fbpx

ქუთაისში მუსიკალური სასწავლებლის რეაბილიტაცია შუა გზაზე მიატოვეს

ქუთაისის მუსიკალური სკოლა - რეაბილტიაცია შუა გზაზეა მიტოვებული

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი დიდ ხათაბალაშია გახვეული. მერიამ შარშან მისი რემონტი დაიწყო, 620 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ მოაბა თავი.

გაშიშვლებულ, ფანჯრების გარეშე დარჩენილ შენობას მთელი ზამთარი აწვიმდა და ათოვდა. არადა, საქმე რომ კარგად წასულიყო, ახლა მუსიკალურის ფასადიც იბრწყინებდა და ინტერიერიც.

შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის 8 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა. შედეგად, ახლა სასწავლებელს ჩამოფხეკილი კედლები, ჩამოცვენილი ჭერი და აყრილი იატაკი კიარა, გალესილ-მოპირკეთებული ოთახები უნდა ჰქონდეს, განახლებული კომუნიკაციებით, სახანძრო სიგნალიზაციისა და და გათბობა-ვენტილაციის სისტემით.

პროექტის მიხედვით, სასწავლებელში კარების იზოლაციაც უნდა მოეწყოთ, მუსიკის ხმის ჩასახშობად.

ამ სტატიით მოგიყვებით, რატომ და ვისი დაუდევრობით შეფერხდა მუსიკალურის რეაბილიტაცია; როგორ ცდილობს მერია, რომ ისრები გადაიტანოს კომპანიის უხეირო მუშაობაზე და თავისი ბრალეულობა არ შეიმჩნიოს.

ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ქუთაისის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს. მას ასწლიანი ისტორია აქვს, თუმცა თავად შენობა ასეთი ასაკოვანი არაა. სასწავლებელი ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ს, კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას ეკუთვნის. მათ სასწავლებლის 2000 კვ.მ შენობა და 1520 კვ.მ მიწა მერიისგან უზუფრუქტით 2012 წლიდან აქვთ აღებული.

ქუთაისის მუსიკალური სკოლის შენობის ფასადი
მუსიკალური სასწავლებლის შენობის ფასადი. (ფოტო გადაღებულია 31 მარტს)

მუსიკალურ სასწავლებელს ახლა 500-მდე მოსწავლე ჰყავს. ისინი, დროებით, სხვადასხვა შენობებში არიან გადანაწილებული.

“ძირითადად, ადმინისტრაცია ვართ პირველ სამუსიკოში, პატარა შენობაა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვახერხებთ. რამდენიმე პედაგოგი იქ არის, რამდენიმე მეორე სამუსიკოშია, რამდენიმე – მესამეში. კიდევ ხელოვნების სკოლაში და კულტურულ- საგანმანათლებლოში [არიან ბავშვები]. ვოკალისტები და გუნდები არიან ოპერის თეატრში,”- გვითხრა მანანა კიკაბიძემ, მუსიკალური სასწავლებლის დირექტორმა.

“აქ [დროებით სკოლაში] ისედაც ჰყავდათ თავიანთი მოსწავლეები, ამიტომ ბავშვს გრაფიკი აერია, სხვა მასწავლებლების საათებს არ ემთხვევა და მოკლედ, გაჭირვებით ვართ. სარემონტო კი იყო ის სკოლა, მაგრამ ამდენი საუკუნე ნამდვილად არ იყო გასაწელი სამუშაო,”- ანონიმურად გვითხრა ქუთაისელმა მშობელმა, რომლის შვილიც ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეა.

“ვფიქრობ, ჩემი შვილი მუსიკალურს სხვაგან შეხიზნული დაასრულებს. რაში აინტერესებთ, როგორ? და რა სირთულეები აქვთ ბავშვებს და პედაგოგებს?”- წერს კიდევ ერთი მშობელი მარი კაცაძე სოციალურ ქსელში.

ვისი ბრალია სამუშაოების გაჭიანურება?

მუსიკალურს რომ რეაბილიტაცია სჭირდებოდა, ქუთაისის მერია 2021 წლის ნოემბერში მიხვდა და საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანია “რომბმა” 5 ათას ლარად შეადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც შენობის ინტერიერი და ექსტერიერი სრულად უნდა შეცვლილიყო.

