fbpx
kutaisi cover e1675666305150

რატომ გაჭიანურდა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია?

ავტორები: მარიამ კაჭკაჭაშვილი და შორენა ლაღაძე 

ილია ჭავჭავაძის სახელობის გზებს ბედი არ სწყალობთ. ხომ გახსოვთ, როგორ შესაშურად იყო ორგანიზებული ამ გამზირის რეაბილიტაცია თბილისში? კიდევ უფრო “მოგხიბლავთ”, ქუთაისის ჭავჭავაძეზე მიმდინარე სამუშაოების ხარისხი და თანმიმდევრულობა.

ამ გამზირის განახლებაზე ქუთაისის მერია, ორი წელია, წვალობს. ხან ხელშეკრულების ვადები შეცვალეს, ხან თვითონ პროექტი. თავიდანვე ვერ ჩამოყალიბდნენ, რისი გაკეთება სურდათ, გზადაგზა გაეხსნათ მადა და კომპანიას ახალ-ახალი დავალებები მისცეს. 

ამდენმა ცვლილებამ საქმე დროში გაწელა. ამასობაში კი მოსახლეობა მტვერში და სამშენებლო ნაგავში იყო გახვეული. ქაოსურად მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რადგან ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გზა, დროდადრო იკეტებოდა. ამ არეულობაზე 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ქუთაისის მერია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად ატარებდნენ. ფინანსების ნაწილი კი ევროკავშირმა გამოყო. 

ახლა გზის ნაწილი განახლებულია, თუმცა ისე უხეიროდ, რომ მძღოლებს დისკომფორტი ექმნებათ.

ამირან ძოწენიძემ სახლიდან სამსახურამდე ჭავჭავაძის გამზირის ზუსტად ის მონაკვეთი უნდა გაიაროს, რომლის რეაბილიტაციასაც საშველი არ დაადგა. ავტომობილით ამ მარშრუტის გავლა ყოველდღე უწევდა და სამუშაოებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებოდა.

“რამდენჯერ შევსწრებივარ, 4-5 ადამიანი და ერთი ტრაქტორი ან ბულდოზერი იყო მთელი მაგათი მუშახელიც და ტექნიკაც. ამხელა გზა, მგონია, რომ სწრაფად და ხარისხიანად უნდა კეთდებოდეს. თან, დაუხაზავია დღემდე, შუქნიშნები ხან ჩართულია, ხან – გამორთულია. პატრულმაც საერთოდ არ იცის, როგორ მოაწესრიგოს მოძრაობა. იმედია, გაზაფხულზე მაინც მორჩებიან,”- გვითხრა ამირან ძოწენიძემ.

Screenshot 2023 02 06 at 09.56.49
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები.
ფოტო გადაღებულია 2023 წლის 16 იანვარს

ჭავჭავაძის გამზირის დროულად და ხარისხიანად მოწყობა იმიტომაც არის აუცილებელი, რომ ეს 3-კილომეტრიანი ქუჩა თბილისი-სენაკი-ლესელიძის შიდასახელმწიფოებრივი მაგისტრალის ნაწილია. ის ქუთაისს თბილისთან და სხვა დიდ ქალაქებთან აკავშირებს. აქაურები ჭავჭავაძეს “არტერიასაც” ეძახიან. 

გამზირი ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზეა. შესაბამისად, მის რეაბილიტაციაში ადგილობრივი მთავრობა ვერ ჩაერევა. ქუთაისის მერიას შეუძლია შეაკეთოს გზის მხოლოდ მცირე ადგილები.

ამიტომ, 2021 წლის იანვარში მერიამ გადაწყვიტა განეახლებინა ჭავჭავაძის ორი მონაკვეთი – უნივერმაღის ირგვლივ და მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორია. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კი გზის 750-მეტრიანი მონაკვეთი დააგო, ტორპედოს სტადიონის ჩასახვევიდან მინის ტარის ქარხნის გზაჯვარედინამდე.

გზის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებასა და სამუშაოებზე სულ ექვსი ტენდერი გამოცხადდა და ექვსი სხვადასხვა კომპანია იყო ჩართული.

სტატიაში მოგიყვებით კომპანიების და დამკვეთის, ანუ ქუთაისის მერიის უთავბოლო მუშაობის სტილზე, რის გამოც ჭავჭავაძის გამზირის განახლების პროცესი დროში გაიწელა. 

