fbpx
village -meet- door-to-door

“კარდაკარ” ადმინისტრაციული რესურსით – “ქართულ ოცნებას” აგიტაციაში მერიის თანამშრომლები ეხმარებიან 

ავტორები: თამუნა ქიმაძე და მანანა ღოღობერიძე; კვლევაზე მუშაობდა: შორენა ლაღაძე 

არჩევნების მოახლოებისას პოლიტიკოსები და პარტიის კოორდინატორები “კარდაკარ” სიარულს იწყებენ, ანუ ერთვებიან საინფორმაციო კამპანიაში. ამ დროს ხალხს პირისპირ ესაუბრებიან, ქალაქსა თუ სოფელში, ყველას სახლის კარამდე მიდიან და მხარდაჭერის მოპოვებას ადგილზევე ცდილობენ. ეს ერთგვარი წინასაარჩევნო ტრადიციაა, რომელსაც ოპოზიციაც მისდევს და მმართველი პარტიაც. 

როგორც წესი, მმართველი პარტია თავის პოლიტიკურ აგიტაციაში ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებს ხოლმე და ამის შესახებ ცნობები წინასაარჩევნოდ მუდმივად ვრცელდებოდა. წელს დადასტურებულად ვიცით, რომ მმართველი პარტია ამ საქმეში მერიაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეებს იყენებს, კერძოდ კი მერების წარმომადგენლებს. 

“აი, ფაქტის” ექსპერიმენტში ე.წ გამგებლები, ანუ მერის წარმომადგენლები თავისი პირით ადასტურებენ, რომ პარტიული პროპაგანდა-აგიტაციისთვის ძალისხმევას არ იშურებენ და ეს ეამაყებათ კიდეც. მით უმეტეს, რომ ამ საქმეში არც კანონი აფერხებთ.

მათ კანონდარღვევად ეთვლებათ, მხოლოდ: “წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.”

გამოდის, არაერთ რეფორმაგავლილი საარჩევნო კოდექსი პრობლემად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მერიაში დასაქმებულები საღამოს 6 საათიდან “მეორე სმენაში” მუშაობენ – “ქართული ოცნებისთვის” ხმების მოსაზიდად. ან შვებულებას იღებენ მერიაში და ამ დროს პარტიას წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებიან. 

ჩვენი გამოვლენილი ფაქტები ნათელს ხდის, რომ კანონის ეს ლმობიერი ჩანაწერი ყველა მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებას აძლევს. 

მერის წარმომადგენლები”კარდაკარ”, პარტიის სამსახურში

gurgen peranidze
გურგენ პერანიძე

“ქეც რო გვინდოდეს, ვინ გაგვაჩერებს? ერთი სამი თვე იქნება, აბსოლიტურად ყველასთან დავდივარ, ‘დაჟე’ ოპოზიციონერებთანაც. ზოგი მართლა გადმევიბირეთ და ზოგი ახლა თავგადაკლული ნაცია, იმას ვერაფერს უშობი… რო დოუწყებ ლაპარაკს, თუ გითხრა, მაგ ჩემი საქმეა ვის მივცემ ხმასო, მაშინ ცხადია, ვინ არის ისი. თუ შეიძლება ლაპარაკი, უხსნი – რო ომი არ გინდათ, მშვიდობა გინდათ, თქვენი ჭირიმე… რას არ ვეუბნები, … კარგი პროცენტით უნდა მევიგოთ”, – დაგვაიმედა სოფელ დილიკაურში ზესტაფონის მერის წარმომადგენელმა გურგენ პერანიძემ.

მას ექსპერიმენტის ფორმით დავურეკეთ, თითქოს, ზესტაფონში “ოცნების” დელეგატის, ზვიად შალამბერიძის შტაბიდან ვიყავით, კარს მომდგარი პროპორციული არჩევნებისთვის საბოლოო სიას ვადგენდით და გვაინტერესებდა, სად რა განწყობები იყო, ვინ რა სამუშაო გასწია…

ასე, “შტაბის კოორდინატორის” სახელით დავრეკეთ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში. აქედან ათში, მერების წარმომადგენლებმა გულწრფელად გაგვიმხილეს, “კარდაკარის” ფარგლებში მოსახლეობას ჩვენც ვხვდებითო და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდნენ. 

