24 მარტს აზერბაიჯანში მოქმედი კომპანია NEQSOL „კავკასუს ონლაინის“ მფლობელი გახდა. „კავკასუსთან“ ერთად აზერბაიჯანული კომპანიის ხელში გადავიდა ინტერნეტის მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპას ჯერ ჩვენთან აკავშირებს, შემდეგ კი აზიის სხვა ქვეყნებთან.
რა სარგებლისა და რისკების მომტანია ეს გარიგება საქართველოსთვის, ამაზე უნდა მოგიყვეთ.
“კავკასუს ონლაინის” წილები ერთიანად არ გასხვისებულა. ამას წინ მრავალწლიანი პროცესი და სასამართლო დავები უძღვოდა. Საქართველოს მთავრობა ამ გარიგებას ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევდა და მის უკანონოდ ცნობას ბევრჯერ შეეცადა.
შპს „კავკასუს ონლაინმა“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში 2010 წელს გაიარა ავტორიზაცია. იგი საქართველოში და რეგიონში ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი იყო. კომპანიას 2019 წლის აგვისტომდე საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მაქაცარია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის გავლით ფლობდა.
2019 წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ, NEQSOL ჰოლდინგმა “კავკასუს ონლაინის” მფლობელ კომპანიაში, Nelgado LTD-ში ხვიჩა მაქაცარიასგან წილების 49 პროცენტი შეიძინა. NEQSOL-ის მაშინდელი განცხადებების თანახმად, გარიგების თანხა 61 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ვინაიდან “კავკასუს ონლაინი” ელექტრონულ და ციფრულ მომსახურებას ეწევა, მას კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის უნდა ეცნობებინა წილის გასხვისების შესახებ. კომპანიას ამას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებდა.
იმის გამო რომ კომპანიამ წილები ნებართვის გარეშე გაასხვისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ეს ტრანზაქცია უკანონოდ 2019 წელს ცნო. კომპანიას კი წილების პირველად მდგომარეობაში დაბრუნება და დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა დაავალა.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაჩნია, რომ შპს “კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის 49 პროცენტის ფიზიკურ პირის, ნასიბ ჰასანოვის (NEQSOL ჰოლდინგის მფლობელი) მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით, კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, წერია კომისიის 2020 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილებაში.
შპს “კავკასუს ონლაინმა“ კომისიას განუმარტა, რომ კომისიის გადაწყვეტილებების შესრულება დამოკიდებულია აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვზე, რომელიც ამ გარიგების საბოლოო ბენეფიციარი იყო. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო აღნიშნულ სახელმწიფოებთან კომუნიკაცია შეფერხებული იყო და კომისიისგან დამატებით დროს ითხოვდა.
2019 წლის 12 დეკემბრიდან 2020 წლის 20 აგვისტომდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “კავკასუს ონლაინი,” წილების თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, ხუთჯერ დააჯარიმა, ჯამში 930,000 ლარით. Ბოლოს, 2020 წლის ნოემბერში კი კომისიამ სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც გადაწყვეტილების აღსრულება ევალებოდა.
სანამ კომპანიაში სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2020 წლის ივლისში დაამტკიცა. დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა, კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
2020 წლის ოქტომბერში სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ დირექტორი, მარიამ სულაბერიძე “კავკასუს ონლაინში” სპეციალურ მართველად დაინიშნა. “Ნექსოლ ჰოლდინგმა” ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო საარბიტრაჟო და ქართულ სასამართლოებში გაასაჩივრა. 2021 წლის 1 მარტს ჩვენმა სააპელაციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სპეციალურ მმართველს უფლებამოსილება 1 თვით შეუჩერა. 15 აპრილს კი კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა.
2021 წლის 24 მარტს კი კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ ნასიბ ჰასანოვმა, რამდენიმე სასამართლო დავის პარალელურად, „კავკასუს ონლაინის“ 51 პროცენტიც დარღვევით შეიძინა და დღეს კომპანიის ერთადერთი და უკანონო მფლობელია.
“ნექსოლ ჰოლდინგი” აზერბაიჯანულ მედიას უცხადებდა, რომ “კავკასუს ონლაინის” შეძენა არის საერთაშორისო მეგა-პროექტის ნაწილი, რომელიც 2018 წელს დაიწყო და ცნობილია ციფრული აბრეშუმის გზის სახელით (Digital Silk Way). პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე სატრანზიტო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ქსელის შექმნას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ევროპას ცენტრალური და სამხრეთ აზიის ბაზრებთან დააკავშირებს.
“კავკასუს ონლაინი“ 1,200 კმ-ის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მფლობელია, რომელიც უზრუნველყოფს ევროპიდან სატრანზიტო ინტერნეტის მიწოდებას სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონში,” – წერია ჰოლდინგის მიერ აზერბაიჯანული მედიისთვის წარდგენილ განმარტებაში.
