ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსუბოვა
მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა თავის დას, თეა ჟორჟოლიანს კონკურსის გარეშე, პირდაპირ გაუფორმა 75,000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები სასტუმრო მომსახურებისთვის. ხელშეკრულებაზე ხელს კაპიტონ და თეა ჟორჟოლიანები აწერენ.
გარდა ამისა, თეა ჟორჟოლიანმა მესტიის მერიისგან და მის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირებისგან მიიღო 22,830 ლარი, კვლავ სასტუმრო მომსახურებისთვის.
თეა ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს მესტიაში მდებარე სასტუმრო-რესტორან “უშბას.” ამ ობიექტს თეას მეუღლე, ოლეგ კახიანი ფლობს.
დასთან ხელშეკრულების გაფორმებით და დოკუმენტზე ხელის მოწერით კაპიტონ ჟორჟოლიანი არღვევს წესს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ. კერძოდ, ამ დებულების მე-6 მუხლი ამბობს, რომ შემსყიდველს ინტერესთა კონფლიქტი ექმნება, თუ შესყიდვაში მონაწილეობს მისი ახლო ნათესავი. ამავე კანონში განმარტებულია, რომ ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, გერი, და, ძმა, მშობლის და შვილის გერები.
კაპიტონ ჟორჟოლიანმა გვითხრა, წადით და სადაც გინდათ იქ მიჩივლეთო. სხვა არაფერი გვიპასუხა ამ თემასთან დაკავშირებით.
ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადავეცით აღნიშნული დარღვევის შესახებ ინფორმაცია. დაგვპირდნენ, რომ საკითხს შეისწავლიან და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საქმეზე სამართალწარმოება დაიწყება. ბოლოს კი ამ საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.
გარდა კაპიტონ ჟორჟოლიანის დისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ მერის ძმა და მამაც. მათ ჯამში 38,561 ლარი სასტუმრო მომსახურებისთვის მიღებული აქვთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან, მესტიის მერიისგან, მთის კურორტების განვითარების კომპანიისგან, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრისგან.
თეა ჟორჟოლიანი მესტიის მერიის გარდა მონაწილეობს სხვა სახელმწიფო შესყიდვებშიც. 2015 წლიდან დღემდე მან ტურიზმის განვითარების სააგენტოდან, ფინანსთა სამინისტროსგან, ჯანდაცვის სამინისტროდან და კოლეჯ “იკაროსგან” 27,184 ლარი მიიღო.
კაპიტონ ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებს სახელმწიფო უწყებებთან უკონკურსოდ, პირდაპირი წესით გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებული აქვთ 164,000-მდე ლარი.
გარდა სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა, ჩვენ შევისწავლეთ მესტიის მთავრობის საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციებიც. სულ მესტიაში 26 საჯარო მოხელეს აქვს დეკლარაციის შევსების ვალდებულება. 16 კი ამას შეცდომებით აკეთებს, მათ შორის თავად მერიც. ვრცლად ამ თემაზე ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.