თუმცა, მეორე დღეს რომ ვუთხარით, “აი, ფაქტიდან” გიკავშირდებით-თქო, სიტყვები უკან წაიღეს და “ჩვენება შეცვალეს”. ზოგმა გვითხრა – რას ამბობთ, სად გვაქვს ჩვენ აგიტაციის უფლება, ეგ არასოდეს გვიკადრიაო, ზოგი კი სიტყვა ჟურნალისტის გაგონებისთანავე შეშინდა და ზარი გაგვითიშა.

ექსპერიმენტისას, ჩვენთან საუბარი არ ისურვეს მხოლოდ სამტრედიაში. მიზეზად მოუცლელობა დაგვისახელეს. ტოლებში მერის წარმომადგენელმა, შეკრებაზე ვიმყოფებიო, სოფელ ოფეთიდან მერაბ თევზაძემ კი გვითხრა: “ახლა შტაბში ვარო” და ტელეფონი გაგვითიშა. 

09.11.2024 ხრესილის სკოლის გახსნა უჩა გაბრიაძე
უჩა გაბრიაძე (ლურჯ პიჯაკში, მარცხნიდან მესამე) სოფელ ხრესილში, სკოლის გახსნაზე. ფოტო: უჩა გაბრიაძის ფეისბუქი

უჩა გაბრიაძე ტყიბულის მერის წარმომადგენელია სოფელ ხრესილში. “შტაბიდან” რომ დავურეკეთ, დაწვრილებით მოგვიყვა, რა შედეგს უნდა ველოდეთ 26 ოქტომბერს მის უბანში და როგორ გვეხმარება პირადად, რომ მეტი ამომრჩეველი მოიზიდოს. არც ის დაუმალავს, რომ კანონს არღვევს და პარტიულ აგიტაციას სამუშაო საათებშიც ეწევა:

უჩა გაბრიაძე: მე ვარ მერის წარმომადგენელი და რაც საჭიროა, ვაკეთებ ყველაფერს. კარგი შედეგები გვაქვს, ალბათ, 60 პროცენტამდე…

ჟურნალისტი: “კარდაკარზე” თქვენ პირადად არ დადიხართ, ხომ? 

უჩა გაბრიაძე: როგორ არ დავდივარ კაცო, მე არ ვერიდები ახლა სამუშაო საათს, არასამუშაო საათს… მაინც დაწერილი მაქვს ის, ერთთვიანი შვებულება თუ რაც ქვია… მაინც, არავინ დამაფიქსიროს. 

ჟურნალისტი: ჩვენგან თუ რამე გჭირდებათ? არ მოგერიდოთ.

უჩა გაბრიაძე: ცოტა ბენზინი ჭირს, მარა რა ვქნა, ხოარ ვითხოვ… არა, არცაა საჭირო კაცო, ამდენხანს გამიძლია და გავუძლებ, ჩემი ხელფასით გავუძლებ…

ქალბატონო, რა უფლება მაქვს, წინასაარჩევნო ის ჩავატარო… არც უფლება მაქვს და არც მიკადრებია ოდესმე…” მეორე დღეს, ჟურნალისტად რომ გავეცანით, სულ სხვანაირად ალაპარაკდა უჩა გაბრიაძე. რომ გავახსენეთ, კი მაგრამ, გუშინ სხვა რამეს ამბობდით-თქო, ჯერ გაჩუმდა და რამდენიმე წამში ზარი გაგვითიშა.

ზუსტად ასე მოიქცა კიდევ სამი საჯარო მოსამსახურე – გურგენ პერანიძე, ავთანდილ თაბუკაშვილი და ბესიკ ჩანქსელიანი. ისინი ხარაგაულის, ზესტაფონის და ხონის მერის წარმომადგენლებად მუშაობენ.  

