ყოფილი პარლამენტარის, გუგული მაღრაძის ოჯახზე მისი პარლამენტარობა დადებითად აისახა. მაღრაძის ქალიშვილის ქმარმა ჯერ თბილისის მერიაში დაიწყო უკონკურსოდ მუშაობა, შემდეგ კი ისეთი ბიზნესი წამოიწყო, რომელსაც მთავრობა ყველანაირი სახელმწიფო რესურსით ეხმარებოდა.
ყოფილი პარლამენტარის სიძე, ირაკლი ღურჭუმელია ჩაის კომპანია “მანნას” თანადამფუძნებელი და დირექტორია. კომპანიამ ჩაის წარმოება 2017 წლის შემოდგომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო: მიიღო 348,000-ლარიანი გრანტი და 436,000-ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის ყოველთვიური პროცენტის ნაწილს “მანნას” ჩვენ ვუხდიდით, გადასახადის გადამხდელები.
კომპანიას სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარა, რომ პროდუქტი უცხოური ბაზრებისთვის გაეცნო. წარმოების დაწყებისთანავე “მანნა” საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებზე მოხვდა. 2020 წელს “მანნა” საქართველოდან ჩაის ექსპორტიორთა ათეულში იყო.
საწარმო 2017 წლის სექტემბერში ამუშავდა. ოქტომბრის თვეში კი როდესაც ჩაი ბაზარზე გამოჩნდა “მანნამ” პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიოლნის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა სხვა 15 ქართულ კომპანიასთან ერთად. ეს კომპანიები თავად სააგენტომ “აწარმოე საქართველოშიმ” შეარჩია. ასეთ გამოფენებში “აწარმოეს “ დახმარებით მანნა 2018 და 2019 წლებშიც მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც გუგული მაღრაძის სიძემ გვითხრა, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა მათ კომპანიას საექსპორტო ბაზრის გაფართოებაში ეხმარება:
“ეს ფესტივალები არის ზუსტად ის, რაც ამაღლებს ცნობადობას საერთაშორისო ბაზარზე. [ფესტივალებზე] დგება კატალოგები და ყველა დაინტერესებული მხარე იხედება კატალოგებში, რა კომპანიაა, ვინ არის… კიოლნის და პარიზის ფესტივალზე ბევრი მოდიოდა ჩვენთან, ყიდულობდა და მერე ჩვენი საწყობიდან გაჰქონდათ, რა თქმა უნდა დახმარება იყო.”
სახელმწიფო რესურსების გარდა, “მანნამ” ბრენდის ჩამოყალიბება-განვითარებისა და მარკეტინგული პროცესების მართვისთვის usaid/reap ფინანსური დახმარებაც მიიღო.
“როდესაც სახელმწიფომ გამოაცხადა სხვადასხვა საგრანტო და თანადაფინანსების პროგრამა აგრომიმართულებით, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რამდენიმე რამეა საქართველოში, რაც ოდითგანვე ცნობილია – ერთი, რა თქმა უნდა, ბორჯომია, მეორეა ღვინო და მესამე – ჩაი. ჩაის სფეროში ძალიან კარგი გრანტები და სახელმწიფო დახმარება იყო. ზუსტად აქედან დაიწყო ჩვენი ინტერესი, რომ შეგვექმნა ასეთი საწარმო, რომელიც არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გააკეთებდა, არამედ ექსპორტზეც იქნებოდა ორიენტირებული,” – ამბობდა ირაკლი ღურჭუმელია ambebi.ge-სთვის 2019 წელს მიცემულ ინტერვიუში.
2020 წელს კომპანიის 49%-ის მფლობელი გახდა ახალი ფონდი – “გაზელ ფაინენს ჯორჯია” ფონდმა “მანნას” განვითარებაში 600,000 დოლარი დააბანდა. ოფიციალური განცხადებების თანახმად, “გაზელ ფაინანსი” საქართველოში საპარტნიორო ფონდმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის შემოიყვანა. არადა, საპარტნიორო ფონდი, რამდენიმე შუამავალი კომპანიის გავლით, “გაზელ ფაინანს ჯორჯიას”29.11%-ს ფლობს.
გასული წლის იანვარში, “მანნას” ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ 1913 კვ. მ. მიწა 15-წლიანი იჯარით გადასცა, თვეში 760 ლარად. ეს მიწის ნაკვეთი საგურამოში,“მანნას” ჩაის საწარმოს გვერდით მდებარეობს.
