ყოფილი პარლამენტარის, გუგული მაღრაძის სიძის ბიზნესი სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით აყვავდა. ირაკლი ღურჭუმელია ფლობს კომპანია “მანნას”, რომელმაც ჩაის წარმოება 2017 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო: მიიღო 348,000-ლარიანი გრანტი და 436,000-ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის ნაწილიც ბიუჯეტიდან გადავიხადეთ.
პროდუქტის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი აქვს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ისე ეკონომიკის სამინისტროს პროექტს “აწარმოე საქართველოში”. მათი ხელშეწყობით, “მანნა” მოხვდა პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებზე, მაგალითად, კიოლნში, პარიზსა და ლონდონში.
კომპანიის ოფიციალური პარტნიორია: “აწარმოე საქართველოში,” “სოფლის განვითარების სააგენტო, და “გაზელ ფაინანს ჯორჯია” (რომლის მფლობელიც საპარტნიორო ფონდია); usaid agriculture program (სოფლის მეურნეობის პროგრამა) და ჩეხეთის რესპუბლიკაში საექსპორტო კომპანია pkz group.
2020 წელს კომპანიის 49%-ის მფლობელი გახდა და მის განვითარებაში 600 ათასი დოლარი დააბანდა ახალმა ფონდმა – “გაზელ ფაინენს ჯორჯია”. მისი წილების 29%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ნეპოტიზმის შემთხვევების კვლევა, გახდით ჩვენი სპონსორი.
იმ ფონზე, როცა “მანნას” მთავრობისგან არაერთი დახმარება თუ ფინანსური ინვესტიცია ერგო, ყოფილმა პარლამენტარმა და “ქართული ოცნების” წევრმა გუგული მაღრაძემ სიძე შევსებული დეკლარაციებიდან დამალა.
ირაკლი ღურჭუმელია ბიზნესსაქმიანობა დროში ემთხვევა მისი სიდედრის პოლიტიკურ მოღვაწეობას. თავად არ ფიქრობს, რომ წარმატებაში ოჯახის კავშირები დაეხმარა. თუმცა, იმას კი აღიარებს, რომ სახელმწიფო რესურსების გარეშე ჩაის წარმოებას საერთოდ არ შეეჭიდებოდა.
იხილეთ “აი, ფაქტის” ვრცელი სტატია ამ ამბავზე: