fbpx

მთავრობის კოორდინირებული ბრძოლა “რუსული კანონისთვის”

koordinirebuli brdzola rusuli kanoni

“ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს განაცხადა, რომ პარლამენტში “რუსული კანონის” თავიდან განხილვას აპირებენ. თუმცა, ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შექმნა და თავისი ზრახვების გაცხადება მმართველმა პარტიამ 1 აპრილიდან დაიწყო. ჯერ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ამ თემაზე და მას კოორდინირებულად აჰყვნენ სქემის სხვა მონაწილეებიც, მათ შორის ტ/კ “პოსტვ” და ტ/კ “იმედი.”

გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი

მდინარაძის მიერ 3 აპრილს ოფიციალურად გაკეთებული განცხადების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში სოციალურ ქსელებში დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მწყობრი სვლა. ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ადამიანები შეთანხმებულად, ერთი და იმავე ინფორმაციას აზიარებენ – თუ რას გულისხმობს კანონპროექტი.

სხვადასხვა რეგიონში საჯარო სამსახურში დასაქმებულები მწყობრად აზიარებენ აქ ნაჩვენებ ფოტოს. ზოგიერთი მათგანი ამ ფოტოს საკუთარ გვერდზე თავადვე აქვეყნებს, ზოგიერთი კი სხვისგან აზიარებს. 

გამზიარებელთა შორის არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიების, საკრებულოების, სახელმწიფო რწმუნებულის თანამშრომლები, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები.

აქვე გიჩვენებთ კოლაჟს, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ საქართველოს 58 დაბისა და ქალაქის ადგილობრივ მთავრობებში დასაქმებული 230 პირის ფეისბუქ გვერდებიდან. ეს კოლაჟი ნათელს ხდის, რომ ამ ადამიანებს ერთი პოსტის გაზიარების მითითება ჰქონდათ. 

ვესაუბრეთ ამ ფოტოს გამზიარებელთაგან 5 ადამიანს: სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ხარაგაულის მერის მოადგილეს, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველს. 

ოთხივე მათგანმა ფოტო თავად ატვირთა საკუთარ გვერდზე. ხუთივე მათგანმა ერთი და იგივე პასუხი გაგვცა, რომ ფოტოს სოციალურ ქსელში წააწყდნენ და რადგან მათ შეხედულებას ემთხვეოდა, ამიტომ გადმოწერეს და შემდეგ ატვირთეს.

ხუთივე იმეორებს ერთსა და იმავე აზრს: 

“არავის არ მოუწოდებია, პირიქით, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ინტერნეტ სივრცეში როცა გავრცელდა, ავიღე და დავდე, რადგან ვეთანხმები. სხვების ამბავს ვერ გეტყვით და ჩემს პირად პოზიციას გიფიქსირებთ ღიად,“ – სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან უჩანეიშვილი

“არავის არ გამოუგზავნია… ჩემი შეგნებით ავტვირთე და ჩემი გააზრებით და ჩემი პოზიციით. სოციალურ სივრცეში შემხვდა, მომეწონა, სრულიად ვიზიარებ ამ პოზიციას და ჩემ გვერდზე ავტვირთე ჩემი საკუთარი სურვილით,”- ხარაგაულის მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი. 

ძალიან ბევრგან ვნახე ეს ფოტო ატვირთული და ერთ-ერთიდან ავიღე ჩემი ინციატივით. ნამდვილად ვერ ვიხსენებ, რომელი გვერდიდან ავიღე. უბრალოდ თვალში მომხვდა, არაერთგან შევხედე და წავიკითხე ფეისბუკ გვერდებზე, რახან ვეთანხმები და მეც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა,” – ცაგერის მერიის ტურიზმის ცენტრის დირექტორი ლანა კოპალიანი. 

“სოციალურ ქსელში დევს უამრავი, მომეწონა, ავიღე, ვეთანხმები,” – დავით გვიშიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი. 

“თაიმლაინზე ვნახე და იქედან გადმოვიტანე, რომ ჩემი მეგობრებისთვის მეტად გამჭვირვალე ყოფილიყო აღნიშნული კანონი და მარტივ ენაზე გაეგოთ. მათ შორის დეპუტატია დიტო სამხარაძე, ვის თაიმლაინზეც ვნახე და იქედან გადმოვიტანე. კიდე სხვებისიც შემხვდა. გადმოვწერე, ინსტაგრამ სთორიზეც დავდე, ტვიტერზეც დავდე და ჩემს გვერდზეც დავდე. ვხვდები რასაც კითხულობთ, რომ დავალება იყო საიდანმე ან რამე მესიჯბოქსი იყო გამოგზავნილი, ეგეთი რამე გამორიცხულია,” – უჩა ხუციშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე

ის, რომ დავალება “ზემოდან” იყო მიცემული, ცხადი გახდა ფეისბუქის მომხმარებლებისთვისაც. რამდენიმე მათგანი პოსტის ქვეშ უწერდა საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს, რომ ამ მასალის გაზიარება მათ დაავალეს.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე ჩანს, როგორ გამოვავლინეთ კოორდინირებული ქცევა რეგიონების საჯარო მოხელეების მხრიდან.

ამ კოორდინირებულ ქცევას ემატება “ქართული ოცნებისა” და სამთავრობო ფეისბუქ გვერდების დარეკლამებული პოსტები.

მაგალითად, მამუკა მდინარაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების რეკლამისთვის ამ დრომდე 800 დოლარია დახარჯული. “ქართული ოცნების” ოფიციალურ გვერდს “რუსული კანონის” შესახებ სამი პოსტი აქვს გამოქვეყნებული და ამ დრომდე დახარჯული აქვს 1 200 დოლარი.

ირაკლი კობახიძის გვერდს ერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული და დახარჯული აქვს 300 დოლარი; საქართველოს მთავრობის გვერდსაც ერთი პოსტი აქვს დარეკლამებული 100 დოლარად.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ გვერდზე ის ბანერი, რომელიც საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა აქტიურად აზიარეს, 100 დოლარითაა დარეკლამებული.

მასალაზე მუშაობას ვაგრძელებთ და შესაბამისად განვაახლებთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მთავრობა “რუსული კანონის” გასატანად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს
მთავრობა რუსული კანონის გასატანად ადმინისტრაციულ კანონს იყენებს

მთავრობა “რუსული კანონის” გასატანად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს

„ქართული ოცნების“ დავალებით, “რუსული კანონის” მხარდამჭერ პოსტებს კოორდინირებულად

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share