fbpx
ლენტეხის კულტურის სახლის რემონტი

რატომ დაგვიანდა ლენტეხის კულტურის სახლის რემონტი?

ავტორები – ანა რობაქიძე და მარიამ სიმსივე

ლენტეხის კულტურის სახლი 2021 წლიდან რემონტდებოდა. სრული რეკონსტრუქციის სამუშაოები ექვს თვეში, ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ წელს დეკემბერში მორჩა. ამ დროის განმავლობაში ხელოვანები ყოფილი კინოთეატრის შენობას შეეფარნენ.

“შეშის ღუმელით ვთბებით, რაც მოიაზრება სოფლურ ცხოვრებაში, ასე ვართ, ჯერჯერობით,”- გვითხრა კულტურის ცენტრის დირექტორმა მაყვალა გაზდელიანმა. მასთან ერთად “კინოს სახლშია” შეხიზნული ანსამბლი “ლაგუშედა” და ლენტეხის სალოტბარო სკოლაც.

კულტურის სახლის გახსნა დაგვიანდა იმიტომ, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები ყურადღებით არ დაიგეგმა, გზადაგზა გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინა, რის გამოც პროექტიც შეიცვალა, ხელშეკრულებაც და სამუშაოების ვადებიც.

ჩვენი სტატიიდან გაიგებთ, რისი ან ვისი ბრალეულობით შეფერხდა რეაბილიტაცია და რატომ დარჩნენ ლენტეხელი მომღერლები თუ მოცეკვავეები უცხო შენობაში შეხიზნულები ორი წელი, ექვსი თვის ნაცვლად.

როგორ წარიმართა ლენტეხის კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები?

ლენტეხის მერიამ კულტურის სახლის კეთილმოწყობა 2021 წლის ზაფხულში გადაწყვიტა და 2,2 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვების ტენდერი გამოაცხადა. კონკურსს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა, შპს “ჯორჯია ბილდინგ კომპანი”, რომელსაც ხელშეკრულება ოქტომბერში გაუფორმეს. კომპანიას შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ექვს თვეში უნდა დაესრულებინა, ანუ გასული წლის აპრილში. მათი დავალება იყო, მაგალითად, ფასადის მოპირკეთება, ძველი აივნის მოხსნა და ახლის მიშენება, სახურავზე ბუტაფორიული კოშკის დაშენება, ოთახებში პარკეტის იატაკის დაგება, საინჟინრო ქსელის, გათბობის, კანალიზაციის და სახანძრო სისტემების მონტაჟი.

კულტურის სახლის ფასადი
კულტურის სახლის ფასადი, ფოტო:10 ივლისი

კომპანიამ ეს საქმე დროულად ვერ შეასრულა, რის გამოც 2023 წლის 12 ივნისს ლენტეხის მერიამ მათთან ხელშეკრულება გაწყვიტა. კომპანიას 360 ათასი ლარის ჯარიმაც აკისრია, მაგრამ მის დაფარვას არ აპირებს. “ჯორჯიან ბილდინგის” დირექტორი დავით კობაიძე დაჯარიმების გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს.

ხელშეკრულების შეწყვეტისას, კომპანიას დარჩენილი ჰქონდა გახმოვანების სისტემის მონტაჟი, მოაჯირის მოპირკეთება, ანუ რკინის ფიგურების ჭრა და შენობის ავეჯით აღჭურვა.

დავინტერესდით, რამ შეუშალა ხელი “ჯორჯიან ბილდინგს”, რომ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ემუშავათ. სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტებში რომ ჩავიხედეთ, ლენტეხის მერიის ბრალეულობაც გამოიკვეთა.

ოქტომბერში, როცა კომპანია კულტურის სახლის რეაბილიტაციას შეუდგა, აღმოაჩინა, რომ შენობის პირველი სართული მერიის ბალანსზე არ ყოფილა. არადა, ლენტეხის მერიას რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერი ერთ მთლიან შენობაზე, ორივე სართულის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული.

“ეს შენობა მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ერთ შენობად, იყო ერთი პროექტი, ერთი ელექტროენერგია, ერთი გათბობა, ერთი წყალი და ა.შ… შესაბამისად, მოითხოვა ამ ყველაფრის გამიჯვნა, ვინაიდან ცალ-ცალკე აბონენტებია, ცალ-ცალკე საკუთრებაა… ეს პროექტი, ფაქტობრივად, თავიდან გავაკეთეთ,”- გვითხრა კომპანიის დირექტორმა დავით კობიძემ.

კულტურის სახლი
რეაბილიტირებული კულტურის სახლის ფასადი

ლენტეხის მერ გია ონიანს სატელეფონო ინტერვიუსას რომ ვკითხეთ, როგორ მოხდა, რომ არ იცოდით, პირველი სართული თქვენს საკუთრებაში თუ არ იყო-თქო, ტელეფონი გაგვითიშა.

