მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე.
მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორების ციფრული თვალთვალი ბევრად უფრო ხშირია, ფიზიკური თვალთვალი უფრო მაღალი რისკების შემცველია ჟურნალისტებისა თუ მათი წყაროებისთვის.
ჟურნალისტების თვალთვალი, როგორც წესი, მიზნად ისახავს ინფორმატორების იდენტიფცირებას, მედიის დისკრედიტაციის მიზნით ინფორმაციის შეგროვებას, შევიწროვებას ან დაშინებას, „სიუჟეტის“ ჩაკვლას ან, ყველაზე უარეს შემთხვევებში, მკვლელობის დაგეგმვას.
მოთვალთვალე შეიძლება იყოს კერძო გამომძიებელი, იდეოლოგიურად მოტივირებული სხვადასხვა აქტორი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, სახელმწიფოს ამჟამინდელი ან ყოფილი აგენტი, ასევე, კერძო დაზვერვის სააგენტოების მიერ დაქირავებული ყოფილი ჟურნალისტი.
გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბოლო კონფერენციაზე, რომელიც ვირტუალურად გაიმართა 2021 წლის ნოემბერში (GIJC21), დრიუ სალივანმა, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე მოკლული გამომძიებელი ჟურნალისტი, მათ შორის, იან კუჩაკი სლოვაკეთში და ანა პოლიტკოვსკაია რუსეთში – ეჭვობდნენ, რომ მათ უთვალთვალებდნენ უშუალო თავდასხმამდე.
2022 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე რეპორტიორი (საბერძნეთიდან ნიგერიის ჩათვლით), ვინც მთავრობის მიერ ციფრული ჯაშუშური პროგრამების შესყიდვას იძიებდა, ასევე აცხადებდა, რომ აკვირდებოდნენ და მათ ადგილმდებარეობას უთვალთვალებდნენ.
ზოგადად, ექსპერტები თანხმდებიან შემდეგზე: თუ ჟურნალისტი ხვდება, რომ მას უთვალთვალებენ (განსაკუთრებით, სახელმწიფოს აგენტები), რეაგირების ერთადერთი უსაფრთხო ტაქტიკაა ქვეყნის დატოვება. ასევე, არსებობს რამდენიმე სხვა მეთოდი, რაც დაგეხმარებათ აირიდოთ თვალთვალი ან აიძულოთ ჯაშუში, შეწყვიტოს თქვენზე დაკვირვება. ქვემოთ აღწერილია რამდენიმე ასეთი ტექნიკა, მაგალითად, თვალთვალისა და მორიგეობის ზედმეტად გაძვირება სხვადასხვა ადგილას, დავუშვათ, მეგობრების სახლებში დარჩენით.
თუმცა, სალივანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევებშიც კი, რომლებშიც სახელმწიფო არ არის გარეული, სპეციალიზებული ტრენინგის არმქონე ჟურნალისტები უნდა ერიდონ „კატა-თაგვობანის“ სტილის თამაშებს: „უბრალოდ სადმე გააღწიეთ. უკეთესად არაფერი იქნება, ამიტომ, შეიცვალეთ ქალაქი; შეცვალეთ ყველაფერი.“
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტისთვის უფრო მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყებამდე უსაფრთხოების გეგმა შეიმუშავონ და რისკები სწორად შეაფასონ. ამბობენ, რომ საფრთხილო (მგრძნობიარე თემების) ჟურნალისტურ გამოძიებაზე მომუშავე რეპორტიორებისთვის თავდაცვის საუკეთესო მეთოდია, არასამუშაო დროსაც აკეთონ ის, რაც ბუნებრივად ისედაც კარგად გამოსდით: შეინარჩუნონ სიფხიზლე და სკეპტიციზმი.
