fbpx
devebi

კასპის ახალი დევები

ავტორები: ანა ქავთარაძე, რობი ზარიძე, შორენა ლაღაძე

ლამისყანაში ჩვენი ავტომობილი სოფლის წყაროსთან ჩერდება. აქ ბოთლებს წყლით ორი კაცი ავსებს. ამბობენ, რომ წყალმომარაგების პრობლემა სოფელში არაა. მანქანის საბარგულს სავსე ბოთლებით ტვირთავენ. მიდიან.

სოფლის ქვიან გზას ზემოთ მივუყვებით. მზისგულზე, ეზოში ორი ქალი მუშაობს. წყალზე საუბარს ვიწყებთ.

“ავზში უნდა ჩაგახედოთ, რამდენი ჭუჭყია შიგ!” – ყვირის ერთი და ხელის ქნევით ეზოში გვეპატიჟება. ეზოში შევდივართ. გამშრალ ონკანთან ორი პლასტმასის ავზი დევს. ორივე წყლითაა სავსე. დიდი ავზის სახურავს ხსნიან.

“აი, თქვენ ჩაიხედეთ! ხომ ხედავთ თქვენ, მღვრიე წყალია. ეს როგორ უნდა დავლიოთ?“ – გვეკითხებიან ქალები. წყლის ზედაპირზე ჭუჭყი ტივტივებს.

“დასალევი არ არის, თორე წყალი კი გვაქვს. ვყიდულობთ დასალევად წყალს. დილით მოდის ხოლმე, 1-2 საათი. ზაფხულში საერთოდ არ მოდის,’’ – შემოგვჩივის ინა ბეინაშვილი.

ორივე ხელით სამზარეულოს ღია კარისაკენ მიგვითითებს. სამზარეულოს მაგიდაზე წყლის გრაფინი დევს. “მთელი ზაფხული, აი, გრაფინი რომ დგას, ერთ გრაფინსაც კი ვერ ავიღებ წყალს.”

ლამისყანა კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ადგილობრივი მთავრობა ყოველწლიურად ასიათასობით ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას წყალი ხარისხიანად მიეწოდებოდეს. ამ მიზნით ცალკე კომპანიაც კი შექმნეს 2014 წელს. შპს “სოფლის წყალი” კასპის 67 სოფელს უნდა ემსახურებოდეს და მათთვის სასმელად ვარგისი წყლის გამართულად მიწოდებაზე მუშაობდეს. 

კომპანიის ხელმძღვანელი 67 წლის ზურაბ ბახტაძეა. მასთან ერთად კომპანიაში კიდევ 45 ადამიანი მუშაობს. წელს კომპანიას მერია 300,000 ლარს აძლევს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აქედან 105,000 ლარი დასაქმებულების ხელფასს მოხმარდება, დანარჩენი კი წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს. 

ლამისყანაში წყლის სისტემების გაუმჯობესებისთვის 2017 წლიდან დღემდე შპს “სოფლის წყალმა” 21,489 ლარის ღირებულების სხვადასხვა სამუშაო ჩაატარა. დეტალური ინფორმაცია ჩატარებულ სამუშაოებზე კომპანიამ არ მოგვაწოდა.

სოფელში ამბობენ, რომ დაბინძურებულია ავზი, საიდანაც მოსახლეობის ნახევარს წყალი მიეწოდება. რეზერვუარი სოფლის დასაწყისში, გზის პირას, ჭალაშია აგებული. ქვისა და ბეტონის კედლები ხავსითაა გამწვანებული, კიბიდან და სახურავიდან ჟანგისა და მიწის ნამცეცები ცვივა და წყალში იძირება.

ავზის ფოტოები შპს “სოფლის წყლის” დირექტორს, ზურაბ ბახტაძეს ვაჩვენეთ.