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კულტურის სახლის პირველი სართულის მფლობელი არა მერია, არამედ ა(ა)იპ ფოლკლორის ცენტრი ყოფილა, ამ ნაწილის მოსაწყობად ცალკე ტენდერი გამოცხადდა. თავად “ფოლკლორის” ცენტრის დაკვეთით, ეს სამუშაოებიც შპს “ჯორჯიან ბილდინგ კომპანიმ” 154 ათას ლარად შეასრულა. პირველი სართული 2022 წლის აგვისტოდან მოწყობილია, მაგრამ აქ დასაქმებულები შენობაში იქამდე ვერ შევლენ, ვიდრე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია არ დასრულდება.

ლენტეხის კულტურის სახლი ორსართულიანი ნაგებობაა, ჯამში 1,150 კვ.მ-ის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი კი პირველ სართულზე, 252 კვ.მ-ს ფლობს.

მესაკუთრის გარკვევის შემდეგ “ჯორჯიან ბილდინგ კომპანიმ” სამუშაოები სახურავის დემონტაჟით და მონტაჟით დაიწყო, დეკემბრის ბოლოს კი პირველი ეტაპის კუთვნილი, 90 ათასი ლარის ანაზღაურებაც აიღო.

ამის შემდეგ ხელშეკრულებაში ექვსი ცვლილებები შევიდა – არაერთხელ გადაიწია სამუშაოების დასრულების და ხელშეკრულების მოქმედების ვადები. მიზეზი ხან არახელსაყრელი კლიმატური პირობები იყო, ხან გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები. მაგალითად, კომპანიამ საქმის დაწყების შემდეგ აღმოაჩინა კულტურის სახლის სარდაფის დაზიანება, შეიცვალა სცენის ზომები და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალებიც.

კომპანიამ 2022 წლის აპრილში, წვიმიანი ამინდების შემდეგ სამუშაოების განახლებისას აღმოაჩინა, რომ სარდაფის მზიდი კედლები ავარიული იყო. “ჯორჯიან ბილდინგ კომპანიმ” შენობის მთელ პერიმეტრზე მიწა ამოიღო და ბალასტით შეავსო. კედლების შრობის შემდეგ კი არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების რჩევით, მზიდ კედლებზე რკინა-ლითონის ჯავშნის მოწყობაც გადაწყვიტეს.

“მხოლოდ შენობის გამაგრებითი სამუშაოების შემდგომ შევძელით სარემონტო სამუშაოების დაწყება სრული დატვირთვით, ვინაიდან ნომერ პირველ ამოცანას წარმოადგენდა შენობის გამაგრება და შენობაზე შესაძლო დაშენების მოწყობის გადაწყვეტა,”- წერს კომპანია 2022 წლის 9 აგვისტოს წერილში, რომელიც ლენტეხის მერ გია ონიანს გაუგზავნეს.

გარდა სარდაფში აღმოჩენილი “სურპრიზისა”, კომპანიისთვის გაუთვალისწინებელი სამუშაო იყო ახალი კიბის მოწყობაც, რადგან ძველი კიბისგან მხოლოდ ფრაგმენტები იყო შემორჩენილი.

“ჯორჯიან ბილდინგის” დირექტორმა ჩვენთან საუბრისას ახსენა, რომ გახმოვანებაც მუშაობის პერიოდში გახდა შესაცვლელი. ვინაიდან, პროექტით ის მორგებული იყო მცხეთის კულტურის ცენტრის დარბაზზე, რომელიც ორჯერ დიდია.

კინოს სახლის ინტერიერი
კულტურის სახლის ინტერიერი, ფოტო: 10 ივლისი

სამუშაოების დაწყების შემდეგ იკვლიეს შენობის მდგრადობაც. 2022 წლის ოქტომბერში შპს “სფინქსის” ექსპერტებმა თქვეს, რომ კულტურის სახლის შენობის კონსტრუქციულ ნაწილს ლითონით გამაგრება სჭირდებოდა.

ბუნებრივია, ამ არათანმიმდევრობამ, გზადაგზა წარმოქმნილმა პრობლემებმა და პროექტის დაკორექტირებამ და დამატებითმა კვლევებმა საქმე გააჭიანურა.

კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი 2021 წელს “აკეთი 2017”-მა 11 ათას ლარად მოამზადა. კომპანიისგან გვაინტერესებდა, რატომ არ იყო მათ დოკუმენტაციაში ასახული, რომ სარდაფის კედლები დაზიანებული და გასამაგრებელი იყო. დირექტორის შვილმა მიშა ორაგველიძემ (მამა გარდაიცვალა და ამბობს, რომ თავადაც საქმის კურსშია) გვითხრა, ვიზუალური დათვალიერებით ეს პრობლემები არ ჩანდა და მხოლოდ სამუშაობის პროცესში გამოიკვეთაო.

“როგორც მე მახსოვს, [სარდაფში] გაყვანილი იყო რაღაც მილები, რომელიც დაზიანებული იყო შიგნით, კედელში და დროთა განმავლობაში ქიმიურად შლიდა ბეტონს… როდესაც ბათქაშის ჩამოღება დაიწყეს, კედლის გარკვეული მონაკვეთი დაზიანდა. ამის გამო გახდა საჭირო [პროექტის] კორექტირება… წყალი გარეთ არ გამოდიოდა და ხილული არ იყო. საპროექტო ორგანიზაცია როცა პროექტს აკეთებს… კედელში შიგნით რა ხდება, მაგას ვერავინ გაიგებს,”- ამბობს მიშა ორაგველიძე.