რამ შეაფერხა სამუშაოები?

2021 წლის 12 თებერვალს ქუთაისის მერიამ 135,000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა შპს “გლობალ – ბილდინგს.” კომპანიას უნივერმაღის ირგვლივ ჭავჭავაძის გამზირის გზის საფარი 45 დღეში, 29 მარტის ჩათვლით უნდა შეეცვალა.

თუმცა, ვადა ორი კვირით გაიხანგრძლივეს, უხვნალექიანი დღეები იყოო. მერიამ ეს სამუშაოები 22 აპრილს ჩაიბარა და კომპანიას არასრული თანხა, 130 ათასი ლარი ჩაურიცხა. ერთი შეხედვით, ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა და გზაც გახსნეს. 

2022 წლის იანვარში ქუთაისის მერიამ იფიქრა, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიასაც შევავლებ ხელსო. მერიამ 742,000-ლარიანი ხელშეკრულება დაუდო შპს “გზაჯვარედინს,” მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. თებერვალში მიმდინარე სამუშაოების გამო საგზაო მოძრაობის წესები შეცვალეს.

კომპანიას ამ თანხით პარკის შესასვლელთან მდებარე კოლონადებისთვის სახურავი უნდა გამოეცვალა, შეელესა და შეეღება კედლები, იატაკზე კი ცემენტი დაესხა. მის მოვალეობაში შედიოდა პარკთან საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, მოსაცდელის, საგზაო კუნძულების, ტროტუარისა და გაზონის მოწყობა.

სამუშაოები ოთხ თვეში, ანუ 2022 წლის მაისში უნდა დაესრულებინათ, მაგრამ მერიამ ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი დეკემბერში გააფორმა. რატომ ასე გვიან?

ხელშეკრულებაში ხუთი ცვლილება შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადამ სამჯერ გადაიწია. ჯერ ივლისის და აგვისტოს, შემდეგ კი სექტემბრის ბოლომდე. ამის მიუხედავად, კომპანია სამუშაოებს ნოემბერში მორჩა. ამის გამო დაჯარიმდა კიდეც. 

Screenshot 2023 02 06 at 09.59.10
სამუშაოები ნიკეას ქუჩის კვეთასთან.
ფოტო გადაღებულია 2023 წლის 16 იანვარს

კომპანია ვადის გადაწევას ითხოვდა უხვი ნალექის, უკრაინაში მიმდინარე ომის და პროდუქციის ტრანსპორტირების შეფერხების, ხანაც – პროექტის ხარვეზების გამო. მაგალითად, “გზაჯვარედინმა” მერიას შესჩივლა, პროექტს წუნი აქვს, ნახაზები არასრულია, აკლია ფრაგმენტები და კოორდინატები რეალობას არ შეესაბამებაო. მერია მათ პრეტენზიას ხან ითვალისწინებდა, ხან – არა. 

საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება ხელშეკრულების ცვლილებების მიზეზებშიც ჩანს. მაგალითად, კომპანიას სამუშაოების დაწყების შემდეგ გააგებინეს, რომ სარწყავი სისტემაც უნდა მოეწყოთ. “გზაჯვარედინმა” იანვრიდან აგვისტომდე არც ის იცოდა, რა ფერის საღებავით უნდა შეეღებათ კოლონადები. 

კომპანიას აგვისტოში დაავალეს შშმ პირებისთვის პანდუსის და კიბის მოწყობა. მერიაში გვიან გაახსენდათ ისიც, რომ იატაკს მხოლოდ ცემენტის დასხმა არ ეყოფოდა და უნდა მოეპირკეთებინათ.

“გზაჯვარედინის” მიერ ჩასატარებელი სამუშაოების პროექტი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია “საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრმა” 18 ათას ლარად მოამზადა. ბუნებრივია, მათთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ არ გაწერეს სამუშაოები ზედმიწევნით და რატომ გახდა საჭირო დოკუმენტის გზადაგზა ცვლილება. 

კომპანიის დირექტორი ვერ იხსენებს, რომ მერიას პროექტის თავდაპირველ ვერსიასთან შენიშვნები ჰქონოდა. დროდადრო, მერია მათთან ახალი იდეებით მიდიოდა და პროექტის ცვლილებს სთხოვდა. 