21 ოქტომბერი, ვრეკავთ “შტაბიდან”:

“თავისთავად ცხადია, [დავდივარ”კარდაკარ”-ზე] აქა ვარ, ქეც რო გვინდოდეს, ვინ გაგვაჩერებს? აბსოლიტურად ყველასთან დავდივარ, დაჟე ოპოზიციონერებთანაც. ზოგი მართლა გადმევიბირეთ და ზოგი ახლა, თავგადაკლული ‘ნაცი’ რომელიცაა, ვერაფერს  უშობი… [ანუ,”კარდაკარ” დადიხართ?] კი, თავისთავად კაცო, რაზეა ლაპარაკი… თუ ვინმემ გითხრა რომე, ჩემი საქმეა ვის მივცემ ხმასო, ცხადია, ვინ არის ისი. თუ შეიძლება ლაპარაკი, უხსნი რო ომი გინდათ, მშვიდობა არ გინდათ, თქვენი ჭირიმე, რას არ ვეუნები… მემგონი, კარგი პროცენტით უნდა მევიგოთ! თითქმის ყველა გათვითცნობიერებულია ჩვენიანები და ‘ნაციონალს’ ახლა მე არ ვასწავლი რაფერ უნდა შემოხაზოს, იქ თუ შეეშლება, მაგ უკეთესია ჩემთვის”. [ჟურნალისტი: კარგად გიმუშავიათ, ყოჩაღ] რაზეა ლაპარაკი, არ ვტოვებთ არც ერთ წერტილს, არც ერთ უბანს”, – სოფელ დილიკაურში მერის წარმომადგენელი გურგენ პერანიძე. 

22 ოქტომბერი, ვრეკავთ, როგორც “აი, ფაქტის” ჟურნალისტები: 

გურგენ პარენიძე კითხვების დასმას არ გვაცდის, ზარს ისე გვითიშავს. მისმა ორმა კოლეგამ კი თავიდან ერთნაირი საბაბით მოგვიცილეს: 

მათი ასეთი ქცევაც მოწმობს, რომ მერის წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და “ქართული ოცნების” აგიტატორობის გამო, დასამალად გაიხადეს საქმე.

chankseliani

“პრობლემური არის თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციის სტანდარტი…მაგალითად, თვითონ ადმინისტრაცია მიმართავს ამ ადამიანებს და ეკითხება, მართლა თქვენ დაწერეთ თუ არა ფეისბუქ პოსტი, რომელიც აგიტაციის ნიშნებს შეიცავდაო? იქედან არის პასუხები რომ სხვა იჯდა კომპიუტერთან და ასე შემდეგ… როცა ასეთი პასუხებიც მისაღებია კომისიისთვის და დარღვევას არ წარმოადგენს, ეს სტანდარტია პრობლემური… ისიც გასარკვევია, ნამდვილად არიან თუ არა შვებულებაში ეს ადამიანები, როგორც წესი, ასეთ მიზეზებს იგონებენ. თავის გამართლების საშუალებაა… მონიტორინგის პროცესიც ძალიან რთულია, რადგან როგორც წესი, ამ ინფორმაციასაც ასე მარტივად არ გაძლევენ და აპრობლემებენ”,- გვიყვება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საარჩევნო ანალიტიკოსი ნიკა ოდიკაძე. 

მართალია, საღამოს საათებში, შაბათ-კვირას, ან შვებულებისას საჯარო მოსამსახურეების “კარდაკარ” სიარული საარჩევნო კოდექსის დარღვევა არ არის, მაგრამ მათი მხრიდან აგიტაცია მაინც არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოს ქმნის და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას აძლევს ხელს.

საქმე ისაა, რომ მოსახლეობა მათთვის კარგად ნაცნობ “გამგებლებს” “ქართულ ოცნებასთან” აიგივებს და ბიუჯეტის იმედად გაცემული დაპირებები მმართველი პარტიის დაპირება ჰგონიათ. პარტიასა და ხელისუფლებას შორის ტოლობის ნიშანი რომ პრობლემაა და კანონს გადახედვა სჭირდება, ამას გვიხსნის “ღია სივრცე კავკასიას” თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილიც. ის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი იყო და საარჩევნო კოდექსის რეფორმის მიმართულებებზე აქტიურად მუშაობდა. 