ჟურნალისტების თვალთვალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა აღწერა ნიუ-იორკელმა რეპორტიორმა რონან ფეროუმ თავის პოდკასტში “დაიჭირე და მოკალი.” პოდკასტი დეტალურად აღწერდა, როგორ უთვალთვალებდნენ ცნობილი ჰოლივუდელი პროდუსერის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამოძიების პროცესში.
NICAR-ის მონაცემთა ჟურნალისტიკის კონფერენციაზე 2021 წელს, უკრაინელმა კერძო გამომძიებელმა და “მეგანგაშემ” იგორ ოსტროვსკიმ აღწერა, როგორ გამოუტყდა ფეროუს, რომ მისთვის სათვალთვალოდ მიჩენილი გუნდის წევრი იყო და გაუმხილა ტაქტიკა, რომელიც ჟურნალისტებს საფრთხესთან გამკლავებაში დაეხმარა. კონფერენციაზე ოსტროვსკიმ ჟურნალისტებს შემდეგი რჩევები მისცა.
როგორ გავურთულოთ ჯაშუშს სამუშაო
- გააუმჯობესეთ ციფრული ჰიგიენა, რათა ჯაშუშებს გეგმები ჩაუშალოთ. იმისათვის, რომ ოპერატიულ მუშაკებს არ მისცეთ თვალთვალის პუნქტების წინასწარ დაგეგმვის საშუალება, გაასაიდუმლოეთ თქვენი განრიგი დაშიფრული საკომუნიკაციო პლატფორმებისა (როგორებიცაა Signal და ProtonMail) და ორდონიანი ავტორიზაციის გამოყენებით. “თუ მაქსიმალურად უზრუნველყოფთ ციფრულ უსაფრთხოებას, ვერ მოვიპოვებთ ინფორმაციას თქვენი საუბრებისა და გრაფიკის შესახებ, რაც გვაიძულებს რეაგირებას თქვენს ფიზიკურ გადაადგილებაზე,“ – ამბობს ოსტროვსკი.
- გამოიყენეთ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება — და ცალმხრივ ქუჩების საფეხმავლო ბილიკებზე მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით იარეთ. „მაიძულეთ, შევცვალო მგზავრობის მეთოდი – ვიარო ველოსიპედით, ავტობუსით, მატარებლით, გადავჯდე სხვა ტრანსპორტში,“ – გვირჩევს იგი. “ჩვენ გვქონდა ასეთი გეგმაც: თუ რონანი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდოდა და ტაქსის გააჩერებდა, ქვეითი ოპერატიული მუშაკები დადგამდნენ რაიმე ინციდენტს ტაქსის შესაჩერებლად, რათა მოთვალთვალე მანქანის მძღოლს კვარტლის შემოვლის დრო ჰქონოდა. რასაც ჰქვია, მზად ვიყავი, პირდაპირ მანქანის კაპოტზე დავმხტარიყავი.”
- გაუხარჯეთ თვალთვალისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. „თუ სხვაგან დარჩებით, მაგალითად, ღამეს მეგობრის სახლში გაათევთ, მოთვალთვალე იძულებული იქნება, მთელი ღამე მანქანაში იფხიზლოს,“ აღნიშნავს ოსტროვსკი. „მთლიანობაში, თქვენი თვალთვალი ძვირი უნდა ჯდებოდეს: ჯიბე უნდა დაუცარიელოთ.“
- გამოიყენეთ განსხვავებული გასასვლელები, განსაკუთრებით სავაჭრო ცენტრებში. „როცა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხართ, ეცადეთ, უკან ჩამოიტოვოთ მოთვალთვალე, თანაც ისე, რომ განზრახვას ვერ მიგიხვდეთ,“ – ამბობს ოსტროვსკი. „ამისთვის იდეალურია სხვადასხვა გასასვლელიანი დიდი შენობები. გამოიყენეთ სავაჭრო ცენტრის სხვა გასასვლელი და ავტომობილის გაზიარების სერვისი — ცხადია, დღის ბოლოს მაინც მოგაგნებენ სახლში, მაგრამ რამდენიმე საათით მაინც ჩამოიშორებთ მოთვალთვალეებს.“
- ამოშალეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია კლიენტთა სიებიდან და მონაცემთა ბროკერების ვებგვერდებიდან. „მე რომ ასეთ სიუჟეტებზე მომუშავე ჟურნალისტი ვიყო, საკუთარ თავს დოკსინგისგან დავიცავდი,” ამბობს იგი. “ასე რომ, [შედით] Google-სა და Yandex-ზე, მოიძიეთ ონლაინ თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, წაშალეთ ყველაფერი, რაც მიადვილებს თქვენს პოვნას და ამოშალეთ თქვენი თავი ყველა იმ საიტიდან, რომელთა კლიენტების ჩამონათვალშიც საკუთარ სახელსა და გვარს იპოვით. ამ მხრივ სასარგებლო ვებგვერდია FamilyTreeNow – ამ ვებგვერდით სხვა ფასიანი მომსახურებების მსგავს შედეგებს მიიღებთ, თან უფასოა და გეხმარებათ, კლიენტების ჩამონათვალიდან ამოშალოთ საკუთარი თავი.“
- იყავით არაპროგნოზირებადი. „ნუ გექნებათ რუტინული გრაფიკი _ არა იმისთვის, რომ მე ამარიდოთ თავი, არამედ იმისთვის, რომ გაგვიძვიროთ თქვენი თვალთვალი და მეტი რესურსის გამოყენება გვაიძულოთ.“
- ნუ გაახმაურებთ თქვენს გეგმებს სოციალურ მედიაში. „რონანი კარგი იყო — რთული სამიზნე,” ამბობს იგი. „სოციალური მედიის ანგარიშებსა და Instagram-ში მხოლოდ წარსულ ამბებს ნახავდით. არავითარი მინიშნება, სად იყო, რას აპირებდა.“
- თუ თვალთვალი არ წყდება, სოციალური მედიის ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათის აპლიკაციებში „ყალბი დროშები“ მიმოფანტეთ. „შეინახეთ შვებულების ფოტოები და სოციალურ ქსელში დაბრუნებიდან რამდენიმე კვირის დაგვიანებით განათავსეთ, რათა სხვებმა იფიქრონ, რომ, დავუშვათ, ისევ პარიზში ხართ,“ – გვთავაზობს ოსტროვსკი. „კვალი აურიეთ. გამომწერთა სიებში სხვა მისამართი მიუთითეთ. Yelp-ზე განათავსეთ კომპანია, რომელიც უთითებს თქვენს ადგილმდებარეობას შეცდომით. შემდეგ მისამართად მიუთითეთ საფოსტო ყუთის ნომერი.”
როგორ მივხვდეთ, რომ გვითვალთვალებენ
- დააკვირდით, ვინ იცვლის საჯარო ტრანსპორტს ზუსტად თქვენს მსგავსად. “მაგრამ ისე, რომ არ შეიმჩნიოთ,“ – დასძენს ოსტროვსკი.
- დააკვირდით, ვინ ტოვებს უსაფრთხოების შემოწმების პუნქტებთან არსებულ რიგებს, როცა თქვენ თავად დგებით რიგში. ეს შეიძლება იყოს სასამართლოს შენობასა თუ აეროპორტებში მეტალოდეტექტორებთან და რეგისტრაციის პუნქტებთან არსებული რიგები.
- თავი მოიკატუნეთ, ვითომ რესტორნის ვიტრინებში მენიუს ათვალიერებთ და, იმავდროულად, შეუმჩნევლად დააკვირდით უჩვეულო ქცევის ხალხს — მაგალითად მათ, რომლებიც ასევე მენიუს ათვალიერებენ. „ეცადეთ, სულ პირდაპირ არ იაროთ. მთელ კვარტალს ნუ შემოუვლით, მაგრამ უსწორმასწოროდ იარეთ და მიაქციეთ ყურადღება, ვინ აგედევნებათ,“ – ამბობს იგი.