“მერიის თხოვნით ჩავსვით [კოლონადების] ფასადის გარემონტება და გარე განათებები. მერიას აქვს უფლება ალბათ, რომ დაგვიმატოს სამუშაო. ჩვენი სპეციფიკაც არ იყო [კოლონადები], საერთოდ, მოძრაობის რეგულირებასთან კავშირი არა აქვს,”- ამბობს სამეცნიერო ცენტრის დირექტორი უშანგი სტურუა. 

“გზაჯვარედინის” წარმომადგენელმა, რომელმაც სახელი და გვარი არ გაგვიმხილა, გვითხრა, მერია რასაც ითხოვდა, იმას ვაკეთებდითო:

“თავიდან არ იყო სრულყოფილი პროექტი. მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა, რომ რაღაცებს სჭირდებოდა გაუმჯობესება. ზედამხედველის დავალებით მოხდა კორექტირება სამუშაოების და გაკეთდა მერე ისე, როგორც უნდოდა მუნიციპალიტეტს.”

ქუთაისის მერიას ვკითხეთ, თავის დროზე რატომ ვერ გასცეს ზუსტი დავალება რატომ ცვალეს პროექტი გზადაგზა, რამაც საბოლოოდ სამუშაოები გააჭიანურა?

მერიამ ბუნდოვანი პასუხი გაგვცა – კანონი არ დაგვირღვევია, “საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება-დაზუსტება წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების წარმოების სტანდარტულ პრაქტიკასო.” ეს პასუხი ჩვენს კითხვას არ შეესაბამება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე გვეუბნება,რომ სატენდერო დოკუმენტაციაში ბევრი ცვლილების შეტანა არასასურველი პრაქტიკაა და მერიების არაკომპეტენტურ ან გულგრილ მიდგომას აჩვენებს.

“არ უდგებიან სათანადოდ საქმეს, ზედაპირულად კეთდება და იმის იმედად არიან, მომავალში შევასწორებთ, თუ რაღაც ისე არ იქნება…იხარჯება იმაზე მეტი ფული, ვიდრე დაიხარჯებოდა, თავიდანვე რომ სწორად ყოფილიყო დაგეგმილი. ამით მოსახლეობა ზარალდება. ტენდერს მოიგებს დაბალფასიანი კომპანია, მერე გაუზრდიან თანხას, რაღაცას დაუმატებენ… ამ დროს, სხვა კომპანიებმა მასთან ფასის გამო წააგეს. საბოლოოდ, [ასეთი მიდგომა] კერძო სექტორში კონკურენციასაც აზიანებს,”- გვითხრა ბესო ნამჩავაძემ. 

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წერა, გახდით ჩვენი სპონსორი

უხეიროდ გაკეთებული საქმე 

შპს “გზაჯვარედინის” სამუშაოები ქუთაისი მერიამ ნაწილ-ნაწილ ჩაიბარა, 2022 წლის ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში. იქამდე, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ინსპექტირებებსაც ატარებდნენ და სამუშაოების ხარისხთან შენიშვნა არ ჰქონიათ. არადა, ყველაფერი რიგზე არ იყო. ოქტომბერში ახალ დაგებულ გზაზე წყალი გუბდებოდა. 

“იყიდეთ გასაბერი ნავები, ნუღარ წუწუნებთ, ვენეციას უნდა გავუწიოთ კონკურენტობა, რა ვერ მიხვდით, რა ხალხი ხართ,” – წერდა მაია მელაძე წყლით დაფარული ჭავჭავაძის გამზირის შესახებ სოციალურ ქსელში. 

signal 2023 02 06 101331 002
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორია
ფოტო: ფეისბუქი, 2022 წლის 21 ოქტომბერი

“მთელ ჭავჭავაძეზე მხოლოდ მაგ ადგილას არ დგებოდა წყალი და აჰა, “გამოასწორეს”,” – წერდა სოფო ბურცხიკიძე. 

“ ეს ამდენი დისკომფორტი, მტვერი, ნაგავი, მანქანის რეცხვა… მანქანაც გიფუჭდება ამ დალეწილ გზებზე რომ დადიხარ. თუ გაკეთდა, მერე კიდევ ათასჯერ რატო უნდა გადათხარო, რა უბედურებაა…” – გვითხრა ადგილობრივმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

ჭავჭავაძეზე მცხოვრებმა ნანა ასათიანმა გვითხრა, რომ გამზირზე არაერთი პრობლემა იყო – არ იყო დახაზული, წყლის ჭებს სახურავი არ ჰქონდა, გზის საფარი დიდი ხნის მანძილზე სხვადასხვა სიმაღლის იყო, რაც ავტომობილით სიარულს ართულებდა. 