ლენტეხის მერიასთანაც გვქონდა კითხვები, მაგრამ ადგილზე მისულებს არავინ გავესაუბრა. ნახევარი საათი ვიცდიდით, მაგრამ პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, ყველა შეხვედრაზეა გასული, ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ და მხოლოდ წერილობით გიპასუხებთო.

საბოლოოდ, მერი ტელეფონზე გაგვესაუბრა. გია ონიანმა ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად მიმწოდებლის მხრიდან გულგრილობა და ვადების გადაცილება დაასახელა.

“სანამ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდოდა, თვეები ველოდეთ, რომ გაეგრძელევინა სამუშაოები და არ განაახლა. თვითონ კომპანიის წარმომადგენლები არც კი გამოჩნდნენ ჩვენთან… ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, აქამდეც გახსნილი უნდა გვქონოდა ეს კულტურის ცენტრი, ბავშვები ელოდებიან…”- გვითხრა მერმა 12 ივლისს.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე მუშაობა, გახდით ჩვენი სპონსორი

რას ფიქრობენ ხელოვანები?

კულტურის სახლით სარგებლობს ფოლკლორის ცენტრი და ა(ა)იპი “ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრი. მათი შემოქმედებითი საქმიანობა მოიცავს ხალხურ მუსიკას, ტრადიციულ გალობას, ქორეოგრაფიას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.

10 ივლისს ლენტეხს რომ ვესტუმრეთ, ხელოვანების დროებითი სამყოფელიც მოვინახულეთ – ლენტეხის კინოს ყოფილი შენობა, თამარ მეფის ქუჩაზე.

კინოს სახლი
ყოფილი კინოთეატრი

იქვე, სარეპეტიციოდ შეკრებელ ანსამბლ “ლაგუშედას” გადავეყარეთ. გვითხრეს, კულტურის სახლი 70-ან წლებში ააგეს და ამ მასშტაბის რემონტი პირველად გაუკეთდაო. მათ საუბარში ჩანდა, რომ ახალ სცენაზე დადგომა უხარიათ.

მეორე წელია სრული დატვირთვით ვერ ფუნქციონირებს ვერც ლენტეხის სალოტბარო სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სახლში მათთვის განკუთვნილი პირველი სართული ერთი წელია გარემონტებულია. ამ სკოლაში 50 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც სიმღერასა და გალობას სწავლობენ.

სკოლის დირექტორმა ზურაბ ლიპარტელიანმა გვითხრა, კულტურის სახლში ალბათ, მაქსიმუმ ერთ-ორ თვეში შევალთო: “… ყურადღების ცენტრში ვართ და ყოველდღე ვმეთვალყურეობთ და ვხედავთ სიტუაციას მანდ, ჩართულები ვართ ყველა. ახლა ყველაფერი გაკეთებულია, უბრალოდ ტექნიკა არის შემოსატანი და სცენა არის გასაწყობი.”

ლენტეხის მერიამ სამუშაობის დასასრულებლად ამ წლის აგვისტოში ახალი 838,000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულად შპს “ჯორჯიან ინჟინერინგი” გამოვლინდა, რომელსაც 3-თვიანი ვადა მისცეს. კომპანიას ევალებოდა შენობის სარეაბილიტაციო და ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, წყალმომარაგების, კანალიზაციის და ცეცხლდაცვის სისტემის მოწყობა, ასევე სცენის გახმოვანების მონტაჟი და დარბაზის ინვენტარით აღჭურვა.

ლენტეხის კინოს სახლი
გათბობის ღუმელი ყოფილი კინოს შენობაში

ახლა სამუშაოები დასრულებულია და ხელოვანები შენობის ოფიციალურად ჩაბარებას ელიან. იმედი აქვთ, რომ რომ 2-წლიანი ლოდინის შემდეგ, საახალწლოდ მაინც დაუბრუნდებიან სამუშაო გარემოს.

“როგორც იქნა, მივედით ფინიშამდე ახლა. ალბათ, ერთ კვირაში შემოვა აპარატურაც და სცენის ჩაცმულობაც… ბევრი ხელის შემშლელი პირობები გამოჩნდა, მაგრამ დაადგა საშველი. ახალი წლების არდადეგები რასაც გადაწევს, თორემ იანვრის მერე ჩაბარდება უკვე დამთავრებულად და როგორც კი ჩაბარდება, შევსახლდებით,”- გვითხრა კულტურის ცენტრის დირექტორმა მაყვალა გაზდელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები

მასალაში გამოყენებული წყაროები

FNF

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე მუშაობა, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
ა(ა)იპ-ები – ქვეყნის საჭიროება თუ მუნიციპალიტეტებში დასაქმების წყარო?
ქვეყნის საჭიროება

ა(ა)იპ-ები – ქვეყნის საჭიროება თუ მუნიციპალიტეტებში დასაქმების წყარო?

ცაგერში მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი სამთავრობო ორგანიზაციებშია დასაქმებული

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share