- მიაქციეთ ყურადღება ფეხსაცმელს. „დავალებაზე ყოფნისას ფეხსაცმლის გამოცვლა რთულია. ფეხსაცმელი კარგად წარმოაჩენს ადამიანის დღიურ გეგმა-გრაფიკს; ეძებეთ [შეუფერებელი ფეხსაცმელი]“, – ამბობს იგი. „ზაფხულში თვალთვალის დროს შავი ბოტასს ვარჩევ მეტი კომფორტისთვის, ხოლო ზამთარში – შავ სალაშქრო ჩექმას.“
- სთხოვეთ მეგობარს, დააკვირდეს თქვენს უკან მავალ მანქანებს, განსაკუთრებით გზაჯვარედინებზე. „ხანდახან, შეზღუდული ხარჯის გამო, მხოლოდ ერთი მანქანით ვმუშაობთ მაშინაც კი, როცა მანქანების ჯგუფია საჭირო, რაც საშუალებას გაძლევთ, გვიპოვოთ,“ – ამბობს იგი. „თქვენ ან თქვენი მეგობარი უნდა დააკვირდეთ სახასიათო ნიშნებს, მაგალითად, უკან მოდის მანქანა, რომელიც წინსვლას განაგრძობს, როცა უხვევთ, მაგრამ ერთი კვარტლის შემდეგ ისევ თქვენს უკანაა. თუ ეს ორჯერ განმეორდა, იცოდეთ, რომ გითვალთვალებენ.“
- აიძულეთ თვალთვალის გუნდს მოგიახლოვდნენ პიკის საათის დროს. „თუ მეტროს გადაჭედილ ვაგონში ხართ, იძულებულები ვიქნებით ხელის გაწვდენის მანძილზე მოგიახლოვდეთ, რათა თქვენი მომდევნო ნაბიჯი დანარჩენ გუნდს ვაცნობოთ,“ ამბობს იგი. „შეიძლება შეგვამჩნიოთ. ჩვენ ვერაფერს ვხედავთ ხალხის გროვის მიღმა.“
- წაიკითხეთ წიგნები თვალთვალისა და ციფრული კვალის დაფარვის შესახებ. ასეთ წიგნებს შორისაა მაიკლ ბაზელის „Open Source Intelligence Techniques“ („ღია წყაროების საშუალებით დაზვერვის მონაცემები“ ან იმავე ავტორის „Extreme Privacy: What it Takes to Disappear in America“ („სრული საიდუმლოობა: რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამერიკაში გაუჩინარდეთ“). “იქ კარგ რჩევებს იპოვით,” – აღნიშნავს ოსტროვსკი.
როგორ მოვიქცეთ, როცა აღმოვაჩენთ, რომ გვითვალთვალებენ
- დაურეკეთ პოლიციას, თუ ფიქრობთ, რომ საფრთხე გემუქრებათ. “თუ ფიქრობთ, რომ საფრთხეში ხართ, გააფრთხილეთ ინფორმატორები და რედაქტორები,“ – ამბობს ოსტროვსკი. „თუ ფიქრობთ, რომ უშუალო საფრთხე გემუქრებათ, პოლიციაში წადით. მაგრამ თუ წახვალთ, უნდა უპასუხოთ კითხვებს აღწერილობის შესახებ: მანქანის მწარმოებელი, ფერი, მოდელი ან ნომერი; ნებისმიერი სახასიათო ნიშანი; სად და როდის შეამჩნიეთ ოპერატიული მუშაკები.“
- არ მიუახლოვდეთ ხალხს, რომლებიც გითვალთვალებთ — არ გააგებინოთ, რომ მათ შესახებ იცით. “ნუ გააღიზიანებთ ჩემნაირ ხალხს!” – ამბობს ოსტროვსკი. “მნიშვნელოვანია, მოთვალთვალე გუნდს არ მიახვედროთ, რომ იცით მათი არსებობის შესახებ, რამაც შეიძლება მუქარები და ძალადობა გამოიწვიოს. არ დამიქნიოთ ხელი და არც შუა თითი მაჩვენოთ.“
- მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩანიშნეთ ფედერალური სასამართლოს შენობაში ან აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლს მიღმა განლაგებულ ზონებში. „გამართეთ შეხვედრა ფედერალური სასამართლოს შენობაში, სადაც გუნდს არ შეუძლია ელექტრონული მოწყობილობების შეტანა და იძულებული იქნება, უსაფრთხოების კონტროლი გაიაროს,“ – ამბობს იგი.