“შეუძლებელია უბრალოდ გაიგო სად არის უწყვეტი ხაზი, სად უნდა მოუხვიო, რა გააკეთო. მე როგორც აქ დაბადებულმა და გაზრდილმა, დაახლოებით ვიცი სად რა უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი, რომელმაც რამდენიმეჯერ გაიარა ჭავჭავაძის გამზირზე, ვერ მიხვდება, რომელ ხაზში უნდა ჩადგეს… უწყვეტი ხაზიც კი არ არის შუაში, რომ მიხვდე და არ შეხვიდე საპირისპირო მომავალი მანქანების გზაზე,” – ამბობდა ნანა ასათიანი 12 იანვარს. გამზირი ახლაც დაუხაზავია. 

“დავუშვათ, მარჯვნივ გვინდა ჭავჭავაძიდან “პასილოკისკენ” წასვლა და სად უნდა ჩავუხვიოთ არ ვიცით. მიმათითებელი ნიშნებიც არაა, რომ გაერკვეს მძღოლი,”- გვითხრა მძღოლმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მერიის წინდაუხედაობა იმაშიც გამოჩნდა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერთან ახალი შუქნიშნები დააყენეს. ალბათ, იფიქრეს, დამატებით საქმეში ჩაგვეთვლება, მაგრამ მძღოლებს ეს სიახლე დისკომფორტს უქმნით.

განტვირთვის ნაცვლად, პირიქით, უფრო საცობი შეიქმნა მანდო, გვეუბნება ადგილობრივი ლაშა სვანიძე.

“გართულდა მობრუნება მოსწავლე-ახალგაზრდობის [სკვერის] ტერიტორიაზე და ქვეითთათვის მგონი უსაფრთხო აღარ არის გადაადგილება,” – გვითხრა ქუთაისელმა, რომელსაც ამ ტერიტორიაზე მიმოსვლა ხშირად უწევს. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

“შუქნიშნები ხან ჩართულია, ხან გამორთულია. ვერ გაიგებ, როდის რა არის,”- ამბობს ჭავჭავაძეზე მცხოვრები ამირან ძოწენიძე. 

ჭავჭავაძის გამზირზე ფულს ქუთაისის მერიაც ხარჯავს და საავტომობილო გზების დეპარტამენტიც. თითქმის ერთდროულად მოინდომეს ამ გზის განახლება. გზების დეპარტამენტმა მერიას პროექტის შესათანხმებლად რომ მიწერა, აღმოჩნდა, რომ მათ უკვე ჰქონდათ გამოცხადებული ტენდერი. 

გზების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის რეაბილიტაციისთვის 4,3 მილიონი ლარი გამოყო და 2022 წლის აგვისტოში ხელშეკრულება გაუფორმა შპს “ქეი ქონსთრაქშენს”. სამუშაოები, წესით, თებერვალში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე, კომპანიას 3,6 მილიონის საქმე აქვს გაკეთებული. ასფალტი უკვე დაასხეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, ტროტუარები და გზის დახაზვა 28 თებერვლამდე მორჩებაო.

დეპარტამენტის დასავლეთის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ბაქარ ჭეიშვილმა გვითხრა, რომ ქუთაისის მერიასთან ერთად ეცადნენ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ და ფუნქციები გადაინაწილეს. თუმცა, ხელი შეეშალა ქუთაისის მოსახლეობას, რომელთაც ქალაქის მთავარი გამზირი დროდადრო გადაკეტილი ხვდებოდათ ისე, რომ წინასწარ არავინ აფრთხილებდა.

ზუსტად როდის და რამდენი ხნით იყო გამზირზე მოძრაობა შეზღუდული, რთულად დასადგენია. მერია გზის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის არ ავრცელებდა. 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაჭიანურება განსაკუთრებით აწუხებდათ ტაქსის მძღოლებს. მათი თქმით, გრძელი შემოვლითი გზები დიდ დროს მოითხოვდა, რაც კლიენტის დაკარგვის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. 