“[ამ ავზის მდგომარეობა] არანორმალურია, ვერ ვიტყვი, რომ ნორმალურია. მთელი სოფელი არ მარაგდება ამით, ეგ მიეწოდება ლამისყანის ერთ ნაწილს. ეს არის ძველი, ძველისძველი, მაგის გარდა არის კიდევ ორი თუ სამი ბურღი,” – თავს იმართლებს ბახტაძე. 

კასპის მერია ყოველწლიურად საკუთარი და ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებით მილიონამდე ლარს ხარჯავს წყლის სისტემის გასაახლებლად და გასამართად. სოფლების დიდ ნაწილში წყლის შემკრები ავზებიცაა, ტუმბოებიც და მოსახლეობამდე გაყვანილი მილებიც, მაგრამ წყალმომარაგების პრობლემა სოფლების 99 პროცენტს აქვს. აპრილში ჩვენ კასპის ექვს სოფელში ვიყავით, თითო სოფელში 4-5 ადგილობრივს გავესაუბრეთ. სასმელი წყალი ყველგან პრობლემაა. ის ან მოდის და დაბინძურებულია, ან განრიგით მოდის, ან საერთოდ არ მოდის.  

წყალმომარაგებაა კასპელებისათვის ყველაზე განხილვადი თემაა ფეისბუქის ჯგუფებშიც, სადაც ერთმანეთის მსგავსი კომენტარებით ხალხი უწყლობას აპროტესტებს:

“კასპში რატომ არის წყალი გრაფიკით? 20 წუთის სავალზე, გორში 24 საათი მოდის.”

“თქვენ ხოვლე არ იცით, ალბათ, წყალს რომ ვხედავთ, დღესასწაული გვგონია და აღვნიშნავთ ხოლმე.”

“ წყლის სინჯის პასუხს ველოდები, იმედია, უახლოეს მომავალში იქნება. დაბინძურებულ წყალზე მაქვს მე პრობლემა, 24 საათიანზე მერე გადავალ.”

გასულ წელს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ფერმაში 370,000 ლარამდე დაჯდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს. სოფელში ამბობენ, რომ ხშირად წყლის ყიდვაც უწევთ. არის დღეები, როცა სასმელი და სარწყავი წყალი საერთოდ არ მოდის. 

“ყველაფერს აიტან ადამიანი, ყველაფრის უქონლობას, მაგრამ უწყლობა გაუსაძლისია.  ახლა კიდევ ცოტა მოდის, ეს ხუთი დღეა როგორც მოდის, ასე კარგად არასდროს უდენია, მაგრამ სახლში მაინც ვერ შეგვყავს. წვეთ-წვეთ მოდის ხოლმე. ღამეებს ვათენებთ, რომ ჭურჭელი მაინც გავავსოთ. ამბობენ რომ ზემოთ სოფლებში აქვთ გაყვანილი ბევრი და ჩვენამდე მაგიტომ ვერ აღწევს. არავინ აკონტროლებს. ერთადერთი სკოლის დირექტორი თუ ავა ხოლმე და გამოაშვებინებს, ეგაა. ხშირად ვყიდულობთ კიდეც სასმელ წყალს. გასულ წლებში კიდევ კარგი მდგომარეობა იყო. ჭები გვაქვს თითქმის ყველა ოჯახს და წყალიც იყო, მაგრამ რაც მთაზე კარიერები გააკეთეს, ჭებიც დაშრა,” – გვეუბნება ფერმაში მცხოვრები მზია რევაზიშვილი.

წყალმომარაგების სისტემა 2018 წელს წინარეხშიც შეკეთდა. სამუშაოები შპს “კაპიტელმა” 427,537 ლარად შეასრულა. აქედან 28 ათას ლარამდე ფილტრის მოწყობა დაჯდა. 110 ათას ლარამდე დანადგარს დასჭირდა, სადაც წყალს შეყოლილი ტალახი და ლამი უნდა ილექებოდეს.