“სახელისუფლებო და პოლიტიკური პარტიის საქმიანობა გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან… ეს ზღვარი რომ წაშლილია, ფაქტია. საზოგადოებას არ უნდა დარჩეს აღქმა, რომ მასთან აგიტაციის პროცესში ისევ თვითმმართველობის წარმომადგენელი მოდის… პატარა სოციუმში ყველა ყველას რომ იცნობს, მაინც იცი, ვინ ვინ არის და მით უმეტეს, თუ კამპანიის მესიჯებით გელაპარაკება, შეფარვით მუქარას ან კეთილ რჩევებს მოიცავს, ეს გაფიქრებინებს – თუ ამას არ დავუჭირე მხარი, მერე პრობლემები შემექმნება, ან სოციალურ დახმარებას დავკარგავ, ან მუნიციპალურ სერვისებში რომ  ვარ დასაქმებული, ამას დავკარგავ. ზღვარია დასაცავი კანონმდებლობასა და კეთილსინდისიერებას შორის… [საჯარო მოსამსახურეებს] შესვენების დროსაც შეუძლიათ ამის გაკეთება. ადრე, დავების განხილვის დროს, საარჩევნო ადმინისტრაციაც გვეუბნებოდა, რაშიც უნდა, იმაში გამოიყენებენ შესვენების დროსო. არადა, რეალურად, სახეზე გაქვს ადმინისტრაციული რესურსის და სტატუსის გამოყენება”, – გვეუბნება ირმა პავლიაშვილი.

საჯარო მოსამსახურეებიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ისეთი გულწრფელი, რომ “ქართული ოცნების” კამპანიაში მონაწილეობა ჩვენთან, როგორც ჟურნალისტებთანაც არ უარყო. ეს დავით ადეიშვილია, სოფელ ყუმურში ვანის მერის წარმომადგენელი.

21 ოქტომბერს, ექსპერიმენტისას, გვეუბნებოდა, ერთი თვე იქნება, რაც”კარდაკარზე” დავდივარ, მოსახლეობაში მშვიდობაც არის და ყველაფერი, უფრო მეტი ჩვენი მომხრეაო. მეორე დღეს, 22 ოქტომბერსაც თამამად გვითხრა: “დავდივარ კარდაკარზე, აბა, რა უნდა ვქნა? სოფლის გამგებელი ვარ და დავალება რაშია საჭირო? არ შეიძლებოდა, კი შეიძლებოდა, ეს რა შეკითხვებია? კანონი დავარღვიე რამე? ჩემი სურვილია და სოფლის გამგებელი ვიქნები თუ რიგითი წევრი, მე ამას ასე გავაკეთებ”.

იმერეთში მერების წარმომადგენლების ნაწილმა “ჭკუას უხმო” და შეეჭვდნენ, უნდა ეთქვათ თუ არა სატელეფონო საუბრისას, “ქართულ ოცნებას” რომ გვერდში უდგანან. ბაღდათის, ჭიათურის და თერჯოლის სამი სოფლის “გამგებელმა” “კარდაკარ” კამპანიაში მონაწილეობა ზოგადად დაგვიდასტურა, მაგრამ დეტალები რომ გამოვკითხეთ, აგრესიულები გახდნენ და საუბარი აღარ გაგვიგრძელეს. 

ჟურნალისტი: “კარდაკარ” სიარული დაიწყეთ ხო თქვენც… 

გოჩა ბიწაძე: (ჭიათურა, სოფელი სვერი): პირადად ჩვენც? 

ჟურნალისტი: თქვენც ხომ გევალებოდათ?

გოჩა ბიწაძე: სწორად გამიგეთ, თქვენ ნამდვილად შტაბიდან ბრძანდებით? რეკავენ სხვადასხვა იმიდან, რაღაც ფაქტები არის ხოლმე… 

ვარწმუნებთ, რომ ნამდვილად შტაბიდან ვრეკავთ, ჩვენი მომხრეების რაოდენობაზე კითხვის შემდეგ კი ისევ ფრთხილობს:  “მე მგონი, ტელეფონზე ასე ყველაფერზე საუბარი არ არის საჭირო… “

gocha bitsadze
გოჩა ბიწაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას

“მე ვიცნობ ბაღდათის შტაბის ხელმძღვანელობას, მაგრამ თქვენ არ გიცნობთ და ვერ მოგცემთ ინტერვიუს… კარგი რა, ხო გითხარი არ ვიძლევი ინტერვიუს-თქვა… დამირეკონ ბაღდათიდან, ოღონდ პირადი ნომრით არა”, – გვითხრა ეზეკი-რაინდი ყიფიანმა, რომელიც ბაღდათის მერის წარმომადგენელია სოფელ დიმში. 

