fbpx
mukhtarli

მუხთარლის უცნაური “გაუჩინარებიდან” ერთი წელი გავიდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფღან მუხთარლი ერთი წლის წინ თბილისიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. პარლამენტის წინ ჟურნალისტის 30-მდე მეგობარი და მხარდამჭერი ამ ამბის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

აფღან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან დღემდე გაურკევეველ გარემოებაში გაუჩინარდა და ორი დღის შემდეგ ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

აზერბაიჯანის მთავრობა მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს. როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისიდან 29 მაისის საღამოს გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს საზღვარზე გადასცეს.

მუხთარლის სასამართლო პროცესი გასულ თვეს დასრულდა და მას აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ადამიანის უფლებათა სახლის” თბილისის ოფისმა დღევანდელი წვიმის მიუხედავად აქცია მაინც მოაწყო. მათი სლოგანი “თუ არ იძიებ, ხელს აფარებ” მიმართული იყო მთავრობისკენ, რომელიც მათი აზრით, ამ ამბავს ვერაფრით ხსნის.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ 24 მაისს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დღემდე ელის პასუხს, დართავს თუ არა მათ აზერბაიჯანული მხარე ნებას მუხთარლი ციხეში დაკითხონ. შოთაძის თქმით, ქართული მხარე მათ სასამართლოს ჩანაწერებსა და განჩინებასაც სთხოვს.

შოთაძის განცხადებით, ქართველმა გამომძიებლებმა ასობით მოწმე გამოკითხეს და გამოიკვლიეს ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა, ვერ იპოვეს იმ მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რომ საზოგადოებისთვის ემცნოთ.

მუხთარლის აზერბაიჯანის მთავრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიდა, რის გამოც იგი ბოლო 3 წლის მანძილზე თბილისში ცხოვრობდა. საქართველოში ცხოვრების დროსაც მუხთარლი ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებდა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვერეს ხეობაში ხავსს მოჭიდებული ოჯახები
vere

ვერეს ხეობაში ხავსს მოჭიდებული ოჯახები

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share