“სადგურის და “სტეკლოტარის” მხარეზე ვერ მოძრაობდი ფიზიკურად. შემოვლითი გზებით დროც მიდიოდა ბევრი, საცობები იყო იმ პერიოდში. ერთხელ რომ ვერ მიხვალ თავის დროზე, მეორედ საერთოდ ვერ მიხვალ და მესამედ, თავისთავად იკარგებოდა ის კლიენტიც,” – გვითხრა ტაქსის მძღოლმა მამუკა ფონაძემ.

“გამოვდივარ ქუჩაში და ხან რა პრობლემა მხვდება, ხან რა. მთელი სასექტემბრო მუშაობის პერიოდში სულ ასე ვიყავით დატანჯული. გზის გადაკეტვა ყველაფერზე მოქმედებს. შეეზარება ხალხს მოსვლა და ესაა, ჩვენ მაგაზე ვართ დამოკიდებული,” – გვეუბნება ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებული, თუმცა სახელის და გვარის გასაჯაროების გარეშე. 

როგორ ზრუნავდა მერია მოსახლეობის ინფორმირებაზე?

ქუთაისის მერია მოქალაქეებს ინტერნეტით აგებინებდა ხოლმე, როდის გადაიკეტებოდა გზა. ეს ინფორმაცია მერიის ფეისბუქ გვერდზე ან საიტზე უნდა ეძებნათ. იმაზე არ უფიქრიათ, რომ ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა ყველას ვერ ექნება. 

“შენ არ გეტკინა არაფერი, წინასწარ ვინ გვაფრთხილებს ახლა ჩვენ მაგაზე? არა, შვილო. იყო გადაკეტილი მინის ტარის ქარხანა, ნინოშვილის მონაკვეთი, მერე აქეთ და ახლა სადაა და რატომაა, აღარ ვიცი…” – გვეუბნება გამყიდველმა ჭავჭავაძის ბაზარში.

 “გასაკეთებელი რომ იყო, კი ვიცოდი მარა როდის გააკეთებდნენ, ჩვენ ვინ გვეტყოდა მაგას? არავინ… წეღან წევიყვანე ბაღანა, ვერ გევედი და დავბრუნდი უკან. თუ არ ვიმოძრავე, ყველაზე დიდი დისკომფორტია ჩემთვის,” – გვითხრა გამზირზე მომუშავე ტაქსის მძღოლმა, ანონიმურობის დაცვის პირობით. 

გზა ნინოშვილი-ჭავჭავაძის გზაჯვარედინიდან მინის ტარის ქარხნამდე 16 იანვარსაც გადაიკეტა. შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებებიც. ამჯერად, ქუთაისის მერია ამ ინფორმაციის ინტერნეტში განთავსებითაც არ შეუწუხებია თავი. ამაზე არც საავტომობილო დეპარტამენტი იუწყებოდა. 

Screenshot 2023 02 06 at 10.05.21
16 იანვარს გადაკეტილი გამზირი , ნინოშვილი-ჭავჭავაძის კვეთიდან
მინის ტარის ქარხნის გზაჯვარედინამდე

“ძალიან დიდი ხანია უკვე გზები გადათხრილია და როდესაც მინდა ვისარგებლო ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილას ზუსტ დროს მივიდე, ამ დროს ვიგებ, რომ საერთოდ სხვა მარშრუტით მიდის. არც იცი, კიდევ რა ქუჩებში მოგიწევს გასვლა. ამაზე ინფორმირება ჩვენს ქალაქში რატომღაც არ ხდება,” – ამბობს ადგილობრივი ნინო გერაძე.

სხვაგვარად ჰგონია გზების დეპარტამენტის დასავლეთის სამსახურის უფროსის მოადგილე ბაქარ ჭეიშვილს. მისი თქმით, მოსახლეობა ყოველ ჯერზე იყო ინფორმირებული, ამაზე ქუთაისის მერიასთან შეთანხმებით ზრუნავდნენ. მერიამ მოგვწერა, ინფორმაციას ყველა შესაძლო რესურსით ვავრცელებდითო.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, წესით, 28 თებერვალს უნდა დასრულდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ საჯარო უწყებების სიტყვაზე ნდობა არ ღირს. დაე, ჩვენ ვცდებოდეთ და ქუთაისს განახლებული გამზირი მალე ეღირსოს.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წერა, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
რატომ გაჭიანურდა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია? – შეჯამება
kutaisi cover e1675666305150

რატომ გაჭიანურდა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია? – შეჯამება

ავტორები: მარიამ კაჭკაჭაშვილი და შორენა ლაღაძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share