- თუკი მთავრობის აგენტები გითვალთვალებენ, სთხოვეთ კონსულტაცია ადვოკატებსა და ადამიანის უფლებების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს. “კარგი იქნება, მიაკითხოთ მოქალაქეთა ლაბორატორიასა და ელექტრონული საზღვრების ფონდს, თუ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს სამიზნე ხართ,“ – ამბობს იგი. „თუ უცხო ქვეყნაში პოლიცია დაგდევთ, მაშინვე უნდა დატოვოთ იქაურობა ან მიაკითხოთ საელჩოს, რადგან ასე შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეში იგდებდეთ.“
- გამოიყენეთ დაშიფრული კომუნიკაცია ინფორმატორებთან და შეხვდით მხოლოდ ერთხელ თუ შეხვედრა აუცილებელია. “თუ პირადად უნდა შეხვდეთ წყაროს, ეცადეთ, მხოლოდ ერთხელ შეხვდეთ პირველ ჯერზე და შეიმუშაოთ თვალთვალის საწინააღმდეგო გეგმა,“ – ამბობს იგი. „ასევე გასათვალისწინებელი გაქვთ ისიც, რომ არ დააშინოთ ინფორმატორი. შეგიძლიათ, შესახვედრად ისეთი ადგილები შეარჩიოთ, სადაც უცხო ხალხს შესვლა ურთულდება.“
- შექმენით მაქსიმალურად მარტივი კოდური სიტყვები ჯაშუშის საფრთხის შესახებ თქვენი ინფორმატორების გასაფრთხილებლად. „როგორც წესი, ყველაზე გავრცელებული მეთოდია შეთანხმება, რომ ერთმანეთს ნამდვილი სახელების მსგავსი სახელებით მიმართოთ. მაგალითად, საკუთარი სახელის ნაცვლად, შეიძლება გვარით მოგმართოთ და ინფორმატორიც ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის,“ – ამბობს ოსტროვსკი. „ასე ეცოდინებათ, არ ისაუბრონ იმაზე, რაზე საუბარსაც აპირებდით.“
- გაითვალისწინეთ, რომ ოპერატიულმა მუშაკებმა შეიძლება ჟურნალისტებად გაასაღონ თავი თქვენი ინფორმატორების ხელახლა გამოსაკითხად. „სააგენტოები ქირაობენ ყოფილ ჟურნალისტებს, რომლებიც აქტიური ჟურნალისტის როლს ასრულებენ, რათა მოჩხრიკონ, რომელი წყაროები თანამშრომლობენ ჟურნალისტებთან; ასევე, ისეთ ადამიანსაც, რომელიც ჟურნალისტს ვაკანსიასთან დაკავშირებულ გასაუბრებას უტარებს,“ – ამბობს იგი. „მე დამავალეს, დამექირავებინა „დამსაქმებელი“, რომელიც მოაწყობდა ყალბ გასაუბრებას [ჟურნალისტისთვის].“
როუან ფილიპი GIJN-ის ჟურნალისტია. იგი სამხრეთ აფრიკულ Sunday Times-ის ყოფილი მთავარი რეპორტიორია. როგორც საზღვარგარეთის კორესპონდენტი, აშუქებდა მსოფლიოს ოცდაათამდე ქვეყნის სიახლეებს, პოლიტიკას, კორუფციასა და კონფლიქტს.