უფრო ანერვიულდა გია ხუჯაძე, თერჯოლის მერის წარმომადგენელი სოფელ ქვედა სიმონეთში. ჯერ წვრილად მოგვიყვა, “ნამეტანი კარგი განწყობაა”, ყველა ელის, რომ 26-მა ლამაზად და კოხტად ჩაიაროსო,”კარდაკარაც” სამჯერ ვიყავით და კიდევ ვაპირებთო. თუმცა, რომ ვკითხეთ, სამუშაო საათებში ეწევით აგიტაციას-თქო? ჯერ დაიბნა და მერე გაბრაზებულმა მოგვახალა: 

“მომატყუე თუ მართალი ხარ? კაი, კაი რა… რა მომატყუე… ხოარ მომატყუე? არ გათიშო ერთი წუთი რა… ამდენი გარეწარი სად იყო, რომელიც ამ სოფელს შემოუსიეთ… ამდენი გარეწარი, ოცნების გარდა სხვა პარტიებში რომ არიან, ლგბტ რო უნდათ, დედა არ იციან, მამა არ იციან და ის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება არ შეიძლება”. 

მეორე დღეს, გია ხუჯაძეს გავუმხილეთ, რომ ჟურნალისტები ვიყავით და მანაც, კოლეგების მსგავსად, თავისი სიტყვები უკან წაიღო:

გია ხუჯაძე: რატომ უნდა ვეწიო წინასაარჩევნო აგიტაციას? მაგას აკეთებს კომისია და ის ხალხი, ვისაც ევალება. მე რა შუაში ვარ? მე ყველას გამგებელი ვარ, ვინც მოვა, გადავუწყვიტავთ პობლემებს, თუ ვერ შევძელი და… კი ვარ აგერ. 

ჟურნალისტი: გუშინაც ვისაუბრეთ ჩვენ და მითხარით, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდით, დადიოდით “კარდაკარზე”

გია ხუჯაძე: კარდაკარ არა უკან-უკან კიდე… კარდაკარ არა იმაზე დავდივარ…

განსხვავებული სიტუაცია დაგვხვდა საჩხერეში. სოფელ კორბოულში მერის წარმომადგენელმა ვახტანგ კაპანაძემ “კარდაკარში” ჩართულობა კი დაგვიდასტურა, მაგრამ მიგვანიშნა, ეს საჩხერეა, ზედმეტი აგიტაცია რაში გვჭირდებაო: საჩხერე კორბოულია და თავისთავად, ცხადია, განწყობა როგორი იქნება საჩხერეში ახლა… ჩვენ დიდებულმა კაცმა ბევრი გაგვიკეთა, მე პირადად, ჩემ ოჯახს, უზარმაზარი დახმარება გაუწია… “

ვინ და როგორ აკონტროლებს მერიის თანამშრომელთა აგიტაციაში ჩართვის ფაქტებს? 

“მონიტორინგის დროს, ყოველთვის ვითხოვდი ბრძანებებს, რომ გამეგო, ნამდვილად იყვნენ თუ არა ეს ადამიანები შვებულებაში. როგორ აკონტროლებ შენ, [მერია], რომ სამუშაო საათებში არ გააკეთებენ იგივეს? პარალელურად, უნდა მოხდეს იმის გადამოწმება და შესწავლა, ხომ არ იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს – მაგალითად, მანქანას, საწვავს, საოფისე ინვენტარს… ანუ, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხომ არაა გამოყოფილი და კამპანიაზე იხარჯება. “რუსული კანონის” შემდეგ, საჯარო უწყებები ჩაიკეტნენ და ეს ყველაფერი საჯარო არ არის”, – გვითხრა “საიას” ყოფილმა დირექტორმა და “ღია სივრცე კავკასიას” თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მმართველმა პარტიამ ქონებრივ დეკლარაციაში ასახოს ის თანხაც, რომელიც დახარჯა თუნდაც შვებულებაში მყოფმა საჯარო მოსამსახურემ პარტიის საარჩევნო აგიტაციის დროს.

