fbpx
რიკოთის შემოვლითი, საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა

როგორია რიკოთის შემოვლითი გზა, საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთი

ავტორები: შორენა ლაღაძე და თამუნა ქიმაძე

მას შემდეგ, რაც რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა და დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალი ჩაიკეტა, მგზავრებს ორი გამოსავალი დარჩათ, მათ რიკოთის შემოვლითი გზა: ან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, ან ხარაგაული-ჩუმათელეთის მონაკვეთი უნდა გამოეყენებინათ.

მეორე ალტერნატივის არჩევა კარგი აზრი რომ არ არის, ადრეც გიყვებოდით. ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის 50 კმ-ანი მონაკვეთი არც კომფორტულია, არც უსაფრთხო და მაღალი გამავლობის მანქანის გარეშე, ფონს ვერ გახვალთ. არადა, მისი შეკეთება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წელს დაიწყო, 2021-ში დასრულების პირობით.

ამჯერად მგზავრების კიდევ ერთ სატკივარზე- საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გიამბობთ.

წლებია, დიდთოვლობის და მეწყრის გამო გზა ზამთარში გაუვალი ხდებოდა. 2021 წლიდან მისი შეკეთება კი დაიწყო, მაგრამ სამუშაოები ნელი ტემპით წავიდა, კომპანიები დათქმულ ვადებს გადასცდნენ და გზამ მძღოლებს მაშინ უმუხთლა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

მარტში, როცა რიკოთის გზა ჩაიკეტა, რეაბილიტაციის გამო გადათხრილმა მონაკვეთმა მგზავრთა ნაკადი ვერ დაიტია და საცობები გაჩნდა. მგზავრები სოციალურ ქსელში ერთმანეთს აფრთხილებდნენ, ჭიათურით წასვლას არ გირჩევთო:

“საშინელება იყო. საჩხერის შესასვლელთან ისე ჩავარტყი [ორმოში]… რომ გამოვცდი მოსახვევს, 5 მანქანა იდგა, ყველას რაღაც ჰქონდა გაფუჭებული.”;

“ზუსტად 19:00-ზე კეტავენ რიკოთსო, აქ რომ წერდნენ, ამის გამო 160 კმ/სთ სიჩქარით ვიარე თბილისიდან. ჯარიმები მერჩივნა საჩხერე-ჭიათურის გზას. ერთხელ მომიწია ამ მონაკვეთზე გასვლა და მეორედ აღარ ვაპირებ… ”

გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან 62 მილიონი ლარი გამოყო და 29 მილიონი უკვე დახარჯა. სულ სამი ტენდერი გამოცხადდა და თავდაპირველ ვადებში ვერც ერთი შესრულდა. ამ სტატიით გიამბობთ, რატომ მივიღეთ კიდევ ერთი დროში გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტი და როგორ აზარალებს ეს ხალხს.

როგორ დაიგეგმა საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის სამუშაოები?

საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთი სულ 52 კილომეტრია. გუგლის რუკის მიხედვით, მსუბუქი ავტომობილით ამ მანძილის დაფარვას საათნახევარი სჭირდება. თუმცა, რიკოთის ჩაკეტილი მაგისტრალის შემოვლისას, მძღოლები ორ საათზე მეტხანს ანდომებდნენ, დაზიანებული საფარის, მიმდინარე სამუშაოების და საცობის გამო.

გზის სამუშაოები
გომი-საჩხერე-ჭიათურის გზა. ფოტო: გზების დეპარტამენტი

“ახალი საბურავებით წამოვედი თბილისიდან და ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე ერთი მათგანი გავაფუჭე. ამას მირჩევნია ხაშურში დავრჩე და მეორე დღით გავაგრძელო გზა,” – გვითხრა მგზავრმა მათე ჩაფიჩაძემ.

“რამდენიმე ადგილზე ისეა გაფუჭებული, 5-10 კმ/სთ სიჩქარით ვიარეთ. ზოგან გზის რემონტი მიდის, ალაგ-ალაგ მოხრეშილია. ასე რომ, ერთი “სიამოვნებაა” მაგ გზაზე სიარული,”- გვითხრა კიდევ ერთმა მგზავრმა ამირან ძოწენიძემ.

დისკომფორტი რომ თავიდან აირიდონ, მგზავრები ზოგჯერ გზას იგრძელებენ და შემოვლითი მარშრუტით, ზესტაფონი-ჭიათურა-თერჯოლა-საჩხერით მიდიან. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ამ გზით ყველა სოფელში ვერ ხვდები.

