ქართველები ხშირად ამბობენ, რომ სასარგებლო წიაღისეული საქართველოში უცხოელების ხელშია. ეკონომიკის სამინისტროდან გამოვითხოვეთ იმ ლიცენზიების ნუსხა, რომლებიც გაცემულია საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად.
აღმოჩნდა, რომ სულ ამჟამად მოქმედია 3,442 ლიცენზია. აქედან 3,116-ს ფლობს ქართული კომპანია ან ქართველი ინდმეწარმეები. მეორე ადგილზე არიან რუსეთის მოქალაქეები ან რუსული კომპანიები, რომლებიც ჯამში 69 ლიცენზიას ფლობენ.
მესამე ადგილს იკავებენ ოფშორული კომპანიები – 55 ლიცენზია; ამერიკული და თურქული კომპანიები/მოქალაქეები თანაბრად ფლობენ 25-25 ლიცენზიას. ჩინური კომპანიები და მოქალაქეები კი 24 ლიცენზიას ჯამში.
ყველა ლიცენზიის შესახებ დეტალური ინფორმაცია დავიტანეთ რუკაზე, სადაც ყვითელი ფერით აღნიშნულია ქართველების საკუთრებაში არსებული ლიცენზიები; ცისფერით – რუსული, წითლით – ჩინური და იასამნისფრად – სხვადასხვა წარმომავლობის კომპანიების ლიცენზიები.