“წყალი მოდის უბინძურესი. ამის დალევა შეუძლებელია. თბილისიდან რომ მოვდივარ, ბალონებით მომაქვს. მერე აქ წყარო არის, მივდივარ, ვიღებ და ვარ ასე. გააკეთეს ახალი ავზები, მილიონობით ფული დაიხარჯა, მაგრამ შედეგი? იგივე სიბინძურე. ფილტრები დააყენეს, მაგრამ ეტყობა, არასწორად არის დაყენებული,’’ – გვეუბნება წინარეხელი თამარ დავლიძე.

შპს “სოფლის წყლის” დირექტორი, ზურაბ ბახტაძე ამბობს, რომ ამღვრეული წყალი ბინძურს არ ნიშნავს.

“წინარეხში აქვთ საფილტრე, რომელშიც შედის ქვიშა, ქვიშაში ირეცხება, იწმინდება ეს წყალი და ყველანაირი სიბინძურე, რაც კი არსებობს, ილექება… ქვიშა არის ყველაზე მაგარი ფილტრაციისთვის,” – გვარწმუნებს ბახტაძე.

წინარეხში 2017 წლიდან დღემდე მხოლოდ შპს “სოფლის წყალმა” 41,901 ლარი დახარჯა წყლის სისტემების შეკეთებისათვის. დეტალურად არც აქ გვითხრეს, რა შეაკეთეს.

ჩვენ ვკითხეთ შპს ”სოფლის წყლის” ხელმძღვანელს, რომ მოსახლეობამ თუ იცის, რა პერიოდულობით  იქლორება წყალი. “რად უნდათ რომ იცოდნენ?” – კითხვითვე გვიპასუხა ბახტაძემ.

“სოფლის წყლის” დირექტორი წყლის მიწოდების პრობლემებს სოფლების მოსახლეობის დაუდევრობას, წყალზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებს და არა სისტემის გაუმართაობას. usaid-ის მიერ კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული წყლის რესურსი საკმარისია მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, თუმცა მუნიციპალიტეტს არ აქვს მონაცემების ამის შესახებ. სოფლებშიც ამბობენ, რომ კასპში წყალი ბევრია, მაგრამ წყაროებში, ჭებში და არა მათ ონკანებში.

“ყველას, 99 პროცენტს, სოფელში წყალი ვისაც აქვს, უნდა რომ რაიმე მორწყოს, ხეხილი ან მწვანილი,“ – გვიხსნის ზურაბ ბახტაძე წყლის ნაკლებობის მიზეზებს.

“ვერ გეტყვით, რომ 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს ხალხს, მაგრამ 24-საათიანიც იმიტომ არა გვაქვს, რომ ისევ ჩვენი დაუდევრობის ბრალია. ონკანები ზოგს მოშვებული აქვს და არ კეტავს. ვაფრთხილებთ, მაგრამ ეს გაფრთხილებაც ისეთი რაღაცაა,“ – ამბობს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნინო ჯინიყაშვილი.

“მოსახლეობა გაიზარდა, მოთხოვნილება გაიზარდა. არ ჰქონდა ხალხს აბაზანები. ახლა, სოფელში ყველას აბაზანა აქვს, ყველას სარეცხი მანქანა. ამასაც ხომ მიაქვს წყალი? მერე ზაფხულში რომ ჩამოდიან ეს ქალაქელები, მოაქვთ 5-6 ტონიანი აუზები და ცვლიან დღეში ორჯერ იმ წყალს. რაღაცას ხომ უნდა გაუწიო შეღავათი? მერე რწყავენ, ზოგს მოშვებული აქვს და რავიცი, პრობლემა არის მილიონი,” – გვეუბნება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დალი დავითაშვილი.

ვისაც კასპში წყალმომარაგების გამართულად მუშაობა ევალება, ისინი თვლიან, რომ წყლის გრაფიკით მიწოდების მიზეზი მოთხოვნის ზრდაა. წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება კი ფუფუნებად მიაჩნიათ და არა საჭიროებად.

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.




კომენტარები
Total
0
Shares
Next
გორის მერიამ დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარა
gori tualetebi

გორის მერიამ დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share