2022 წლის თებერვალში მერიამ სასწავლებლის რეაბილიტაციის დასაწყებად 1,7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. თანხის 88% ცენტრალური, 11% კი ადგილობრივი, ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო. ტენდერს შვიდი მონაწილე ჰყავდა და ყველაზე დაბალფასიანი, 1,5-მილიონიანი წინადადება შპს “მეტალ+”-ს ჰქონდა, თუმცა მერიამ ამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა, ტექნიკური დოკუმენტაციის დროულად ვერწარმოდგენის გამო.

ქუთაისის მუსიკალური სკოლის შენობის ფანჯრები
სასწავლებლის შენობის ფანჯრები (ფოტო გადაღებულია 31 მარტს)

საბოლოოდ, გამარჯვებულად შეირჩა შემდეგი დაბალფასიანი კომპანია, “შპს მშენჯგუფი”, რომელთანაც ქუთაისის მერიამ 2022 წლის 11 აპრილს 1,6-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა და დაავალა მუსიკალური სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია ხუთ თვეში, ანუ 2022 წლის 8 ოქტომბრამდე.

რატომ ვერ დაასრულეს რემონტი? “მშენჯგუფისა” და ქუთაისის მერიის ხელშეკრულებაში სამი ცვლილება შევიდა. ჯერ საბანკო რეკვიზიტები შეიცვალა, შემდეგ სამუშაოების გეგმა-გრაფიკი და თანხის რაოდენობა.

სამუშაოების დასრულებამდე ორი თვით ადრე, ოქტომბერში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა კომპანიას ორი გაფრთხილების წერილი გაუგზავნა, სამუშაოების ვადებს არღვევთ და თუ ასე გაგრძელდა, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდებაო. ასეც მოიქცნენ. 25 ოქტომბერს ქუთაისის მერიამ “მშენჯგუფს” კონტრაქტი გაუწყვიტა.

კომპანია საქმეს ჩამოშორდა, ნაწილობრივ სამუშაოებში, 621 ათასი ლარი აიღეს, დაუსრულებელი სამუშაოებისთვის კი 321 ათასით ლარით დაჯარიმდნენ. თვალითაც შესამჩნევია, რა გააკეთა “მშენჯგუფმა” – შემოცლილია შენობის ფასადის ზედაპირი, შიდა კედლები, ჭერი და იატაკი აყრილია, პირველ სართულზე კი მეტალო-პლასტმასის ფანჯრებია ჩასმული. მათ კედლების გალესვა, გადახურვა და ელექტროობის გაყვანაც მოასწრეს.

ჩამოცვენილი ჭერი ქუთაისის მუსიკალურ სკოლაში
ჩამოცვენილი ჭერი შენობის ინტერიერში

1 ნოემბერს “მშენჯგუფის” შავ სიაში შესაყვანად ქუთაისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილიც გაუგზავნა. კომპანია, ჯერჯერობით, “გაშავებული” არ არის. “მშენჯგუფის” წარმომადგენელმა გვითხრა, შავ სიაში ვერ ჩაგვსვეს, გაითვალისწინა სასამართლომ, რომ რაც შევასრულეთ, ის სრულყოფილად იყო გაკეთებულიო.

ბუნებრივია, ახალი კომპანია მიტოვებულ საქმეს მაშინვე ვერ გააგრძელებდა. ახალი ტენდერის გამოცხადებაა საჭირო, რასაც დამატებითი დრო სჭირდება. ასე შერჩა გაშიშვლებული შენობა ქუთაისის ზამთარს. სახურავი კი აქვს, მაგრამ ფანჯრების ადგილას დატოვებულ ღიობებში წვიმის და თოვლის წყალი მარტივად შეღწევადია.

მერია კი ამბობს, “მშენჯგუფმა” არაჯეროვნად იმუშავა და მაგიტომ ჩამოვაშორეთ საქმესო, მაგრამ კომპანიაში სხვაგვარად ფიქრობენ. მათთვის თავის ტკივილად იქცა არასრულყოფილი პროექტი და მასთან შეუსაბამო მოთხოვნები.