აქვე ნათქვამია ისიც, რომ კომპანია მათ შეიძინეს საერთაშორისო პრაქტიკისა და შესაბამისი იურისდიქციის კანონმდებლობის შესაბამისად.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ ამ გარიგებით ქვეყანაში საგარეო ინვესტიცია შემოვიდა. “ეს არის პირდაპირი გზით ინვესტირება, რაც არის დადებითი. ციფრული აბრეშუმის გზის გარეშე შეუძლებელია სხვა ტიპის აბრეშუმის გზების განვითარება. ამის გარეშე ჩვენ ვერ გავხდებით საინფორმაციო ჰაბი რეგიონში. ეს არის შანსი, რომ ქვეყანას ჰქონდეს ეს შესაძლებლობა. აბსოლუტურად მნიშვენელობა არ აქვს მისი ინვესტორი ვინ არის,” – ამბობს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი.
გერლიანი “კავკასუს ონლაინს” სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად მიიჩნევს, თუმცა ხაზს უსვამს იამს, რომ ის ამავდროულად კერძო საკუთრებაა. “არ შეიძლება კერძო საკუთრებაზე იერიშის მიტანა, როდესაც ორი თანაბარუფლებიანი სუბიექტი, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს საერთაშორისო წარმომადგენელია თუ ადგილობრივი, დებენ გარიგებას. თუ მართლა კანონთან მიმართებაში არის პრობლემა, მანდ შესაბამისი პროპორციებით უნდა უპასუხოს მარეგულირებელმა. თუ ამ პროპორციებით არ პასუხობს, მაშინ დაინტერესებულია კერძო საკუთრების ხელყოფით. არაფერ შუაში არ არის ამ კერძო პირების დავაში სპეციალური მმართველის შეყვანა სახელმწიფოს მიერ. ეს ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია.”
კომპანიაში სპეცმმართველის დანიშვნა ვენეციის კომისიამაც უარყოფითად შეაფასა. 20 მარტს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში წერია, რომ ელექტრონული კომუკაციების შესახებ კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭა, საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებაზე, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად აისახება.
ICT ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ირაკლი გვენეტაძეც ფიქრობს, რომ ამ გარიგების იმ ფორმით შეჩერება, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა, მიუღებელია. “სახელმწიფომ გადაწყვიტა, ჩაერთო ამაში მარეგულირებელი კომისია. ზოგადად, მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა არ არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა. მისი საქმე ბაზარზე კონკურენციის, ფასების, სიხშირეებისა და ამ სფეროს მოთამაშეების რეგულირებაა, რათა არ გაიზარდოს ფასები, არ შეიქმნას მონოპოლიური ვითარება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ მექანიზმის ამოქმედება იმ მიზნით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები ყოფილიყო დაცული, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი იყო.”
გვენეტაძის აზრით, ეს იმანაც განაპირობა, რომ ჩვენთან ინფორმაციული უსაფრთხოების კანონი სრულად არ განსაზღვრავს რომელი ობიექტებია კრიტიკული მნიშვნელობის და არსებული სამართლებრივი ბაზა ვერ არეგულირებს ამ საკითხს სათანადოდ.
“იუსტიციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აყალიბებს ამ სიას და შემდგომ მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად. დღეს ამ სიაში შეტანილია მხოლოდ საჯარო დაწესებულებები. თუმცა, კანონის მიხედვით არსებობს საშუალება, რომ შეყვანილი იყოს კომერციული ობიექტებიც. ეს არ განხორციელდა გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამის სურვილი მთავრობას არ ჰქონდა.”
გვენეტაძეც ამბობს, რომ დღევანდელი სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარე, მსგავსი ტრანზაქციების არ დაშვების ერთადერთი გზა ინფორმაციული უსაფრთხოების კანონია. “უნდა განვსაზღვროთ კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტები, შემდომ მათ დავაკისროთ გარკვეული პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა უკვე შემდეგ განისაზღვრება ნორმატიული აქტებით. თუმცა, ისეთი კომერციული სუბიექტებისთვის, რომლებიც გასხვისება ქვეყნისთვის შეიძლება პრობლემა იყოს, იქ უკვე სხვა ნორმების ჩაწერა შეიძლება. ეს უკვე აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი ჩარჩო და მიდგომა იქნებოდა,” – გვიხსნის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი გვენეტაძე.
რა სახის რისკებს ზრდის ეს გარიგება საქართველოსთვის?
ICT ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ირაკლი გვენეტაძე ფიქრობს, რომ ეს გარიგება ქვეყნისთვის სარისკოა.