შევამოწმეთ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ქონებრივი დეკლარაციები, რომლებიც ასახავს პერიოდს 2024 წლის 27 აგვისტოდან 7 ოქტომბრის ჩათვლით. “კარდაკარ” კამპანიისთვის გაწეული ხარჯების წარმომავლობა არც ერთ მათგანში არაა დაკონკრეტებული.

418971996 763593315811622 7777999470388101230 n
წყალტუბოს მერის წარმომადგენლების შეხვედრა

გვსურდა მერიების ადმინისტრაციული სამსახურებისგან გაგვეგო, რას აკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ საარჩევნო კოდექსის დარღვევა, თვალთახედვიდან არ გამოეპაროთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ან თუნდაც ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევა. 

გასაუბრება შევძელით მხოლოდ სამი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან. დანარჩენები ტელეფონს ან არ პასუხობდნენ, ან საუბარში ერთი და იმავე მიზეზი აფერხებდათ – “ცუდ დროს მირეკავთ, ვმგზავრობ და საერთოდ არ მესმის თქვენი ხმაო” (თავად განსაჯეთ, სად შეიძლება წასულიყვნენ 23 ოქტომბერს, როცა თბილისში “ქართული ოცნების” მხარდასაჭერ კონცერტს რეგიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი ესწრებოდა). 

ხარაგაულის, ტყიბულის და ზესტაფონის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსებმა კი გვიპასუხეს, მაგრამ “კარდაკარ” კამპანიის კონტროლზე ვერაფერი გვითხრეს. 

“არც ერთი არ მონაწილეობს აგიტაციაში, ყველამ იცის თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები”, – ასე, ორი სიტყვით აგვიხსნა კონტროლის მექანიზმები დავით ნიორაძემ ზესტაფონის მერიიდან. შემდეგ კი გვირჩია, კითხვებს თუ წერილობით გამოგზავნით, ოფიციალურად გიპასუხებთ “საჯარო ინფორმაცია რა დროშიც გაიცემა, იმ დროშიო”. გამოდის, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დაგვპირდა, რომ ჩვენს ერთადერთ შეკითხვაზე გვიპასუხებდა, დაახლოებით 10 დღეში, უკვე ჩავლილი ელექტრონული არჩევნების შემდეგ.

ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა და წერილობითი კომუნიკაცია გვირჩია მარინა კვინიკაძემაც. ის ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობს. გვითხრა, ჩვენ გადავწყვეტთ ეს კითხვა საჯარო ინფორმაციას ექვემდებარება თუ არა და გონივრულ ვადაში გიპასუხებთო.

“გაფრთხილებულია ბატონო, სუყველა გაფრთხილებულია. პიარს დაურეკეთ და გეტყვიან ყველაფერს… ყველა დარიგებულია და მე ვიცი, რომ არ ღებულობენ [მონაწილეობას კარდაკარში] და თუ ღებულობენ, მე არ ვიცი… ვერ… არ მაქ ინფორმაცია და პიარი უფრო გეტყვით ყველაფერს”, – გვითხრა ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ცქიფურიშვლილმა. რადგან თვითონ არ ჰქონდა ინფორმაცია, ჩვენ გავაგებინეთ, რომ მისი მერიის თანამშრომელი უჩა გაბრიაძე სოფელ ხრესილში “ქართული ოცნების” კარდაკარ კამპანიაში მონაწილეობს. “კაი, გადავამოწმებ ბატონო” – შეგვპირდა თეიმურაზ ცქიფურიშვილი. მეორე დღეს გვინდოდა მოგვეკითხა, რა გაარკვიეს ტყიბულის მერიაში, მაგრამ მათთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. აღარავინ გვპასუხობდა. 

თერჯოლაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლაშა ლანჩავამ ჩვენთან საუბარი არ ისურვა, არ მცალია და ვერ გეტყვით რამდენ ხანში მეცლებაო. მეორე დღეს, 23 ოქტომბერს კი ჩვენი ხმა აღარ ესმოდა, რადგან გზაში იყო. 