Როდემდე მოუწევთ ამ თავისტკივილის ატანა, უცნობია. Საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა – მოეწყო მიწის საფარი, საგზაო სამოსი, ხელოვნური ნაგებობები, ეზოებში შესასვლელები. თუმცა, დასასრულებელია დამეწყრილი უბნების რეაბილიტაცია, რასაც ჯერ ბოლო არ უჩანს.

ისევე როგორც ყველა სხვა შიდასახელმწიფოებრივი გზა, საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მაგისტრალიც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. გზის შეკეთება ორი წლის წინ დაიწყეს.

გზა პირობითად ორ ნაწილად გაიყო, სოფელ გომიდან ალიმდე და სოფელ ბოსლევიდან ქალაქ ზესტაფონამდე. რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ორი, მეწყრისგან დაზიანებული მონაკვეთების შესაკეთებლად კი ცალკე მესამე ტენდერი გამოცხადდა. ამ საქმისთვის ჯამში სამი კომპანია შეირჩა.

იხილეთ ასევე 👇

როგორ მიმდინარეობდა გზის რეაბილიტაცია გომიდან ალიმდე

ამ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2021 წლის ივნისის ბოლოს გამოცხადდა. მონაწილეობის სურვილი ათმა კომპანიამ გამოთქვა და საბოლოოდ შეირჩა “საგზაო- სამშენებლო სამმართველო n1.” გზების დეპარტამენტმა მას 8,4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა.

კომპანიას ევალებოდა მიწის ვაკისის, ტროტუარების, გზის სამოსის და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა, წყალგამტარი მილების შეკეთება და არსებული სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაცია. სამუშაოები 12 თვეში, ანუ 2022 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ხელშეკრულებაში 12 ცვლილება შევიდა, აკორექტირებდნენ ხარჯთაღრიცხვას, გეგმა-გრაფიკს, ორჯერ საქმის დასრულების ვადაც გადაწიეს. საბოლოოდ კი სამუშაოები 2023 წლის თებერვალში, ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები
ჭიათურა-საჩხერის გზა, 2023 წლის 20 ივლისი

კომპანიის ერთ-ერთ მფლობელ შოთა აბულაძეს დავუკავშირდით, რომ გაგვეგო, რის საფუძველზე გაუხანგრძლივეს სამუშაოების ვადები, მაგრამ გვითხრა, შვებულებაში ვარ და ვერ შევძლებ საუბარსო. ვერც ის გვირჩია, ვის გავსაუბრებოდით მისი კომპანიიდან.

გზების დეპარტამენტიდან კი მოგვწერეს, სამუშაოების ვადის გადაწევა პროექტის დაკორექტირებამ გამოიწვია, მოსახლეობამ გვთხოვა საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობაო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანიები მუშაობას შეუდგებიან, დამკვეთს მერე აფიქრდება, კიდევ რისი გაკეთება სურს და საქმეც დროში იწელება. ასე მიმდინარეობდა, მაგალითად, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია.

„საგზაო სამშენებლო სამმართველო n1” 1998 წელს დაფუძნდა. მისი წილების 25-25 პროცენტს ნუგზარ და ნუკრი აბალაკები ფლობენ, 50%-ს კი შოთა აბულაძე. კომპანიის სამივე მფლობელი ავთანდილ კაჭკაჭაშვილის ბიზნესპარტნიორია. კაჭკაჭაშვილი 2014-2015 წლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო.

ნუგზარ და ნუკრი აბალაკები „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან. მათ მმართველ პარტიას 2016-2021 წლებში 145 ათასი ლარი ჩაურიცხეს.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე მუშაობა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

როგორ მიმდინარეობდა გზის რეაბილიტაცია ბოსლევიდან ზესტაფონამდე

2021 წლის ივლისში გამოცხადდა მეორე ტენდერი, რომელშიც ხუთი კომპანია მონაწილეობდა. ყველაზე დაბალი შემოთავაზების გამო გაიმარჯვა შპს “ნიუ როუდმა”,  რომელთანაც გზების დეპარტამენტმა 24-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. მათაც თითქმის იგივე სამუშაოები დაევალათ, რაც “საგზაო- სამშენებლო სამმართველო n1.”-ს – მიწის ვაკისის, სადრენაჟე მილების, საგზაო სამოსის, ავტოპავილიონების და საყრდენი ნაგებობების მოწყობა.

საჩხერე ზესტაფონი

მათ სამუშაოები წელიწადნახევარში, 2023 წლის აპრილისთვის უნდა დაესრულებინათ. კომპანიას ამ დროისთვის აღებული აქვს 16,4 მილიონი ლარი, საქმე კი ბოლომდე მიყვანილი არ არის.

