fbpx
mukhtarli 2

მუხტარლის ადვოკატები ახალი მოწმეების დაკითხვას ითხოვენ

თბილისიდან დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ადვოკატებმა დღეს სასამართლოს აზერ შირინოვის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დაწყების შუამდგომლობით მიმართეს.

მოსამართლემ მუხტარლის უფლებისდამცველთა თხოვნა არც დააკმაყოფილა და არც უარყო. მისი თქმით, სასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მუხტარლის განაჩენის გამოტანის შემდეგ გვამცნობენ.

მუხტარლი აცხადებს, რომ იგი თბილისიდან ქართველმა ძალოვანებმა გაიტაცეს, აზერბაიჯანის საზღვართან, ლაგოდეხში მიიყვანეს და აზერბაიჯანელ კოლეგებს გადასცეს, მათ შორის იყო აზერ შირინოვიც, რომელმაც ჟურნალისტი ბაქოს ციხეში მიიყვანა. 14 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე შირინოვი მოწმის სახით დაკითხეს.

აზერბაიჯანული ძალოვანი უწყებები მუხტარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ფულის გადატანას ედავებიან.

ადვოკატებმა სასამართლოს იმ ექსპერტის გამოკითხვაც სთხოვეს, რომელმაც დაკავებისას მუხტარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა. ეს შუამდგომლობა აზერბაიჯანულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ბალაკანი პატარა დასახლებაა საქართველოს საზღვართან ახლოს. სწორედ აქ გაიმართა დღეს სასამართლოს მორიგი სხდომა. გამოკითხულთა შორის იყო მოწმე, რომელმაც სასამართლოს თავი მძღოლად გააცნო, მოგვიანებით კი აღიარა რომ არც მანქანის მართვა იცის და მეტიც, მანქანის ეშინია კიდეც. მოწმე, რომელიც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში მუშაობდა მძღოლის პოზიციაზე, ამტკიცებდა, რომ მან მუხტარლი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას შეამჩნია.

მუხტარლის ადვოკატები მოწმეების ჩვენებებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ მათ მიერ სასამართლოსთვის მონათხრობი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

სხდომაზე დასწრების უფლება მოსამართლემ არ მისცა “მეიდან ტვ”-ისა და “თოფლუმ ტვ”-ის ჟურნალისტებს. ორივე მედია საშუალება იდევნება აზერბაიჯანის მთავრობის მიერ.

მუხტარლის აზერბაიჯანის მთავრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიდა, რის გამოც იგი ბოლო 3 წლის მანძილზე თბილისში ცხოვრობდა. 2017 წლის 29 მაისს კი მუხტარლი მოულოდნელად, პასპორტის გარეშე თბილისიდან პირდაპირ ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

სასამართლოს შემდეგი სხდომა ბალაკანში 5 იანვარს, 11 საათზე გაიმართება.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“აი, ფაქტის” 2017 წელი
2017

“აი, ფაქტის” 2017 წელი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share