ავტორი: თამთა ჯიჯავაძე
ბოლო სამი ხელისუფლება მანგლისელებს წყლის 24 საათიან მიწოდებას ჰპირდებოდა. ადგილობრივების ბოლო იმედი 2017 წელს გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი იყო. ამ თანხით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას პრობლემა 2018 წლის აგვისტომდე უნდა შეემსუბუქებინა. სამუშაოები ზუსტად 1 წლის დაგვიანებით დასრულდა. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ წყალმომარაგება მაინც არ გაუმჯობესებულა.
მანგლისში ხალხი თავს, ძირითადად, ბინების გაქირავებით ირჩენს, განსაკუთრებით ზაფხულში. ამ დროს დაბა სავსეა დამსვენებლებით და წყალზე მოთხოვნა იზრდება. 30 წელია მანგლისს წყალი მიეწოდება დღის განმავლობაში 2-5 საათით. ამ დროში ხალხი რეზერვუარების ავსებასაც ვერ ასწრებს. წყლის ავზს მანგლისში, თითქმის, ყველა ეზოში შეამჩნევთ.
“მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაასრულეს, გაუმჯობესებას ვერ ვგრძნობთ. წყლის გამრიცხველიანება რომ გააკეთეს, მუდმივი ხომ უნდა იყოს წყალი? როგორც იყო ადრე, ახლაც ეგრეა. ზაფხულში დილის რვიდან მოდის წყალი და 2-3 საათამდეა,“ გვიყვება გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნატალია წიკლაური.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ნიუმშენმა“ გაიმარჯვა. კომპანიას მანგლისში აბონენტების გამრიცხველიანების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულება დაევალა. ამ ყველაფერს დღის განმავლობაში წყლის მიწოდების დრო უნდა გაეხანგრძლივებინა.
“ეს პირველი ეტაპის სამუშაოები იყო, შესაბამისად, ეს არ იყო მთლიანი რეაბილიტაცია. ის რომ მთელ მანგლისს წყალმომარაგება გამოუსწორდებოდა, ამ დავალებას პროექტი არ ითვალისწინებდა. ამ პროექტზე გვქონდა მოლოდინი, რომ მეტნაკლებად გრაფიკი 18-20 საათზე მაინც ავიდოდა მანგლისის ძირითად ნაწილში,” ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში, ზაზა სიხარულიძე.
იმის გამო, რომ მანგლისს წყლის არასაკმარისი რესურსი აქვს, ფიქრობდნენ, რომ გამრიცხველიანება წყლის რაციონალურ მოხმარებას უზრუნველყოფდა. თუმცა, მრიცხველები ყველა მოსახლეს ჯერ ვერ დაუყენეს. ვისაც დაუყენეს, ისინი ექსპლუატაციაში შესული ჯერაც არ არის.
“თამარის ქუჩაზე, ჩვენს მხარეს, ჯერ მრიცხველები არც გაუკეთებიათ. სახლამდე გამოიყვანეს მილები. შემდეგ უკვე ჩვენ თვითონ ვიშრომეთ, ვიყიდეთ მილები და სახლში შევიყვანეთ. ვერ იპოვეს ქსელი და ვერ გააკეთეს, ამიტომაც ჩვენ ჩვენივე სახსრებით მოვახერხეთ და დავაერთეთ ძველ მილებზე,” – ამბობს 65 წლის დარიკო.
როგორც სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ნიუმშენში” ამბობენ, მრიცხველები დაახლოებით 800 აბონენტს დაუმონტაჟდა, მაშინ როდესაც აბონენტების რაოდენობა დაახლოებით 900-ა. კომპანიაში გვითხრეს, რომ მრიცხველების დაერთებისას პრობლემები შეექმნათ: „მანგლისში ოჯახი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე პროექტით იყო გათვალისწინებული. ჩვენზე რაც იყო პროექტით გათვალისწინებული, დავაყენეთ.”
მუშაობის პროცესში “ნიუმშენმა” სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა ცხრაჯერ მოითხოვა. სამუშაოების გადავადების მიზეზად დამკვეთს და შემსრულებელს განსხვავებული განმარტებები აქვთ.
კომპანიის წარმომადგენელი დაგვიანების მიზეზებად ასახელებს:
• საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზებს, რომლის გასწორებასაც დრო დასჭირდა;
• კლიმატურ პირობებს, რომლის გამოც ვერ მუშაობდნენ;
• დამკვეთის მიერ თანხის დაგვიანებით ჩარიცხვა.
„რაც შეეხება მოსახლეობის პრეტენზიას, რომ ამ სამუშაოებმა შედეგი არ მოიტანა, ალბათ, ამ კითხვის ადრესატი ჩვენ არ ვართ. რა შედეგი უნდა დამდაგარიყო ამ სამუშაოების მერე, ეს მე არ ვიცოდი. ჩვენ გვქონდა პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შეგვესრულებინა სამუშაოები,“ – გვეუბნება “ნიუმშენის” წარმომადგენელი.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილის, ზაზა სიხარულიძის განცხადებით კი, მიცემული ვადა საკმარისი უნდა ყოფილიყო კარგი კომპანიისთვის სამუშაოების დასასრულებლად.
“კომპანიას არ ჰქონდა შესაბამისი მატერიალური ბაზა. მერე დაიწყო მოძიება შემსრულებლების, მომწოდებლების, მილების. შესაბამისად, არ იყო ეს კომპანია ძლიერი. ჩვენი ინფორმაციით, მას სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჰქონდა აღებული სამუშაოები, ვერ გათვალა ძალები და დადგა გარკვეული პრობლემების წინაშე. შესაბამისად, გაიწელა ეს პროექტი”, – ამბობს სიხარულიძე.
კომპანიამ ჩვენთან კომუნიკაცია გაწყვიტა და სიხარულიძის ბრალდებაც უპასუხოდ დარჩა.
ტენდერების ანალიზი გვიჩვენებს, რომ “ნიუმშენს” პარალელურად მართლაც ჰქონდა კიდევ ორი მსგავსი პროექტი აღებული. ერთი მარნეულის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და დაახლოებით 7 თვეში უნდა დასრულებულიყო. მეორე – გორის მუნიციპალიტეტში, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. კომპანიას ჯერ არცერთი სამუშაო დაუსრულებია.
წყალმომარაგების კომპანიამ შპს „ნიუმშენი“ მანგლისში სამუშაოების ვადაგადაცილების გამო 11,120 ლარით დააჯარიმა.
წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიაში აცხადებენ, რომ მანგლისში იგეგმება შესაბამისი სამუშაოების მეორე ეტაპიც, მაგრამ როდის დაიწყება და რა მასშტაბის სამუშაოები ჩატარდება, ჯერ უცნობია.
ხვიჩა წიკლაური წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის წარმომადგენელია მანგლისში. მისი აზრით, მანგლისში წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად შემდეგია გასაკეთებელი:
• წყლის მილები უნდა გამოიცვალოს ყველგან;
• ყველა აბონენტს წყლის მხოლოდ ერთი ხაზი უნდა ჰქონდეს შეყვანილი სახლში და ერთი მრიცხველის მიხედვით უნდა იხდიდეს გადასახადს.
სამუშაოების მეორე ეტაპზე ჯერ საუბარიც არაა. ახლა მთავარია, პირველი ეტაპის სამუშაოების გამოყენება შეძლოს მოსახლეობამ, რომელზეც ჩვენი საერთო „ჯიბიდან“ ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.