“მანნა” 15-მდე სახეობის მაღალხარისხიან, ბიო ჩაის აწარმოებს საქართველოსა და ჩეხეთში. სხვადასხვა დროს ექსპორტზე გადიოდა ევროკავშირის ქვეყნებში, უკრაინასა და ამერიკაში.
ჩაი “მანნას” ოფიციალურ გვერდზე მითითებულია ბრენდის 5 პარტნიორი. აქედან სამი საქართველოს სახელმწიფოს ან მასთან დაკავშირებული პროგრამაა: “აწარმოე საქართველოში,” “სოფლის განვითარების სააგენტო, და “გაზელ ფაინანს ჯორჯია” (რომლის მფლობელიც საპარტნიორო ფონდია); usaid agriculture program (სოფლის მეურნეობის პროგრამა) და ჩეხეთის რესპუბლიკაში საექსპორტო კომპანია pkz group.
იმ ფონზე, როცა “მანნას” მთავრობისგან არაერთი დახმარება თუ ფინანსური ინვესტიცია ერგო, ყოფილმა პარლამენტარმა და “ქართული ოცნების” წევრმა, გუგული მაღრაძემ არ ჩათვალა საჭიროდ, 10 შევსებული დეკლარაციიდან რომელიმეში მაინც მიეთითებინა, რომ სიძესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.
არადა, მისივე ინტერვიუებიდან ვიგებთ, რომ შვილის დაქორწინების შემდეგ, მის სახლში გადავიდა. ბოლო 10 წელია სიძესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. კანონი და დეკლარაციის შევსების წესი პირდაპირ ამბობს, რომ დეკლარაციაში ხვდება ყველა იმ ადამიანის ქონება, ვისთან ერთადაც ცხოვრობს თანამდებობის პირი.
როგორც ჩანს, დეპუტატს “გამორჩა” ოჯახის წევრი, რომელიც სახელმწიფო სუბსიდიებით სარგებლობს და დროდადრო საჯარო სამსახურებშიც მუშაობდა. თუმცა, 2017 წლის დეკლარაციაში მიუთითა, რომ შპს “მანნას” 40,000 დოლარი ასესხა.
“აი, ფაქტმა” შეისწავლა გუგული მაღრაძის დეკლარაციები და ქონებები. აღმოჩნდა, რომ მისი ქონებაც 2012 წლიდან შემოსავლის არაპროპორციულად იზრდებოდა. მაგალითად, მაღრაძემ 2019 წელს შეიძინა 7,000-დოლარიანი (მაშინდელი კურსით, 20 ათასი ლარი) ავტომობილი, 172,000-ლარიანი სახლი და 5,600 დოლარად (მაშინდელი კურსით, 15,900 ლარი) სახლის სარდაფი. ჯამში, ყოფილმა პარლამენტარმა 2019 წელს 208,000 ლარამდე დახარჯა. არადა, მას ამდენი შემოსავალი არ ჰქონია.
შენაძენებისთვის მაღრაძეს შემოსავალი ძველი ქონების გაყიდვით არ მიუღია. არც “მანნასთვის” სესხად მიცემული 40,000 დოლარი დაუბრუნებიათ მისთვის. გუგული მაღრაძე ამ ქონებას ვერ შეიძენდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარ შემოსავალს მთელი წლის განმავლობაში ხელუხლებლად დააგროვებდა. პარლამენტარობით, თსუ-ში ლექტორობით, კუთვნილი ფართის გაქირავებით, “მანნას” სესხის პროცენტით, ავტომობილის გაყიდვით და საბანკო ანგარიშების დაცარიელებით, მას 2019 წელს ჯამში 141,000 ლარი დაუგროვდა. ყველა ხარჯთან ერთად, 2019 წლის ბოლოს ანგარიშებზე 20,000 ლარზე მეტი ისევ ჰქონდა.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ნეპოტიზმის შემთხვევების კვლევა, გახდით ჩვენი სპონსორი.
ირაკლი ღურჭუმელიას სამსახურები და ბიზნესპარტნიორები
გუგული მაღრაძე პარლამენტარი პირველად 2004 წელს გახდა. 2008 წლამდე ის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა. მაღრაძე პარლამენტში 2012 წელს უკვე “ქართული ოცნების” სიით დაბრუნდა და დეპუტატის მანდატს 2020 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა.