როგორ ავირიდოთ თავიდან საჯარო მოხელეების აგიტაციაში ჩართვა? 

chanqselianis facebook posti 23  oqtombers
ივანდიდში ხონის წარმომადგენელ ბესიკ ჩანქსელიანის ფეისბუქ პოსტი 23 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” შეკრებაზე წასვლისას

იმერეთის მუნიციპალიტეტების მაგალითზე ცხადია, რომ მმართველი პარტია  ადმინისტრაციულ რესურსს სათავისოდ კოხტად იყენებს. კანონიც ამაში ხელს უწყობთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გამოსავალზე გვეკითხა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პარლამენტში მოსახვედრად ახლა იბრძვიან. წესით, კანონშემოქმედებისა და მათი აღსრულებისთვის მზად უნდა იყვნენ.

შალვა კერესელიძე, პარტია “გახარია-საქართველოსთვის”: “კანონით უნდა იკრძალებოდეს და კანონით უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად, როგორც ჩამდენი, ასევე მაგის დამვალებელი. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე არაფერი არ იქნება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საჯარო მოხელე, მასწავლებელი, ექთანი თავად გამოთქვამს სურვილს, რომ შევიდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, დაიწყოს პოლიტიკური საქმიანობა, მაშინ ასე ვთქვათ, სამუშაო საათებში ენას კბილი უნდა დააჭიროს, არც აგიტაცია უნდა დაიწყოს და არც რაღაცა რეკლამირება. სამუშაო საათების შემდეგ, როცა დასრულდება და სახლში წავა, მერე გინდა პარტიის ოფისში მივიდეს, გინდა პირად ფეისბუქზე თავისი პოზიციები დააფიქსიროს. ეგ არის გამოსავალი”.

გიგა ლემონჯავა, “კოალიცია ცვლილებებისთვის”: “ეს არის აბსოლუტურად რუსული და საბჭოთა პრაქტიკა იმიტომ, რომ რუსეთში მმართველი პოლიტიკური პარტია და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ბოლომდე გადაჯაჭვული ერთმანეთზე. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული სახელმწიფო, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ის, რომ ევროკომისიის 9 დათქმა უნდა შევასრულოთ, არამედ ისიც, რომ ჩვენ  უნდა შევქმნათ ევროპული მართვის სტილი. რაც გულისხმობს საჯარო მმართველობის რეფორმასაც და იმის არასოდეს აღარ დაშვებას, რომ მმართველი პარტია, ის ვინც ხელისუფლებაშია, სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებდეს საკუთარი პარტიული ამოცანებისთვის”. 

ღია სივრცე კავკასიის” თავმჯდომარის, ირმა პავლიაშვილის აზრით კი სიტუაციიდან გამოსავალი პოლიტიკური ნებაა: “როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობას იღებს პარტია ხელისუფლებაში, უჩნდება წვდომა ადმინისტრაციულ რესურსზე საჯარო სამსახურში, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულებზე, ბიუჯეტზე, ადმინისტრაციულ შენობებზე, ინვენტარზე და ა.შ. უკვე სრულად მას მიუწვდება ხელი და ძალიან რთულია კანონის აღსრულება და იმის მონიტორინგი, რომ ამის გამოყენება არ მოხდეს. ერთიანი საკანონმდებლო პოლიტიკური ჩარჩოს გადახედვაა საჭირო”.

დღევანდელი მდგომარეობით, თუ საჯარო მოსამსახურე შაბათ-კვირას პარტიისთვის იმუშავებს, ეს კანონდარღვევა არ არის. თუ ამ ამბავს კრიტიკულად შევხედავთ, მაინც ბუნდოვანია, როგორ უნდა მოახერხოს პოლიტიკურ აგიტაციაში ჩართულმა მერის წარმომადგენელმა (თუნდაც ეს მხოლოდ საღამოს საათებსა და უქმე დღეებში ხდებოდეს), რომ სოფელში მცხოვრებთა თვალში მმართველ პარტიასთან გაიგივებული არ იყოს. 

მასალის გამოყენების პირობები 

მასალაში გამოყენებული წყაროები 

logo
მასალა მომზადებულია New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მასალაზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს დონორის ხედვას.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
არჩევნების უცნაური შედეგები – 15 ოლქის შედარებითი ანალიზი
archevnebi 2024

არჩევნების უცნაური შედეგები – 15 ოლქის შედარებითი ანალიზი

საქსტატისა და ცესკოს სიების შედარებამ ხალხში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share