რა მოხდა ამჯერად? 2023 წლის მარტში ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოების ვადა გახანგრძლივდა, 31 აგვისტომდე. გზების დეპარტამენტს ვკითხეთ, რის საფუძველზე მისცეს კომპანიას დამატებითი დრო, რაზეც მოგვწერეს, ეს მოსახლეობის მოთხოვნით, პროექტის ცვლილებამ და დამატებითმა სამუშაოებმა გამოიწვიაო.

როგორც ჩანს, კომპანიას და დამკვეთს ცვლილებების მიზეზზე სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ. “ნიუ როუდის” გაყიდვების მენეჯერმა გვანცა დაუშვილმა გვითხრა, ამ ეტაპისთვის რაც ვერ მოვასწარით, უამინდობის ბრალიაო. გზების დეპარტამენტს კი კლიმატური პრობლემები საერთოდ არ უხსენებია.

“ძირითადად, დარჩენილია ეზოს შესასვლელები და გზის მონიშვნა. ვადა გადაიწია იმიტომ, რომ ვერ ვიმუშავეთ ისე კარგად, ამინდების გამო. სულ წვიმები იყო, ორი თვე… თან, [რიკოთის] ავტობანის მშენებლობა რომ მიმდინარეობს, შეთანხმებულები არიან, რომ არ შევუშალოთ ხელი. ძირითადი მიზეზი მაინც წვიმები იყო,”- ამბობს გვანცა დაუშვილი.

შპს “ნიუ როუდი” საჯარო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი და გენერალური დირექტორი დავით ჟღენტია, რომელმაც მმართველ პარტიას 2017 წელს 30 ათასი ლარი შესწირა.

იხილეთ ასევე 👇

რიკოთის შემოვლითი გზა – როგორ მიმდინარეობს დამეწყრილი უბნების რეაბილიტაცია?

საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, იგივე რიკოთის შემოვლით გზაზე 16 მეწყრული მონაკვეთია. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ დამეწყრილი უბნების რეაბილიტაცია “კავკასუს როუდ პროჯექტს” ანდო. ამ მიზნით, კომპანიას 30 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმეს. ამ დროისთვის კი 8 მილიონ ლარამდე აქვთ გადახდილი.

“კავკასუს როუდ პროჯექტმა” სამუშაოები ჩვიდმეტ თვეში, ანუ 2023 წლის ნოემბერში უნდა დაასრულოს. შესაძლოა ვადებში ვერც ეს კომპანია ჩაჯდეს, რადგან პროექტში ცვლილებები შევიდა.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე 2023 წლის 27 აპრილს ატვირთული კორექტირებული პროექტით ირკვევა, რომ “კავკასუს როუდ პროჯექტმა” სამუშაოების დაწყების შემდეგ თავდაპირველი პროექტი პარტნიორ კომპანიებთან (“ssf ingenieure ag”, bbb interbau gmbh”, caucasus science and engineering”) ერთად შეისწავლა და დაადგინა, რომ შესაცვლელია:

გზის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურა-საჩხერის გზაზე

სადრენაჟე სისტემის მოწყობის ნაწილი; პირველად პროექტში სრულყოფილად არ არის გაწერილი, როგორ უნდა გადაიტანონ მაღალი ძაბვის ანძები, გაზის მილისა და ინტერნეტის კაბელები. კომპანია წერდა, ეს საქმეს კი გააძვირებს, მაგრამ მეწყრულ უბნებში დაგებული გზა უფრო საიმედო და მყარი იქნებაო.

‘’კავკასუს როუდ პროჯექტი’’ 2005 წელს დაარსდა. მისი მფლობელი და გენერალური დირექტორი დასაქმების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძეა.

“კავკასუს როუდ პროჯექტს” მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გამოცდილებაც აქვს და უფრო მასშტაბურ პროექტებზე მუშაობისაც. მაგალითად, მონაწილეობდა ქუთაისის პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის მშენებლობაში.

ისე გამოვიდა, რომ სამივე ტენდერის გაჭიანურების გამო საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა ბოლომდე რეაბილიტირებული და კომფორტულად სავალი არ არის. არც რიკოთის მაგისტრალის სრული დატვირთვით ამუშავებასაც უჩანს პირი. უხეიროდ გაკეთებული საქმის გამო კი უსიამოვნების ატანა ისევ მოქალაქეებს მოუწიათ, ამ შემთხვევაში დასავლეთიდან აღმოსავლეთში მიმავალ თუ მომავალ მგზავრებს.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე მუშაობა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
რა უნდა მოიმოქმედოთ როცა თქვენ ან თქვენს წყაროებს გითვალთვალებენ
რა უნდა მოიმოქმედოთ როცა გითვალთვალებენ

რა უნდა მოიმოქმედოთ როცა თქვენ ან თქვენს წყაროებს გითვალთვალებენ

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share