2014 წელს მისი სიძე თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ფინანსურ დირექტორად დაინიშნა. ამ სტრუქტურაში ორი წელი იყო, 2016 წლის ივნისში კი თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მაშინ როდესაც დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია იყო, ირაკლი აბესაძემ, თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა” გაასაჯაროვა “მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის პროექტი,” რომელშიც არამიზნობრივ ხარჯვაზე, ტენდერების მორგებულობასა და შესაძლო კორუფციულ რისკებზე იყო საუბარი.
მაშინ ოპოზიცია იმასაც ამტკიცებდა, რომ ირაკლი ღურჭუმელიას, საკუთარი განცხადების საფუძველზე, სამსახური ამის გამო დაატოვებინეს. ამბავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც გამოეხმაურა, მათი თქმით გასაჯაროებული დასკვნა შუალედური იყო; ღურჭუმელიას წასვლა კი მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და არ უკავშირდებოდა ამ დოკუმენტის შინაარს.
მაღრაძემ ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ მისი სიძე კეთილსინდისიერი, წესიერი და მაღალკვალიფიციური კადრია.
ირაკლი ღურჭუმელია პროფესიით ეკონომისტია. თუ სოციალურ ქსელ ლინკდინს დავუჯერებთ, ღურჭუმელია მანამდე სხვადასხვა სამსახურში მენეჯერულ პოზიციებზე ნამდვილად მუშაობდა. მაგალითად, ფინანსურ დირექტორად სადაზღვევო კომპანია ირაოში, დირექტორად alliance group leasing-ში; 2007–2008 წლებში კი საჯარო რეესტრის ფინანსური სამსახურის უფროსიც იყო.
ირაკლი ღურჭუმელია ამჟამად რვა კომპანიის მეწილე და ხუთის დირექტორია. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, მათგან ხუთი კომპანია ჩაის ბიზნესშია ჩართული. თუმცა, როგორც ღურჭუმელია ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, ეს კომპანიები ახლა აღარ მუშაობს და მოქმედი მხოლოდ შპს “მანნააო”.
ღურჭუმელიას ბიზნეს პარტნიორს, ახლო მეგობარს და მისი შვილის ნათლიას, დევი დუნდუას “ქართული ოცნებისთვის” 120,000 ლარი აქვს შეწირული.
მმართველი პარტიის შემწირველია თავად გუგული მაღრაძეც. 2012 წელს “ოცნებას” 50 ათასი ლარი შესწირა.
ღურჭუმელიას ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ზურაბ აბდუშელიშვილია, რომელიც 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში.
ირაკლი ღურჭუმელიას ვკითხეთ, მისი აზრით, რომ არა გუგული მაღრაძის და მისი პერსონალური კავშირები, მიიღებდა ასეთ მხარდაჭერას სახელმწიფო პროგრამებისგან? კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს სხვა ბიზნესმენებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, გვიპასუხა, სიდედრის კავშირები არასოდეს გამომიყენებიაო.
“ყველაფერი ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული. მე იმდენი რამე გავიარე ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მაქვს კავშირებიც, ცოდნაც და ურთიერთობაც, მაგრამ ეს არაფერ კავშირშია ბიზნესთან. ბიზნესი საერთოდ სხვა მიმართულებაა. ვერ გააკეთებ ბიზნესს, თუ შენ არ გაქვს სწორი ხედვა, სწორი მარკეტინგული სტრატეგია და ა.შ. რაც არ უნდა კავშირები და შესაძლებლობები გქონდეს…,”- ამბობს ირაკლი ღურჭუმელია.
ბოლოს ისიც ვკითხეთ, დააფუძნებდა თუ არა კომპანია “მანნას” და იქნებოდა თუ არა ასეთი წარმატებული, რომ არა სახელმწიფოს თანმიმდევრული დახმარებები. გვითხრა, რომ მაშინ ამ საქმიანობას საერთოდ არ დაიწყებდა.
გუგული მაღრაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ მალავდა ოჯახის წევრებს დეკლარაციებიდან და როგორ შეიძინა ქონება. მასთან დაკავშირება ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვცადეთ, მაგრამ ყოფილმა პარლამენტარმა ჩვენი ზარები და შეტყობინებები უპასუხოდ დატოვა.