაში შევასრულებ როგორც პროექტშია, მაგრამ შემდეგ ხარისხის გარანტიის გამო მე ორი წლის განმავლობაში ამ პროექტის შეუსაბამობის გამო უნდა ვიმუშავო, ვასწორო და კიდევ ზარალი და ხარჯი ვნახო. ყველა ასე წვალობს. ასეთი უზუსტობები იმდენია, რომ ჩვენ თუ ყველას პროექტს გავეკიდეთ, მაშინ ვერაფერში მონაწილეობას ვერ მივიღებთ,“ – გვიხსნის შოთა ბაღათურია.
აზერბაჯანული კომპანიის ფილიალი საქართველოში 2013 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. მისი მფლობელი აზებაიჯანული სამშენებლო სარემონტო-სამშენებლო და საწარმოო დაწესებულებაა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ქარიმ მამმადოვი ფლობს. ქარიმს მისი კომპანიის სახელმწიფო ვალდებულებების გადაუხდელობის გამო, 2016 წელს აზერბაიჯანის დატოვებაც კი ეკრძალებოდა. საქართველოში კომპანიამ რამდენიმე დირექტორი შეიცვალა, თუმცა 2016 წლიდან მისი დირექტორი და წარმომადგენელი შოთა ბაღათურიაა.
“ინშაათი” მხოლოდ სახელმწიფო ტენდერებში არ მონაწილეობს, ის სხვადასხვა კომპანიების ქვეკომნტრაქტორი კომპანიაცაა. მაგალითად ინშაათამა შპს “ანაგისთვის” ბაკურიანში ელექტრო მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები შეასრულა.
2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში კომპანიას კრწანისის გამგეობაში 1.5 მილიონის ლარის ღირებულების სკვერის რეაბილიტაციის პროექტიც გაუფორმეს.