“საქართველოს აქვს ევროატლანტიკური მიმართულება, აზერბაიჯანს ამ ეტაპზე არ აქვს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანში შეიძლება არსებობდეს უფრო მეტად რუსული გავლენები, ვიდრე დღემდე არსებობდა. “კავკასუს ონლაინის” ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პრაქტიკულად ჩვენი ინტერნეტ ტრანზაქციების, ევროპასთან კავშირის მნიშვნელოვანი წილი უსაფრთხოდ ამ ინფრასტრუქტურაზე გადის. ეს შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ,” – გვიხსნის ირაკლი გვენეტაძე.
ორგანიზაცია IMDCA-ის (“ინტერნეტ მონიტორინგი დემოკრატიული სამოქალაქო აქტივობისთვის”) ხელმძღვანელი, გიორგი ნაკაიძეც ფიქრობს, რომ “კავკასუს ონლაინის” გასხვისებით დავკარგეთ საქართველოში სანდო ინფრასტრუქტურა და ჩვენი ინტერნეტ-ტრაფიკი უკვე სხვა ქვეყანაზე გადის. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინტერნეტ-კომუნიკაციის დროს უფრო მეტი რისკი არსებობს.
“თვალთვალის და პირდაპირ სახელმწიფო ტრაფიქში ჩარევის ძალიან ფართო შესაძლებლობა ეძლევათ. ეს, დაახლოებით, ისეთი რაღაცაა, რომ საკუთარი კარის გასაღები გადასცე შენ მეგობარს და იმის იმედი გქონდეს, რომ არასდროს იმ კარებს არ გააღებს,” – ამბობს გიორგი ნაკაიძე.
ის გვიხსნის, რომ ტექნიკური თვალსაზრისით სადენზე ფიზიკური ჩარევა სრულიად შესაძლებელია. სპეციალური დანადგარები, რომლებიც მაგრდება მასზე, აანალიზებს იქ გატარებულ ინფორმაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კომერციული საიდუმლოების და სახელმწიფო მიმოწერებიც შეიძლება წაიკითხონ.
“როგორც მინიმუმ, ის შეიძლება გაიგონ, ვინ ვის ესაუბრება. რომ იცოდე, “ა” წერტილი “ბ” წერტილს ესაუბრება, ეს უკვე საკმარისი ინფორმაციაა გარკვეული ძალებისთვის,” – გვეუბნება გიორგი ნაკაიძე.
ვინ არის ნასიბ ჰასანოვი და რას წარმოადგენს “ნექსოლ ჰოლდინგი”?
“ნექსოლ ჰოლდინგი” 1990-ანი წლების დასაწყისში ნასიბ ჰასანოვმა დააარსა. ჰოლდინგში შედის “Nobel Oil Services Limited”, “Nobel Oil E&P Limited”, “Vodafone უკრაინა”, შპს “Bakcell” და “Norm OJSC”. საქმიანობის სფეროებია: ნავთობი და გაზი, ტელეკომუნიკაციები, მაღალი ტექნოლოგიები და მშენებლობა.
“ნექსოლ ჰოლდინგის” მფლობელობაში მყოფი კომპანია შპს “Bakcell” აზერბაიჯანში პირველი მობილური ოპერატორია. ამ კომპანიამ 2019 წელს “Vodafone Ukraina” შეისყიდა.
”უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის შეძენით ჩვენ გაფართოების საერთაშორისო სტრატეგიას ვახორციელებთ. როგორც სტრატეგიულ ინვესტორს, ჩვენ გრძელვადიანი მიზნები გვაქვს,”- თქვა ნასიბ ჰასანოვმა “Vodafone Ukraina”-ს შეძენასთან დაკავშირებით.
2020 წლის ნოემბერში კი საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქს უკრაინა” უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის წარმომადგენლის, მარია პროციშენზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ “Vodafone Ukraine” -ს შემდეგ “ნექსოლ ჰოლდინგი” C-TELECOM HOLDING-ის ყიდვასაც აპირებდა.
დღეს C-TELECOM HOLDING-ის წილები ნასიბ ჰასანოვის შვილებს, რამიზ და არტიმ ჰასანოვებისა და Vodafone Ukraine-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, იუსიბ ჯაბაროვს შორის ნაწილდება.
უკრაინული ბიზნეს-გამოცემა “NV” აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ ნასიბ ჰასანოვი აზერბაიჯანში მიიჩნევა ბეილარ აიუბოვის, ილხამ ალიევის დაცვის სამსახურის უფროსის მიერ კონტროლირებად ფიგურად.
“ნექსოლ ჰოლდინგის” საბოლოო ბენეფიციარი არის მმართველი ოჯახი (აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი),” – ამბობს ჰაფიზ ბაბალი, გამომძიებელი ჟურნალისტი ბაქოდან.