ვესაუბრეთ კომპანიის დირექტორის და მფლობელის, გიორგი კაპანაძის მინდობილ პირს, ნიკოლოზ პაპიძეს. მისი თქმით, მერიას უსაფუძვლო დაკვეთები ჰქონდა, პროექტში და ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი სამუშაოები მათ მოთხოვნებს აბსოლუტურად სცდებოდა. ისიც გვითხრა, უამრავი მიზეზი გვქონდა, ხელშეკრულება მათ კიარა, პირველებს ჩვენ გაგვეწყვიტაო.

“მშენჯგუფმა” ქუთაისის მერიას სასამართლოშიც უჩივლა და ჯარიმაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

“ტენდერი ჩატარდა და ხელშეკრულების მიხედვით სამ დღეში გვევალებოდა სამუშაოების დაწყება. სამ დღეში კიარა, ფართი თვენახევარშიც არ იყო დაცლილი, მუსიკალური გაკვეთილები მიმდინარეობდა. 41 როიალი და 41 ‘პიანინო’ ახლაც იქ დგას. რომ მივწერეთ, როგორ ვიმუშავოთ ასე როიალებთან ერთადო, რა მოხდა მერეო კაცო, შეფუთეთ, გადააადგილეთ და გადმოაადგილეთ. ‘სტიაშკის’ დასხმის დროს მუშამ ხელში აწიოს როიალი, ‘სტიაშკა’ დაასხას და დადგას ისევ?” – გვითხრა ნიკოლოზ პაპიძემ.

“მშენჯგუფის” ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ მუსიკალური ინსტრუმენტები დაზიანებული იქნება. ყველა როიალი თავად შეფუთეს, უფასოდ და ოთახიდან ოთახში გადაჰქონდათ. გვითხრა, მთელ საქართველოში ვაკეთებ სამუშაოებს, ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ქუთაისის მერიის მსგავსი შემსყიდველი არ შეგვხვედრიაო.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე მუშაობა, გახდით ჩვენი სპონსორი

ვინ დაასრულებს სასწავლებლის რემონტს?

სამუსიკო სასწავლებლის რეაბილიტაცია ხუთი თვეა შეჩერებულია. ქუთაისის მერიამ ახალი კომპანიის ძებნა გასული წლის ბოლოს, წინასაახალწლოდ დაიწყო. 2022 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებული 1,1-მილიონიანი ტენდერი ჩავარდა, რადგან მონაწილეობა არავინ მოისურვა. 2023 წლის თებერვალში მერიამ სამუშაოების თანხა 1,3 მილიონამდე გაზარდა. ტენდერი ვერ შედგა, მას ამჯერადაც არ ჰყავდა პრეტენდენტები.

ქუთაისის მუსიკალური სკოლის დახურული კარები

საბოლოოდ, სამუსიკო სასწავლებლის გარემონტების მსურველი კომპანია გამოჩნდა მარტში, როცა მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა. მასში სამი კომპანია მონაწილეობდა და ყველაზე დაბალფასიანმა, შპს “ჰეადერ კონსტრაქშენმა” გაიმარჯვა. კომპანიას 1,2 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 31 მარტს დაუდეს.

“ჰეადერ კონსტრაქშენი” 2019 წელს დაარსებული კომპანიაა და სახელმწიფო შესყიდვაში პირველად მონაწილეობს. მან მუსიკალური სასწავლებლის სრული რემონტი წელს 27 სექტემბრამდე უნდა დაასრულოს. ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს ამ მასშტაბურ პროექტს.

თუ ქუთაისის მერიას მადა არ გაეხსნება და მოთხოვნებს გზადაგზა არ შეცვლის, როგორც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისას, იქნებ საქმე დროულადაც დასრულდეს და შემოდგომაზე, მოსწავლეებს სხვა მუსიკალურ სკოლაში შეხიზნულებს აღარ მოუწიოთ მეცადინეობა.

    კომენტარები
    Total
    0
    Shares
    თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე მუშაობა, გახდით ჩვენი სპონსორი
    Next
    სოზარ სუბარი
    სოზარ სუბარი - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

    სოზარ სუბარი

    “აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ

    თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
    Total
    0
    Share